USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
Тбилиси
ზაზა ფუტკარაძე-საფრანგეთში მოღვაწე ექიმი
дата:  1149
საფრანგეთში სტაჟირების მიზნით 2009 წელს ჩამოვედი ექს-მარსელის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. სადაც სწავლა გავაგრძელე ფუნდამენტური ფარმაკოკინეტიკის და მათემატიკური მოდელირების განხრით. ასევე განათლება მივიღე კლინიკური და პოსტ კლინიკური კვლევების მიმართულებით მარსელის, გრენობლის და ლიონის სამედიცინო უნივერსიტეტებში.
 
პირველი სამსახური ქ. მარსელის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინსტიტუტში მქონდა, სადაც იშვიათი და ძალიან იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებს ვიკვლევდით. ორმა ინსტიტუტმა, ჩვენი კვლევების საფუძველზე, დაახლოებით ერთი მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო იმისათვის, რომ გაეუმჯობესებინათ ინსტიტუტში მყოფი იშვიათი დაავადების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხი. 2015 წელს მოვიპოვე კიდევ ერთი მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით - ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პროექტების მართვაში, რის შემდეგაც მუშაობა დავიწყე ქ. გრენობლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტში, სადაც კოორდინირებას ვუწევ მონო და მულტიცენტრულ კვლევებს ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიის და ონკოლოგიის მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომლის კოორდინატორიც გახლავართ, ეხება ინსულტ გადატანილ პაციენტებში ღეროვანი უჯრედების გამოყენებას. კვლევის პირველი ფაზა წარმატებით დავასრულეთ და ველოდებით საბოლოო ანალიზის შედეგებს. 2020 წლის COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო, როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე ვაქცინების კვლევებში.
 
გასულ წელს, ჩემი ყოფილი ლექტორის შემოთავაზებით, ვიყავი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მიხარია, რომ ჩვენმა კვლევამ და მაგისტრანტმა საუკეთესო შეფასება მიიღეს. მომავალშიც ვაპირებ აქტიურ თანამშრომლობას როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამების მიმართულებით, რადგან მიმაჩნია, რომ მეცნიერების ხელშეწყობა და დასავლური სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
 
გარდა ამისა, 2016 წლიდან ვხელმძღვანელობ ასოციაციას « ქართველები საფრანგეთში » , რომელიც ახორციელებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე საქველმოქმედო პროექტებს საფრანგეთსა და საქართველოში.
 
სტუდენტებს მინდა ვუთხრა, რომ სწავლას და შრომას აუცილებლად მოაქვს წარმატება. როგორც ძველი ბერძენი ფილოსოფოსი იტყოდა, მსოფლიო დგას სამ მნიშვნელოვან საფუძველზე: ეს არის განათლება, შრომა და თანადგომა. დღეს საქართველოს, როგორც არასდროს ისე სჭირდება კარგი განათლების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ შრომით და ერთმანეთის თანადგომით გამოიყვანონ ჩვენი ქვეყანა კრიზისიდან და გააერთიანონ წარმატებული ქვეყნების რიგებში.
культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати