USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
„ვერა პუტინა ამტკიცებდა, რომ ის ვლადიმერ პუტინის ნამდვილი დედა. მეტეხის მცხოვრები ღარიბი ქალი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა“ - «The Economist» (დიდი ბრიტანეთი)
дата:  940

ცნობილი ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 10-16 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია-ნეკროლოგი სათაურით „ვერა პუტინა ამტკიცებდა, რომ ის ვლადიმერ პუტინის ნამდვილი დედაა // მეტეხის მცხოვრები ღარიბი ქალი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა“. პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთის პრეზიდენტის არაოფიციალური ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში  არ მოიხსენიება და მასზე მხოლოდ ჟურნალისტები წერენ. სტატიაში საუბარია ვლადიმერ პუტინის ნამდვილი, ბიოლოგიური დედის ვერა პუტინას შესახებ, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა საქართველოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში და იქვეა დაკრძალული. ავტორი იხსენებს თავის სტუმრობას ვერა პუტინასთან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით, რომელიც ჟურნალში დაიბეჭდა სათაურით „ვლადიმერ პუტინის სხვა დედა“.

„ვერა პუტინამ ხელებზე შემხმარი ცომი დანით ჩამოიფხიკა და ფოტოსურათებს მაჩვენებს. ერთზე მცირეწლოვანი ბავშვია ჰალსტუხით და ლამაზი ფეხსაცმელებით, მეორეზე - ზამთრის ტანსაცმელში გამოწყობილი თბილი შარფმოხვეული, მესამეზე - საზაფხულო შორტებში. აი, უკვე მოზრდილი ყმაწვილი, მეტეხის სკოლის მოსწავლე, რომელიც თავის კლასში ყველაზე უნარიანი და წარმატებული იყო. ყველა სურათზე მას ნათელი ფერის თმები აქვს, ოდნავ შეწეული ნიკაპი და ცოტათი გაბერილი ქვედა ტუჩი. ყველა სურათზე ჩანს მისი ფერმკრთალი თვალები, რითაც ძალიან ჰგავს დედამისს, ეროვნებით რუს ქალს ვერას. მას ფრთხილი გამოხედვა აქვს და თითქოსდა უბედური ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს. დიახ, ვლადიმერ პუტინი უკმაყოფილოდ იყურება, რაც ნაწილობრივ დედამისის ბრალიცაა. როცა იგი 1999 წელს რუსეთის ხელისუფლების ჩრდილიდან გამოვიდა და პრეზიდენტი გახდა, ვერა პუტინა გაკვირვებული და იმავდროულად გახარებული იყო: რომელი დედა ვერ იცნობს თავის შვილს, თუნდაც ერთმანეთი მრავალი წელი არ ენახოთ? ვერამ თავისი შვილი განსაკუთრებული სტილის სიარულითაც იცნო... იხვივით დადიოდა.

ბევრი ფოტოსურათი დაკარგულია, ან მხოლოდ ასლებიღა თუ შემორჩა. მას შემდეგ, რაც ვერა პუტინამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მისი შვილი იყო, მასთან სპეცსამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, ფოტოები წაიღეს და უთხრეს, რომ ამ თემაზე აღარ ილაპარაკოო.

ასე იყო თუ ისე, ამ ფაქტმა სოფელ მეტეხში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ბოლო წლებში მთავარ სასაუბრო თემას წარმოადგენდა. მეტეხი საქართველოს ერთ-ერთი ღარიბი სოფელია, კავკასიის მთისწინეთში მდებარე, მდინარე მტკვრის ნაპირზე. ადგილობრივი მოსახლეობა მიწათმოქმედებითაა დაკავებული, სახლები დაბზარული, უხარისხო აგურითაა ნაშენები, აქა-იქ ცემენტით შელესილი, დაჟანგებული რკინის ფურცლიანი მესერებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ქუჩა იოსებ სტალინის დიდებულ სახელს ატარებს, ის გრუნტის გზას წარმოადგენს. ვერას სახლი, მართალია, გარეგნულად მაინცდამაინც გამორჩეული არ იყო, მაგრამ შიგნით სუფთად გამოიყურებოდა, ფანჯრებზე მაქმანიანი ფარდებით, ეზოში კი ვაზის ხეივნის ქვეშ მდგარი სასაუბრო სკამით. ვერა ეროვნებით რუსი იყო, მაგრამ თავისი გულიანი, გადამდები სიცილით და მხიარული ხასიათით მთელ სოფელს უყვარდა და პოპულარული იყო. და ყველამ იცოდა, პატარა ბიჭუნებმაც კი, რომ ვერა „რუსი მეფის“ დედა იყო.

როცა თავისი შვილი ტელევიზორში დაინახა, ახალი ამბების გადაცემაში, ვერა ასაკით 73 წელს უახლოვდებოდა. იგი დარწმუნებით აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინი მისი შვილი იყო, რომელსაც მოფერებით „ვოვას“ ეძახდა.

ვოვა სტუდენტური რომანის შედეგად გაჩნდა, როცა ერთ-ერთი საცეკვაო საღამოს დროს ვერა სტუდენტმა პლატონ პრივალოვმა აცდუნა. როცა მოგვიანებით ვერამ გაიგო, რომ პლატონი ცოლიანი იყო, მასთან სასიყვარულო კავშირი იმავწუთს გაწყვიტა, მაგრამ ფეხმძიმედ დარჩა. ტაშკენტში ვოვას გაჩენის შემდეგ ცოტა ხანში ვერამ ქართველი ჯარისკაცი გიორგი ოსეფაშვილი გაიცნო და ცოლად გაჰყვა. მისდა სამწუხაროდ, ცოლ-ქმრობა ვერ აეწყო, მეუღლეები ერთმანეთში ხშირად კამათობდნენ. გიორგიმ ერთხელ თქვა, რომ მან ცოტა ფული მოაგროვა და დადგა დრო საქართველოში დაბრუნებისა, სადაც მას მეტეხში მშობლების დანატოვარი სახლი ჰქონდა. სახლი სინამდვილეში ნახევრად დანგრეული ქოხი აღმოჩნდა, მაგრამ ვერა თანდათან შეეგუა  ცხოვრებას და სოფლელ გლეხ ქალად გადაიქცა.

მეტეხში ცხოვრების დროს ვოვას [მტკვარზე] თევზის ჭერა უყვარდა, ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით იგავ-არაკებს და საოცრად ლამაზი კალიგრაფია (ხელწერა) ჰქონდა. ამასთან, იგი ბრაზობდა ხოლმე, როცა უბნის ბიჭებს ეჩხუბებოდა და არასდროს საკუთარ თავს დამარცხებულად  არ აღიარებდა. უყვარდა მეზობლების ქათმებისთვის შურდულით კენჭების სროლა. ვერა შვილის იმ შურდულს დღემდე ინახავს. ზოგადად ვოვა ჩვეულებრივი და წყნარი ბიჭუნა იყო. მამინაცვალი გიორგი მას კარგად ეპყრობოდა, თუმცა ერთხელ ისე გააბრაზა, რომ გიორგი დაიმუქრა, რომ „ნაბიჭვარს“ სახლიდან გააგდებდა.

ვერა იძულებული გახდა ვაჟი თავის მშობლებთან წაეყვანა, მაგრამ რადგანაც ისინი იმდენად ავად იყვნენ, რომ ვოვას მოვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამიტომ [ბებიამ და პაპამ] შვილიშვილი სამხედრო ინტერნატში წაიყვანეს. ამის შემდეგ ვერამ შვილთან კავშირი დაკარგა მანამ, სანამ როგორღაც არ გაიგო, რომ ვოვა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში („კაგებეში“) მუშაობდა.

რა თქმა უნდა, ეს ის ბიოგრაფია არ არის, რასაც ვლადიმერ პუტინი დღეს ოფიციალურად ჰყვება და წერს. დღევანდელი პრეზიდენტის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ იგი ლენინგრადში დაიბადა, მისი დედ-მამაა ვლადიმერ პუტინ-უფროსი და მარია პუტინა. მას ჰყავდა ორი უფროსი ძმა, რომლებიც ლენინგრადის ბლოკადის დროს დაიხოცნენ, თვითონ კი 1952 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა, ანუ ორი წლის შემდეგ იმ დღიდან (1950 წლის 7 ოქტომბრიდან), რაც ვერას ვოვა გაუჩნდა. წლებში განსხვავებას ვერა ასე ხსნის: საქართველოში გაზრდილმა ვოვამ რადგანაც რუსული ენა კარგად არ იცოდა, ლენინგრადის სკოლის პირველ კლასში სწავლის დასაწყებად გვიან შეიყვანესიყვანეთ და ახალი დოკუმენტები გავუმზადეთო. ანუ გამოდის, რომ ვლადიმერი და მარია ვოვასათვის მხოლოდ „აღმზრდელი მშობლები“ იყვნენ.

ვლადიმერ პუტინი თავის ბიოგრაფიაში „ქართულ კვალს“ ყოველთვის იგნორირებდა და ისე გამოდიოდა, რომ ქართველები ტყუოდნენ და რაღაცას  „ეშმაკობდნენ“. მაგრამ მის ფარგლებს გარეთ უცხოელი ჟურნალისტები ამ „ინტრიგული“ ამბავით დაინტერესდნენ. მათ გამოიკვლიეს, რომ ვლადიმერ პუტინი არსად არაფერს არ ამბობდა თავის ბავშვობაზე, ათი წლის ასაკამდე. გაჩნდა ეჭვი, რომ იგი განგებ მალავდა თავის „ნახევრად უცხოელობას“ და ამით თითქოსდა იოსებ სტალინს ჰგავდა. მოგვიანებით ზოგიერთი ფაქტი გამომზეურდა: 2008 წელს ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ ბავშვი, ვლადიმერ პუტინის სახელით, ნამდვილად სწავლობდა მეტეხის საშუალო სკოლაში სამი წლის განმავლობაში. მანამდე მომხდარ ფაქტებს კი საეჭვო ხასიათი ჰქონდა: 2000 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა ორი ჟურნალისტი, ჩეჩენი და იტალიელი, რომლებიც პუტინის ბიოგრაფიის „ქართული კვალით“ დაინტერესდნენ. გარდა ამისა, ერთ დღეს ვერასთან უცნობი ადამიანები მივიდნენ, ორი მამაკაცი და ორიც ქალი, მათ სისხლის ანალიზი აუღეს დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად., თუმცა ვერასთვის ანალიზის შედეგები არავის არ უცნობებია.

2003 წელს ვერა პუტინას, როცა იგი უჯკვე 77 წლისა იყო, ჰოლანდიელი რეჟისორი ინეკ სმიტსი ეწვია. „პუტინის დედა“ მას მოუყვა, რომ მეტეხში ცხოვრების 52-წლიანი პერიოდი მისთვის მძიმე იყო. ახალგაზრდობისას იგი ცეკვავდა და მღეროდა, აქ კი, სოფელში, ჩექმებჩაცმული, დიდი ნაჯახით ხელში, შეშას ჩეხდა და ეზოს ეკალ-ბარდისაგან ასუფთავებდა, გიორგის საფლავს უვლიდა და პატრონობდა: „გამარჯობა, როგორ ხარ?“ - ეკითხებოდა ვერა გიორგის საფლავზე ყოველი მისვლის დროს და მას ადგილობრივი წითელი ღვინით სავსე ჭიქით იხსენებდა.

ვერა მუშაობდა და ვოვა ყოველთვის ახსოვდა. მას ძალიან უკვირდა, თუ რატომ არაფერს არ ამბობდნენ საჯაროდ მასზე ვოვას „აღმზრდელი მშობლები“, რომლებიც 1990-იან წლებში გარდაიცვალნენ. ალბათ, სავარაუდოდ, ვიღაცამ ამაზე ლაპარაკი მათაც აუკრძალა. თუმცა ეს გასაგებიცაა, რადგან საბჭოური ტრადიციის მიხედვით, იმ პიროვნებას, რომელიც „კაგებეში“ მუშაობდა, თავისი ნამდვილი ისტორია და ნამდვილი ბიოგრაფია უნდა დაევიწყებინა. რა თქმა უნდა, ვოვამაც დაივიწყა.

მაგრამ ვერას შვილი არ დავიწყებია: იყო დრო, განსაკუთრებით როცა 2008 წელს რუსეთის ჯარი [პუტინის ბრძანებით] საქართველოში შეიჭრა, ვერას ძალიან შერცხვა. მას სურდა, რომ შვილს ერთხელ მაინც გაეხსენებინა მეტეხი, ჩამოსულიყო, სადაც დედამისი ეტყოდა, რომ ძალიან ნანობს იმაზე, რომ ვაჟი სხვაგან წაიყვანა. ვოვას ეტყოდა, რომ მისი ბრალი არ არის და აუხსნიდა, თუ რატომ გააკეთა იძულებით ასე. ზოგჯერ ვერას ღამ-ღამობით ესიზმრებოდა, რომ ვოვა სახლში დაბრუნდა... იგი ეკლესიაში ვოვას სახელზე სანთლებს ანთებდა და მისთვის ლოცულობდა.

იმ ფოტოსურათებზე, რომლებიც „კაგებე“ თანამშრომლებს არ წაუღიათ, სამი წლის ბავშვია აღბეჭდილი მოკლე შარვლით. მას თვალები ისე უბრწყინავს, თითქოს ტირილი ახლახან შეწყვიტაო. ძველ სურათში ერთი შეხედვით დღევანდელ ვლადიმერ პუტინს ვერ იცნობთ, მაგრამ ვერამ შვილი მბრწყინავი თვალებით მაინც იცნო. არავინ იცის, რამდენად მძიმე იყო მისთვის ის ფაქტი, რომ შვილი - ვლადიმერ პუტინი - რუსეთის დაუნდობელ პრეზიდენტად იქცა.

წყარო: https://www.economist.com/obituary/2023/06/08/vera-putina-claimed-to-be-vladimir-putins-real-mother

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати