USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
შენი ონლაინ მრჩეველი - რა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მომხმარებელს სურსათის შესახებ?
Date:  685

მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში. 

დღეისათვის სურსათის თავისუფალი მიმოქცევა შიდა ბაზრის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს და  არსებით გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, მათ სოციალურ, ეთიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე. მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისათვის კი აუცილებელია მათი სათანადო ინფორმირებულობა მოხმარებულ სურსათთან დაკავშირებით.  სურსათის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მომხმარებელს სწორი არჩევანის საშუალებას აძლევს, ბიზნესოპერატორისათვის კი ეს  სოციალური მარკეტინგის საშუალებაა, რითაც იგი გავლენას ახდენს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა იყოს უტყუარი, სრული, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანისაგან, ასევე დაუშვებელია სურსათის იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა, მათ შორის განთავსება, რომელმაც შესაძლებელია მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს სურსათის ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან, თვისებებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით.

რა განსხვავება სურსათის ეტიკეტირებასა და სურსათის შესახებ ინფორმაციას შორის?

სურსათის ეტიკეტი ეს არის სურსათის შეფუთვაზე ან ტარაზე (კონტეინერზე) ან თანდართულ დოკუმენტში წერილობითი, ბეჭდური, შაბლონის, აღნიშნული ან ამოტვიფრული სახით განთავსებული იარლიყი, თანდართული ან მიმაგრებული ნებისმიერი იარლიყი (ბირკა), სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), სავაჭრო ნიშანი (მარკა), გრაფიკული ან სხვა აღწერილობითი გამოსახულება.

სურსათის შესახებ ინფორმაცია - ეს არის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საბოლოო მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს როგორც ეტიკეტის, ისე სხვა თანმხლები მასალის, ასევე ნებისმიერი სხვა საშუალების, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ან ვერბალური კომუნიკაციის საშუალებით.

ამდენად, ეტიკეტისაგან განსხვავებით, სურსათის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო ცნებაა და იგი მომხმარებელს წარედგინება როგორც ეტიკეტის, ისე რეკლამის, განთავსების ადგილის(მეთოდის), შესაფუთი მასალის, ინტერნეტის, მორბენალი სტრიქონის, საინფორმაციო ბანერის, ბუკლეტის, ლიფლეტის, ვერბალური კომუნიკაციის ან სხვა საშუალებით .

გახსოვდეთ! სურსათის შესახებ ინფორმაცია თან უნდა ახლდეს ნებისმიერ სურსათს, რომელიც მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს

გახსოვდეთ! სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია, რომელიც უნდა წარედგინოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სურსათის შეძენისას, სურსათის შეძენის ადგილზე, სურსათის შეძენამდე (სურსათის დისტანციურად შეძენის დროს).

რა სავალდებულო მონაცემებს უნდა მოიცავდეს სურსათის შესახებ ინფორმაცია?

ეს მონაცამებია: 1. სურსათის დასახელება; 2. ინგრედიენტების ჩამონათვალი; 3. ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები ; 4. გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობა (გარკვეულ შემთხვევებში); 5. სურსათის ნეტო (სუფთა) წონა; 6. ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის ან „გამოიყენება ...მდე“ თარიღი; 7. შენახვის ან გამოყენების ნებისმიერი განსაკუთრებული პირობები; 8. პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი; 9. სურსათის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი; 10. სურსათის გამოყენების ინსტრუქცია, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება; 11. სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაცია სასმელისათვის, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს; 12. ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, გარდა გამონაკლისებისა; 13. დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი.

გახსოვდეთ! სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც უნდა წარედგინოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სურსათის შეძენისას, სურსათის შეძენის ადგილზე, სურსათის შეძენამდე (სურსათის დისტანციურად შეძენის დროს).

რა ენაზე უნდა იქნეს მიწოდებული სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია? სურსათის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. თუმცა, ასევე დასაშვებია ქართულ ენასთან ერთად ინფორმაცია წარდგენილი იქნეს რამოდენიმე ენაზე, მათ შორის ევროკავშირის ოფიციალური ენებიდან ერთ-ერთ ენაზე, ან სხვა ენაზე.

გახსოვდეთ! სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სიტყვებისა და ციფრების საშუალებით. შესაძლებელია მათი გამოსახვა დამატებით პიქტოგრამების ან სიმბოლოების სახით.

რა დამატებით ინფორმაციის განთავსებაა სავალდებულო ეტიკეტზე?

გარდა ზემოაღნიშნული სავალდებულო მონაცემებისა, გარკვეული კატეგორიის სურსათისათვის სავალდებულოა დამატებითი ინფორმაციის განთავსებაც. კერძოდ, გატარებული ხორცისათვის, გარდა ზემოაღნიშნულისა, მითითებული უნდა იქნეს: „ცხიმის შემცველობა არაუმეტეს....“ და ასევე „კოლაგენისა და ხორცის ცილის თანაფარდობა არაუმეტეს......“; ამ სიტყვების მითითება სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების მითითებასთან ერთად; „შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით“ - ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იქნეს სურსათის ეტიკეტზე, თუ სურსათის ვარგისიანობის მინიმალური ვადა გაზრდილია შეფუთვისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აირების გამოყენებით; „შეიცავს ასპარტამს (ფენილალანინის წყაროს)“ - ასეთი წარწერა მოცემული უნდა იქნეს ეტიკეტზე იმ შემთხვევაში, როდესაც ასპარტამი/ასპარტამ-აცესულფამის მარილი მითითებულია ინგრედიენტების ჩამონათვალში, მხოლოდ „E” ლიტერით („E 951 “, „E 962 “); „შეიცავს ფენილალანინის წყაროს“ - ასეთი წარწერა მოცემული უნდა იქნეს ეტიკეტზე იმ შემთხვევაში, როდესაც ასპარტამი/ასპარტამ-აცესულფამის მარილი მითითებულია ინგრედიენტების ჩამონათვალში სპეციალური დასახელებით; „დამატკბობელი ასპარტამი“ ან „დამატკბობელი ასპარტამ-აცესულფამის მარილი“; „ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეული ეფექტი“ - ეს ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს იმ შემთხვევაში, თუ სურსათი შეიცავს 10 %-ზე მეტი რაოდენობით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პოლიოლებს7 . ეს პოლიოლებია: E 420 - სორბიტოლი, E 421 - მანიტოლი, E 953 - იზომალტი, E 965 - მალტიტოლები, E 966 - ლაქტიტოლი, E 967 - ქსილიტოლი, E 968 - ერითრიტოლი;

გახსოვდეთ! საკვებდანამატების და საკვები ფერმენტების მითითება ინგრედიენტების ჩამონათვალში არ არის სავალდებულო თუ :

  • თუ მათი არსებობა სურსათში გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სურსათის ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტი შეიცავდა მათ როგორც გადამტანს (მატარებელს) და მზა სურსათში ისინი არანაირ ტექნოლოგიურ ფუნქციას არ ასრულებენ
  • მათი გამოყენება ხდება დამხმარე ტექნოლოგიური დანამატის სახით;

რა შემთხვევაში არ არის სავალდებულო სურსათისათვის ინგრედიენტების ჩამონათვალის მითითება?

ზოგიერთი კატეგორიის სურსათისათვის ინგრედიენტების ჩამონათვალი არ არის სავალდებულო. კერძოდ:

  • ახალი ხილი და ბოსტნეული, მათ შორის კარტოფილი, რომელიც არ არის გაფცქვნილი, დაჭრილი ან მსგავსად გადამუშავებული;
  • გაზირებული წყალი, თუ მის სახელწოდებაში მითითებულია, რომ იგი გაჯერებულია ნახშირორჟანგით;
  • ძმარი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ერთი ძირითადი პროდუქტის ფერმენტაციით და არ არის გამოყენებული არცერთი სხვა ინგრედიენტი;
  • ყველი, კარაქი, ფერმენტირებული რძე (რძემჟავა პროდუქტი) და ნაღები, რომელსაც არ აქვს დამატებული არცერთი ინგრედიენტი, გარდა რძის კომპონენტებისა, საკვები ფერმენტებისა და შესაბამისი მიკროორგანიზმებისა, რომელიც აუცილებელია მათი წარმოებისათვის, ხოლო ყველის შემთხვევაში, გარდა მოუმწიფებელი და მდნარი ყველისა (გადამუშავებული ყველისა), მარილი, რომელიც გამოიყენება მათ დასამზადებლად;
  • სურსათი, რომელიც შედგება მხოლოდ ერთი ინგრედიენტისაგან, იმ შემთხვევაში თუ სურსათის დასახელება ინგრედიენტის დასახელების იდენტურია ან სურსათის დასახელება შესაძლებლობას იძლევა გარკვევით განისაზღვროს ინგრედიენტი

მცირე ზომის შეფუთვაში (რომლის არც ერთი ზედაპირის ფართობი არ აღემატება 10 სმ2 ) მოთავსებულ სურსათის შეფუთვაზე ან ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალის შესახებ ინფორმაცია, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი სხვა საშუალებით, თუნდაც არა ეტიკეტით ;

  • სასმელებისათვის, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს;
  • მრავალჯერადი(განმეორებითი) გამოყენების მინის ბოთლებისათვის, რომლებზეც შეუძლებელია ინფორმაციის წაშლა და, შესაბამისად, არ აქვთ ეტიკეტი, რგოლი ან საყელო;

გახსოვდეთ! ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებების ან პროდუქტების მითითება ინგრედიენტების ჩამონათვალში აუცილებელი და სავალდებულოა, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობით არის იგი წარმოდგენილი სურსათში. მათი მითითება უნდა მოხდეს შესაბამისი დასახელებით, რათა ადვილად მოხდეს იდენტიფიცირება.

თუ სურსათის დაფასოება ხდება რეალიზაციის ადგილებში, მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე ან დაუყოვნებლივ გაყიდვის მიზნით, სავალდებულოა ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ! (ნებისმიერი ფორმით)

სურსათის უვნებლობის სფეროში ქვეყანაში სახელმწიფო კონტროლს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს

მომხმარებელთა ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის შესაბამისად, ყოველწლიურად ახორციელებს სამომხმარებლო ბაზრის, მათ შორის, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკების, მარკეტების, ცხოველთა სასაკლაოების, საცხობების, აგრარული ბაზრების და ა.შ. შემოწმებას.

მეტი გაინტერსებთ?

ეწვიეთ www.nfa.gov.ge-ს და www.momxmarebeli.ge-ს

იცოდე რას ჭამ! 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way