USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
წერილი მამას, გაბრიელ გარსია მარკესს!
дата:  2135

კიდევ ერთხელ გავიდა 17 აპრილი, შენი გარდაცვალების დღე. სამყარომ კი დიდი ნაბიჯები გადადგა, ვხედავთ, ადამიანების ნაწილი დიად ბნელ საქმეებს ჩადის, ზოგიერთები სიკეთისთვის წირავენ თავს, ამ ორთა შორის მდგომნი კი თავის წილ საქმეებს ასრულებენ.

ერთი რამ კი ახალია - პანდემია. გამიგია, რომ მისი სათავე ბაზრიდან მოდის, სადაც პაციენტ ზეროს ვირუსი ცხოველისგან გადაედო. ერთი პატარა ნაბიჯი ვირუსისათვის და უზარმაზარი საფრთხე კაცობრიობისათვის. დაუჯერებელია, როგორ გარდაიქმნა მთელი სამყაროსთვის საშიშ მონსტრად ერთი უბრალო ვირუსი წარმოუდგენელ ვადებში.

დღე არ გავა, რომ შენი ნოველა „სიყვარული ქოლერას დროებაში“ არ გადავიკითხო. შენ ყოველთვის დაინტერესებული, შეიძლება  ითქვას შეპყრობილიც კი იყავი ეპიდემიებით  და კარგადაც იცნობდი მათ ბუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მხოლოდ შენს წარმოსახვაში არსებობდა. ზუსტად იცოდი რა უნდა გეთქვა მათზე ხალხისთვის, რომ ისინი ამ ნათქვამს მუდამ და მუდამ დაბრუნებოდნენ თავიანთ ფიქრებში.

ჯერ დაბადებულიც კი არ იყავი, როცა მსოფლიო ესპანური გრიპის პანდემიამ მოიცვა, თუმცა კი ისეთ სახლში გაიზარდე, სადაც ისტორიები მოჩვენებებივით დაძრწოდნენ და ყველაფერი ისეთი რეალური იყო, ხელშესახებიც კი. ასეთი გარემო კი, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტი იყავი, მუდამ გარწმუნებდა იმაში, რომ ჩვენ ყველანი ერთი დიდი გეგმის ნაწილი ვართ, განსაცდელი კი ყველა გეგმაშია, მაგრამ ეს განსაცდელი გასავლელია და დასაძლევი.

ახლა კი, სწორედ ახლა გვიდგას მორიგი განსაცდელი. მიუხედავად ჩვენი მეცნიერების და ექიმების დაუღალავი მუშაობისა საუკეთესო თავდაცვა და ხსნა ახლა სახლისთვის თავის შეფარებაშია, ისე, თითქოს გამოქვაბულში ცეცხლის პირას ნადირს ვემალებოდეთ.

ყველაზე მძლავრი დარტყმა შენმა ორმა უსაყვარლესმა ქვეყანამ - იტალიამ და ესპანეთმა იგემა. დღევანდელი ბარსელონა, მადრიდი, მილანი  აღარაფრით ჰგვანან  იმ  ბედნიერ ქალაქებს, რომელიც შენ და მერსედესმა  ათწლეულების წინ მოინახულეთ.

ვიცი, გაგეხარდებოდა ის ამბავი, რომ შენი ძველი მეგობრები და თქვენი თაობის ადამიანები მედგრად დგანან და მამაცურად ხვდებიან ამ უბედურებას. იუმორიც არ დაუკარგავთ - მათი თქმით, უბრალოდ ვერ მისცემენ თავს  იმის უფლებას, რომ ადამიანები, რომლებიც კიბოს, ომებს და ქორწინებას გადაურჩნენ ახლა გრიპმა იმსხვერპლოს.  თანაც, ეს მხოლოდ სიკვდილის შიში როდია, ესაა შიში მარტოობაში აღსასრულის, ახლობლებთან დამშვიდობების გარეშე, გარემოცული სკაფანდრებით აღჭურვილი მედპერსონალით და ისევ შენნაირი უბედურებით სავსე ოთახში.

აქ რომ ყოფილიყავი, შენ კაცურად დაუხვდებოდი ამ ვერაგ მტერს. „კაცურად“ - ამ სიტყვას ვიყენებ არა იმისთვის, რომ პატრიარქატს მივაგო პატივი(რომელსაც შენ მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდი), არამედ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ამ სიტყვას თავისი მნიშვნელობა დაუბრუნონ და მიხვდნენ -  ეს სიტყვა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სქესის განსაზღვრა.

ო, როგორი შთაგონებული იქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე მდგომთა გმირობით, რამდენ სიყვარულის ბალადას მიუძღვნიდი შეყვარებულებს, სიკვდილის რისკიც რომ ვერ აფრთხობთ და მაინც ერთად ყოფნას ლამობენ, გაბრაზდებოდი კიდეც და ამ ბრაზს ჩვენ ულამაზეს სიტყვებად წავიკითხვდით წიგნის ფურცლებზე.

მას შემდეგ, რაც სახლებში ჩავიკეტეთ, გამუდმებით ვფიქრობ, რა მოხდება, რა შეიცვლება, რას გვიმზადებს ბედი, მაგრამ ამ ამოცანის ამოხსნა ჩემ გონებას არ ძალულს. ადამიანების ნაწილი  დარწმუნებულია, რომ მსოფლიო  იგივე აღარასდროს იქნება. ჩვენ ყველანი შევიცვლებით, ზოგი მეტად, ზოგი კი ნაკლებად. მაგრამ იქნებ, იქნებ ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ სიცოცხლით ტკბობა უფრო მეტად ვისწავლოთ, ეს ყველაფერი ხომ ხილული დასტურია იმისა, რომ სამყარო, რომელსაც, როგორც კუთვნილს, ისე ვიღებთ ერთ დღეს შეიძლება სრულიად მოულოდნელად ხელიდან გამოგვეცალოს. ამიტომაც იქნებ დავიწყოთ უმშვენიერესი მომენტებით ცხოვრება, არ გავუშვათ ხელიდან არც ერთი ღიმილი, არც ერთი ბედნიერების წამი და ყველამ ერთად ვიცეკვოთ, ვიცეკვოთ სიცოცხლისთვის.

 

როდრიგო გარსია

თარგმანი: ელენე ხვედელიძე

 

წყარო: nytimes.com

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати