მომავალ წელს სამების საკათედრო ტაძარს ორი ათეული წელი შეუსრულდება. ეპოქალური პროექტის ისტორია, მისი მშენებლობის და გახსნის პერიპეტიები ბევრ ისეთ ეპიზოდს მოიცავს, რომელთა შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, მათ შორის, ის, თუ რატომ არ ესწრებოდა ტაძრის გახსნის ისტორიულ დღეს სამებასთან ბედისწერით დაკავშირებული ორი ადამიანი: ედუარდ შევარდნაძე და ირაკლი ანდრიაძე.
სამების ტაძრის მშენებლობის გაუხმაურებელ ამბებზე სამების ტაძრის მშენებლობის დირექციის დირექტორს, ბატონ თამაზ აბულაძეს გავესაუბრეთ. ბატონი თამაზი წლების განმავლობაში მუშაობდა ტაძრის მშენებლობაზე და კარგად ახსოვს ის პერიპეტიები, რაც ამ პროცესს ახლდა, მისთვის დღემდე ემოციური მოსაგონებელია ტაძრის გახსნის ცერემონიალი, რომელსაც სიამაყესთან ერთად ტაძრის მშენებლების დიდი ტკივილი ახლდა - ეს იყო მათი ლიდერი, გისოსებს მიღმა მყოფი ირაკლი ანდრიაძე, ვის მხრებზეც სამების ტაძრის მშენებლობის სირთულეებმა გადაიარა.
რატომ ჩამოაცილეს ირაკლი ანდრიაძე ტაძრის მშენებლობას ფინალურ ეტაპზე, როგორ და რა მიზნით დაიგეგმა მის წინააღმდეგ მისი დისკრედიტაციის და დაკავების სპეცოპერაცია - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რაც ამ ოცი წლის განმავლობაში არსებობს და რაზეც, როგორც ჩვენი რესპიდენტი, ბატონი თამაზი ამბობს, ისტორიამ და დრომ უკვე გასცა პასუხი.
თამაზ აბულაძე: სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში 1998 წლიდან ჩავერთვე, მე ვიყავი მშენებლობის დირექციის დირექტორი. ჩემი გუნდის ფუნქცია იყო სამშენებლო პროცესის ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა, სამუშაოთა წარმოება,დამკვეთ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, პროექტის მიღება, გადაცემა, კორექტირება, შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება და ა. შ. ჩვენ უკვე გვქონდა მასშტაბურ პროექტებში მუშაობის გამოცდილება, როდესაც ჩავატარეთ ომის შედეგად დანგრეული პარლამენტის შენობის აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ სამების ტაძრის სპეციფიკიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ეს მშენებლობა მართლაც განსაკუთრებული იყო. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელი იყო ბატონი ირაკლი ანდრიაძე, რომელსაც ჰქონდა ჩაბარებული სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა მისი უწმინდესობის, ჩვენი პატრიარქის და მთავრობის ხელმძღვანელის ედუარდ შევარდნაძის მიერ. ბატონი ირაკლი პირველი დღეებიდან, კონკურსის დასაწყისიდან იყო ჩართული ამ პროცესში, ის იყო თავისი საქმის პროფესიონალი, უკვე ჰქონდა მასშტაბურ საქმეებზე მუშაობის დიდი პრაქტიკა, თუმცა სამების ტაძარმა მეტად გამოავლინა მისი ორგანიზატორული ნიჭი. ბატონ ირაკლის სამუშაო კაბინეტი კანცელარიაში ჰქონდა, მისი ოთახიდან ჩანდა ტაძრის მშენებლობა, იმის მიუხედავად, რომ დღე და ღამეს მშენებლობაზე ატარებდა, ოთახიდან 5 წუთით გაჩერებულ ამწეს რომ დაინახავდა,მაშინვე მირეკავდა: თამაზ, ამწე რატომ არ მუშაობსო? (იცინის)
მშენებლობის პროცესში საკმაოდ ბევრი რთული ეტაპის გადატანა მოგვიხდა. თავიდან, თანხების სიმწირის გამო, ნელ ტემპში მიმდინარეობდა მშენებლობის პროცესი, მაგრამ 2000 წლიდან როდესაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც მშენებლობის სპონსორი, მშენებლობამ უკვე სხვა ტემპები აიღო. ჩვენ დავიწყეთ ორი, სამცვლიანი გრაფიკით მუშაობა. ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი და ნიუანსი იყო გასათვალისწინებელი და მოსაგვარებელი, ეს ყველაფერი ბატონი ირაკლის მხრებზე გადადიოდა. ძალიან გვიჭირდა მუშა-ხელი, იმის მიუხედავად, რომ ტაძრის მშენებლობაზე მთელი საქართველო იყო მობილიზებული, პროფესიონალი კადრების დეფიციტი გვქონდა, მარტო სამრეკლოზე 10 ხელოსანი მუშაობდა, რაც არ იყო საკმარისი. შემდეგ გზადაგზა დაგვემატნენ სხვები. ისინი ზრდიდნენ ახალ თაობას. დღეს საქართველოში თუ ვინმე მაღალი კვალიფიკაციის მშენებელი და კარგი სპეციალისტია, ყველამ გამოცდილება სამების ტაძრის მშენებლობაზე მიიღო, იქ დაიწყო და ისწავლა საქმე. ეს იყო პირველი მასშტაბური მშენებლობა. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ყველაფერი, მაგალითად, მოპირკეთების სამუშაოები, ისეთი ცოდნა, შრომა, რუდუნება სჭირდებოდა ქართული ორნამენტების გამოთლას, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სირთულის სამუშაოების წინაშე ვიდექით ჩვენც და პროეტის ავტორი არჩილ მინდიაშვილიც.
უშუალოდ მშენებლობის პროცესში 31 ორგანიზაცია იყო ჩართული, ამის გარდა გვყავდა უამრავი კონტრაქტორი, მომწოდებელი კომპანია, რომლებიც უცხოეთიდან გვიგზავნიდნენ მასალას. მაგალითად, ზარები გერმანიაში დაგვიმზადეს, სარკმელებიც იქ გავაკეთეთ. მაშინ არ იყო ლითონის, ქვის შეძენის ასეთი საშუალებები, რაც ახლაა. ძალიან გაგვიჭირდა მოსაპირკეთებელი ქვა. გარე მოსაპირკეთებელი ქვა ისე ცოტა იყო, ხელოსნები ერთმანეთს ეცილებოდნენ, ტაციაობა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი შეხვედროდათ თავის სექტორზე, რომ არ გაჩერებულიყვნენ. შემდეგ უკვე როცა ბიძინა ივანიშვილმა აიღო თავის თავზე მშენებლობის დაფინანსება, შეიძინა კარიერი ბოლნისში, აღჭურვა ახალი დანადგარებით, რომ მოსაპირკეთებელი ქვის პრობლემა არ ყოფილიყო.
ყველაზე მთავარი იცით რა არის? სამების ტაძარი თავისი სამრეკლოთი, საინჟინრო კომუნიკაციებით, აღჭურვილობით, ბაღით,სკვერებით, კარიბჭით, მოპირკეთებით, რომელშიც 5 ჰექტარი მარტო ქვა არის გამოყენებული, რომელთა ჩამოტანა ხდებოდა იტალიიდან, საბერძნეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, საერთო ჯამში დაჯდა 37 მილიონი დოლარი, რაც ამ მასშტაბის პროექტისთვის წარმოუდგენლად მცირე რაოდენობა იყო. ერთი წლის შემდეგ ააშენეს თბილისის აეროპორტი, რომელიც 62 მილიონი დაჯდა, რამდენიმე წელში ჭერიდან წყალი ჩამოვიდა და ქარმა დაანგრია. სამების ტაძარი კი, რომელიც ამდენი წელი შენდებოდა, სულ 37 მილიონი დოლარი დაჯდა, ყველაფერი კაპიკ-კაპიკ არის აღნუსხული და გაწერილი.
- ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ტაძრის გახსნამდე დაიწყო სამების მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი ანდრიაძის დევნა, დაპატიმრება, რასაც შეეწირა კიდეც მისი სიცოცხლე. დღეს როგორ გახსოვთ იმ პერიოდში ბატონ ირაკლისთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები?
- დრო გავა და ისტორია იტყვის ყველაფერს, უკვე დაერქვა სახელი მტყუან - მართალს, ყველამ ყველაფერი იცის, რა, როგორ მოხდა. ბატონი ირაკლის სიმართლეში ჩვენ, მისი გუნდის წევრებს ეჭვი არასდროს შეგვიტანია. ის პერიოდი, როდესაც ირაკლი დააპატიმრეს, საშინლად მახსოვს. ტაძრის კურთხევის დღე უკვე გამოცხადებული იყო, დღე და ღამე ვმუშაობდით, რომ ობიექტის ჩაბარება მოსწრებულიყო და უცებ გამოგვეცალა ადამიანი, ვის მხრებზეც იდგა ამხელა საქმე. ყველა დაბნეულები ვიყავით, არ ვიცოდით რა ხდებოდა. ჯერ ბატონი ირაკლი არ გამოჩნდა მშენებლობაზე, რაც უცნაური იყო მისგან, მერე მოვიდა და ვიღაცეებმა წაიყვანეს, შემდეგ ისეც დაბრუნდა. რამდენიმე დღეში გავიგეთ, რომ დააპატიმრეს. ყველას შოკი გვქონდა, არ ვიცოდით რა გაგვკეთებინა. უცებ ამხელა საყრდენს რომ მოგაცილებენ, ძალიან ძნელია. ჩვენთვის ირაკლი იყო საქმის წარმმართველი, მისი ხელმძღვანელობით ვაკეთებდით ყველაფერს, მასთან ვათანხმებდით, მასთან ვწყვეტდით ყველა დეტალს. მასზე იყო მინდობილი თელასი, გაზმომარაგება, წყალი. ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, ყველასთან სიტყვა ეთქმოდა. კიდევ კარგი მისი დაკავების დროს უკვე შიდა სამუშაოები მიდიოდა, ტაძრის დასრულებას არაფერი აღარ აკლდა, თორემ იმ დროისთვის არ მოიძებნებოდა პიროვნება, ვინც ასეთ დიდ პროექტს გაუძღვებოდა თავისი პროფესიონალიზმით და ხალხთან ურთიერთობის უნარით, როგორც ამას ბატონი ირაკლი ახერხებდა.
- როგორც ვიცი, თქვენც დაგიბარეს დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა ინფორმაციის მიღება უნდოდათ თქვენგან?
- შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიბარეს მე, არჩილ მინდიაშვილი და ემზარ კიზირია. გვესაუბრა ერთი ადამიანი, მამუკა ერქვა, რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, გვარი აღარ მახსოვს.
- ამბობენ, რომ ეს პიროვნება იყო მამუკა მუჯირი, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი.
- გვარს დაზუსტებით ვერ ვიტყვი. მახსოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მესამე სართულზე შეგვხვდა. დიდხანს გვალოდინა მისაღებში, ეტყობა,ფსიქოლოგიური გავლენის მოსახდენად, შემდეგ მიგვიღო. გვითხრა: ბატონი ირაკლი დაპატიმრებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ან ბოიკოტი გამოაცხადოთ, ან საბოტაჟი შექმნათ და მშენებლობა შეჩერდეს, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ობიექტი ჩაბარდეს ვარდების რევოლუციის წლისთავზე 23 ნოემბერს, თორემ თქვენც გვერდით მიგისვავთო. დაზაფრულები წამოვედით სამინისტროდან.
- იყო მცდელობა, ჩვენება მიგეცათ ირაკლი ანდრიაძის წინააღმდეგ?
ჩვენთვის არ მოუმართავთ ამ საკითხით, ვიცი, რომ იკვლევდნენ ყველაფერს, ყველა დეტალს. სხვათაშორის იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად ესწრებოდა ფონდის შეხვედრებს, თათბირებს. ის ან შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო, ან უშიშროების სამსახურიდან, მისი არც გვარი ვიცოდით,არც სახელი. ის ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს, იჯდა სადღაც კუთხეში, ხმას არ იღებდა, რაღაცეებს იწერდა თავისთვის, თუმცა ყველაფერს აკონტროლებდა.
ბატონი ირაკლი ძალიან ფრთხილი,მოწესრიგებული ადამიანი იყო. ყოველთვის ამბობდა, ჩვენ ყველაფერი წესრიგში უნდა გვქონდესო. მაშინ კონტროლის პალატას არ ჰქონდა უფლება შეემოწმებინა არასაჯარო, არასახელმწოფო ორგანიზაციები. სამების მშენებლობის ფონდი არასახელმწიფო ორგანიზაცია იყო, ამის მიუხედავად, ირაკლის მოთხოვნით, შევარდნაძემ განკარგულება გამოსცა, რომ ფონდი, გამონაკლისის სახით შემოწმებულიყო.2000 წლიდან კონტროლის პალატამ სამჯერ შეამოწმა ფონდის საქმიანობა. ბოლო შემოწმებაზე განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ, თითოეული ლურსმანი და არმატურა დაითვალეს, გააწვალეს მშენებლები, ჯვარს აცვეს სამშენებლო ორგანიზაციები, მაგრამ ერთი პატარა გადაცდომაც კი ვერ ნახეს. დარღვევა რომ ეპოვათ, ისეთი ჩასაფრებულები იყვნენ, ალბათ გადაგვასახლებდნენ. ვერაფერი ნახეს ვერც სამების ტაძრის ფონდში და ვერც სამშენებლო ორგანიზაციებში. ბატონ ირაკლის ამაზე რომ ვერ მოედავნენ და ვერაფერი ნახეს, ძველი საქმეების გამოძიება დაიწყეს, რეალურად იქაც ვერარფერი იპოვეს, მაგრამ საბაბი ჭირდებოდათ. სანამ რადიკალურ ზომებს მიიღებდნენ და ირაკლის დააპატიმრებდნენ, უამრავი გზა მოსინჯეს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ - ხან ერთ საქმეს იკვლევდნენ, ხან მეორეს, „თხრიდნენ“ ძველ საქმეებს, ხომ იცით როგორი დრო იყო და რაც ხდებოდა მაშინ პროკურატურაში. ქუდი რატომ არ გახურავსო - მიზეზებს ეძებდნენ ადამიანების დასაკავებლად. ირაკლი ძალიან განიცდიდა მასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას. ამ ადამიანმა ამდენი რამ გააკეთა,ასეთი ღვაწლი ჰქონდა სამების მშენებლობაში და ფეხდაფეხ დასდევდა პროკურატურა.ინფარქტიც ამის გამო დაემართა, სამების მშენებლობას ისე უვლიდა, შვილს რომ მოუვლის კაცი, დღე არ გავიდოდა, მშენებლობაზე არ მოსულიყო, ყოველდღე ღამის 12 საათზე მოდიოდა, ერთად გავდიოდით ყველა დეტალს, ყველაფრის საქმის კურსში იყო. სახლში ვერ მივდიოდით, სანამ ბატონი ირაკლი არ მოვიდოდა და მეორე დღის გეგმას არ გავივლიდით და უცებ, ეს ყველაფერი უკან ასე დაუტრიალდა.
- ცნობილია, რომ გულის პრობლემებით საავადმყოფოში მყოფი ირაკლი ანდრიაძეს, როდესაც მისი უწმინდესობა ეწვია მოსანახულებლად, პროკურატურის გამომძიებელმა დაკითხვა მისი უწმინდესობის თანდასწრებით მოუწყო.
- დიახ, გიდასტურებთ. ეს ასე იყო. ამის შესახებ მეც მაქვს ინფორმაცია. როდესაც ირაკლი კარდიოლოგიის ინსტიტუტში იწვა, მასთან პატრიარქი მივიდა მოსანახულებლად, ისინი მართლაც ახლობელი ადამიანები იყვნენ, ირაკლი პატრიარქის დიდი ნდობით სარგებლობდა. სწორედ იმ დროს მივიდა საავადმყოფოში პროკურატურის გამომძიებელი, რომელმაც ავადმყოფის დაკითხვა დაიწყო, უფრო მეტიც, მისი უწმინდესობის იქ ყოფასაც კი არ მოერიდა, პირიქით, პატრიარქთან კითხვების დასმის მცდელობაც კი ჰქონდა. ძალიან უხერხული მდგომარეობა შექმნილა. წარმოიდგინეთ მისი უწმინდესობა მისულია ახლობელი, მისთვის ძვირფასი ადამიანის მოსანახულებლად საავადმყოფოში და დაკითხვაზე ხვდება.
- როგორ მოხდა ირაკლი ანდრიაძის ფონდიდან წასვლა და მის მაგივრად სხვა ხელმძღვანელის არჩევა? ახალი თავმჯდომარის არჩევა პროკურატურამ მოითხვა?
- ახალი თავმჯდომარის არჩევა აუცილებლობიდან გამომდინარეობდა. ეს იყო სწორი და ოპტიმალური გამოსავალი.ირაკლი ანდრიაძის დაკავებით ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ მის გარეშე ვერ განვახორციელებდით ვერაფერს. იყო მთელი რიგი პროცედურული საკითხები, თუნდაც ხელმოწერა სხვადასხვა დოკუმენტაციაზე, რომელზეც წესდებით ფონდის თავმჯდომარეს უნდა მოეწერა ხელი.გვითხრეს, რომ უნდა მომხდარიყო დროებით ან მუდმივად ახალი თავმჯდომარის არჩევა. ფონდში იყო ბევრი ცნობილი ადამიანი, მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, მაგრამ მათი წევრობა მაინც უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. არჩევანი შეჩერდა ჩვენი გუნდის წევრზე, პროექტის მთავარ ინჟინერზე ემზარ კიზირიაზე. რომელიც ირაკლისთვის ახლობელი ადამიანი იყო. კიზირია მუდმივად ობიექტზე იყო, ჩართული იყო ყველა პროცესში. მისი კანდიდატურა ირაკლის წინასწარ შევატყობინეთ, ის თანახმა იყო ემზარს გაეგრძელებინა მისი საქმე. როდესაც ირაკლი ანდრიაძე დაბრუნდა ფონდში, კიზირია გადადგა, და ირაკლი დაბრუნდა თავის პოზიციაზე.
-როგორ ფიქრობთ, სად და როგორ შედგა გეგმა ირაკლი ანდრიაძის წინააღმდეგ?
- ჩემი აზრით, ამ გეგმის მთავარი მიზანი იყო ბატონი ირაკლი ანდრიაძის საქმიდან - სამების ტაძრიდან ჩამოცილება. ფაქტი იყო, რომ ასეთი გრანდიოზული საქმე გაკეთდა ედუარდ შევარდნაძის მმართველობით და მას ედუარდ შევარდანაძის ერთგული და მასთან დაახლოებული ადამიანი ირაკლი ანდრიაძე ხელმძღვანელობდა.ეს პოლიტიკურად მიუღებელი იყო. ახალ ხელისუფლებას უნდოდა ყველაფერი თვითონ მიეწერათ და ტაძრის მშენებლებისთვის ათასი რამ დაებრალებინათ. წარმოიდგინეთ ტაძრის გახსნის ცერემონიალი ედუარდ შევარდნაძის და ირაკლი ანდრიაძის გარეშე ჩატარდა. ახალი ხელისუფლება ამაყად აცხადებდა, რომ გახსნა სამების ტაძარი, ამ დროს ედუარდი უკვე წასული იყო თანამდებობიდან და ჩრდილში იყო, ბატონი ირაკლი კი იყო ციხეში, რაც ჩვენთვის, მისი გუნდის წევრებისთვის და ყველასთვის, ვინც იცოდა მისი ღვაწლი ამ ტაძრის მშენებლობაზე, ძალიან რთული და ემოციური იყო. უფრო მეტსაც გეტყვით, თავიდან მშენებლებს ტაძრის გახსნის ცერემონიალზე დასწრების უფლებასაც არ გვაძლევდნენ. უარი გვითხრეს, სანამ ემზარ კიზირიამ პატრიარქამდე არ მიიტანა ეს ამბავი. რამდენიმე ათეული კაცის ადგილი რა გახდაო - სთხოვა მან პატრიარქს და როგორც ვიცი, ის ჩაერია.სტუმრებისთვის ადგილები ისე გაანაწილეს,ერთი პატარა კუთხე მოგვიჩინეს იმ ხალხს, ვინც წლები დღე და ღამე მშენებლობაზე გავატარეთ. ირაკლი რომ გარეთ ყოფილიყო, ამას ვერ გაუბედავდნენ. ამიტომაც არ აწყობდათ მისი გარეთ ყოფნა.
ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით, რა როგორ იყო. მშენებლები განსაკუთრებით ვღელავდით. ყველა დეტალს ვაკვირდებოდით, სადმე მინა რომ ჩამტვრეულიყო, იმდენი ხალხი გვყავდა „ჩასაფრებული“, გადაგვაყოლებდნენ, საბოტაჟად ჩაგვითვლიდნენ. ირაკლის არ ყოფნა ყველას გულს გვიკლავდა, მაგრამ სწორედ მის გამო, გაასმაგებული პასუხისმგებლობა გვქონდა ყველაფერზე, თუმცა შეშინებულები და ფრთამოტეხილები ვიყავით. ტაძრის გახსნის დიდ სიხარულს, ახლდა გულის წყვეტა კაცზე, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მოუძღვნა ამ ტაძრის მშენებლობას და მაინც დიდი გულისტკივილი მიიღო. ის, რაც მის წინააღმდეგ მოხდა, დრო აუცილებლად დაარქმევს თავის სახელს. თუმცა ისტორიამ ირაკლი ანდრიაძეს ღირსეული და საპატიო ადგილი უკვე მიუჩინა.
თამარ ნიჟარაძე