USD 2.6751
EUR 3.1561
RUB 3.4801
Тбилиси
დევიდ ენდელმანი-ამერიკელი ჟურნალისტი, პოლიტიკური კომენტატორი და მწერალი
дата:  727

საქართველოს უცხოელი მეგობრები

საქართველო პირველად ნახევარ საუკუნის წინ “აღმოვაჩინე”. ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი, როდესაც რადიოში მოვისმინე საუბარი სტალინზე და მის სამშობლოზე. დავინტერესდი და გამოვიკვლიე ეს ისტორია, რითაც საკმაოდ მოვიხიბლე.


როდესაც World Policy Journal-ის მთავარ რედაქტორად და გამომცემლად ვმუშაობდი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ორ მკვლევარს - ალექსანდრე კულის და ლინკოლნ მიტჩელს სტატია დავავალე. ისინი აფხაზურად და რუსულად საუბრობდნენ და ცოტა ხნის შემდეგ აფხაზეთში მიდიოდნენ. რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, მეც გავემგზავრე აფხაზეთში, რათა გამეგო, როგორ ეგუებოდა ხალხი თავის ახალ „დამპყრობელს“. მანამდეც, რა თქმა უნდა, შეძრული ვიყავი რუსეთის ქმედებებით, იქ გამოწვეული ქაოსითა და ნგრევით. ვლადიმირ პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო უბრალოდ დაეპყრო ერი ან თუნდაც რეგიონი და გამოეცხადებინა ის, როგორც საკუთარება. ცხადია, ეს იყო ნიმუში და არა ცალსახად ქართული ფორმულა.


ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ქართველი ხალხის სიმტკიცე და მონდომება, რომელიც მათ გამოავლინეს მაშინ, როდესაც ერის არსებობას საფრთხე დაემუქრა. განსაკუთრებით დამაინტერესა თქვენმა არაჩვეულებრივმა პრეზიდენტმა თავისი ფრანგული ფესვებით, რომლის გაცნობის საშუალებაც ნიუ-იორკში მომეცა, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში. იმ მომენტში ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა (ეს რა თქმა უნდა ადრეც ნათელი იყო) რამდენად გადაწყვეტილი აქვს საქართველოს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სურს გახდეს ევროპის დემოკრატიული საზოგადოების წევრი, საბოლოოდ კი ევროკავშირში გაწევრიანდეს. რასაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს!


საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ბევრს ვსაუბრობ ჩემს ახალ წიგნში : A Red Line in the Sand: Diplomacy, Strategy and the History of Wars That Might Still Happen. როგორც იქ აღვნიშნავ, „თავად საქართველოს ჰქონდა დიდი და საამაყო ისტორია, რუსეთისგან სრულიად განსხვავებული, ჯერ კიდევ მანამ, სანამ იგი პირველად დაიკავებდა საქართველოს სამეფოს მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს“. ფაქტობრივად, ვიკვლევ საქართველოში ცივილიზაციას 8000 წლის წინ, ნეოლითურ პერიოდს, როცა ღვინოს აწარმოებდნენ. რომაელებმა და ბერძნებმა იქ გზა გააკეთეს, როგორც ამბობენ, ოქროს საწმისის ადგილი, რომელსაც იასონი და მისი არგონავტები დევნიდნენ შავი ზღვის გასწვრივ. როგორც ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა, მე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე საქართველოს ისტორია, ცივილიზაცია და კულტურა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდება.


ყველაზე მეტად აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ერის განვითარებით, ასევე დასავლეთთან მჭიდრო კავშირებით (ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური). ჩემი აზრით საქართველოსთვის გონივრული არ იქნება ნატოში გაწევრიანება, რადგან ეს რეალურად იქნება ახალი წითელი ხაზის გავლება, რომელსაც ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებს, რა თქმა უნდა მას ეს არ სურს. საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობა იქნება ძლიერი, თქვენი ყველაზე ფრანკოფონი პრეზიდენტის პერიოდში!


იყავით ისეთივე ძლიერი, მიზანდასახული და დამოუკიდებელი მომავალში, როგორც წარსულში და მსოფლიო გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას. ვშიშორბ, რომ რუსეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიის მიტაცებას მცოცავი ანექსიით. თქვენ არ უნდა დაუშვათ, რომ ეს მოხდეს განსაკუთრებით მანამ, სანამ არის საერთაშორისო მონიტორინგი თქვენს საზღვრებზე. შეგიძლიათ დაეყრდნოთ ამ მექანიზმს ქვეყნის უსაფრთხოების მართვისთვის. არასოდეს დაიშუროთ ძალა, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, თავისუფალი და დემოკრატიული მმართველობის სისტემის შესაქმნელად.

Speech • სფიჩი

общество
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати