USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
წინანდალის ღვინის ქარხნის ყოფილი დირექტორი პაატა გიორგობიანი: პოლიტიკური დირექტივა იყო, შევარდნაძის გარემოცვა, მათ შორის ირაკლი ანდრიაძე უნდა წასულიყვნენ ციხეში
Date:  856

 „ ის რაც წინანდალის ღვინის ქარხნის  ხელში ჩასაგდებად და იმ ხალხის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, ვინც სახელმწიფო ინტერესებს იცავდა იყო  დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული, ანტიქართული პროცესი „ - აცხადებს   „ წინანდალი -  საქართველოს ღვინის საგანძურის“ გენერალური დირექტორი პაატა გიორგობიანი, ადამიანი, ვინც  წინანდლის ღვინის წინააღმდეგ  მომართულ სახელმწიფო სისტემას  წლების განმავლობაში ებრძოდა. 

წინანდლის ღვინის ქარხანასთან და სამთავრობო რეზიდენციასთან დაკავშირებული პროცესი, წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ამბავი იყო. სასამართლო პროცესები, სისხლის სამართლის საქმეები, ადამიანები, ვინც ამ ისტორიის კულისებში თუ ავანსცენაზე იდგნენ - პაატა გიორგობიანი  ამ გახმაურებული საქმის მნიშვნელოვან  დეტალებს იხსენებს.      

პაატა გიორგობიანი: „წინანდალი - საქართველოს ღვინის საგანძური“, რომლის გენერალურ დირექტორადაც 1999 წლის ნოემბერში დავინიშნე, მოიცავდა სამ ობიექტს: წინანდლის ღვინის ქარხანას, თელიანის ღვინის ქარხანას და წინანდლის მეურნეობას. ამ  ორგანიზაციის შექმნის  მიზანი იყო,  წინანდალში წარმოდგენილი ყოფილიყო ქართული მეღვინეობის სპექტრი და სრულად,100 % ით იყო სახელმწიფო საკუთრებაში. წინანდლის ღვინის ქარხანას ჰქონდა ისტორიული ძეგლის სტატუსი და ემიჯნებოდა წინანდლის სამთავრობო რეზიდენციას, რომელიც მოიცავდა ალექსანდრე ჭავჭავაძის  სახლ-მუზეუმს, ბაღს, სასტუმროს, ვენახს. წინანდლის ღვინის ქარხანა ისტორიული მნიშვნელობის ქარხანა  იყო. ის ჭავჭავაძეების მიერ დაარსდა, საბჭოთა კავშირში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღვინის ქარხანად ითვლებოდა. გარდა ისტორიული შენობა- ნაგებობისა, ქარხანა მოიცავდა ძველი ღვინოების კოლექციას. „წინანდალი - საქართველოს ღვინის საგანძურში“  საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან  უნდა შემოსულიყო ღვინო და დაძველებულიყო. მე იქვე, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლში ვიყავი გაზრდილი, ფრანგი მეღვინეების აშენებული ბინები იყო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, შესაბამისად, იქაურობა ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. მამაჩემი წინანდლის ღვინის ქარხანაში 23 წელი მუშაობდა, მე მუშაობა დავიწყე 1997 წლის მარტში, ჯერ ვიყავი მეღვინე ბრიგადირი, შემდეგ მეღვინე, მთავარი მეღვინე და 1999 წლიდან გენერალურ დირექტორი. 

_ როდის და როგორ დაიწყო წინანდლის ღვინის ქარხანასთან დაკავშირებული პროცესი, რომელიც წლების წინ ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო.

_ პრობლემები ქარხანასთან დაკავშირებით დაიწყო ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს, მაგრამ მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა. 90 - იან წლებში, ე.წ. კუპონობის დროს მოხდა წინანდლის ღვინის ქარხნის და თელიანის ღვინის ქარხნების პრივატიზაცია თამაზ ხიდაშელის მიერ. პრივატიზაცია განხორციელდა დარღვევებით, რაც შემდგომ  გამოვლინდა და ხანგრძლივი სასამართლო პროცესების საფუძველი გახდა. ის ძალები  ვინც ქარხანა მოგვიანებით დიდი დარღვევებით ჩაიგდეს ხელში, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს უკვე ჩართული იყვნენ იმ ადამიანების „გაშავების“  პროცესში,ვინც ედუარდ შევარდნაძის ერთგული ხალხი იყო და დაკავშირებული იყვნენ კახეთის რეგიონთან, ან სამსახურებრივად ჰქონდათ კავშირი წინანდლის რეზიდენციასთან თუ ღვინის ქარხანასთან. საჩივრები, შემოწმებები, კონტროლის პალატის აქტები, სასამართლოები - პროცესს ბოლო არ ჰქონდა.კონტროლის პალატის აქტებში ისეთი ჩანაწერები ჩნდებოდა, რაც რეალურად არ იყო გაკეთებული. ის ძალები, ვინც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაუპირისპირდნენ ედუარდ შევარდნაძის ახლო გარემოცვის წევრებს, ირაკლი ანდრიაძეს,  მედეა მეზვრიშვილს,  გია არსენიშვილს. ამ ადამიანებზე თავდასხმა თავდასხმაზე ხორციელდებოდა, ერთხელ პირისპირ შეხვედრის დროს პირდაპირ  მითხრეს, ჩვენ შენთან არ გვაქვს საქმე, ჩვენ ირაკლი ანდრიაძეს და მედიკო მეზვრიშვილს ვებრძვითო.    

_  რა კავშირი ჰქონდათ მათ ამ ობიექტებთან? რატომ  ხორციელდებოდა თავდასხმები ამ ადამიანებზე?


_  როგორც ირაკლი ანდრიაძე, ასევე მედეა მეზვრიშვილი იცავდნენ სახელმწიფოებრივ პოზიციას. ირაკლი ანდრიაძე  იყო ადამიანი, ვისთვისაც სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე იდგა. ის გვერდში გვედგა, გვეხმარებოდა ქარხნის გადარჩენაში.  მას დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი წინანდლის ისტორიული რეზიდენციის მოწყობაშიც. 1979-1981 წლებში ედუარდ შევარდნაძის დავალებით და ირაკლი ანდრიაძის ხელმძღვანელობით  აღადგენილი  და გაფართოვებული იყო ჭავჭავაძეების ბაღი, 100-ზე მეტი დიდი ხე გადმოიტანეს ტყეებიდან და გაახარეს. მოეწყო სარწყავი სისტემები. ირაკლი ანდრიაძის ხელმძღვანელობით აშენდა სასტუმრო სახლები, აღადგინეს ინოთეკა,რეკონსტრუქცია გაუკეთდა  სადეგუსტაციო ნაგებობას, გააშენეს ვენახი ათეულობით ჰექტარზე. ბატონ ირაკლის დიდი ღვაწლი ჰქონდა წინანდლის ღვინის ქარხნის აღდგენა - მოდერნიზებაშიც,  მან ააშენა სტუმრების მისაღები სასტუმრო დარბაზი წინანდლის რეზიდენციაში, სადაც ჩამოჰყავდათ საპატიო სტუმრები, ვინც იმ დროს ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ.  

თამაზ ხიდაშელს მიაჩნდა, რომ  ირაკლი ანდრიაძემ და მედიკო მეზვრიშვილმა ჩაუშალეს წინანდლის ღვინის ქარნის ხელში ჩაგდება და ყველაფერს აკეთებდა, რომ ირაკლი ანდრიაძე დაეჭირათ. მას  „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჰყავდა მფარველები და მათი დახმარებით დაიწყო ბრძოლა ირაკლი ანდრიაძის წინააღმდეგ.  ჯერ სამების ტაძარზე დაიწყეს საბუთების ქექვა, ვერაფერი რომ ნახეს, მერე სხვა ბრალდებებზე გადავიდნენ. ყველანაირად უნდოდათ, რომ ირაკლი ანდრიაძისთვის ბრალი დაემძიმებინათ. ეს იყო დიდი პროცესი. პირდაპირ მეუბნებოდნენ, ანდრიაძის წინააღმდეგ რამე უნდა მოგვცეო, პროკურატურას მისი დაკავების  დავალება ჰქონდა. ეს იყო პოლიტიკური პროცესი, რომლის უკან იმალებოდა გარკვეული ადამიანების ინტერესი. ადრე  თუ გვიან ეს გაირკვევა.

  _ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ქარხნის ირგვლივ?

_  ეს იყო ძალიან ხანგრძლივი პროცესი. როცა დირექტორად დავინიშნე ქარხანას 2 მილიონი ბიუჯეტის ვალი ჰქონდა. ყველაფერი  დაყადაღებული იყო, იძულების წესით გაიტანეს ცისტერნები, სააღსრულებოს წინააღმდეგ ვერ წავიდოდით. გაჩერებულ ორგანიზაციას მილიონობით ლარი დაგვარიცხეს. ვერ მოხერხდა სპონსორის მოძებნა იმდენად სერიოზული ძალები იყო დაპირისპირებული ჩვენთან, ქარხნის მმართველ გუნდთან. პირდაპირ ეუბნებოდნენ ადამიანებს, ვისაც ინვესტიციის განხორციელება სურდათ, ამ ქარხანას არ გაეკაროთო. 2000 – 2001 წლებში 750 ათასი ნაღდი ფული შევიტანე ქარხანაში, რომ ქარხანა გადამერჩინა. ამ თანხებით უზრუნველყავით, რომ რაღაც ფორმით შეგვენარჩუნებინა კოლექტივი და არ დარღვეულიყო საწარმოო ციკლი, არ შეწყვეტილიყო ყურძნის მიღება. როცა ბრალებებს მიყენებდნენ და  ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, ვუთხარი:იმ ფულით, რაც ქარხნის გადასარჩენად შევიტანე ამ საქმეში, ახალ ქარხანას ავაშენებდი, წინანდლის ღვინის ქარხანაზე გული რომ არ შემტკიოდეს მეთქი. იმ დროს ეს არ იყო პატარა ფული.  

წლები  იმართებოდა სასამართლოები სხვადასხვა დონეზე. შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო და მერე ნაცების დროს გაგრძელდა. ვალების რესტრუქტურიზაცია იმ დროს გააკეთეს, როდესაც აზრი აღარ ჰქონდა.4 წელი ყურძენს რომ ვერ მიიღებს ქარხანა, რა უნდა გაააკეთოს. მეურნეობაში მოყვანილ ყურძენს ვყიდდით, რომ ხელფასები დაგვერიგებინა. არავინ რისკავდა ფულის ჩადებას. მე დირექტორი ვიყავი და სხვა პასუხისმგებლობა მქონდა, თუმცა ეს მარტო საქმე არ იყო ჩემთვის - მე იქ  დავიბადე და გავიზარდე, გული სხვანაირად შემტკიოდა  ყველაფერზე.  

ვარდების რევოლუციამდე ასე თუ ისე ვახერხებდით ამ ჯგუფთან გამკლავებას, მაგრამ მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდა, მაშინ დაიწყო რაც დაიწყო. ვარდების რევოლუციამდე წინანდალში მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა, მას თამაზ ხიდაშელი ახლდა. კულტურის სახლში ხალხთან დაძაბული, მძიმე შეხვედრა გაიმართა. ყველა, ვინც ვუპირისპირდებოდით ხიდაშელს, რომელიც რევოლუციის შემდეგ გუბერნატორი გახდა, დასაჭერი ხალხის სიაში მოვხვდით. ყველა რაიონის პროკურორს მაგიდაზე დასაჭერი ხალხის სია ედო. დაჭერას მიზეზი ხომ უნდოდა, ამიტომ დაინიშნა რევიზიები, კონტროლის პალატა რევიზიას - რევიზიაზე ატარებდა, თუმცა ვერაფერი მიპოვეს. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე მოხსნილები, დაკავებულები იყვნენ, პრაქტიკულად მარტო დავრჩი ამ ძალადობის პირისპირ, რის გამოც ძალიან მძიმე პერიოდების გავლა მომიწია. ყოველდღე დაკავებას ველოდებოდი. როდესაც ხიდაშელი პარლამენტში გადავიდა და კონტროლის პალატაში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, ხიდაშელის და  მისი კოლეგა რამდენიმე დეპუტატის ინიციატივით კონტროლის პალატის ხუთკაციანი ჯგუფი 105 დღე გვამოწმებდა.1994 წლიდან 2004 წლამდე პერიოდის შესწავლა დაიწყეს. დოკუმენტაცია გავიდა კონტროლის პალატის პრეზიდუმზე. როდესაც ირაკლი ანდრიაძე დააკავეს, ჩვენთანაც შემოვიდა გამოძიება. საგამოძიებოს წარმომადგენელმა პირდაპირ მითხრა: ჩვენ დავაკავეთ ირაკლი ანდრიაძე, ახლა შენ და ვარციხის ღვინის  ქარხნის დირექტორი შოთა სორდიაც უნდა დაგიჭიროთ, თამაზ ხიდაშელმა მორიგი საჩივარი დაწერაო. ამბობენ, შენში მილიონს გადაიხდიანო. გავოგნდი, ჩემში მილიონს ვინ გადაიხდის, 5 ლარს ვაძლევ მეღვინეს, სად გვაქვს ამდენი ფული მეთქი? დამინიშნეს კიდევ ერთი რევიზია, დამიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პირადად დამკითხა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მამუკა მუჯირმა, პირდაპირ მომთხოვა, ანდრიაძის წინააღმდეგ საქმეში უნდა დაგვეხმაროო. ნაციონალური მოძრაობის მთავრობა კომისიას კომისიაზე გვიგზავნიდი ჩვენთან მდგომარეობის შესასწავლად, სამინისტროები, დელეგაციები ჩამოდიოდნენ, ქარხნის ყველა კუთხე-კუნჭული დაიარეს. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ქარხნები არ იყო გაძარცვული, როგორც ამას ხიდაშელი ამბობდა, პირიქით, აქეთ უსაყვედურეს, შენ ამ ქონებას ვინ გაჩუქებსო.  ის მაინც არ ჩერდებოდა, მე ეს ქარხანა ვიყიდე და შევარდნაძემ და მისმა გარემოცვამ წამართვაო, თუმცა უკვე აღარც შევარდნაძე იყო ხელისუფლებაში და აღარც მისი გარემოცვა.

2005  წელს ჩვენი მამა-პაპის ნაშრომ-ნაწვალებში შემოვარდნენ ყაჩაღებივით, ცისტერნები დაჭრეს, ეს ისეთი ვანდალიზმი იყო, ამას მეღვინე არ გაააკეთებდა.ქარხანას მოუხსნეს ისტორიული ძეგლის სტატუსი, სოფელს წაართვეს ბაგა-ბაღი, დაანგრიეს მეურნეობა,აჩეხეს ვაზი, ტრაქტორებით გაზიდეს სარი და მავთული.ერთადერთი ძველი ღვინოების კოლექცია ვერ წაიღეს. წარმოუდგენელი დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენ მოგებული გვქონდა სასამართლო, მაგრამ შეცვალეს გადაწყვტილება და დაავალეს სასამართლოს, რომ ხიდაშელისთვის მიეცა ქონება, დირექტორად მისი კადრი დანიშნეს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვიდა სააკაშვილი წინანდალში, ჭავჭავაძეების ბაღში დაყრილი ცისტერნები რომ ნახა, გაცოფდა თურმე, ეს რეები ჩაუდენიათო.  

