USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „მარკო რუბიო და მაიკლ უოლტცი: ვინ იქნება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საგარეო პოლიტიკით დაკავებული და ვინ რას ამბობდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ“
дата:  601

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) ყურადღებას უთმობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „მარკო რუბიო და მაიკლ უოლტცი: ვინ იქნება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საგარეო პოლიტიკით დაკავებული და ვინ რას ამბობდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ“ (ავტორი - სარა სმიტი, კორესპონდენტი ჩრდილოეთ ამერიკაში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე შეიძლება კონგრესის სენატის წევრი ფლორიდის შტატიდან მარკო რუბიო დანიშნოს, ხოლო მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ასევე ფლორიდის შტატიდან - მაიკლ უოლტცი, - აღნიშნავენ ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

გაზეთები „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) და „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal), აგრეთვე ტელეკომპანიები „სი-ბი-ესი“ (CBS) და „სი-ენ-ენი“ (CNN) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ აშშ-ის სახელმწფო მდივანი შეიძლება მარკ რუბიო გახდეს. ჟურნალისტთა ცნობით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული, მაგრამ მარკ რუბიოს გვარ-სახელი ბოლო დღეებში რესპუბლიკელებს შორის სულ უფრო ხშირად ჟღერს, როცა საუბარი ეხება ამერიკული ფედერალური დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დასანიშნ კანდიდატებს.

როგორც ამერიკული მასმედია წერდა, დონალდ ტრამპი მარკ რუბიოს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დასანიშნ ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი ჯეიმს დევიდ ვენსის კანდიდატურაზე შეჩერდა.

რუბიო-ტრამპი: მეგობრობა ლანძღვის შემდეგ

„55 წლის მარკ რუბიოს დანიშვნა, თუ მართლაც განხორციელდება, ძალიან საკვირველი შემობრუნება იქნება მის ურთიერთობებში დონალდ ტრამპთან“, - აღნიშნავს ფრანგული სააგენტო „ფრანს-პრესი“ (AFP). 2016 წელს, როცა ორივე პოლიტიკოსი პრეზიდენტობის კანდიდატის ნომინაციისათვის იბრძოდნენ რესპუბლიკური პარტიისაგან, მარკ რუბიო დონალდ ტრამპს „გაიძვერას“, „ყალთაბანდს“ და „თაღლითს“ უწოდებდა და მოიხსენიებდა „ყველაზე ვულგარულ ადამიანად“, რომელსაც ოდესმე პრეტენზია ჰქონდა პრეზიდენტის პოსტზე“ აშშ-ის ისტორიაში. დონალდ ტრამპი კი, თავის მხრივ, მარკო რუბიოს „პაწია მარკოს“ ეძახდა და დასცინოდა მის სატელევიზიო გამოსვლებს.

მარკო რუბიო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მეომრულად განწყობილ კანდიდატად სახელმწიფო მდივნის პოსტზე და მოსალოდნელია, რომ იგი დაუნდობელი იქნება „ამერიკის მტრების“ მიმართ - ჩინეთის, ირანისა და კუბის ჩათვლით. გარდა ამისა, მარკო რუბიო მომხრეა დონალდ ტრამპის იზოლაციონისტური საგარეოპოლიტიკური კურსისა დევიზით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რომელიც მიმართულია აშშ-ის მხრიდან უცხოურ კონფლიქტებში მონაწილეობის თავშეკავებისაკენ.

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, ამას წინათ მარკო რუბიომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დონალდ ტრამპის პოზიცია გაიმეორა და განაცხადა, რომ კონფლიქტი ჩიხში შევიდა და მისი დასრულების დრო დადგა.

მაიკლ უოლტცი: „ჩინეთი აშშ-ის მტერია“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი” (The Washington Post) და ტელეარხი „სი-ბი-ეს ნიუსი“ (CBS News), აგრეთვე ბრიტანული „როიტერი“ (Reuters) იტყობინებიან, რომ დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტის დაკავება შესთავაზა კონგრესმენს, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრს ფლორიდის შტატიდან (სადაც დონალდ ტრამპს თავისი ვილა აქვს), ეროვნული გვარდიის გადამდგარ პოლკოვნიკს მაიკლ უოლტცს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში დღეს ამ პოსტზე ჯეიკ სელივანი მუშაობს.

50 წლის მაიკლი ავღანეთის ომის ვეტერანია და დონალდ ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერი. იგი მთლიანად იზიარებს არჩეული პრეზიდენტის პოზიციებს მიგრაციასთან და უკრაინასთან მიმართებით. მაიკლ უოლტცის აზრით, აშშ უკრაინას უნდა დაეხმაროს, მაგრამ უმკაცრესი კონტროლით, რათა ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული მხოლოდ სასარგებლო საქმეს მოხმარდეს.

გარდა ამისა, მაიკლ უოლტცი ცნობილია როგორც ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მძაფრი კრიტიკოსი. კერძოდ, იგი გამოვიდა კანონპროექტის ინიციატორად, რომლის თანახმად, აშშ-ის დამოკიდებულება ჩინურ კრიტიკურ მინერალებზე (იშვიათ წიაღისეულ ლითონებზე) უნდა შემცირდეს.

საერთოდ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა ისტორიულად ძალიან გავლენიანია. ეს არის ერთ-ერთი იმ თანამდებობათაგანი, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირ დაქვემდებარებაში შედის და არ საჭიროებს სენატისაგან დამტკიცებას. გასულ კვირას მაიკლ უოლტცი კონგრესში ხელახლა იქნა არჩეული და ამიტომ მას, თეთრ სახლში მუშაობის დაწყებისათვის, კონგრესის (სენატის) წევრობის დატოვება მოუწევს.

რუბიო და უოლტცი ნატოზე და რუსეთ-უკრაინის ომზე

მაიკლ უოლტცი ამბობს, რომ მისი შეხედულებები რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ დროთა განმავლობაში შეიცვალა. 2022 წელს, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, იგი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, რომ უკრაინისათვის რაც შეიძლება მეტი იარაღი მიეცა რუსული აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ტელეარხ „ფოქს ნიუსის“ ეთერში გამოსვლისას, გასულ კვირაში, მან გააკრიტიკა კიევისათვის ჯო ბაიდენის ამინისტრაციის მიერ გაწეული დახმარება და მიანიშნა, რომ ომი დიდი ხანია უკვე გრძელდება, დიდ მსხვერპლს და ნგრევას იწვევს, ამიტომ დროა რამენაირი სახით დასრულდეს.

ერთ-ერთ პარტიულ ღონისძიებაზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართა, მაიკლ უოლტცმა თქვა, რომ უკრაინის ბედში აშშ-ის როლი გადახედვას საჭიროებს და ამას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რესპუბლიკელები აუცილებლად განახორციელებენ. „უნდა გაანალიზდეს, რამდენად არის აშშ-ის ინტერესებში უკრაინისადმი დახმარება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ომში დიდ დროს, რესურსებს და ფულს ვხარჯავთ, რომელიც ჩვენ წყნარი ოკეანის რეგიონში ძალიან გვჭირდება“, -  თქვა სენატორმა რამდენიმე კვირის წინ, - „ჯო ბაიდენს კარტ-ბლანში აქვს, მაგრამ სტრატეგია არ უვარგა. უკრაინისათვის უვადოდ იარაღის მიწოდება მცდარი პოლიტიკაა“, - აღნიშნა მან.

მაიკლ უოლტცი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის პოზიციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებით ხარჯების საკითხში და ხაზს უსვამს, რომ ნატოს წევრებმა სამხედრო ბიუჯეტი აუცილებლად უნდა გაზარდონ, მეტი იარაღი უნდა აწარმოონ, არ უნდა იყვნენ მთლიანად აშშ-ის იმედზე და საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი იარაღით დიდწილად თვითონ უნდა უზრუნველყონ. მაგრამ იმავდროულად მაიკლ უოლტცს, დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, ნატოდან აშშ-ის გასვლა მას დაუშვებლად მიაჩნია: „ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება რაღაც საკითხები სადაო იყოს, მაგრამ ყველანაირი უთანხმოების მიუხედავად, ჩვენ მოკავშირეებად და მეგობრებად უნდა დავრჩეთ“.

აღსანიშნავია, რომ მარკო რუბიო იყო ერთ-ერთი რესპუბლიკელი მათგან, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს უკრაინისათვის წლის დასაწყისში 62 მილიარდი დოლარის გამოყოფას. პაკეტი, როგორც ცნობილია, დიდი დაგვიანებით იქნა მიღებული - აპრილში.

ერთ-ერთ ინტერვიუში ფლორიდელმა სენატორმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და ომი შეწყვიტონ. ამასთან კიევი არ უნდა ჩაიციკლოს იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ყირიმის ჩათვლით: „მე რუსეთის მომხრე არ ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, რომ ომი უკრაინაში მოლაპარაკებით [და კომპრომისით] უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მარკო რუბიომ სექტემბერში.

-------------

შენიშვნა: დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესი 12 ნოემბერს კიდევ რამდენიმე საკადრო საკითხის შესახებ გახდა ცნობილი: არჩეულმა პრეზიდენტმა პენტაგონის მთავარი ბინადარის თანამდებობა - თავდაცვის მინისტრობა შესთავაზა აშშ-ის არმიის ვეტერანს, ტელეარხ „ფოქს ნიუსის“ წამყვანს პიტერ ჰეგსტესს, ხოლო მთავარი მზვერავის თანამდებობა - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (GIA) დირექტორობა -  ჯონ რეტკლიფს, რომელიც ადრე პროფილური უწყების - ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად მუშაობდა. ასევე დონალდ ტრამპმა ბიზნესმენებს ილონ მასკს და ვივეკი რავასვამს (იგი პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო და დროულად ჩამოშორდა რბოლას) მხარდაჭერა დაუფასა - ისინი ორივე ახალი ფედერალური უწყების - მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა.

წყაროები: https://www.bbc.com/russian/articles/cwyg1l3jy34o;  

https://www.bbc.com/russian/articles/cp9zkyr9n4vo

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати