USD 2.7236
EUR 3.1882
RUB 3.4609
Tbilisi
თამთა ჩხიკვაძე-ამერიკაში მცხოვრები ექიმი
Date:  553
ამერიკის სალიცენზიო გამოცდების ჩასაბარებლად საქართველოში ზოგადი და ბავშვთა ქირურგიის ტრენინგის დროს დავიწყე მომზადება. 2014 წელს, ჩემს ორ გოგონასთან ერთად, ჩამოვედი დიდი ხნის იმიგრირებულ დედასთან.
 
მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შემიწყვეტია პროფესიული სწრაფვა, აქ თვითგადარჩენის ინსტიქტი და საკუთარი შვილების მინიმალური ცხოვრებისეული საჭიროების უზრუნველყოფა იყო ყოველთვის მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი. 9 წლის განმავლობაში, 4 სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობის შემდეგ, ამჟამად გასტროენტეროლოგიის followship-ზე ვარ.
 
კოვიდის დროს, ნიუ-იორკში ჰოსპიტალისტად 4 წელი ვიმუშავე, რამაც ძალიან დიდი სიამაყე შემძინა როგორც პროფესიულად, ასევე პერსონალურად.
 
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ექიმებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რეალობა საკმაოდ განსხვავებულია. თვითონ ამერიკელებს ძალიან რთული ფინანსური და ცხოვრებისეული გზის გავლა უწევთ, სანამ სამედიცინო სკოლას და ტრენინგებს დაასრულებენ. ბევრს უჭირს მუშაობა, ბევრი დეპრესიაშია, არ არიან ბედნიერები, გადაღლა და სუიციდი ძირითადი თემაა ხოლმე ექიმებს შორის განხილვისას. ეს პროფესია მუდმივ განვითარებას მოითხოვს. რეზიდენტებთან თუ მუშაობ, დამატებითი პასუხისმგებლობა გემატება მათი განვითარებისთვის. დიდი შრომის და ენერგიის ჩადება გიწევს. თუ ემოციურად სტაბილური არ ხარ, ძნელია პირად პრობლემებთან გამკლავება და პროფესიონალურად განვითარება.
 
ტრენინგის დროს, მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ დილას უნდა გაიღვიძო დილას 5-6 საათზე და წახვიდე სამსახურში, იმუშაო ზოგჯერ 9 საათამდე ან უფრო გვიანობამდე. მუდმივად უნდა ააგო და შეინარჩუნო რეპუტაცია.
 
ოჯახს როდესაც სჭირდება შენი დახმარება, ამისთვის დრო არ გაქვს. ზოგჯერ ტელეფონზე პასუხის გაცემას ვერ ახერხებ თუ ვინმეს რაიმე გადაუდებელი პრობლემა არ აქვს. თუმცა, ტრენინგები და რთული პერიოდები დროებითია. თუ ჩააბარებ გამოცდებს და მიიღებ ლიცენზიას, ქვეყანა მიგიღებს, როგორც ამერიკელს. სხვა ქვეყნებში ეს ასე ადვილად არ ხდება. ყოველწლიურად იზრდება ქართველი ექიმების რიცხვი ამერიკაში. მათ გარეშე მე გამიჭირდებოდა აქ კარიერის დაწყება. ჩემი უახლოესი მეგობრის, ბექა ბახტაძის წიგნის გარეშე გამოცდის ჩაბარებასაც ვერ მოვახერხებდი. თუ ხარ კარგი ექიმი, ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი ადამიანი ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნარებით ჩააბარებ მისაღებ გამოცდებს, მთავარია როგორი მუშაობის ეთიკა გაქვს და როგორ შეძლებ ყოველდღიურად განვითარდე ისე, რომ ექიმობის მოტივაცია და ხალისი არ დაკარგო. გამოცდებისთვის როგორ მოემზადები, ამის გარკვევაში დიდი დრო იკარგება. იმედია, უფრო მეტი და მეტი თაობა გაუზიარებს მომავალ კოლეგებს, მარტივად როგორ მოემზადონ. თუ სხვა ქვეყანაში გაქვს დამთავრებული სამედიცინო სკოლა, აქ სხვა თვალით გიყურებენ, მაგრამ დიდი სიამაყის გრძნობაა, როცა შენი ცოდნით ამერიკელების გვერდით განაგრძობ მუშაობას. ყველას გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური შანსი და უამრავი მაგალითია იმის, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ექიმები უფრო მოტივირებული და ბედნიერები არიან თავის საქმით, მიეკუთვნებიან ყველაზე წარმატებულ ექიმთა რიცხვს სხვადასხვა დარგში.
 
აქ რეზიდენტურის დასაწყებად ჩამოვედი და ჩემი მეგობრის facebook შეტყობინებით მივედი ინტერვიუზე, მაგრამ მაშინ სამუშაო ვიზა არ მქონდა და ვერ დავიწყე მუშაობა, თუმცა ინტერვიუ და შეხვედრა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მაინც ამიყვანეს ამავე რეზიდენტურაში მეორე წელს.
თავიდან ვფიქრობდი ქირურგიის რეზიდენტურის გავლას, მაგრამ ეს საკმაოდ რთული გზა იყო უცხოელი სამედიცინო სკოლადამთავრებულებისთვის, ისევე როგორც მეტ ფინანსურ საჭიროებას მოითხოვდა ჩემგან, რომლის საშუალებაც მე არ მქონდა. საკუთარი შვილების მოვლას ვერ მოვახერხებდი, უსასრულო კვლევისა და გაუთავებელი რეზიდენტურის წლები რომ თავიდან დამეწყო. ამ ეტაპზე, გასტროენტეროლოგიაში ბევრი ძალიან საინტერესო და ინოვაციური ქირურგიული პროცედურა კეთდება ენდოსკოპიურად. ღვიძლის, პანკრეასის სიმსივნეების სტენტირებები, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის ცისტის ენდოსკოპიური დრენირებები, ენდოსონოგრაფიული ბიოფსიები, პალიატრიული მკურნალობები, ენდოსკოპიური ბარიატრიული პროცედურები. როცა ლიცენზირებული გასტროენტეროლოგი გავხდები, სხვადასხვა დარგის ქართველ ექიმებთან ერთად, ვგეგმავ საქართველოში ჩასვლას და ამ ინოვაციური პროცედურების
ჩატარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
 
სტუდენტები და სხვა კოლეგები, ვინც ფიქრობთ ამერიკაში ჩამოსვლას, არასდროს არ არის გვიან. ჩემმა ყოფილმა პროგრამის დირექტორმა, რომელიც ცნობილი პროფესორია, 60 წლის უცხოელი აიყვანა ინტერნად.
 
სოციალური ქსლები ბევრს ეხმარება კარგი კონტაქტების დამყარებაში. გააქტიურდით ტვიტერზე და მიჰყევით თქვენთვის საინტერესო ექიმებს, მკვლევარებს. ყველას გაუგზავნეთ წერილი, პირადად დაუკავშირდით ქართველ ექიმებს უცხოეთში, სთხოვეთ დახმარება, გადახედონ თქვენს რეზიუმეს, გაგიწიონ რეკომენდაცია. ექიმობა ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური და სოციალური სტატუსი, გარკვეული სახით ცხოვრების არსი და წესი ბევრი ქართველისთვის , ეს არის რაც გამოგვარჩევს და განაპირობებს წარმატებას. . ამერიკა ექიმებისთვის საუკეთესო ადგილია. თუ მოინდომებთ და ბევრს იშრომებთ, აქ ყველაფერს მიაღწევთ, რასაც მიზნად დაისახავთ.
 
მშვიდი, წყნარი ყოველდღიური შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ ჩემი მშობლებისა და მათი კოლეგებისგან გამომყვა საავადმყოფოს და პაციენტების დახმარების სიყვარული.
 
analytics
«The Times» : „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ“

„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ მათ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.

აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლედ დღის წესრიგი, უკან დასწიიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა - გარკვეული დროით მაინც.

რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო. დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე - იმპერატორ დონალდ I-ზე.

დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა - პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვნებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.

იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები - ბალტიისპირეთი, პოლონეთი...), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად - სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც... და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე,  ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.

სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე - დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის ტავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს - უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი  მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული - „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა - „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატევლი ყოფილიყო“, - შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.

ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.

თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.

თუ განსვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, - მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.

მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქარალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები  სტატიების სათაურებშიც აღარ  ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way