USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
"შვედეთი, რომელიც სიკვდილს ჭადრაკს ეთამაშება"
Date:  2728

ქართველი ჟურნალისტი, დავით კიკალიშვილი, რომელიც ამჟამად შვედეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სოციალური ქსელით ეხმაურება. გთავაზობთ მის პოსტს.

"დღეს შვედეთის პრემიერმინისტრი სტეფან ლოვენი და მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი სიკვდილს, რეალობაში, ჭადრაკს ეთამაშებიან და არავინ იცის ვინ გამოვა გამარჯვებული. შვედეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყნაა, რომელმაც კარანტინის მკაცრ რეჟიმზე უარი თქვა. სტრატეგია: ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავება, რისკჯგუფების იზოლაცია და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.(შესაძლოა ამ სტრიქონების წაკითხვისას ვითარება შეიცვალოს)
ამ თამაშში, რომელშიც საზოგადოების ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება მთავარი მიზანია, ბრიტანეთი დამარცხდა, ბორის ჯონსონი რეანიმაციაში კოვიდ19-ს ებრძვის. შეერთებულ შტატებში, ეკონომიკურად მსოფლიო ლიდერი, ნიუ-ორკი თითქმის უბედურების ზონად გამოცხადდა და შესაძლოა ამ პანდემიამ, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური კარიერა გადაიყოლოს.

შვედეთზე კლიშეები: მეფე, სოციალიზმი, ვიკინგები, იკეა, კარლსონი, Volvo, ხოკეი, H&M-ი, Ericsson-ი, ნობელი, ABBA, LEGO და ტუნბერგი.

შვედეთის ყველა, უშუალო მეზობლებმა და ევროკავშირის უმრავლესმა წევრმა სახელმწიფოებმა ხისტი საკარანტინო ზომები მიიღეს, მიუხედავად ამისა ქვეყანამ ღიად დატოვა საზღვრები, საჰაერო და საზღვაო პორტები, როგორც საწარმოები, რესტორნები, ბაღები და სკოლები.
კორონა ვირუსით პირველი დაავადებული შვედეთში 16 თებერვალს დაფიქსირდა, დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა მარტის დასაწყისიდან საგრძნობლად იმატა. ქვეყნის პრემიერმა, სტეფან ლოვენმა კი თავისი პოლიტიკა ასე ახსნა: ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. არ არის საჭირო ჭორებს აყოლა და პანიკა. არავინ დარჩება ყურადღების მიღმა, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობა. ამ სტრატეგიის სულისჩამდგმელმა, შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ანდერს ტეგნელმა კი განაცხადა: ჩვენ ვერ დავანგრევთ, დრაკონული მეთოდებით, საზოგადო ცხოვრებას. პრობლემას წერტილოვანი დარტყმებით უნდა ვებრძოლოთ.
საგანგებო ზომები თანდათანობით უნდა შემოვიღოთ, რომ საზოგადოება ამას გაგებით მოეკიდოს და მოქალაქეების ფსიქიკაზე ეს ნაკლებად აისახოს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, დაავადების გავრცელების პიკზე, ხისტი ნაბიჯები გადავდგათ და ამ დროს არ გვჭირდება კარანტინით გათანგული მოსახლეობა, რომელსაც ერთი სული ექნება, რომ გარეთ გამოიქცეს, აცხადებენ შვედეთის საზოგადო ჯანდაცვის სამსახურში.
მთავრობამ მხოლოდ რეკომენდაციები გასცა სოციალურ დისტანცირებასა და რისკჯგუფების იზოლაციაზე. დახურა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლები და 50ადამიანზე მეტი შეკრებები აკრძალა. დღეისათვის, შვედეთში, ბევრი დისტანციურად მუშაობაზე გადავიდა. 20%ით შემცირდა ქალაქებში მოსიარულეთა რიცხვი და 50%ით საზოგადო ტრანსპორტით სარგებლობა. ბევრი კინოთეატრი, თეატრი და კურორტი თავისი ინიციატივით დაიხურა. გაუქმდა მასობრივი ღინისძიებები. რესტორნებმა და კაფეებმა შეამცირეს მაგიდების რაოდენობა. ხალხი ნაკლებად მოგზაურობს ქვეყნის შოგნით. სხვათაშორის სამედიცინო დიპლომის მქონე პოლიტიკოსები საავადმყოფოებსა და კლინიკებში წავიდნენ სამუშაოდ. შვედურმა საზოგადოებამ შესაშური დისციპლინა და თვითშეგნება გამოავლინა.
მაგრამ გაამართლებს თუ არა ამ საჭადრაკო პარტიის ასეთი სტრატეგია?
ჯერ-ჯერობით ავადმყოფებს გართულებების გარეშე სახლში მკურნალობას ურჩევენ. ქვეყანამ მასობრივ ტესტირებაზე უარი თქვა. ახლა მთავარია სხვა მეთოდებით გავთვალოთ თუ რა დაწოლა იქნება სამედიცინო სექტორზე, ხოლო ტესტირება მძიმე ავადმყოფებს და რისკჯგუფებს ჩაუტაროთ, როგორიცაა მაგ. ექიმები და ქრონიკულად დაავადებულები, აცხადებენ შვედეთის ჯანდაცვის სისტემაში. ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგ ტეგნელს იმედი აქვს, რომ ამ პერიოდში საზოგადოება კოლექტიურ იმუნიტეტს გამოიმუშავებს და თუ გავრცელების პიკზე, მას აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში ელიან, სიკვდილიანობა კატასტროფული არ იქნება ქვეყანა გადალახავს ამ კრიზისს. ის დარწმუნებულია, სანამ ვაქცინა არ არსებობს კოლექტიური იმუნიტეტია გამოსავალი, მაგრამ არა თვითმიზანი.
შვედეთს ამ ვითარებაში გარკვეული შეღავათები აქვს. 10 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა, ტერიტორიის სიდიდით მე-5 ეა ევროპაში და მაცხოვრებელთა სიმჭიდროვე ნაკლებია, ვიდრე იგივე ნიუ-ორკის შტატში. საოჯახო მეურნეობების 50% ერთი ან ორი ადამიანისაგან შედგება განსხვავებით იგივე იტალია-ესპანეთისაგან სადაც უფრო დიდი ოჯახებია ხანშიშესული წევრებით. ევროპაში, შვედეთი ლიდერია ცალკე ბინებისა თუ სახლების რაოდენობით და მოშორებულია პანდემიის გავრცელების კერებს. სხვა ქვეყნების მიერ შემოღებულმა კარანტინმა შეანელა ვირუსის გავრცელება და ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა მკურნალობის მეთოდები. მაგრამ
შვედეთში სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ სკანდინავიურ ქვეყნებში? ბევრი კითხვა გაჩნდა სტატისტიკის სიზუსტესა და დროულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. საპირწონედ ცხადდება, რომ გარდუვალი მსხვერპლი მაინც იქნება და აქ კრიტიკულია არა დრო არამედ ეყოფა თუ არა შვედეთს არსებული სამედიცინო რესურსები? ხელისუფლებამ უკვე დაიწყო საველე ჰოსპიტლების გამართვა, მაგრამ შვედურ საზოგადოებაში არ მალავენ შეშფოთებას არსებული პოლიტიკის მიმართ. ასე გაზეთი ექსპრესსენი წერს: როდესაც 10წლის წინ მოიხსნა სააფთიაქო მონოპოლია, გაუქმდა სახელმწიფოს მიერ წამლებით უზრუნველყოფის ვალდებულება. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ძალზე დეცენტრალიზებულია და ახლა, სასწრაფო რეჟიმში, გვიხდება სახელმწიფოს მიერ მარაგების შევსება. გამოცემა აფტონბლადეტი ამატებს: ჩვენ პრობლემას ვერ გავართვით თავი. რეანიმაციის ადგილები ისედაც ნაკლები იყო შვედეთში, სამხედრო ჰოსპიტლები კი შთამბეჭდავია, მაგრამ მხოლოდ ორია და თუ მოვლენები ცუდი სცენარით განვითარდა, არ გვეყოფა არც სასუნთქი აპარატები, არც მედიკამენტები და არც მომზადებული პერსონალი. ყველას დაგვაგვიანდა! როგორც მთავრობას ისე საზოგადოებას, რომ ამ საკითხის გარშემო დისკუსია წამოგვეწყო.
ორიათასმა შვედმა მეცნიერმა ღია წერილი გაავრცელა შეზღუდვების გამკაცრებისა და დიდი ქალაქების ჩაკეტვის მოთხოვნით.

დღეს, როდესაც ჩინეთმა გამოაცხადა, რომ დაამარცხა ეპიდემია და ეკონომიკა თავიდან ამოქოქა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში გაჩნდა ცთუნება შეარბილონ საკარანტინო რეჟიმი. ავსტრიაში, რომლის მთავრობამ განაცხადა, რომ აპრილის ბოლოდან, იმის დათქმით თუ ვითარება არ გამწვავდა, ზოგიერთ შეზღუდვას მოხსნის, მხოლოდ სავაჭრო ქსელმა ერთ თვეში სამი მილიარდი ევროს ზარალი ნახა, ციფრები ბევრად, ბევრად დიდია გერმანიაში, ბრიტანეთსა თუ საფრანგეთში. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ევროპული ეკონომიკა, 2021 წლის პირველ ნახევარში თუ დაუბრუნდება სამი თვის წინანდელ მაჩვენებლებს.
შვედეთს ახლა ევროპაში და ალბათ მთელ მსოფლიოში ლაკმუსის ქაღალდივით დაჰყურებენ.

როგორ დამთავრდება სიკვდილთან ჭადრაკის ეს პარტია?"

დავით კიკალიშვილი.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way