USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
თეოფილე (გოჩა) გიორგაძე: ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოხატვა დედის ნაჩუქარი, პენსიიდან გადანახული 500 ლარით დავიწყე
Date:  858

 სამების ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მოხატვა სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ტაძრის მონუმენტური მხატვრობის ავტორი ხატმწერი თეოფილე (გოჩა) გიორგაძეა. ბატონ გოჩას ხატწერაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა როგორც თავად ამბობს, სამების ტაძარში მუშაობა, მისთვის აღმოჩნდა განსაკუთრებული პატივი და ემოციები, რომელიც ახლდა ტაძრის მოხატვის სამუშაოებს, მისთვის იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.   

როგორ გაიარა გზა ხატწერის სკოლიდან სამების ანდრია პირველწოდებულის ტაძრამდე და ვინ მისცა მხატვარს პენსიიდან გადანახული ფული, რითიც ტაძრის მოხატვა დაიწყო - ბატონი თეოფილე (გოჩა) გიორგაძე საკუთარი ისტორიით სამებაზე და ისტორიით დედაზე, რომელიც მისთვის ამ ტაძართან მთავარი “მოკავშირე” გახდა.    

თეოფილე (გოჩა) გიორგაძე: სამების ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოხატვა, ჩემთვის, როგორც ხატმწერისთვის,  იყო ძალიან დიდი პატივი და  პასუხისმგებლობა. სამების ტაძარი ჯერ კიდევ აშენებული არ იყო, აქ  ხშირად მოვდიოდი, თავიდანვე  განსაკუთრებული მადლი იგრძნობოდა. ახლაც ასეა,  თავს შეაფარებ თუ არა ტაძარში, სხვა ემოციები გეუფლება. ეს მუხტი ყველა ტაძარს აქვს, მაგრამ სამებას განსაკუთრებით, ალბათ იმიტომ, რომ ეს პატრიარქის გარემოა. ახლა რომ ვიხსენებ,  ბევრი დამთხვევა მოხდა იმისთვის, რომ ეს ტაძარი მე  მომეხატა.  მის უწმინდესობასთან ჩემმა მეგობრებმა ამირან გოგლიძემ და ირაკლი ცინცაძემ გამიწიეს რეკომენდაცია. იქამდე მქონდა ნამუშევარი  ტაძრებში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თავიდან ბოლომდე,  დამოუკიდებლად უნდა მომეხატა ტაძარი. სამება  განსაკუთრებული ტაძარია, შესაბამისად, ძალიან ვღელავდი, ამას გარდა გაჩნდა ერთი დიდი პრობლემა. თავიდან არსებობდა  კომპანია, რომელიც გაიღებდა ფინანსურ რესურსს, რაც  სჭირდებოდა  მასშტაბური  სამუშაოების ჩატარებას,  თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ ეს კომპანია ტაძრის მოხატვას ვეღარ დააფინანსებდა. ვიცოდი, რომ  ამ პროექტზე მუშაობა საკმაოდ დიდხანს მომიწევდა, პარალელურად სხვა საქმეს ვერ გავაკეთებდი, ამიტომ  ვღელავდი ოჯახზე, როგორ მოვახერხებდი  ყოფით პრობლემებთან გამკლავებას, მაგრამ უკვე წარდგენილი ვიყავი უწმინდესთან, აღებული მქონდა ლოცვა- კურთხევა და  უარს ვერ ვიტყოდი. 

ეს იყო  დიდი შესაძლებლობა, ასეთ მნიშვნელოვან ტაძარზე მუშაობა  ხატმწერს  შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ მოგიწიოს. ტაძრის მოხატვა ისე დავიწყეთ, სპონსორი არ გვყავდა. მახსოვს ჩემი ოჯახის, დედის, მეუღლის თანადგომა. დედამ პენსიიდან გადადებული 500 ლარი მომცა და  ცრემლმორეულმა ამაყად მითხრა, ამ თანხას ბავშვებისთვის ვინახავდი, მაგრამ ეს ისეთი საქმეა, ამას უნდა მოახმარო, იყიდე ფუნჯები, საღებავი, რაც გჭირდება და დაიწყე ეს საქმე,  ჩემი თანადგომის იმედი გქონდესო. მართლაც, დედის და მეგობარი მხატვრების დიდი მხარდაჭერით  დავიწყე მუშაობა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც იყო დედის როლი. ალბათ, ამიტომაც ემოციურად ამ ტაძრის მოხატვის პროცესი  დედასთან არის დაკავშირებული. მას ძალიან უყვარდა ჩვენი პატრიარქი, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემს ოჯახზე  როგორც სიხარულის, ასევე ძნელბედობის დროს. დედა ცხარე ცრემლით ტიროდა ხოლმე, როდესაც პატრიარქის და  ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიებს ისმენდა.  დედა გურიაში ცხოვრობდა, ზამთრობით ჩამომყავდა თბილისში. ორჯერ მოუწია  მოსვლა ტაძარში, ნახა რას ვაკეთებდი, ძალიან უხაროდა.  მას ჰქონდა ნანახი ჩემი ხატები, მაგრამ ხატი მაინც მინიატურულია, ტაძრის მხატვრობა კი მონემენტურია და მასშტაბური, შესაბამისად,  დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. როგორც კი  დასრულდა  ტაძრის მოხატვა, დედამ ნახა   ბოლო სახე და აღესრულა კიდეც, ის პატრიარქის დაბადების დღეზე გავიდა ამ ქვეყნიდან. დღესაც კი როდესაც ტაძარში მოვდივარ,  ყველა კონტურის მოხატვის უკან დედა მახსენდება. შეიძლება გავიდეს დრო,  კიდევ მომეცეს საშუალება ვიმუშავო ასეთ დიდ პროექტზე, მაგრამ ის ემოციები და მუხტი, რაც ახლდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოხატვას, ალბათ, აღარასდროს განმეორდება. სამი წელი ვიმუშავე ტაძრის მოხატვაზე, ზამთარ-ზაფხულ, დღე და ღამე იქ ვიყავი. ძალიან ხშირად ვხატავდი ღამით, რადგან ღამე სიწყნარეა, რაც  ხატვისთვის  განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. ერთხელ,  გვიან ღამით, ხატვის დასრულების შემდეგ მთავარ ტაძარში გამოვედი, ვიფიქრე, მოვილოცავ მეთქი, უცებ სიგნალიზაცია ჩამერთო, მთელი დაცვის სამსახური ფეხზე დადგა  (იცინის)    

-  როგორც ხატმწერი რა ამოცანის წინაშე იდექით, როდესაც ამ  პროექტზე მუშაობა დაიწყეთ?   რა სპეციფიკა უნდა გაგეთვალისწინებინათ, რა  იყო თქვენი მიზანი?

- მახსოვს სულ თავიდან ამირან გოგლიძემ მკითხა, დანახული გაქვს ტაძარიო? ამირანი მაღალი კვალიფიკაციის, პროფესიონალია და აინტერესებდა ჩემი მხატვრული ხედვა, რაც მთავარია და მოეთხოვება მხატვარს, როდესაც მონუმენტურ მხატვრობაზე მუშაობას იწყებს.  ეს არის ფერთა გამა, კოლორიტი, გარკვეულწილად პოეტურობაც საჭიროა შემოქმედებით პროცესში. მე მიყვარს ლურჯი, ლაჟვარდოვანი ფონი.  ლაზურიტი მაქვს გამოყენებული თაღზე, ჭერზე. ლაზურიტი გამოყენებულია ყინწვისში, ბეთანიაში, ატენის სიონში. ბეთანიაში თამარის ფრესკას ლაჟვარდოვანი ფონი აქვს. რაც შეეხება ეპიზოდებს, ანდრია პირველწოდებული მნიშვნელოვანი მოციქულია ქართული ეკლესიისთვის,    პროგრამის შედგენაში ძალიან დამეხმარა მეუფე იოანე -  გიორგი გამრეკელი, ის ჩვენი ოჯახის მოძღვარია.

მე დავამთავრე სასულიერო აკადემიასთან არსებული ხატწერის სკოლა, სადაც სამი წელი ვისწავლე, მაშინ  პროტოპრესვიტერი იყო მამა გიორგი. ძალიან საინტერესო იყო თეორიული კურსები, მამა გიორგის ლექციები. ის შესანიშნავად  ერკვევა მხატვრობაში, კარგად  ფლობს თეორიას  და ჩვენც ძალიან კარგი ცოდნა მოგვცა.  მეუფე იოანეს  ვთხოვე, პროგრამასთან დაკავშირებით მოეცა რეკომენდაციები. ტაძრის მოხატვა მოხდა კანონიკების სრული დაცვით.    ტაძარში მხატვრობის  მთავარი დანიშნულება სახარების გადმოცემაა, ზემოთ გამოსახული 12 დღესასწაული,  ქვემოთ კი, წმინდანათა ცხოვრება ჰყვება სახარებას.ზედა რეგისტრებზე  ტრადიციულად გამოვსახე დიდი რელიგიური დღესასწაულები, ქვედა რეგისტრებზე გამოვხატე  წმინდანის, ანდრია პირველწოდებულის  ცხოვრება: მოწოდება, როცა მაცხოვარმა მოუწოდა და პირველი სწორედ ანდრიას მოუწოდა, შემდგომ მოდის სცენები, ღვთისმშობელი გადასცემს ხატს ანდრია პირველწოდებულს და ავალებს მის წილხვედრ ქვეყანაში ქადაგებას, ეპიზოდი, როცა ანდრია პირველწოდებული მობრძანდება ხატით, ასევე, როდესაც  ქვრივ ქალს შვილს აღუდგენს, შეუძლებელი იყო ყველა სცენის დახატვა, უფრო აქცენტური და მნიშვნელოვანი სცენები გამოვიტანე, რაც მირჩია მეუფემ. ტაძრის საკურთხეველში მოვხატე  სპირიდონ ტრიმიფუნტელი, რომლის  ხსენების დღესაც მოხდა პატრიარქის აღსაყდრება, ასევე წმინდა ნიკოლოზი, რომელსაც აქვს შევედრებული ჩვენი ეკლესია, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი, როგორც წირვა - ღვთისმსახურების შემდგენელი მამები. 

- ხატწერას როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება?

-  ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, 5-6 წლის ასაკში, როცა ზღაპრებს  ვკითხულობდი,ზღაპრების პერსონაჟებს სახლში კედლებზე ვხატავდი ბუხრიდან ამოღებული ნახშირით. ხან იატაკზე ვხატავდი და შპალერის ქაღალდს მივაკრავდი ხოლმე კედლებზე, ჩვენი სახლი მოხატული იყო დევებით,  ხუთკუნჭულებით, ჯუჯებით. ბავშვებთან თამაშის დროს, მუზა თუ “მოდიოდა”, მივატოვებდი ხოლმე თამაშს და ხატვას ვიწყებდი, ეს კარგად მახსოვს. მამაჩემიც კარგად ხატავდა, “ვეფხისტყაოსნის” დასურათება აქვს გაკეთებული ზიჩის ნახატების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ   გვარში გვქონდა ხატვის ნიჭი, ჩემი ბიძაშვილები ხატავდნენ კარგად. მეც ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ იქიდან გამომდინარე,  რომ იმ დროში რთული იყო სამხატვრო აკადემიაში მოწყობა, ოჯახმა მირჩია სხვა პროფესია ამერჩია. მშობლების თხოვნით,  ჩავაბარე  უნივერსიტეტში,  ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მალევე მივხვდი, რომ ჩემგან ეკონომისტი არ დადგებოდა.

იმედი მქონდა, მეორად ფაკულტეტზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე გადავიტანდი საბუთებს და ისევ დავუბრუნდებოდი ხატვას, მაგრამ შემდგომ  სამხედრო სამსახურში მომიწია წასვლა, მერე იყო ეროვნული მოძრაობა, როცა დავიწყე ეკლესიური ცხოვრება.  იმ პერიოდში როგორც მწყურვალს წყალი, ისე მომწყურდა ხატვა, დავინტერესდი  ხატწერით, აღმოვაჩინე, რომ სასულიერო აკადემიასთან არსებობდა ხატწერის სკოლა, სადაც მასწავლებლები იყვნენ  სიდონია გაჩეჩილაძე  და დათო ხიდაშელი. ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და ბედნიერი წლები სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება -  იმ დროს, როდესაც ქვეყანაში რთული პერიოდი იყო ხატწერა აღმოჩდა ჩემთვის გადარჩენის გზა. ვიპოვე ჩემი საყვარელი საქმე.   იმ წლებში დავწერეთ საინტერესო  ხატები, მათ შორის  ხელთუქმნელი ხატები. სამების ტაძრის მშენებლობა უკვე მიდიოდა,   პატრიარქი   ცდილობდა სპეციალისტების შერჩევას სამების ტაძრისთვის. 1994  წელს, სამი მხატვარი შეგვარჩიეს და მოზაიკაზე მუშაობა რომ გვესწავლა, გაგვაგზავნეს მოსკოვში.  მე  ვერ შევეჩვიე რუსეთს, სახლი მენატრებოდა, არც მოზაიკაზე მუშაობა მომეწონა მაინცდამაინც, ფუნჯი და საღებავი ძალიან მენატრებოდა. დავბრუნდი თბილისში, ვუთხარი უწმინდესს, მე ფერწერა, ფერი უფრო  მიყვარს, ვიდრე კენჭების აწყობა და  მირჩევნია ჩემი გზა გავაგრძელო-მეთქი. იმ პერიოდში  პარალელურად  დაინტერესებული ვიყავი  სიმღერა -  გალობით, ხშირად დავდიოდი ანჩისხატის ტაძარში, გუნდის ხელმძღვანელმა მალხაზ ერქვანიძემ  მიმიწვია ანჩისხატის მგალობელთა გუნდში, უკვე  თითქმის 30 წელია ვგალობ.  რაც შეეხება ტაძრის მხატვრობას, კახეთში სოფელ კონდოლში მოვხატეთ კვირაცხოვლობის ეკლესიის საკურთხეველი, ასევე ვიმუშავე ბაგებში წმინდა გიორგის ეკლესიაზე. პირველი ტაძარი, სადაც თავიდან ბოლომდე გამოვხატე ჩემი განცდები, ჩავდე სული და გული,  აღმოჩნდა სამება, რისთვისაც მადლობელი ვარ ღმერთის, ჩემი მეგობრების, რომელთაც გამომიცხადეს  ასეთი ნდობა,  რომლებიც სულ  დამძახოდნენ: ტაძარი უნდა მოხატოო.

აუცილებლად უნდა გამოვხატო  ჩემი მადლიერება ბატონი თემურ ანდრიაძის მიმართ, რომ არა ბატონი თემურის ღვაწლი, არ ვიცი, ეს საქმე ბოლომდე როგორ მივიდოდა.მისი ოჯახი ორგანულად არის დაკავშირებული სამების საკათედრო ტაძართან. მოგეხსენებათ, ტაძრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ბატონი თემურის მამა, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდი მოღვაწე იყო. როგორც  შევიტყვე გადმოცემით,  სამების 13 ტაძარს შორის ანდრია პირველწოდებულის ტაძარიც რომ  აუცილებლად უნდა ყოფილიყო,  ეს ყოფილა მისი უწმინდესობის იდეა. სწორედ პატრიარქს უთქვამს ბატონი ირაკლისთვის, ამ ტაძრის მშენებლობას უძღვები, გვარად ანდრიაძე  და როგორ შეიძლება სამებაში ანდრია პირველწოდებულის ტაძარი არ  იყოსო?!  პატრიარქისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ყოფილა ირაკლი ანდრიაძე,  უფრო მეტიც, როდესაც ბატონ თემურ ანდრიაძესთან ერთად შევხვდი პატრიარქს, გაოცებული დავრჩი, თუ  როგორ, მამა-შვილურად  ეპყრობოდა პატრიარქი თემურ ანდრიაძეს, გულით მოეფერა. ბატონი თემური სიამოვნებით და სიხარულით  ჩაერთო ამ საქმეში,  მითხრა სიტყვა, რომ თავის გასაკეთებელს აუცილებლად გააკეთებდა ტაძრის მოხატვის პროცესში და მართლაც  შეასრულა ბოლომდე,  სიტყვას საქმე მოჰყვა, ირაკლი ანდრიაძის სახელობის  ფონდმა “ ქართული საქმე,” რომელსაც ბატონი თემური ხელმძღვანელობს, ბოლომდე მიიყვანა ტაძრის მოხატვის  დიდი და მამულიშვილური საქმეა, რომელიც დარჩება სამებას, დარჩება ისტორიას. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი საქმეა. ახლა როდესაც შევდივარ ჩემს მოხატულ  ტაძარში, ყველა განცდა ერთად მეუფლება -  სევდა, დედასთან დაკავშირებით, სიამაყე, ბედნიერება და პირველ რიგში მადლიერება უფლის მიმართ, რომელმაც მარგუნა ასეთი დიდი მისია. 

თამუნა ნიჟარაძე 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way