  _ სამთავრობო რეზიდენციის ხელში ჩაგდებასაც  ცდილობდა ის ჯგუფი, ვინც  ღვინის  ქარხნის დაპატრონებისთვის იბრძოდა?

_ სამთავრობო  რეზიდენციასთან  დაკავშირებით ასე ღიად  გაცხადებული პოზიცია არ ყოფილა. რეზიდენცია კარგად იყო მოვლილი, იმის მიუხედავად, რომ  სახელმწიფოს  მინიმალური თანხები ჰქონდა გამოყოფილი. მარტო წინანდალი ხომ არ იყო, ვარციხის, ბობოყვათის რეზიდენციები, კიდევ რამდენიმე რეზიდენცია იყო სახელმწიფო უზრუნველყოფის ბალანსზე, სადაც უამრავი სამუშაო ხორციელდებოდა. ედუარდ შევარდანაძეს უყვარდა წინანდლის რეზიდენციაში ჩამოსვლა, საპატიო მაღალი დონის სტუმრები წინანდლის ქარხნის ძველი ღვინოების სადეგუსტაციო დარბაზში მოჰყავდა ხოლმე. კარგი კახური პურმარილი იშლებოდა უცხოელი სტუმრებისთვის, ეს ყველგან ასე ხდება. 

წინანდლის ღვინის ქარხანის ნაწილს კულტურის სამინსტრომ ისტორიული ძეგლის სტატუსი მოუხსნა. იმ ნაწილს კი, რასაც დარჩა ეს სტატუსი, შემდეგ რეზიდენციასთან ერთად გადაეცა ინვესტორს. მიხეილ სააკაშვილმა წინანდალში სასტუმროს გახსნის დროს თქვა: აქ რაღაც ქარხანა იყო ხელიდან ხელში გადადიოდაო. რაღაც ქარხანა უწოდა ქარხანას, რომელსაც  ქვეყნის წამყვანი ღვინის ქარხნის სტატუსი ჰქონდა. ეს ხალხი სახელმწიფოს და სახელმწიფო ქონების მტერი იყო. როგორ შეიძლებოდა ისეთი ობიექტების გაყიდვა, რასაც ან ისტორიული ძეგლის სტატუსი ჰქონდა ან სტრატეგიული დანიშნულება. ირაკლი ანდრიაძე იმიტომ დაიჭირეს, რომ მათთვის ხელი არ შეეშალა. უნდოდათ მეთქვა, რომ მას და მედეა მეზვრიშვილს ქრთამს ვაძლევდი. პირდაპირ ვაჭრობა გამართეს, საშინელი აგრესია მოდიოდა. პროკურატურას ჰქონდა  დავალებული საქმის შეკერვა ბატონი ირაკლის  წინააღმდეგ. თან ქარხნის წაღება უნდოდათ, თან  „კომპრომატებს“ აგროვებდნენ ირაკლი ანდრიაძეზე. ნაცების დირექტივა ასეთი იყო -  შევარდნაძის გარემოცვა უნდა  წასულიყო ციხეში. მათ შორის, ისე როგორც  ირაკლი ანდრიაძე, ბევრი ღვაწლმოსილი სახელმწიფო მოხელე იყო. ისინი ებრძოდნენ გია არსეიშვილსაც, რომელსაც დიდი დამსახურება ჰქონდა სახელმწიფოს წინაშე. ძალიან მიხარია, რომ  უკვე არსებობს  გია არსენიშვილის სახელობის ქუჩა, აუცილებელია, ირაკლი ანდრიაძის სახელიც  მიენიჭოს რომელიმე ქუჩას. არ უნდა დაიკარგოს ამ ადამიანების  ამაგი  და ღვაწლი, რაც მათ ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე მიუძღვით.

თამარ ნიჟარაძე  

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way