USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
Тбилиси
რას ეძებდა საქართველო Google-ში 2025 წელს: შაურმა, სესხი, ხვიჩა და სხვ.
дата:  757

ქვეყანა, სადაც შაურმა ხინკალზე პოპულარულია და სადაც ,,დედის ლოცვას’’ იმაზე ხშირად ეძებენ, ვიდრე ბევრ სახელმწიფო სერვისს – ასეთია 2025 წლის საქართველოს ციფრული პორტრეტი. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება სინამდვილეში ეკრანებს მიღმა, 10xSEO-ს გუნდმა, Ahrefs-ის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში არსებული 30 000 ყველაზე ძიებადი საკვანძო სიტყვა გაფილტრა.

ჩვენი მიზანი იყო არა უბრალოდ მშრალი სტატისტიკის ჩვენება, არამედ იმის გაგება, თუ როგორ გარდაქმნა ციფრულმა პლატფორმებმა ჩვენი ყოველდღიურობა, პრიორიტეტები და ფსიქოლოგია. ეს ანალიზი გვიჩვენებს, რა როლს თამაშობს ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაში, დაწყებული ყოფითი პრობლემებიდან, დასრულებული იმ პარადოქსული ინტერესებით, რომლებიც საზოგადოების განწყობებს ყველაზე ზუსტად აღწერს.

საძიებო ველის ლიდერები: რით იწყებს ქართველი ინტერნეტმომხმარებელი დღეს? 

ციფრული ყოველდღიურობა ძალიან პრაგმატულად იწყება: Google Translate და ამინდი ძიების სათავეშია, თუმცა როგორც კი საქმე გართობაზე მიდგება, ციფრები რადიკალურად იცვლება. აზარტული თამაშების პლატფორმები ბაზრის უპირობო გიგანტები არიან – “Betlive” (1.2 მლნ ძიება) და “Adjarabet” (1.1 მლნ) იმაზე მეტ მომხმარებელს იზიდავს, ვიდრე ნებისმიერი საინფორმაციო თუ სახელმწიფო ვებგვერდი.

სურათი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება, თუ ტოპ 20-ეულს უფრო ყურადღებით  გადავხედავთ: აზარტული თამაშების შემდეგ ძიებებში მოწინავე ადგილს “Pornhub” (687,000) იკავებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზარტი და ზრდასრულთა პლატფორმები ქართულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე პოპულარული მიმართულებაა.

ზოგადად კი ყოველდღიური ინტერესები ყველაზე ხშირად ამინდის (Amindi.ge), ავტომობილისა (MyAuto.ge) და ფილმების (Adjaranet) ძიებას უკავშირდება. საინტერესოა, რომ მიუხედავად ფასიანი პლატფორმების არსებობისა, ქართველი მომხმარებელი კვლავ ლოკალური საიტების ერთგული რჩება, რაც, სავარაუდოდ, უფასო კონტენტზე წვდომის სურვილითაა განპირობებული.

რელიგია VS პორნოგრაფია: ქართული ინტერნეტსივრცის ორი პოლუსი

SEO სააგენტო 10xSEO-ს კვლევაში ყველაზე საინტერესო მაინც ის მოულოდნელი კონტრასტებია, რომლებსაც რიცხვების მიღმა ვპოულობთ. მაგალითად, გასტრონომიულ ფრონტზე 2025 წელს შაურმა უფრო ძიებადი სიტყვაა, ვიდრე ხინკალი. როგორც ჩანს, სწრაფი კვება ინტერნეტმომხმარებლებისთვის ბოლო დროს ტრადიციულ სამზარეულოზე პრიორიტეტული გახდა.

კიდევ ერთი საინტერესო მოცემულობა ინტერესების მრავალფეროვნებაა. საძიებო ველი იტევს ყველაფერს, რაც ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია: ზრდასრულთა კონტენტის (“Pornhub” – 687,000) მასშტაბური პოპულარობის პარალელურად, დედის ლოცვა (31,000) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქივორდია. ეს ციფრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი მომხმარებლის ციფრული დღის წესრიგი ერთგანზომილებიანი არასდროს არის. 

ამ ყველაფრის ფონზე კი, ყველაზე კურიოზული მაინც ასო „ყ’’-ს ფენომენია. თვეში საშუალოდ 19,000 ადამიანი ეძებს მხოლოდ ამ ერთ ასოს. სავარაუდო ახსნა მარტივია: მომხმარებელთა დიდ ნაწილს YouTube-ზე შესვლა სურს, თუმცა ქართული კლავიატურის გამო, საძიებო ველში მხოლოდ პირველი ასო „ყ’’ (რომელიც ლათინურ „Y’’-ს შეესაბამება) რჩება.

ხვიჩა კვარაცხელია = პერსონალური რეიტინგების უპირობო ლიდერი

საქართველოს ინტერნეტსივრცეს ერთი მთავარი გმირი ჰყავს და ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. ციფრები აქ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს: კვარა/ხვიჩა 112,000-ზე მეტი ძიებით აბსოლუტური რეკორდსმენია. ის ერთადერთი პერსონაა, რომლის მიმართ ინტერესიც საქართველოში ისეთ გლობალურ ფიგურებსაც კი ჩრდილავს, რომელთა სახელებიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იციან.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ხვიჩა კვარაცხელია 2025 წელს ინტერესის მთავარი ობიექტი იყო. 

  • ხვიჩას იმაზე 6-ჯერ ხშირად ეძებენ, ვიდრე დონალდ ტრამპს (17,250).
  • მის მიმართ საძიებო ინტერესი კი თითქმის 8-ჯერ აღემატება ლეო მესის (14,900) მაჩვენებელს და 11-ჯერ აჭარბებს კრიშტიანუ რონალდუს (9,750) ძიებებს.

თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც პოლიტიკური კონტრასტია: ხვიჩა კვარაცხელიას სახელი გუგლში 16-ჯერ უფრო ხშირად იწერება, ვიდრე “ირაკლი კობახიძე” (7,200), ხოლო პუტინი (2,450) ქართულ საძიებო ველზე თითქმის შეუმჩნეველია. 

სესხებიდან სმარტფონებამდე: ქართული კომერციული პრიორიტეტები

ქართველი მომხმარებლის ინტერესები, კომერციული თვალსაზრისით, ორ რადიკალურად განსხვავებულ მიმართულებად იყოფა: ტექნოლოგიური პროგრესი და ფინანსური ვალდებულებები. საძიებო ველში ეს ყველაფერი კონკრეტულ ციფრებში ითარგმნება.

2025 წლის ტექნოლოგიურ ბაზარზე მთავარი მოთამაშე “iPhone 17” -ია. ის წლის ყველაზე მოთხოვნადი ნივთია და 28,000-ზე მეტი ძიებით კომერციული ქივორდების სათავეშია. ეს ციებ-ცხელება პირდაპირ აისახება ტექნიკის მაღაზიებზე, სადაც ზუმერი (90 350 ძიება) ლიდერობას არავის უთმობს. მას საგრძნობი დისტანციით, თუმცა სტაბილური მაჩვენებლებით მოსდევენ ელიტი  (34,400) და ალტა (27,850).

ამ ტექნოლოგიური ბუმის პარალელურად, რეალობა საკმაოდ პრაგმატულია: სიტყვა „სესხი’’ თავისი მრავალფეროვანი ვარიაციებით (სწრაფი, ონლაინ თუ განვადება) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქივორდია. თუ iPhone 17 წლის მთავარი სურვილია, სესხი ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომლითაც საქართველო ამ და სხვა საჭიროებებს პასუხობს.

200 ადამიანი და ერთი კითხვა: არსებობს თუ არა უფასო ფული?

საძიებო ველის ანალიზი ერთ საინტერესო და ოდნავ გულუბრყვილო რეალობასაც ააშკარავებს – თვეში საშუალოდ 200-მდე ადამიანი ეძებს პასუხს კითხვაზე: როგორ ვიშოვოთ ფული რეკლამების ყურებით?

ეს მცირე, მაგრამ სტაბილური მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს ინტერესი ე.წ. პასიური შემოსავლის ისეთი ფორმების მიმართ, რომლებიც მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. მსგავსი ძიებები ხშირად ხდება სატყუარა საეჭვო პლატფორმებისთვის, თუმცა თავად ფაქტი, რომ ასეთი მოთხოვნა არსებობს, კარგად აღწერს იმ სოციალურ-ეკონომიკურ მოლოდინებს, რაც ინტერნეტმომხმარებლის ნაწილს 2025 წელსაც ჰქონდა.

როგორ იყოფენ ციფრულ ბაზარს აფთიაქები და მიტანის სერვისები?

გაირკვა, რომ თურმე ციფრულ სივრცეში არსებობს სეგმენტები, სადაც დომინანტი ბრენდის გამოკვეთა თითქმის შეუძლებელია. 10xSEO-ს მიერ დამუშავებული მონაცემებით, ყველაზე მძაფრი კონკურენცია ფარმაცევტულ სექტორშია, სადაც ავერსი (34,000 ძიება) და პსპ (33,000 ძიება) ფეხდაფეხ მიჰყვებიან ერთმანეთს. ამ ფონზე, ,,GPC” (2,400 ძიება) გაცილებით მოკრძალებულ ადგილს იკავებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავარი ციფრული ბრძოლა ორ გიგანტს შორის მიმდინარეობს.

ანალოგიური სურათია მიტანის სერვისებშიც. გლოვო და ვოლტი აბსოლუტური სიზუსტით, 17,000 – 17,000 ძიებით იყოფენ ბაზარს. ეს მათემატიკური დამთხვევა ადასტურებს, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ეს ორი პლატფორმა იდენტური მნიშვნელობისაა და არჩევანი ხშირად არა ბრენდულ ლოიალობაზე, არამედ კონკრეტული წუთის ფასდაკლებაზე გადის.

სერიალების ომი: რატომ ვერ თმობს საქართველო თურქულ კონტენტს?

ქართველი მომხმარებლის გართობის პრიორიტეტები 2025 წელსაც საკმაოდ სპეციფიკურია. საძიებო სტატისტიკაში თურქული სერიალები კვლავ უპირობო ფავორიტია –  ჯამში 208,500 ძიებით, ეს ჟანრი ნებისმიერ სხვა მიმდინარეობას უსწრებს. როგორც ჩანს, ლოკალურ ტელეარხებზე დამკვიდრებული ტენდენცია ინტერნეტშიც სრულად გადმოვიდა.

თურქულ დრამებს კონკურენციას საერთაშორისო სერიალები უწევს, მათ შორის Squid Game – 106,500-ზე მეტი ძიებით. სერიალებს მიღმა საძიებო ველის დიდ ნაწილს ანიმე-კულტურა იკავებს. ,,Naruto’’ და ,,One Piece’’ ის ქივორდებია, რომლებსაც ათობით ათასი ადამიანი ეძებს, რაც ამ ჟანრის მზარდ გავლენაზე მიუთითებს. კინოს სექციაში კი სტაბილურ მოთხოვნას ისტორიული დრამები ინარჩუნებს – მაგალითად, ,,გლადიატორის” პოპულარობა ადასტურებს, რომ ახალი პრემიერების ტალღა მაყურებელს კლასიკასთანაც ხშირად აბრუნებს.

ChatGPT-ის ერა და ტრადიციული მედია 

2025 წლის ციფრული პორტრეტი წარმოუდგენელია ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ქართულ ინტერნეტსივრცეში AI პლატფორმებს შორის ChatGPT აბსოლუტური ლიდერია –  მასზე ამ სეგმენტის ძიებების 66% მოდის. ეს მიუთითებს, რომ ქართველი მომხმარებელი, კითხვებზე პასუხების მისაღებად, ტექსტების დასამუშავებლად თუ დავალებების შესასრულებლად, სულ უფრო ხშირად ენდობა ალგორითმებს.  

თუმცა, როდესაც საქმე სატელევიზიო კონტენტს ეხება, საძიებო ველში ტელევიზიების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • იმედი – 221,500 ძიება
  • პირველი არხი – 64,150 ძიება
  • რუსთავი 2 – 45,600 ძიება
  • ტვ პირველი – 40,650 ძიება

ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა ინფორმაციის ფილტრაციისა და ტექნიკური დავალებების დროს მეტად ეყრდნობა ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა მიმდინარე მოვლენების გაგებისა და გართობის მთავარ წყაროდ კვლავ ტრადიციული ტელეპლატფორმები რჩება.

როგორია Google-ის თვალით დანახული საქართველო?

30 000 ქივორდის ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის საქართველო საოცარი კონტრასტების ქვეყანაა, სადაც საძიებო ველში ერთმანეთის გვერდით თანაარსებობენ უახლესი ტექნოლოგიური სურვილები და ღრმად ფესვგადგმული ტრადიციული ჩვევები. 

Google-ის თვალით ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ChatGPT-ს მომავლის პროგნოზებს სთხოვს, თუმცა საღამოს მაინც თურქული სერიალების დრამების დაუსრულებელ ინტრიგებში იკარგება. ჩვენი ციფრული პორტრეტი კი ცოტა პარადოქსულია: ცალი ხელით iPhone 17-ის კამერის პიქსელებს ვითვლით, მეორეთი კი სწრაფი სესხის იმ ოპტიმალურ ვარიანტს ვეძებთ, რომელიც ამ  ოცნებასთან ოდნავ მაინც დაგვაახლოებს. ამ ყოველდღიური ორომტრიალის ფონზე, ეს ძიებები ერთგვარ კოგნიტურ დისონანსს უფრო ჰგავს, ვიდრე მშრალ სტატისტიკას. ერთსა და იმავე საძიებო ველში ხვიჩა კვარაცხელიას გლობალური აღიარებით გამოწვეული ეიფორია და „უფასო ფულის’’ შოვნის იმედით რეკლამების ყურების მცდელობა ისე თანაარსებობს, თითქოს Google-ის ალგორითმი ჩვენს ეროვნულ ხასიათს დიდი ხნის წინ მოერგო.

მონაცემები აღებულია Ahrefs-ზე დაყრდნობით.

წყარო:https://10xseo.ge/

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати