USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
სტუდია მონიტორი- ორ მოქალაქეს ძარცვისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა საქმეში თვითმხილველი არ არსებობს. (ვიდეო)
თარიღი:  428
სისხლის სამართლის საქმე პასუხგაუცემელი კითხვებით და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებით.
 
ორ მოქალაქეს ძარცვისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა საქმეში თვითმხილველი არ არსებობს, ძარცვის ვერსიის დამტკიცებას კი ორი დაზარალებული და 11 გამომძიებელი ცდილობს.
 
,,თავისუფლების მონიტორთან” ინტერვიუში მსჯავრდებული მისი დაპატიმრების მოტივაციად შსს-ის მაღალჩინოსანთან უთანხმოებას ასახელებს.
 
მოწმეების იდენტურად შედგენილი ამოცნობის ოქმები პროკურატურისთვის მთავარ სამხილად იქცა, თუმცა სისხლის სამართლის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ოქმები კანონდარღვევითაა შედგენილი.
 
ნახეთ ,,თავისუფლების მონიტორის’’ ახალი ჟურნალისტური გამოძიება.
 
აქვე მოგვყავს ერთ-ერთი დაზარალებულის დედის ფეისბუკ პოსტი, რომელიც უფრო მეტ წარმოდგენას შეგიქმნით აღნიშნულ საქმეზე:
 
"მარცხენა ფოტოზე ჩემი ლაზარეა, მარჯვნივ - მისგან "დაზარალებული", "ნაცემი" და "გაძარცვული" მომჩივანი, რომლის ჩვენების საფუძველზე ჩემს შვილს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ეს ამბავი 2 წლის წინ, 25 იანვარს მოხდა. მომავალმა "დაზარალებულმა" და მისი მეგობარმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ლუდის დასალევად თავიანთი სახლიდან ორი ქუჩის გადმოღმა, ჩემი სახლის წინ მიწაზე დამსხდარიყვნენ. არაა გასაკვირი, რომ ისინი ბევრ ადამიანს მოხვდა თვალში, მითუმეტეს, რომ მომავალი "მსხვერპლი" ასე იყო გამოწყობილი, როგორც ფოტოზეა - შუა იანვარში უმკლავო მაისურით.
როგორც მოწმეები (საქმეში 6 მოწმის ჩვენება დევს) ჰყვებიან, ეს ორი უცნობი დილიდან მიწაზე იჯდა, სვამდა და გამომწვევად იქცეოდა. მათი ქცევა იმდენად უსიამოვნო იყო, რომ ერთ-ერთმა მოწმემ, თამუნამ, რომელიც ბავშვს ასეირნებდა, შორი გზიდან მოუარა სახლში მისასვლელად, რათა მათ გვერდით არ ჩაევლო.
საღამოს სავარაუდოდ დაგეგმილი კონფლიქტიც მოხდა. ჩხუბის შემდეგ, რომელიც ალბათ 2 წუთიც არ გაგრძელებულა (ამის თვითმხილველი მე ვარ, რადგან როცა გარედან ხმაური გავიგე და აივანზე გავედი, უკვე დამთავრებული იყო.
"დაზარალებულს" პოლიციაში დაურეკავს და პოლიციაც ოპერატიულად მოვიდა (10-15 წუთში). ლაზარე ამხანაგებთან ერთად იქვე იჯდა. ყველანი დააკავეს (მათ შორის, ჩემი იოანეც, რომელიც ჩხუბის ხმაზე მაღაზიიდან გამოვიდა).
ღამის 12 საათზე დამირეკა პოლიციელმა და შემატყობინა, რომ ლაზარე დაკავებულია. "არაფერი, ქალბატონო, რაღაც ჩხუბი მოხდა, არ ინერვიულოთ. დილით მობრძანდით". რადგან კოვიდის გამო ღამით სიარული აკრძალული იყო, გათენდა თუ არა, მივედი. პოლიციის განყოფილებაში "დაზარალებულები" და ფოტოზე წარმოდგენილი მთავარი "დაზარალებულის" დედა დამხვდა, რომელიც განყოფილებაში ყველასთან ტუჩზე კოცნით იყო და ვიღაც "ჯონიკოს" კითხულობდა ("ჯონიკო არ მოსულა?), მერე კივილი დამიწყო და თან გვერდზე მყოფს უყვიროდა: გადაუღე, გადაუღე ჩქარაო. მე დიდად ვერ მივხვდი, რა უნდა გადაეღოთ და ღიმილი შევაგებე.
განყოფილებაში მითხრეს, რომ საქმე ყაჩაღობაზეა აღძრული (რომელიც მალევე ძარცვად გადაკვალიფიცირდა). ორი "დაზარალებული" ჩვენებას აძლევდა, რომ მათ ტელეფონი წაართვეს.
ტელეფონი "დამნაშავეებს" არ აღმოაჩნდათ. ის "დაზარალებულის" ქურთუკთან ერთად ღამითვე უპოვია გამვლელს და დაუბრუნებია. გამომძიებელს ვკითხე: თუ ტელეფონი ვიღაცამ დააბრუნა, ჩემი შვილი რა შუაშია ტელეფონთან-მეთქი და "ეს ორი ადამიანი ხელს ადებსო".
ასე დაიწყო 2-წელ-ნახევრიანი ძიება (ლაზარე და დათო გირაოთი გარეთ იყვნენ) და მარტში 5-წლიანი პატიმრობის მისჯით დასრულდა.
საქმე მთლიანად წავიკითხე, სასამართლო სხდომის ჩანაწერებსაც ვუსმინე. იმის გარდა, რაც პირველ დღეს პოლიციაში მოვისმინე (ორი მოწმე ხელს ადებს) საქმეში არანაირი მტკიცებულება არაა. ჰო, კიდევ ლაზარეს ჯიბეში აღმოჩენილი 2 ლარი და ხურდები. ტელეფონისა და ფულის ექსპერტიზა სასამართლოზე არ წარმოუდგენიათ (ადვოკატი დღემდე ითხოვს ამ დასკვნას), მაგრამ მოსამართლე მაია ქოქიაშვილს ის არც აინტერესებდა. მან ერთი ხელის მოსმით ბათილად ცნო ექვსივე მოწმის ჩვენება, სრულიად სარწმუნოდ და სავსებით საკმარისად მიიჩნია ორი "დაზარალებულის" ჩვენებები და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მასთან ერთად ჩასვეს დათოც, რომელიც ალბათ საქმის გასამყარებლად სჭირდებოდათ, რადგან დათო ნასამართლევი იყო 2006 წელს. მართალია, ნასამართლეობის ვადა უკვე გასული იყო, მაგრამ ნეგატიური შთაბეჭდილების შესაქმნელად გამოდგებოდა.
ამ საქმით სტუდია "მონიტორი" დაინტერესდა და ჟურნალისტური გამოძიება გააკეთა. ბმული კომენტარებშია.
პ.ს. საქმე სააპელაციო სასამართლოშია. სხდომა 18 სექტემბრისათვის გადაიდო, რადგან პროკურორი წინა ორ სხდომაზე არ გამოცხადდა, მესამეზე მოვიდა და მისი სიტყვის დრო რომ დადგა, მეჩქარებაო და წავიდა."
კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.