აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.