USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
თამაზ აბულაძე: „ ირაკლი ანდრიაძეს ისტორიამ უკვე მიუჩინა თავისი ადგილი, გავიდა დრო და მტყუან-მართალს თავისი სახელი დაერქვა“
თარიღი:  6410

მომავალ წელს სამების  საკათედრო ტაძარს ორი ათეული წელი შეუსრულდება. ეპოქალური პროექტის ისტორია, მისი მშენებლობის და გახსნის პერიპეტიები ბევრ ისეთ ეპიზოდს მოიცავს, რომელთა შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, მათ შორის, ის, თუ რატომ არ ესწრებოდა ტაძრის გახსნის ისტორიულ დღეს სამებასთან ბედისწერით დაკავშირებული ორი ადამიანი: ედუარდ შევარდნაძე და ირაკლი ანდრიაძე. 

სამების ტაძრის მშენებლობის გაუხმაურებელ ამბებზე სამების ტაძრის მშენებლობის დირექციის დირექტორს, ბატონ თამაზ აბულაძეს გავესაუბრეთ. ბატონი თამაზი წლების განმავლობაში მუშაობდა ტაძრის მშენებლობაზე და კარგად ახსოვს ის პერიპეტიები, რაც ამ პროცესს ახლდა, მისთვის დღემდე ემოციური მოსაგონებელია ტაძრის  გახსნის ცერემონიალი, რომელსაც სიამაყესთან ერთად ტაძრის მშენებლების დიდი ტკივილი ახლდა - ეს იყო მათი ლიდერი, გისოსებს მიღმა მყოფი ირაკლი ანდრიაძე, ვის მხრებზეც სამების ტაძრის მშენებლობის სირთულეებმა გადაიარა. 

რატომ ჩამოაცილეს ირაკლი ანდრიაძე ტაძრის მშენებლობას ფინალურ ეტაპზე, როგორ და რა მიზნით დაიგეგმა მის წინააღმდეგ მისი დისკრედიტაციის და დაკავების სპეცოპერაცია - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რაც ამ ოცი წლის განმავლობაში არსებობს და რაზეც, როგორც  ჩვენი რესპიდენტი, ბატონი თამაზი ამბობს, ისტორიამ და დრომ უკვე გასცა პასუხი.  

თამაზ აბულაძე: სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში 1998 წლიდან ჩავერთვე, მე ვიყავი მშენებლობის დირექციის დირექტორი. ჩემი გუნდის ფუნქცია იყო სამშენებლო პროცესის ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა, სამუშაოთა წარმოება,დამკვეთ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, პროექტის მიღება, გადაცემა, კორექტირება, შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება და ა. შ. ჩვენ უკვე გვქონდა მასშტაბურ პროექტებში მუშაობის გამოცდილება, როდესაც ჩავატარეთ ომის შედეგად დანგრეული პარლამენტის შენობის აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ სამების ტაძრის სპეციფიკიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ეს მშენებლობა მართლაც განსაკუთრებული იყო. ჩვენი გუნდის  ხელმძღვანელი იყო ბატონი ირაკლი ანდრიაძე, რომელსაც ჰქონდა ჩაბარებული სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა მისი უწმინდესობის, ჩვენი პატრიარქის და მთავრობის ხელმძღვანელის ედუარდ შევარდნაძის მიერ. ბატონი ირაკლი პირველი დღეებიდან, კონკურსის დასაწყისიდან იყო ჩართული ამ პროცესში, ის იყო თავისი საქმის პროფესიონალი, უკვე ჰქონდა მასშტაბურ საქმეებზე მუშაობის დიდი პრაქტიკა, თუმცა სამების ტაძარმა მეტად გამოავლინა მისი ორგანიზატორული ნიჭი. ბატონ ირაკლის სამუშაო კაბინეტი კანცელარიაში ჰქონდა, მისი ოთახიდან ჩანდა ტაძრის მშენებლობა, იმის მიუხედავად, რომ დღე და ღამეს მშენებლობაზე ატარებდა, ოთახიდან 5 წუთით გაჩერებულ ამწეს რომ დაინახავდა,მაშინვე მირეკავდა: თამაზ, ამწე რატომ არ მუშაობსო? (იცინის) 

მშენებლობის პროცესში საკმაოდ ბევრი რთული ეტაპის გადატანა მოგვიხდა. თავიდან, თანხების სიმწირის გამო,  ნელ ტემპში  მიმდინარეობდა მშენებლობის პროცესი, მაგრამ 2000 წლიდან როდესაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც მშენებლობის სპონსორი, მშენებლობამ უკვე სხვა ტემპები აიღო. ჩვენ დავიწყეთ ორი, სამცვლიანი გრაფიკით მუშაობა. ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი და ნიუანსი  იყო გასათვალისწინებელი და მოსაგვარებელი, ეს ყველაფერი ბატონი ირაკლის  მხრებზე გადადიოდა. ძალიან გვიჭირდა მუშა-ხელი, იმის მიუხედავად, რომ ტაძრის მშენებლობაზე მთელი საქართველო იყო მობილიზებული, პროფესიონალი კადრების დეფიციტი  გვქონდა, მარტო სამრეკლოზე 10 ხელოსანი მუშაობდა,  რაც არ იყო საკმარისი. შემდეგ გზადაგზა დაგვემატნენ სხვები. ისინი ზრდიდნენ ახალ თაობას. დღეს საქართველოში თუ ვინმე მაღალი კვალიფიკაციის მშენებელი  და კარგი სპეციალისტია, ყველამ  გამოცდილება სამების ტაძრის მშენებლობაზე მიიღო, იქ დაიწყო და ისწავლა საქმე. ეს იყო პირველი მასშტაბური მშენებლობა. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ყველაფერი, მაგალითად, მოპირკეთების სამუშაოები, ისეთი ცოდნა, შრომა, რუდუნება სჭირდებოდა ქართული ორნამენტების გამოთლას, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სირთულის სამუშაოების წინაშე ვიდექით ჩვენც და პროეტის ავტორი არჩილ მინდიაშვილიც.

უშუალოდ მშენებლობის პროცესში 31 ორგანიზაცია იყო ჩართული, ამის გარდა გვყავდა უამრავი კონტრაქტორი, მომწოდებელი კომპანია, რომლებიც უცხოეთიდან გვიგზავნიდნენ მასალას. მაგალითად, ზარები გერმანიაში დაგვიმზადეს, სარკმელებიც იქ გავაკეთეთ. მაშინ არ იყო ლითონის, ქვის  შეძენის ასეთი საშუალებები, რაც ახლაა. ძალიან  გაგვიჭირდა მოსაპირკეთებელი ქვა. გარე მოსაპირკეთებელი ქვა ისე ცოტა იყო, ხელოსნები ერთმანეთს ეცილებოდნენ, ტაციაობა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი შეხვედროდათ თავის სექტორზე, რომ არ გაჩერებულიყვნენ. შემდეგ უკვე როცა ბიძინა ივანიშვილმა აიღო თავის თავზე მშენებლობის დაფინანსება, შეიძინა კარიერი ბოლნისში, აღჭურვა ახალი დანადგარებით, რომ მოსაპირკეთებელი ქვის პრობლემა არ ყოფილიყო. 

ყველაზე მთავარი იცით რა არის?  სამების ტაძარი თავისი სამრეკლოთი, საინჟინრო კომუნიკაციებით, აღჭურვილობით, ბაღით,სკვერებით, კარიბჭით, მოპირკეთებით, რომელშიც 5 ჰექტარი მარტო ქვა არის გამოყენებული, რომელთა ჩამოტანა ხდებოდა იტალიიდან, საბერძნეთიდან,  ინდოეთიდან, ჩინეთიდან, საერთო ჯამში დაჯდა 37 მილიონი დოლარი, რაც ამ მასშტაბის პროექტისთვის წარმოუდგენლად მცირე რაოდენობა იყო. ერთი წლის შემდეგ ააშენეს თბილისის აეროპორტი, რომელიც 62 მილიონი დაჯდა, რამდენიმე წელში ჭერიდან წყალი ჩამოვიდა და ქარმა დაანგრია. სამების ტაძარი კი, რომელიც ამდენი წელი შენდებოდა, სულ 37 მილიონი დოლარი დაჯდა, ყველაფერი კაპიკ-კაპიკ არის აღნუსხული და გაწერილი.

- ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ტაძრის გახსნამდე დაიწყო სამების მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი ანდრიაძის დევნა, დაპატიმრება, რასაც შეეწირა კიდეც მისი სიცოცხლე. დღეს როგორ გახსოვთ იმ პერიოდში ბატონ ირაკლისთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები? 

-  დრო გავა და ისტორია იტყვის  ყველაფერს, უკვე დაერქვა სახელი მტყუან - მართალს, ყველამ ყველაფერი იცის, რა, როგორ მოხდა. ბატონი ირაკლის სიმართლეში  ჩვენ,  მისი გუნდის წევრებს ეჭვი არასდროს შეგვიტანია. ის პერიოდი, როდესაც  ირაკლი დააპატიმრეს, საშინლად მახსოვს. ტაძრის კურთხევის დღე უკვე გამოცხადებული იყო, დღე და ღამე ვმუშაობდით, რომ ობიექტის ჩაბარება მოსწრებულიყო და უცებ გამოგვეცალა ადამიანი, ვის მხრებზეც  იდგა  ამხელა საქმე. ყველა დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით რა ხდებოდა. ჯერ ბატონი ირაკლი არ გამოჩნდა მშენებლობაზე, რაც უცნაური იყო მისგან, მერე მოვიდა და ვიღაცეებმა წაიყვანეს, შემდეგ ისეც დაბრუნდა. რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ დააპატიმრეს. ყველას შოკი გვქონდა, არ ვიცოდით რა გაგვკეთებინა. უცებ ამხელა საყრდენს რომ მოგაცილებენ, ძალიან ძნელია. ჩვენთვის ირაკლი იყო საქმის  წარმმართველი, მისი ხელმძღვანელობით ვაკეთებდით ყველაფერს, მასთან ვათანხმებდით, მასთან  ვწყვეტდით ყველა დეტალს. მასზე იყო მინდობილი თელასი, გაზმომარაგება, წყალი. ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, ყველასთან სიტყვა ეთქმოდა. კიდევ კარგი მისი დაკავების დროს უკვე შიდა სამუშაოები მიდიოდა, ტაძრის დასრულებას არაფერი აღარ აკლდა, თორემ იმ დროისთვის არ მოიძებნებოდა პიროვნება, ვინც ასეთ დიდ პროექტს გაუძღვებოდა თავისი პროფესიონალიზმით და ხალხთან ურთიერთობის უნარით, როგორც ამას ბატონი ირაკლი ახერხებდა.   

- როგორც ვიცი, თქვენც დაგიბარეს დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა ინფორმაციის მიღება უნდოდათ თქვენგან?

- შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიბარეს მე, არჩილ მინდიაშვილი და ემზარ კიზირია. გვესაუბრა ერთი ადამიანი, მამუკა ერქვა, რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, გვარი აღარ მახსოვს. 

 - ამბობენ, რომ ეს პიროვნება იყო მამუკა მუჯირი, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი. 

- გვარს დაზუსტებით ვერ ვიტყვი. მახსოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მესამე სართულზე  შეგვხვდა. დიდხანს გვალოდინა მისაღებში, ეტყობა,ფსიქოლოგიური გავლენის მოსახდენად, შემდეგ მიგვიღო. გვითხრა: ბატონი ირაკლი დაპატიმრებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ან ბოიკოტი გამოაცხადოთ, ან საბოტაჟი შექმნათ და მშენებლობა შეჩერდეს, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ობიექტი ჩაბარდეს ვარდების რევოლუციის წლისთავზე 23 ნოემბერს, თორემ თქვენც გვერდით მიგისვავთო. დაზაფრულები წამოვედით სამინისტროდან.

- იყო მცდელობა, ჩვენება მიგეცათ ირაკლი ანდრიაძის  წინააღმდეგ? 

ჩვენთვის არ მოუმართავთ ამ საკითხით, ვიცი, რომ იკვლევდნენ  ყველაფერს, ყველა დეტალს. სხვათაშორის იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად ესწრებოდა ფონდის შეხვედრებს, თათბირებს. ის ან შინაგან საქმეთა სამინისტროდან  იყო, ან უშიშროების სამსახურიდან, მისი  არც გვარი ვიცოდით,არც სახელი. ის ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს, იჯდა სადღაც კუთხეში, ხმას არ იღებდა, რაღაცეებს იწერდა თავისთვის, თუმცა ყველაფერს აკონტროლებდა.

ბატონი ირაკლი ძალიან ფრთხილი,მოწესრიგებული  ადამიანი იყო. ყოველთვის ამბობდა, ჩვენ ყველაფერი წესრიგში უნდა გვქონდესო. მაშინ კონტროლის პალატას არ ჰქონდა უფლება შეემოწმებინა არასაჯარო, არასახელმწოფო ორგანიზაციები. სამების მშენებლობის ფონდი არასახელმწიფო ორგანიზაცია იყო, ამის მიუხედავად, ირაკლის  მოთხოვნით, შევარდნაძემ განკარგულება გამოსცა, რომ ფონდი, გამონაკლისის სახით შემოწმებულიყო.2000 წლიდან კონტროლის პალატამ სამჯერ შეამოწმა ფონდის საქმიანობა. ბოლო შემოწმებაზე განსაკუთრებით აგრესიულები  იყვნენ, თითოეული ლურსმანი და არმატურა დაითვალეს, გააწვალეს მშენებლები, ჯვარს აცვეს სამშენებლო ორგანიზაციები,  მაგრამ ერთი პატარა გადაცდომაც კი ვერ ნახეს.  დარღვევა რომ ეპოვათ, ისეთი ჩასაფრებულები იყვნენ, ალბათ გადაგვასახლებდნენ. ვერაფერი  ნახეს ვერც სამების ტაძრის ფონდში და ვერც სამშენებლო ორგანიზაციებში. ბატონ ირაკლის ამაზე რომ ვერ მოედავნენ და ვერაფერი ნახეს, ძველი საქმეების გამოძიება დაიწყეს, რეალურად იქაც ვერარფერი იპოვეს, მაგრამ საბაბი ჭირდებოდათ. სანამ რადიკალურ ზომებს მიიღებდნენ და ირაკლის დააპატიმრებდნენ,  უამრავი გზა მოსინჯეს  ბატონი ირაკლის წინააღმდეგ - ხან ერთ საქმეს იკვლევდნენ, ხან მეორეს, „თხრიდნენ“ ძველ საქმეებს, ხომ იცით როგორი დრო იყო და რაც ხდებოდა  მაშინ პროკურატურაში. ქუდი რატომ არ გახურავსო - მიზეზებს ეძებდნენ ადამიანების დასაკავებლად.  ირაკლი ძალიან  განიცდიდა მასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას. ამ ადამიანმა ამდენი რამ გააკეთა,ასეთი ღვაწლი ჰქონდა სამების მშენებლობაში და ფეხდაფეხ დასდევდა პროკურატურა.ინფარქტიც ამის გამო დაემართა, სამების მშენებლობას ისე უვლიდა, შვილს რომ მოუვლის კაცი, დღე არ გავიდოდა, მშენებლობაზე არ მოსულიყო, ყოველდღე ღამის 12  საათზე მოდიოდა, ერთად გავდიოდით ყველა დეტალს, ყველაფრის საქმის კურსში იყო. სახლში ვერ მივდიოდით, სანამ  ბატონი ირაკლი არ მოვიდოდა და მეორე დღის გეგმას არ გავივლიდით და უცებ, ეს ყველაფერი უკან ასე დაუტრიალდა.

- ცნობილია, რომ გულის პრობლემებით საავადმყოფოში მყოფი ირაკლი ანდრიაძეს, როდესაც მისი უწმინდესობა ეწვია მოსანახულებლად, პროკურატურის გამომძიებელმა დაკითხვა მისი უწმინდესობის თანდასწრებით მოუწყო.

- დიახ, გიდასტურებთ. ეს ასე იყო. ამის შესახებ  მეც მაქვს ინფორმაცია. როდესაც ირაკლი კარდიოლოგიის ინსტიტუტში იწვა, მასთან პატრიარქი მივიდა მოსანახულებლად, ისინი მართლაც ახლობელი ადამიანები იყვნენ, ირაკლი პატრიარქის დიდი ნდობით სარგებლობდა. სწორედ იმ დროს მივიდა საავადმყოფოში პროკურატურის გამომძიებელი, რომელმაც ავადმყოფის დაკითხვა დაიწყო, უფრო მეტიც, მისი უწმინდესობის იქ ყოფასაც კი არ მოერიდა, პირიქით, პატრიარქთან კითხვების დასმის მცდელობაც  კი ჰქონდა. ძალიან უხერხული მდგომარეობა შექმნილა. წარმოიდგინეთ მისი უწმინდესობა მისულია ახლობელი, მისთვის ძვირფასი ადამიანის მოსანახულებლად საავადმყოფოში და დაკითხვაზე ხვდება.  

როგორ მოხდა ირაკლი ანდრიაძის ფონდიდან წასვლა და მის მაგივრად სხვა ხელმძღვანელის არჩევა? ახალი თავმჯდომარის არჩევა პროკურატურამ  მოითხვა?

- ახალი თავმჯდომარის არჩევა აუცილებლობიდან გამომდინარეობდა. ეს იყო სწორი და ოპტიმალური გამოსავალი.ირაკლი ანდრიაძის დაკავებით ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ მის გარეშე ვერ განვახორციელებდით ვერაფერს. იყო მთელი რიგი პროცედურული საკითხები, თუნდაც ხელმოწერა სხვადასხვა დოკუმენტაციაზე, რომელზეც წესდებით ფონდის თავმჯდომარეს უნდა მოეწერა ხელი.გვითხრეს, რომ უნდა მომხდარიყო დროებით ან მუდმივად ახალი თავმჯდომარის არჩევა. ფონდში იყო ბევრი ცნობილი ადამიანი, მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, მაგრამ მათი წევრობა მაინც უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. არჩევანი შეჩერდა ჩვენი გუნდის წევრზე, პროექტის მთავარ ინჟინერზე ემზარ კიზირიაზე. რომელიც ირაკლისთვის ახლობელი ადამიანი იყო. კიზირია მუდმივად ობიექტზე იყო, ჩართული იყო ყველა პროცესში. მისი კანდიდატურა ირაკლის წინასწარ შევატყობინეთ, ის თანახმა იყო ემზარს გაეგრძელებინა მისი საქმე. როდესაც ირაკლი ანდრიაძე დაბრუნდა ფონდში, კიზირია გადადგა, და ირაკლი დაბრუნდა თავის პოზიციაზე.

-როგორ ფიქრობთ, სად და როგორ  შედგა გეგმა ირაკლი ანდრიაძის წინააღმდეგ?

- ჩემი აზრით, ამ გეგმის მთავარი მიზანი იყო ბატონი ირაკლი ანდრიაძის საქმიდან - სამების ტაძრიდან ჩამოცილება. ფაქტი იყო, რომ ასეთი გრანდიოზული საქმე გაკეთდა ედუარდ შევარდნაძის მმართველობით და მას ედუარდ შევარდანაძის ერთგული და მასთან დაახლოებული  ადამიანი ირაკლი ანდრიაძე ხელმძღვანელობდა.ეს პოლიტიკურად მიუღებელი იყო. ახალ ხელისუფლებას უნდოდა ყველაფერი თვითონ მიეწერათ და ტაძრის მშენებლებისთვის ათასი რამ დაებრალებინათ. წარმოიდგინეთ ტაძრის გახსნის ცერემონიალი ედუარდ შევარდნაძის და ირაკლი ანდრიაძის გარეშე ჩატარდა. ახალი ხელისუფლება ამაყად აცხადებდა, რომ გახსნა სამების ტაძარი, ამ დროს ედუარდი უკვე წასული იყო თანამდებობიდან და ჩრდილში იყო, ბატონი ირაკლი კი იყო ციხეში, რაც ჩვენთვის, მისი გუნდის წევრებისთვის და ყველასთვის, ვინც იცოდა მისი ღვაწლი ამ ტაძრის მშენებლობაზე, ძალიან რთული და ემოციური იყო. უფრო მეტსაც გეტყვით, თავიდან მშენებლებს ტაძრის გახსნის ცერემონიალზე დასწრების უფლებასაც არ გვაძლევდნენ. უარი გვითხრეს, სანამ ემზარ კიზირიამ პატრიარქამდე არ მიიტანა ეს ამბავი. რამდენიმე ათეული კაცის ადგილი რა გახდაო - სთხოვა მან პატრიარქს და როგორც ვიცი, ის ჩაერია.სტუმრებისთვის ადგილები ისე გაანაწილეს,ერთი პატარა კუთხე მოგვიჩინეს იმ ხალხს, ვინც  წლები დღე და ღამე მშენებლობაზე გავატარეთ. ირაკლი რომ გარეთ ყოფილიყო, ამას ვერ გაუბედავდნენ. ამიტომაც არ აწყობდათ მისი გარეთ ყოფნა.   

ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით, რა როგორ იყო. მშენებლები განსაკუთრებით ვღელავდით. ყველა დეტალს ვაკვირდებოდით, სადმე მინა რომ ჩამტვრეულიყო, იმდენი ხალხი გვყავდა „ჩასაფრებული“, გადაგვაყოლებდნენ, საბოტაჟად ჩაგვითვლიდნენ. ირაკლის არ ყოფნა ყველას გულს გვიკლავდა, მაგრამ სწორედ მის გამო, გაასმაგებული პასუხისმგებლობა გვქონდა ყველაფერზე, თუმცა შეშინებულები და ფრთამოტეხილები ვიყავით. ტაძრის გახსნის დიდ  სიხარულს, ახლდა გულის წყვეტა კაცზე, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მოუძღვნა ამ ტაძრის მშენებლობას და მაინც დიდი გულისტკივილი მიიღო. ის, რაც მის წინააღმდეგ მოხდა, დრო აუცილებლად დაარქმევს თავის სახელს. თუმცა ისტორიამ ირაკლი ანდრიაძეს ღირსეული და საპატიო ადგილი უკვე მიუჩინა.

თამარ  ნიჟარაძე  

 

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.