ქვეყანა, სადაც შაურმა ხინკალზე პოპულარულია და სადაც ,,დედის ლოცვას’’ იმაზე ხშირად ეძებენ, ვიდრე ბევრ სახელმწიფო სერვისს – ასეთია 2025 წლის საქართველოს ციფრული პორტრეტი. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება სინამდვილეში ეკრანებს მიღმა, 10xSEO-ს გუნდმა, Ahrefs-ის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში არსებული 30 000 ყველაზე ძიებადი საკვანძო სიტყვა გაფილტრა.
ჩვენი მიზანი იყო არა უბრალოდ მშრალი სტატისტიკის ჩვენება, არამედ იმის გაგება, თუ როგორ გარდაქმნა ციფრულმა პლატფორმებმა ჩვენი ყოველდღიურობა, პრიორიტეტები და ფსიქოლოგია. ეს ანალიზი გვიჩვენებს, რა როლს თამაშობს ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაში, დაწყებული ყოფითი პრობლემებიდან, დასრულებული იმ პარადოქსული ინტერესებით, რომლებიც საზოგადოების განწყობებს ყველაზე ზუსტად აღწერს.
ციფრული ყოველდღიურობა ძალიან პრაგმატულად იწყება: Google Translate და ამინდი ძიების სათავეშია, თუმცა როგორც კი საქმე გართობაზე მიდგება, ციფრები რადიკალურად იცვლება. აზარტული თამაშების პლატფორმები ბაზრის უპირობო გიგანტები არიან – “Betlive” (1.2 მლნ ძიება) და “Adjarabet” (1.1 მლნ) იმაზე მეტ მომხმარებელს იზიდავს, ვიდრე ნებისმიერი საინფორმაციო თუ სახელმწიფო ვებგვერდი.
სურათი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება, თუ ტოპ 20-ეულს უფრო ყურადღებით გადავხედავთ: აზარტული თამაშების შემდეგ ძიებებში მოწინავე ადგილს “Pornhub” (687,000) იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზარტი და ზრდასრულთა პლატფორმები ქართულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარული მიმართულებაა.
ზოგადად კი ყოველდღიური ინტერესები ყველაზე ხშირად ამინდის (Amindi.ge), ავტომობილისა (MyAuto.ge) და ფილმების (Adjaranet) ძიებას უკავშირდება. საინტერესოა, რომ მიუხედავად ფასიანი პლატფორმების არსებობისა, ქართველი მომხმარებელი კვლავ ლოკალური საიტების ერთგული რჩება, რაც, სავარაუდოდ, უფასო კონტენტზე წვდომის სურვილითაა განპირობებული.

SEO სააგენტო 10xSEO-ს კვლევაში ყველაზე საინტერესო მაინც ის მოულოდნელი კონტრასტებია, რომლებსაც რიცხვების მიღმა ვპოულობთ. მაგალითად, გასტრონომიულ ფრონტზე 2025 წელს შაურმა უფრო ძიებადი სიტყვაა, ვიდრე ხინკალი. როგორც ჩანს, სწრაფი კვება ინტერნეტმომხმარებლებისთვის ბოლო დროს ტრადიციულ სამზარეულოზე პრიორიტეტული გახდა.
კიდევ ერთი საინტერესო მოცემულობა ინტერესების მრავალფეროვნებაა. საძიებო ველი იტევს ყველაფერს, რაც ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია: ზრდასრულთა კონტენტის (“Pornhub” – 687,000) მასშტაბური პოპულარობის პარალელურად, დედის ლოცვა
(31,000) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქივორდია. ეს ციფრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი მომხმარებლის ციფრული დღის წესრიგი ერთგანზომილებიანი არასდროს არის.
ამ ყველაფრის ფონზე კი, ყველაზე კურიოზული მაინც ასო „ყ’’-ს ფენომენია. თვეში საშუალოდ 19,000 ადამიანი ეძებს მხოლოდ ამ ერთ ასოს. სავარაუდო ახსნა მარტივია: მომხმარებელთა დიდ ნაწილს YouTube-ზე შესვლა სურს, თუმცა ქართული კლავიატურის გამო, საძიებო ველში მხოლოდ პირველი ასო „ყ’’ (რომელიც ლათინურ „Y’’-ს შეესაბამება) რჩება.
საქართველოს ინტერნეტსივრცეს ერთი მთავარი გმირი ჰყავს და ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. ციფრები აქ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს: კვარა/ხვიჩა 112,000-ზე მეტი ძიებით აბსოლუტური რეკორდსმენია. ის ერთადერთი პერსონაა, რომლის მიმართ ინტერესიც საქართველოში ისეთ გლობალურ ფიგურებსაც კი ჩრდილავს, რომელთა სახელებიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იციან.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ხვიჩა კვარაცხელია 2025 წელს ინტერესის მთავარი ობიექტი იყო.
თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც პოლიტიკური კონტრასტია: ხვიჩა კვარაცხელიას სახელი გუგლში 16-ჯერ უფრო ხშირად იწერება, ვიდრე “ირაკლი კობახიძე” (7,200), ხოლო პუტინი (2,450) ქართულ საძიებო ველზე თითქმის შეუმჩნეველია.
ქართველი მომხმარებლის ინტერესები, კომერციული თვალსაზრისით, ორ რადიკალურად განსხვავებულ მიმართულებად იყოფა: ტექნოლოგიური პროგრესი და ფინანსური ვალდებულებები. საძიებო ველში ეს ყველაფერი კონკრეტულ ციფრებში ითარგმნება.
2025 წლის ტექნოლოგიურ ბაზარზე მთავარი მოთამაშე “iPhone 17” -ია. ის წლის ყველაზე მოთხოვნადი ნივთია და 28,000-ზე
მეტი ძიებით კომერციული ქივორდების სათავეშია. ეს ციებ-ცხელება პირდაპირ აისახება ტექნიკის მაღაზიებზე, სადაც ზუმერი (90 350 ძიება) ლიდერობას არავის უთმობს. მას საგრძნობი დისტანციით, თუმცა სტაბილური მაჩვენებლებით მოსდევენ ელიტი (34,400) და ალტა (27,850).
ამ ტექნოლოგიური ბუმის პარალელურად, რეალობა საკმაოდ პრაგმატულია: სიტყვა „სესხი’’ თავისი მრავალფეროვანი ვარიაციებით (სწრაფი, ონლაინ თუ განვადება) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქივორდია. თუ iPhone 17 წლის მთავარი სურვილია, სესხი ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომლითაც საქართველო ამ და სხვა საჭიროებებს პასუხობს.
საძიებო ველის ანალიზი ერთ საინტერესო და ოდნავ გულუბრყვილო რეალობასაც ააშკარავებს – თვეში საშუალოდ 200-მდე ადამიანი ეძებს პასუხს კითხვაზე: როგორ ვიშოვოთ ფული რეკლამების ყურებით?
ეს მცირე, მაგრამ სტაბილური მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს ინტერესი ე.წ. პასიური შემოსავლის ისეთი ფორმების მიმართ, რომლებიც მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. მსგავსი ძიებები ხშირად ხდება სატყუარა საეჭვო პლატფორმებისთვის, თუმცა თავად ფაქტი, რომ ასეთი მოთხოვნა არსებობს, კარგად აღწერს იმ სოციალურ-ეკონომიკურ მოლოდინებს, რაც ინტერნეტმომხმარებლის ნაწილს 2025 წელსაც ჰქონდა.
გაირკვა, რომ თურმე ციფრულ სივრცეში არსებობს სეგმენტები, სადაც დომინანტი ბრენდის გამოკვეთა თითქმის შეუძლებელია. 10xSEO-ს მიერ დამუშავებული მონაცემებით, ყველაზე მძაფრი კონკურენცია ფარმაცევტულ სექტორშია, სადაც ავერსი (34,000 ძიება) და პსპ (33,000 ძიება) ფეხდაფეხ მიჰყვებიან ერთმანეთს. ამ ფონზე, ,,GPC” (2,400 ძიება) გაცილებით მოკრძალებულ ადგილს იკავებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავარი ციფრული ბრძოლა ორ გიგანტს შორის მიმდინარეობს.
ანალოგიური სურათია მიტანის სერვისებშიც. გლოვო და ვოლტი აბსოლუტური სიზუსტით, 17,000 – 17,000 ძიებით იყოფენ ბაზარს. ეს მათემატიკური დამთხვევა ადასტურებს, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ეს ორი პლატფორმა იდენტური მნიშვნელობისაა და არჩევანი ხშირად არა ბრენდულ ლოიალობაზე, არამედ კონკრეტული წუთის ფასდაკლებაზე გადის.
სერიალების ომი: რატომ ვერ თმობს საქართველო თურქულ კონტენტს?
ქართველი მომხმარებლის გართობის პრიორიტეტები 2025 წელსაც საკმაოდ სპეციფიკურია. საძიებო სტატისტიკაში თურქული სერიალები კვლავ უპირობო ფავორიტია – ჯამში 208,500 ძიებით, ეს ჟანრი ნებისმიერ სხვა მიმდინარეობას უსწრებს. როგორც ჩანს, ლოკალურ ტელეარხებზე დამკვიდრებული ტენდენცია ინტერნეტშიც სრულად გადმოვიდა.

თურქულ დრამებს კონკურენციას საერთაშორისო სერიალები უწევს, მათ შორის Squid Game – 106,500-ზე მეტი ძიებით. სერიალებს მიღმა საძიებო ველის დიდ ნაწილს ანიმე-კულტურა იკავებს. ,,Naruto’’ და ,,One Piece’’ ის ქივორდებია, რომლებსაც ათობით ათასი ადამიანი ეძებს, რაც ამ ჟანრის მზარდ გავლენაზე მიუთითებს. კინოს სექციაში კი სტაბილურ მოთხოვნას ისტორიული დრამები ინარჩუნებს – მაგალითად, ,,გლადიატორის” პოპულარობა ადასტურებს, რომ ახალი პრემიერების ტალღა მაყურებელს კლასიკასთანაც ხშირად აბრუნებს.

2025 წლის ციფრული პორტრეტი წარმოუდგენელია ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ქართულ ინტერნეტსივრცეში AI პლატფორმებს შორის ChatGPT აბსოლუტური ლიდერია – მასზე ამ სეგმენტის ძიებების 66% მოდის. ეს მიუთითებს, რომ ქართველი მომხმარებელი, კითხვებზე პასუხების მისაღებად, ტექსტების დასამუშავებლად თუ დავალებების შესასრულებლად, სულ უფრო ხშირად ენდობა ალგორითმებს.
თუმცა, როდესაც საქმე სატელევიზიო კონტენტს ეხება, საძიებო ველში ტელევიზიების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება:

ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა ინფორმაციის ფილტრაციისა და ტექნიკური დავალებების დროს მეტად ეყრდნობა ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა მიმდინარე მოვლენების გაგებისა და გართობის მთავარ წყაროდ კვლავ ტრადიციული ტელეპლატფორმები რჩება.
30 000 ქივორდის ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის საქართველო საოცარი კონტრასტების ქვეყანაა, სადაც საძიებო ველში ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ უახლესი ტექნოლოგიური სურვილები და ღრმად ფესვგადგმული ტრადიციული ჩვევები.
Google-ის თვალით ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ChatGPT-ს მომავლის პროგნოზებს სთხოვს, თუმცა საღამოს მაინც თურქული სერიალების დრამების დაუსრულებელ ინტრიგებში იკარგება. ჩვენი ციფრული პორტრეტი კი ცოტა პარადოქსულია: ცალი ხელით iPhone 17-ის კამერის პიქსელებს ვითვლით, მეორეთი კი სწრაფი სესხის იმ ოპტიმალურ ვარიანტს ვეძებთ, რომელიც ამ ოცნებასთან ოდნავ მაინც დაგვაახლოებს. ამ ყოველდღიური ორომტრიალის ფონზე, ეს ძიებები ერთგვარ კოგნიტურ დისონანსს უფრო ჰგავს, ვიდრე მშრალ სტატისტიკას. ერთსა და იმავე საძიებო ველში ხვიჩა კვარაცხელიას გლობალური აღიარებით გამოწვეული ეიფორია და „უფასო ფულის’’ შოვნის იმედით რეკლამების ყურების მცდელობა ისე თანაარსებობს, თითქოს Google-ის ალგორითმი ჩვენს ეროვნულ ხასიათს დიდი ხნის წინ მოერგო.
მონაცემები აღებულია Ahrefs-ზე დაყრდნობით.
წყარო:https://10xseo.ge/