სამების ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მოხატვა სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ტაძრის მონუმენტური მხატვრობის ავტორი ხატმწერი თეოფილე (გოჩა) გიორგაძეა. ბატონ გოჩას ხატწერაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა როგორც თავად ამბობს, სამების ტაძარში მუშაობა, მისთვის აღმოჩნდა განსაკუთრებული პატივი და ემოციები, რომელიც ახლდა ტაძრის მოხატვის სამუშაოებს, მისთვის იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.
როგორ გაიარა გზა ხატწერის სკოლიდან სამების ანდრია პირველწოდებულის ტაძრამდე და ვინ მისცა მხატვარს პენსიიდან გადანახული ფული, რითიც ტაძრის მოხატვა დაიწყო - ბატონი თეოფილე (გოჩა) გიორგაძე საკუთარი ისტორიით სამებაზე და ისტორიით დედაზე, რომელიც მისთვის ამ ტაძართან მთავარი “მოკავშირე” გახდა.
თეოფილე (გოჩა) გიორგაძე: სამების ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოხატვა, ჩემთვის, როგორც ხატმწერისთვის, იყო ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. სამების ტაძარი ჯერ კიდევ აშენებული არ იყო, აქ ხშირად მოვდიოდი, თავიდანვე განსაკუთრებული მადლი იგრძნობოდა. ახლაც ასეა, თავს შეაფარებ თუ არა ტაძარში, სხვა ემოციები გეუფლება. ეს მუხტი ყველა ტაძარს აქვს, მაგრამ სამებას განსაკუთრებით, ალბათ იმიტომ, რომ ეს პატრიარქის გარემოა. ახლა რომ ვიხსენებ, ბევრი დამთხვევა მოხდა იმისთვის, რომ ეს ტაძარი მე მომეხატა. მის უწმინდესობასთან ჩემმა მეგობრებმა ამირან გოგლიძემ და ირაკლი ცინცაძემ გამიწიეს რეკომენდაცია. იქამდე მქონდა ნამუშევარი ტაძრებში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავიდან ბოლომდე, დამოუკიდებლად უნდა მომეხატა ტაძარი. სამება განსაკუთრებული ტაძარია, შესაბამისად, ძალიან ვღელავდი, ამას გარდა გაჩნდა ერთი დიდი პრობლემა. თავიდან არსებობდა კომპანია, რომელიც გაიღებდა ფინანსურ რესურსს, რაც სჭირდებოდა მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას, თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ ეს კომპანია ტაძრის მოხატვას ვეღარ დააფინანსებდა. ვიცოდი, რომ ამ პროექტზე მუშაობა საკმაოდ დიდხანს მომიწევდა, პარალელურად სხვა საქმეს ვერ გავაკეთებდი, ამიტომ ვღელავდი ოჯახზე, როგორ მოვახერხებდი ყოფით პრობლემებთან გამკლავებას, მაგრამ უკვე წარდგენილი ვიყავი უწმინდესთან, აღებული მქონდა ლოცვა- კურთხევა და უარს ვერ ვიტყოდი.
ეს იყო დიდი შესაძლებლობა, ასეთ მნიშვნელოვან ტაძარზე მუშაობა ხატმწერს შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ მოგიწიოს. ტაძრის მოხატვა ისე დავიწყეთ, სპონსორი არ გვყავდა. მახსოვს ჩემი ოჯახის, დედის, მეუღლის თანადგომა. დედამ პენსიიდან გადადებული 500 ლარი მომცა და ცრემლმორეულმა ამაყად მითხრა, ამ თანხას ბავშვებისთვის ვინახავდი, მაგრამ ეს ისეთი საქმეა, ამას უნდა მოახმარო, იყიდე ფუნჯები, საღებავი, რაც გჭირდება და დაიწყე ეს საქმე, ჩემი თანადგომის იმედი გქონდესო. მართლაც, დედის და მეგობარი მხატვრების დიდი მხარდაჭერით დავიწყე მუშაობა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც იყო დედის როლი. ალბათ, ამიტომაც ემოციურად ამ ტაძრის მოხატვის პროცესი დედასთან არის დაკავშირებული. მას ძალიან უყვარდა ჩვენი პატრიარქი, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემს ოჯახზე როგორც სიხარულის, ასევე ძნელბედობის დროს. დედა ცხარე ცრემლით ტიროდა ხოლმე, როდესაც პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიებს ისმენდა. დედა გურიაში ცხოვრობდა, ზამთრობით ჩამომყავდა თბილისში. ორჯერ მოუწია მოსვლა ტაძარში, ნახა რას ვაკეთებდი, ძალიან უხაროდა. მას ჰქონდა ნანახი ჩემი ხატები, მაგრამ ხატი მაინც მინიატურულია, ტაძრის მხატვრობა კი მონემენტურია და მასშტაბური, შესაბამისად, დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. როგორც კი დასრულდა ტაძრის მოხატვა, დედამ ნახა ბოლო სახე და აღესრულა კიდეც, ის პატრიარქის დაბადების დღეზე გავიდა ამ ქვეყნიდან. დღესაც კი როდესაც ტაძარში მოვდივარ, ყველა კონტურის მოხატვის უკან დედა მახსენდება. შეიძლება გავიდეს დრო, კიდევ მომეცეს საშუალება ვიმუშავო ასეთ დიდ პროექტზე, მაგრამ ის ემოციები და მუხტი, რაც ახლდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოხატვას, ალბათ, აღარასდროს განმეორდება. სამი წელი ვიმუშავე ტაძრის მოხატვაზე, ზამთარ-ზაფხულ, დღე და ღამე იქ ვიყავი. ძალიან ხშირად ვხატავდი ღამით, რადგან ღამე სიწყნარეა, რაც ხატვისთვის განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. ერთხელ, გვიან ღამით, ხატვის დასრულების შემდეგ მთავარ ტაძარში გამოვედი, ვიფიქრე, მოვილოცავ მეთქი, უცებ სიგნალიზაცია ჩამერთო, მთელი დაცვის სამსახური ფეხზე დადგა (იცინის)
- როგორც ხატმწერი რა ამოცანის წინაშე იდექით, როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დაიწყეთ? რა სპეციფიკა უნდა გაგეთვალისწინებინათ, რა იყო თქვენი მიზანი?
- მახსოვს სულ თავიდან ამირან გოგლიძემ მკითხა, დანახული გაქვს ტაძარიო? ამირანი მაღალი კვალიფიკაციის, პროფესიონალია და აინტერესებდა ჩემი მხატვრული ხედვა, რაც მთავარია და მოეთხოვება მხატვარს, როდესაც მონუმენტურ მხატვრობაზე მუშაობას იწყებს. ეს არის ფერთა გამა, კოლორიტი, გარკვეულწილად პოეტურობაც საჭიროა შემოქმედებით პროცესში. მე მიყვარს ლურჯი, ლაჟვარდოვანი ფონი. ლაზურიტი მაქვს გამოყენებული თაღზე, ჭერზე. ლაზურიტი გამოყენებულია ყინწვისში, ბეთანიაში, ატენის სიონში. ბეთანიაში თამარის ფრესკას ლაჟვარდოვანი ფონი აქვს. რაც შეეხება ეპიზოდებს, ანდრია პირველწოდებული მნიშვნელოვანი მოციქულია ქართული ეკლესიისთვის, პროგრამის შედგენაში ძალიან დამეხმარა მეუფე იოანე - გიორგი გამრეკელი, ის ჩვენი ოჯახის მოძღვარია.
მე დავამთავრე სასულიერო აკადემიასთან არსებული ხატწერის სკოლა, სადაც სამი წელი ვისწავლე, მაშინ პროტოპრესვიტერი იყო მამა გიორგი. ძალიან საინტერესო იყო თეორიული კურსები, მამა გიორგის ლექციები. ის შესანიშნავად ერკვევა მხატვრობაში, კარგად ფლობს თეორიას და ჩვენც ძალიან კარგი ცოდნა მოგვცა. მეუფე იოანეს ვთხოვე, პროგრამასთან დაკავშირებით მოეცა რეკომენდაციები. ტაძრის მოხატვა მოხდა კანონიკების სრული დაცვით. ტაძარში მხატვრობის მთავარი დანიშნულება სახარების გადმოცემაა, ზემოთ გამოსახული 12 დღესასწაული, ქვემოთ კი, წმინდანათა ცხოვრება ჰყვება სახარებას.ზედა რეგისტრებზე ტრადიციულად გამოვსახე დიდი რელიგიური დღესასწაულები, ქვედა რეგისტრებზე გამოვხატე წმინდანის, ანდრია პირველწოდებულის ცხოვრება: მოწოდება, როცა მაცხოვარმა მოუწოდა და პირველი სწორედ ანდრიას მოუწოდა, შემდგომ მოდის სცენები, ღვთისმშობელი გადასცემს ხატს ანდრია პირველწოდებულს და ავალებს მის წილხვედრ ქვეყანაში ქადაგებას, ეპიზოდი, როცა ანდრია პირველწოდებული მობრძანდება ხატით, ასევე, როდესაც ქვრივ ქალს შვილს აღუდგენს, შეუძლებელი იყო ყველა სცენის დახატვა, უფრო აქცენტური და მნიშვნელოვანი სცენები გამოვიტანე, რაც მირჩია მეუფემ. ტაძრის საკურთხეველში მოვხატე სპირიდონ ტრიმიფუნტელი, რომლის ხსენების დღესაც მოხდა პატრიარქის აღსაყდრება, ასევე წმინდა ნიკოლოზი, რომელსაც აქვს შევედრებული ჩვენი ეკლესია, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი, როგორც წირვა - ღვთისმსახურების შემდგენელი მამები.
- ხატწერას როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება?
- ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, 5-6 წლის ასაკში, როცა ზღაპრებს ვკითხულობდი,ზღაპრების პერსონაჟებს სახლში კედლებზე ვხატავდი ბუხრიდან ამოღებული ნახშირით. ხან იატაკზე ვხატავდი და შპალერის ქაღალდს მივაკრავდი ხოლმე კედლებზე, ჩვენი სახლი მოხატული იყო დევებით, ხუთკუნჭულებით, ჯუჯებით. ბავშვებთან თამაშის დროს, მუზა თუ “მოდიოდა”, მივატოვებდი ხოლმე თამაშს და ხატვას ვიწყებდი, ეს კარგად მახსოვს. მამაჩემიც კარგად ხატავდა, “ვეფხისტყაოსნის” დასურათება აქვს გაკეთებული ზიჩის ნახატების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ გვარში გვქონდა ხატვის ნიჭი, ჩემი ბიძაშვილები ხატავდნენ კარგად. მეც ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროში რთული იყო სამხატვრო აკადემიაში მოწყობა, ოჯახმა მირჩია სხვა პროფესია ამერჩია. მშობლების თხოვნით, ჩავაბარე უნივერსიტეტში, ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მალევე მივხვდი, რომ ჩემგან ეკონომისტი არ დადგებოდა.
იმედი მქონდა, მეორად ფაკულტეტზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე გადავიტანდი საბუთებს და ისევ დავუბრუნდებოდი ხატვას, მაგრამ შემდგომ სამხედრო სამსახურში მომიწია წასვლა, მერე იყო ეროვნული მოძრაობა, როცა დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. იმ პერიოდში როგორც მწყურვალს წყალი, ისე მომწყურდა ხატვა, დავინტერესდი ხატწერით, აღმოვაჩინე, რომ სასულიერო აკადემიასთან არსებობდა ხატწერის სკოლა, სადაც მასწავლებლები იყვნენ სიდონია გაჩეჩილაძე და დათო ხიდაშელი. ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და ბედნიერი წლები სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება - იმ დროს, როდესაც ქვეყანაში რთული პერიოდი იყო ხატწერა აღმოჩდა ჩემთვის გადარჩენის გზა. ვიპოვე ჩემი საყვარელი საქმე. იმ წლებში დავწერეთ საინტერესო ხატები, მათ შორის ხელთუქმნელი ხატები. სამების ტაძრის მშენებლობა უკვე მიდიოდა, პატრიარქი ცდილობდა სპეციალისტების შერჩევას სამების ტაძრისთვის. 1994 წელს, სამი მხატვარი შეგვარჩიეს და მოზაიკაზე მუშაობა რომ გვესწავლა, გაგვაგზავნეს მოსკოვში. მე ვერ შევეჩვიე რუსეთს, სახლი მენატრებოდა, არც მოზაიკაზე მუშაობა მომეწონა მაინცდამაინც, ფუნჯი და საღებავი ძალიან მენატრებოდა. დავბრუნდი თბილისში, ვუთხარი უწმინდესს, მე ფერწერა, ფერი უფრო მიყვარს, ვიდრე კენჭების აწყობა და მირჩევნია ჩემი გზა გავაგრძელო-მეთქი. იმ პერიოდში პარალელურად დაინტერესებული ვიყავი სიმღერა - გალობით, ხშირად დავდიოდი ანჩისხატის ტაძარში, გუნდის ხელმძღვანელმა მალხაზ ერქვანიძემ მიმიწვია ანჩისხატის მგალობელთა გუნდში, უკვე თითქმის 30 წელია ვგალობ. რაც შეეხება ტაძრის მხატვრობას, კახეთში სოფელ კონდოლში მოვხატეთ კვირაცხოვლობის ეკლესიის საკურთხეველი, ასევე ვიმუშავე ბაგებში წმინდა გიორგის ეკლესიაზე. პირველი ტაძარი, სადაც თავიდან ბოლომდე გამოვხატე ჩემი განცდები, ჩავდე სული და გული, აღმოჩნდა სამება, რისთვისაც მადლობელი ვარ ღმერთის, ჩემი მეგობრების, რომელთაც გამომიცხადეს ასეთი ნდობა, რომლებიც სულ დამძახოდნენ: ტაძარი უნდა მოხატოო.
აუცილებლად უნდა გამოვხატო ჩემი მადლიერება ბატონი თემურ ანდრიაძის მიმართ, რომ არა ბატონი თემურის ღვაწლი, არ ვიცი, ეს საქმე ბოლომდე როგორ მივიდოდა.მისი ოჯახი ორგანულად არის დაკავშირებული სამების საკათედრო ტაძართან. მოგეხსენებათ, ტაძრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ბატონი თემურის მამა, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდი მოღვაწე იყო. როგორც შევიტყვე გადმოცემით, სამების 13 ტაძარს შორის ანდრია პირველწოდებულის ტაძარიც რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ეს ყოფილა მისი უწმინდესობის იდეა. სწორედ პატრიარქს უთქვამს ბატონი ირაკლისთვის, ამ ტაძრის მშენებლობას უძღვები, გვარად ანდრიაძე და როგორ შეიძლება სამებაში ანდრია პირველწოდებულის ტაძარი არ იყოსო?! პატრიარქისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ყოფილა ირაკლი ანდრიაძე, უფრო მეტიც, როდესაც ბატონ თემურ ანდრიაძესთან ერთად შევხვდი პატრიარქს, გაოცებული დავრჩი, თუ როგორ, მამა-შვილურად ეპყრობოდა პატრიარქი თემურ ანდრიაძეს, გულით მოეფერა. ბატონი თემური სიამოვნებით და სიხარულით ჩაერთო ამ საქმეში, მითხრა სიტყვა, რომ თავის გასაკეთებელს აუცილებლად გააკეთებდა ტაძრის მოხატვის პროცესში და მართლაც შეასრულა ბოლომდე, სიტყვას საქმე მოჰყვა, ირაკლი ანდრიაძის სახელობის ფონდმა “ ქართული საქმე,” რომელსაც ბატონი თემური ხელმძღვანელობს, ბოლომდე მიიყვანა ტაძრის მოხატვის დიდი და მამულიშვილური საქმეა, რომელიც დარჩება სამებას, დარჩება ისტორიას. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი საქმეა. ახლა როდესაც შევდივარ ჩემს მოხატულ ტაძარში, ყველა განცდა ერთად მეუფლება - სევდა, დედასთან დაკავშირებით, სიამაყე, ბედნიერება და პირველ რიგში მადლიერება უფლის მიმართ, რომელმაც მარგუნა ასეთი დიდი მისია.
თამუნა ნიჟარაძე
ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 20 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ქვეყნის შიგნიდან აფეთქება, კოლაფსი თუ გარდამავალი პერიოდი: როგორ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა ირანში“ (ავტორი - პატრის ვინტური). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანის ხელისუფლების სავარაუდო შეცვლის გზები და განხილულია ქვეყნის ხელმძღვანელთა სხვადასხვა კანდიდატები.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა უთანხმოება ირანში რეჟიმის ცვლილების საკითხის მიმართ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „შვიდეულის“ წევრებს სიფრთხილისაკენ მოუწოდა, როცა საკითხი მთავრობის დამხობას ეხება: „ჩვენ აზრზე არ ვართ, რა მოჰყვება ამას და რა იქნება შემდეგ“. მან აღნიშნა, რომ ირანის მთავრობის სავარაუდო შექმნისათვის დრო არ აქვს და საერთოდ, თავიანთი მთავრობა ირანელებმა თვითონვე უნდა შექმნან. „ირანის რეჟიმის შეცვლა სამხედრო საშუალებებით დღეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა, რაც ქვეყანას ქაოსში ჩაძირავს. ვინმე თვლის, რომ 2003 წელს ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა კარგი იდეა იყო? ვინმე თვლის, რომ ის, რაც ლიბიაში გაკეთდა - მუამარ კადაფის დამხობა - კარგი იდეა იყო? რეჟიმის შეცვლა გეგმის გარეშე - სტრატეგიული შეცდომა იქნება“, - ხაზი გაუსვა ემანუელ მაკრონმა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კი, პირიქით, განაცხადა, რომ „ირანის რეჟიმი ტერორისტულია და კარგი იქნება, რომ ის ახლავე დაემხოს“. მართალია, კანცლერმა აღიარა, რომ რეჟიმის ცვლილებას ყოველთვის არ მოაქვს სასურველი შედეგები, მაგრამ არსებობს დადებითი პრეცედენტიც, მაგალითად, სირიაში, სადაც ბაშარ ასადის რეჟიმის კრახის შემდეგ ახალი ხელისუფლება ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებას ცდილობს. ამასთან, ფრიდრიხ მერცს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ სირიაში მთავრობის ცვლილებას წინ 9-წლიანი სამოქალაქო ომი უძღვოდა და რომ ხელისუფლების ამგვარ შეცვლას ძალიან ძნელი იქნება დემოკრატიული გადასვლა ვუწოდოთ.
ხშირად ხდება, როცა ავტორიტარული ხელისუფლების დამხობის შემდეგ არენაზე გამოდიან უპროგნოზო პოლიტიკური ძალები, ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია ყალიბდება და უკონტროლო პროცესები იწყება. დიახ, თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა გეგმები ერაყის ომისშემდგომი მოწყობის საკითხში (სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, „მომდევნო დღიასათვის“), მაგრამ საბოლოო ჯამში თვით აშშ-მაც კი ვერ აიცილა თავიდან დესტაბილიზაციური პროცესები.
ირანის შემთხვევა კი უფრო უარესია - ირანში მრავალი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი, რომლის შემოსავლების გადანაწილება კონფლიქტს გამოიწვევს. დასავლეთს ბოლო დროს ირანის რეჟიმის დამხობა საერთოდ დაგეგმილი არ ჰქონია. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის ბალკანიზაცია რეალურად მოხდეს. მართალია, ირანი ხელოვნურად შეკოწიწებულ სახელმწიფოს არ წარმოადგენს, ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ამჟამინდელ საზღვრებით, მაგრამ საყურადღებოა, რომ ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა - სპარსელები მხოლოდ 50%-ს შეადგენს, დანარჩენი კი სხვა ხალხებია: დაახლოებით 25% - აზერბაიჯანელები, უფრო ნაკლები - თურქები, ქურთები, ბელუჯები, არაბები, ასირიელები, სომხები, ებრაელები... ანუ როგორც კი ცენტრალური ხელისუფლება დაემხობა, თავს იჩენს სეპარატიზმი.
როგორც კი ეთნიკური სეპარატიზმის აფეთქება მოხდება, ბაქოს რეჟიმი აზერბაიჯანში და ბევრი ქურთული სამხედრო მოძრაობა თავის უფლებებს გამოაცხადებს რომელიმე ანკლავის სახით ირანის ტერიტორიაზე. ისრაელის გაზეთმა Jerusalem Post-მა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, რომ რადგან ირანის რეფორმირება შეუძლებელი იქნება, მაშინ უმჯობესია ქვეყნის ფედერალიზება მოხდესო.
ირანში ორგანიზებული ოპოზიცია არ არსებობს, პოლიტიკური პარტიები აკრძალულია, ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ოპოზიციონერი და რეჟიმის მოწინააღმდეგე საპყრობილეში - ზოგი უშუალოდ საკანში, ზოგიც - იშვიათად - შინაპატიმრობაში. ყოველგვარი დისიდენტობა და სხვაგვარად აზროვნება მკაცრად იდევნება.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები განადგურდნენ, მაგრამ აიათოლების ხელისუფლებას მაინც აქვს თავდაცვის პოტენციალი. მათგან ყველაზე საშიშია უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი. მისი ლიკვიდაცია შეიძლება ქუჩის საპროტესტო გამოსვლებით ან არმიის დახმარებით. შესაძლოა გუშაგთა კორპუსში მოიძებნონ საშუალო და უმცროსი დონის უკმაყოფილო ოფიცრები, რომლებიც რეჟიმით უკმაყოფილონ არიან და რომლებიც შეძლებენ გადატრიალების მოწყობას. ამით თავიდან აცილებული იქნება ახალი რევოლუცია და დამყარდება შედარებით ლიბერალური საერო ხელისუფლება.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ირანის თეოკრატიული მთავრობის დამხობას ელოდება, რეზა ფეჰლევია - აწ გარდაცვლილი ირანის ბოლო შაჰის - მოჰამედ რეზა ფეჰლევის ვაჟი. იგი 1979 წლიდან დევნილობაში ცხოვრობს. სხვათა შორის, დღეს მონრქისტულ პერიოდს ბევრი ირანელი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, „ვარდისფერი სათვალით“ იხსენებს - სასმელ-საჭმელი იყო, ქალებს თავისუფლება ჰქონდათ, ქვეყანა ჩაკეტილი და იზოლირებული არ იყო და ა.შ. რეზა ფეჰლევი ამჟამად აშშ-ის ტელეარხებით გამოდის და აცხადებს, რომ აიათოლების რეჟიმი კრახის პირზეა და დასავლეთს საკუთარ თავს დემოკრატიისაკენ გადასვლის გარდამავალ ეპოქაში ქვეყნის ხელმძღვანელად სთავაზობს. „ირანელი ხალხი ხედავს, რომ მათი უმაღლესი ლიდერი მხდალია და ბუნკერში ვირთხასავით იმალება. მაღალჩინოსნები ირანიდან უკვე გარბიან. მე მაქვს ირანის სამომავლო მმართველობისა და მისი აღდგენის გეგმა“, - აცხადებს შაჰის ვაჟი.
მაგრამ არის ეჭვები, რომ მას არ ესმის ირანის საზოგადოების დღევანდელი ინტერესები, არ იცნობს ქვეყნის შიდა მდგომარეობას, რადგან ირანიდან მამამისის გაქცევის დროს, იგი მხოლოდ 17 წლისა იყო. ყველამ იცის, რომ რეზა ფეჰლევი ახლოს არის ისრაელის მთავრობასთან და ეს გარემოება მისთვის ერთგვარ ლაქას წარმოადგენს. ირანელებში ნეგატიურ ემოციებს იწვევს მისი საზეიმო [პროისრაელური] განცხადებები იმ დროს, როცა ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს და ხოცავს.
ხმები გავრცელდა, რომ თითქოსდა საგანგებო მთავრობის ჩამოყალიბება იგეგმება და თითქოსდა ამ საკითხის ორგანიზატორები არიან ირანის ორი ყოფილი ლიდერი - ექს-პრეზიდენტი ჰასან რუჰანი (2013-2021 წლებში) და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჯავად ზარიფი. მათ ტანდემს შეიძლება შეუერთდეს ალი ლარიჯანი - პარლამენტის ყოფილი სპიკერი.
ზოგიერთები თვლიან, რომ სამომავლო პოლიტიკურ ფიგურებდ შეიძლება დასახელდეს ამჟამად შინაპატიმრობაში მყოფი - 2011 წლიდან - მირ ჰუსეინ მოსავი (ირანის ექს-პრემიერ-მინისტრი 1981-1989 წლებში) და მისი ცოლი ზაჰრა რაჰნავარდი. ცოლ-ქმარი ისრაელის ლიდერს ბენიამინ ნეთანიაჰუს დამნაშავედ და აგრესორად თვლის, რომელიც „უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლს“, მაგრამ იმავდროულად აკრიტიკებენ ირანის დღევანდელ ხელისუფლებას. საყურადღებო ფიგურას წარმოადგენს აგრეთვე თეირანის ემინის საპყრობილეში მყოფი მუსტაფა ტაჯზადე, ირანის შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი და პრეზიდენტ სეიდ მუჰამედ ჰათამის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი (1997-2005 წლებში), რომელიც დაპატიმრებამდე ხშირად აკრიტიკებდა აიათოლა ალი ჰამენეის: „იგი თვალს ხუჭავს ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე“. ციხიდან გამოგზავნილ წერილში მუსტაფა ტაჯზადე წერს: „მე ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ისრაელის დაბომბვებს მხარს უჭერს იმ იმედით, რომ როგორმე კლერიკალური მმართველობა დაემხოს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასე მოხდება, ირანისაგან ნანგრევები დარჩება, გაბატონდება უკანონობა და ქაოსი, არ არის გამორიცხული ქვეყნის დაშლა-დანაწილებაც“.
ირანის მასწავლებელთა პროფკავშირული ასოციაციის საკოორდინაციო საბჭო ალტერნატიული ხელისუფლების კიდევ ერთ პოტენციურ წყაროს წარმოადგენს. მისი განცხადებით, „ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ პოლიტიკას, რომელიც ომის გაჩაღებისაკენ არის მიმართული - ვინც არ უნდა ატარებდეს მას, ირანის მთავრობა იქნება ეს თუ ისრაელის მთავრობა. ომი სიკეთის მთესველი და მომავლის მშენებლობის საშუალება კი არ არის, არამედ უბედურების მომტანია“.
ომის წინააღმდეგ განცხადებები ემინის საპყრობილეში ჩამწყვდეული ქალი ტუსაღების მხრიდანაც ისმის: ნარგეს მოჰამადი, 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, დასავლეთსაც აკრიტიკებს და ირანის რეჟიმსაც: „ომი არავისთვის სასურველი არ არის. ომის გამჩაღებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ სინდისზე იქნება უამრავი ადამიანის სიკვდილი, ათასობით ირანელი მოქალაქის უსახლკაროდ დარჩენა... მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება ომისა და ძალადობის გზით ვერ იქნება მიღწეული“.
მოკლედ, ირანულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბოლოოდ, როცა რეპრესიული სტრუქტურები დასუსტდებიან, ქვეყნის სამომავლო არჩევანი თვითონ ირანელებზე იქნება დამოკიდებული. ვიმეორებთ: ბევრ ირანელს თავიანთი რეპრესიული რეჟიმი სძულს, მაგრამ ასევე სძულთ ისრაელიც და მას ქვეყნის ნგრევაში ადანაშაულებენ. ბევრ ირანელს თავისი მთავრობის მოქმედების მწარე გამოცდილება აქვს, მაგრამ მათ ასევე იციან, თუ რა გაუკეთა ღაზას მოსახლეობას ისრაელმა. ირანელებს არ სურთ, რომ თეირანიც იგივე დღეში აღმოჩნდეს.