USD 2.7013
EUR 3.1184
RUB 3.3726
Тбилиси
სტუდია მონიტორი- ორ მოქალაქეს ძარცვისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა საქმეში თვითმხილველი არ არსებობს. (ვიდეო)
дата:  514
სისხლის სამართლის საქმე პასუხგაუცემელი კითხვებით და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებით.
 
ორ მოქალაქეს ძარცვისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა საქმეში თვითმხილველი არ არსებობს, ძარცვის ვერსიის დამტკიცებას კი ორი დაზარალებული და 11 გამომძიებელი ცდილობს.
 
,,თავისუფლების მონიტორთან” ინტერვიუში მსჯავრდებული მისი დაპატიმრების მოტივაციად შსს-ის მაღალჩინოსანთან უთანხმოებას ასახელებს.
 
მოწმეების იდენტურად შედგენილი ამოცნობის ოქმები პროკურატურისთვის მთავარ სამხილად იქცა, თუმცა სისხლის სამართლის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ოქმები კანონდარღვევითაა შედგენილი.
 
ნახეთ ,,თავისუფლების მონიტორის’’ ახალი ჟურნალისტური გამოძიება.
 
აქვე მოგვყავს ერთ-ერთი დაზარალებულის დედის ფეისბუკ პოსტი, რომელიც უფრო მეტ წარმოდგენას შეგიქმნით აღნიშნულ საქმეზე:
 
"მარცხენა ფოტოზე ჩემი ლაზარეა, მარჯვნივ - მისგან "დაზარალებული", "ნაცემი" და "გაძარცვული" მომჩივანი, რომლის ჩვენების საფუძველზე ჩემს შვილს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ეს ამბავი 2 წლის წინ, 25 იანვარს მოხდა. მომავალმა "დაზარალებულმა" და მისი მეგობარმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ლუდის დასალევად თავიანთი სახლიდან ორი ქუჩის გადმოღმა, ჩემი სახლის წინ მიწაზე დამსხდარიყვნენ. არაა გასაკვირი, რომ ისინი ბევრ ადამიანს მოხვდა თვალში, მითუმეტეს, რომ მომავალი "მსხვერპლი" ასე იყო გამოწყობილი, როგორც ფოტოზეა - შუა იანვარში უმკლავო მაისურით.
როგორც მოწმეები (საქმეში 6 მოწმის ჩვენება დევს) ჰყვებიან, ეს ორი უცნობი დილიდან მიწაზე იჯდა, სვამდა და გამომწვევად იქცეოდა. მათი ქცევა იმდენად უსიამოვნო იყო, რომ ერთ-ერთმა მოწმემ, თამუნამ, რომელიც ბავშვს ასეირნებდა, შორი გზიდან მოუარა სახლში მისასვლელად, რათა მათ გვერდით არ ჩაევლო.
საღამოს სავარაუდოდ დაგეგმილი კონფლიქტიც მოხდა. ჩხუბის შემდეგ, რომელიც ალბათ 2 წუთიც არ გაგრძელებულა (ამის თვითმხილველი მე ვარ, რადგან როცა გარედან ხმაური გავიგე და აივანზე გავედი, უკვე დამთავრებული იყო.
"დაზარალებულს" პოლიციაში დაურეკავს და პოლიციაც ოპერატიულად მოვიდა (10-15 წუთში). ლაზარე ამხანაგებთან ერთად იქვე იჯდა. ყველანი დააკავეს (მათ შორის, ჩემი იოანეც, რომელიც ჩხუბის ხმაზე მაღაზიიდან გამოვიდა).
ღამის 12 საათზე დამირეკა პოლიციელმა და შემატყობინა, რომ ლაზარე დაკავებულია. "არაფერი, ქალბატონო, რაღაც ჩხუბი მოხდა, არ ინერვიულოთ. დილით მობრძანდით". რადგან კოვიდის გამო ღამით სიარული აკრძალული იყო, გათენდა თუ არა, მივედი. პოლიციის განყოფილებაში "დაზარალებულები" და ფოტოზე წარმოდგენილი მთავარი "დაზარალებულის" დედა დამხვდა, რომელიც განყოფილებაში ყველასთან ტუჩზე კოცნით იყო და ვიღაც "ჯონიკოს" კითხულობდა ("ჯონიკო არ მოსულა?), მერე კივილი დამიწყო და თან გვერდზე მყოფს უყვიროდა: გადაუღე, გადაუღე ჩქარაო. მე დიდად ვერ მივხვდი, რა უნდა გადაეღოთ და ღიმილი შევაგებე.
განყოფილებაში მითხრეს, რომ საქმე ყაჩაღობაზეა აღძრული (რომელიც მალევე ძარცვად გადაკვალიფიცირდა). ორი "დაზარალებული" ჩვენებას აძლევდა, რომ მათ ტელეფონი წაართვეს.
ტელეფონი "დამნაშავეებს" არ აღმოაჩნდათ. ის "დაზარალებულის" ქურთუკთან ერთად ღამითვე უპოვია გამვლელს და დაუბრუნებია. გამომძიებელს ვკითხე: თუ ტელეფონი ვიღაცამ დააბრუნა, ჩემი შვილი რა შუაშია ტელეფონთან-მეთქი და "ეს ორი ადამიანი ხელს ადებსო".
ასე დაიწყო 2-წელ-ნახევრიანი ძიება (ლაზარე და დათო გირაოთი გარეთ იყვნენ) და მარტში 5-წლიანი პატიმრობის მისჯით დასრულდა.
საქმე მთლიანად წავიკითხე, სასამართლო სხდომის ჩანაწერებსაც ვუსმინე. იმის გარდა, რაც პირველ დღეს პოლიციაში მოვისმინე (ორი მოწმე ხელს ადებს) საქმეში არანაირი მტკიცებულება არაა. ჰო, კიდევ ლაზარეს ჯიბეში აღმოჩენილი 2 ლარი და ხურდები. ტელეფონისა და ფულის ექსპერტიზა სასამართლოზე არ წარმოუდგენიათ (ადვოკატი დღემდე ითხოვს ამ დასკვნას), მაგრამ მოსამართლე მაია ქოქიაშვილს ის არც აინტერესებდა. მან ერთი ხელის მოსმით ბათილად ცნო ექვსივე მოწმის ჩვენება, სრულიად სარწმუნოდ და სავსებით საკმარისად მიიჩნია ორი "დაზარალებულის" ჩვენებები და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მასთან ერთად ჩასვეს დათოც, რომელიც ალბათ საქმის გასამყარებლად სჭირდებოდათ, რადგან დათო ნასამართლევი იყო 2006 წელს. მართალია, ნასამართლეობის ვადა უკვე გასული იყო, მაგრამ ნეგატიური შთაბეჭდილების შესაქმნელად გამოდგებოდა.
ამ საქმით სტუდია "მონიტორი" დაინტერესდა და ჟურნალისტური გამოძიება გააკეთა. ბმული კომენტარებშია.
პ.ს. საქმე სააპელაციო სასამართლოშია. სხდომა 18 სექტემბრისათვის გადაიდო, რადგან პროკურორი წინა ორ სხდომაზე არ გამოცხადდა, მესამეზე მოვიდა და მისი სიტყვის დრო რომ დადგა, მეჩქარებაო და წავიდა."
аналитика
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати