USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«Euractiv» (ბელგია): „მოკლედ: კარგავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს?“
თარიღი:  451

ბელგიურ გამოცემა Euractiv-ში (სარედაქციო ოფისი - ბრიუსელში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მოკლედ: კარგავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს?“ (ავტორი - გიორგი გოტევი), რომელშიც განხილულია საქართველოში ამჟამად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები: რა არის ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთმანეთთან დაპირისპირების არსი და მიზანი? იცვლება თუ არა საქართველოს ევროპული ორიენტაცია რუსული კურსით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შედეგად?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

განა შეიძლება, რომ ერთადერთმა საკანონმდებლო აქტმა საქართველოს გზა აურიოს? ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსი აქვს? და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ნიშნავს თუ არა  დღევანდელი სიტუაცია იმას, რომ ვლადიმერ პუტინი სამხრეთკავკასიურ ქვეყანას ისევ იპყრობს, იოსებ სტალინის სამშობლოს?

თბილისში მიმდინარე მღელვარე პროცესები გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მმართველმა პარტიამ მეორედ წარადგინა საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (არაოფიციალურად - „უცხოური აგენტების შესახებ“). პირველი მცდელობა შარშან იყო, თუმცა წარუმატებელი, ახლა კი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე მიიღო. ევროკავშირის აზრით, კანონპროექტის საბოლოო მიღებას საქართველოსთვის ევროპული გზის დაბლოკვა შეუძლია. ამას მკაცრად აცხადებს ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი.

კრიტიკოსები ქართულ კანონპროექტს რუსულ კანონს ადარებენ, რომლის მეშვეობითაც კრემლი სხვაგვარად აზროვნებას თრგუნავს და დამოუკიდებელ მასმედიას აკონტროლებს.

მართლაცდა, რუსეთის გავლენა საქართველოზე სერიოზულია და მოსალოდნელი საფრთხე სათანადოდ უნდა შეფასდეს. ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთი აგრესიულ იმპერიალისტურ სახელმწიფოდ გადაიქცა, რომლისთვისაც ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, კრემლისადმი ვასალური სტატუსი უნდა ჰქონდეთ ან, თუ ისინი მოსკოვს წინააღმდეგობას გაუწევენ, დაპყრობილნი უნდა იქნენ.

საქართველო, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს, ისტორიულად ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დიდკაცობისა და ელიტის დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. საქართველო ცნობილია თავისი სუბტროპიკული რბილი ჰავით, რომელიც ხმლთაშუაზღვისპირეთის კლიმატს მოგვაგონებს. ქვეყანა ცნობილია იმითაც, რომ მეცნიერთა მტკიცებით, ის ღვინის უძველეს სამშობლოს წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი იოსებ სტალინი - მსოფლიოში ცნობილი დიქტატორი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ლიდერობის დროს, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვლადიმერ პუტინმა კი იოსებ სტალინის ძეგლები კვლავ თავის ადრინდელ პიედესტალებზე აღადგინა.

საქართველოში ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ისინი ევროპული ინტეგრაციის მომხრენი არიან, მათ შორის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული მმართველი პარტია „ქართული ოცნებაც“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფებ, თუმცა სინამდვილეში „მეოცნებეთა“ მთავრობა სულ უფრო მეტად ატარებს პრორუსულ კურსს.

2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომი მოხდა, რომლის შედეგად თბილისმა თავის სეპარატისტულ რეგიონებზე - აფხაზეთზე და „სამხრეთ ოსეთზე“ - კონტროლი მთლიანად დაკარგა. რუსეთი საქართველოსთვის ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენს, დღეს რუსეთი აფხაზეთში ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ამ რეგიონის დაბრუნებაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს.

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლიდან დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვეტილია მაგრამ ამის მიუხედავად, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ხოლო გასულ წელს ქვეყნებმა ერთმანეთთან ავიამიმოსვლაც აღადგინეს, ვითარდება ტურიზმი, ფართოვდება ეკონომიკური ურთიერთობა.

მმართველი პარტიის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები („ქართულ ოცნებას“ 150 წევრიან პარლამენტში 90 დეპუტატი ჰყავს) მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში პროტესტები გამოიწვია. ოპოზიციას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რომელიც მთავრობასთან მწვავე კონფრონტაციაში იმყოფება. თუმცა, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიალური უფლებამოსილება აქვს.

მთავარ ოპოზიციურ პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულს (ამჟამად თვითონ იგი პატიმრობაში იმყოფება) საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 36 ადგილი აქვს დაკავებული. დანარჩენი ოპოზიციური ორგანიზაციები ძალზე დაქსაქსულები არიან.

თავის დროზე შარლ მიშელმა დიდი ძალისხმევა გასწია მთავრობასა და ოპოზიციას შორის შუამავლობისათვის, მაგრამ უშედეგოდ. ამის მიუხედავად, მისი სახელი პოპულარულია საქართველოში და როცა იგი ამბობს, რომ „ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირს აშორებსო“, მის ნათქვამს წინა აქვს და ყურადღებას აქცევვენ.

რაც ყველაზე რთული გასაგებია საქართველოში, ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თავის „პროევროპულ ორიენტაციას“ აცხადებს, მაგრამ 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ სამ არჩევნებში ზედიზედ ყოველთვის „პრორუსული ორიენტაციის“ მქონე „ქართული ოცნება“ იმარჯვებს... მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი და „ქართულ ოცნება“ იმედოვნებს, რომ წარმატებას მეოთხედაც მიაღწევს.

„უცხოელი აგენტების“ კანონის მიღების მიზანია არჩევნების წინ მოსახლეობის ნდობის დაკარგვა ოპოზიციის მიმართ. როგორც პარლამენტის სპიკერი აცხადებს, [ოპოზიციური] არასამთავრობო ორგანიზაციები დრეს მიხეილ სააკაშვილის ბანაკში არიან და ისინი საზღვაგარეთიდან მიღებული ფულით მის პოლიტიკურ პარტიას ამდიდრებენ. თუმცა ასეთ მტკიცებას ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ, რადგან თვითონ ბიძინა ივანიშვილის პარტია ყველაზე მდიდარია. მისი დამაარსებელი ოლიგარქის სიმდიდრე 4,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კანონპროექტმა „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელსაც ხშირად „რუსულ კანონს“ უწოდებენ, პარლამენტში საბოლოო მიღებამდე კიდევ ორი მოსმენა უნდა გაიაროს. როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვეტოს დაძლევენ.

ძნელი წარმოსადგენია, რა შეუშლის ხელს „ქართულ ოცნებას“ იმ „რუსული კანპროექტის“ მიღებაში, რომელიც, სავარაუდოდ, მათ კიდევ ოთხი წლით ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიას აძლევს და რომლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი საქართველოზე გავლენას კიდევ უფრო გააძლიერებს. ალბათ, ასე იქნება მანამ, სანამ სასწაული არ მოხდება და ქართველი ამომრჩევლები არ მიხვდებიან იმას, თუ რა არის ფსონად დადებული.

წყარო: https://www.euractiv.com/section/enlargement-neighbourhood/opinion/the-brief-is-the-eu-losing-georgia/

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის