საქართველოს სახელმწიფო კომპანიის სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე რუსულ „ინტერ რაოსთან“ ერთად ფლობს კომპანიას, რომელიც რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში და ტრანზიტშია ჩართული.
ამასთან ერთად, იკვეთება სავარაუდო კორუფციაზე მიმანიშნებელი რამდენიმე გარემოება:
შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა
2019 წლის 2 მაისს ესკო-ს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ინტერ რაო საქართველოს“ რეგისტრაციის მოთხოვნაზე განაცხადი შეიტანა. შპს „ინტერ რაო საქართველო“ სამეწარმეო რეესტრში 21 მაისს დარეგისტრირდა და მის დირექტორად ვახტანგ ამბოკაძე დაინიშნა. ესკო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობა ვახტანგ ამბოკაძემ ახალი კომპანიის რეგისტრაციამდე ერთი დღით ადრე, 20 მაისს დატოვა.
22 მაისს კი „ინტერ რაო საქართველო“ ესკო-მ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა, როგორც ექსპორტიორი, იმპორტიორი და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
ვახტანგ ამბოკაძის „ინტერ რაო საქართველოს“ დირექტორად დანიშვნის შემთხვევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2019 წლის სტატიაშიც იყო მოყვანილი, როგორც ე.წ. „მბრუნავი კარის“ შემთხვევა. „მბრუნავი კარი“ საჯარო და კერძო სექტორებს შორის სამსახურებრივ გადაადგილებას ნიშნავს და ინტერესთა კონფლიქტს და კორუფციის რისკებს შეიძლება შეიცავდეს.
შპს „ინტერ რაო საქართველო“ - რუსეთის და საქართველოს მოქალაქეების საერთო ბიზნესი
რეგისტრაციის დღიდან უწყვეტად შპს „ინტერ რაო საქართველოს“ 50.01%-ს ანუ უმეტეს წილს ნიდერლანდებში რეგისტრირებული „სილქ როუდ ჰოლდინგს ბი. ვი.“ ფლობს, რომელიც რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა. კერძოდ, მისი ძირითადი წილის მფლობელი სს „როსნეფტგაზი“ (26.37%) და სს „ინტერ რაო კაპიტალი“ (28.89%) არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარი რუსეთის მთავრობაა.
რეგისტრაციის დღიდან 2020 წლის 8 ივლისამდე „ინტერ რაო საქართველოს“ 49.99%-ს ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „ეი ვი ჯი ჰოლდინგი“ ფლობდა, რომლის საბოლოო ბენეფიციარი რუსეთში დაბადებული, ბელგიის მოქალაქე ედვარდ სურლევიჩია. 2020 წლის ივლისიდან აღნიშნული 49.99% წილის მფლობელი „ეი ვი ჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია შპს „ეი ვი ჯი ჯორჯია“ გახდა. შვილობილი კომპანიისთვის წილის გადაცემასთან ერთად „ეი ვი ჯი ჰოლდინგის“ მინდობილი პირი რატი ღვამბერია გახდა, რატი ღვამბერიას დამ - ხატია ღვამბერიამ კი შპს „ეი ვი ჯი ჯორჯიას“ დირექტორის თანამდებობა დაიკავა. თავის მხრივ, რატი ღვამბერია საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრთან და ამჟამად მეწარმე ივანე ჩხარტიშვილთან დაკავშირებული პირი და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული რამდენიმე კომპანიის დირექტორია.
2022 წლის 13 ივნისს შპს „ეი ვი ჯი ჯორჯიას“ 100% წილი ვახტანგ ამბოკაძის კომპანიამ, შპს „ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგმა“ იყიდა 100,000 დოლარად. მესაკუთრის ცვლილებასთან ერთად „ეი ვი ჯი ჯორჯიას“ სახელიც შეეცვალა და ახლა შპს „ლუქს ენერჯი ჰოლდინგი“ ჰქვია.
28 ივნისიდან შპს „ინტერ რაო საქართველოსაც“ გადაერქვა სახელი და შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგი“ გახდა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად შემდეგი საბოლოო სურათი გვაქვს: „ლუქს ენერჯი ტრეიდინგის“ (ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“) 49.99%-ს შპს „ლუქს ენერჯი ჰოლდინგი“ ფლობს, რომლის საბოლოო ბენეფიციარი ვახტანგ ამბოკაძეა, ხოლო 50.01%-ს ისევ რუსული მხარე ფლობს.
შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგის“ (ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“) მმართველობითი ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომელიც 5 წევრისგან შედგება, ესენია: ვახტანგ ამბოკაძე, ალექსანდრე აბაშიძე, ალექსანდრა პანინა (რუსეთის მოქალაქე), ანნა კაშუბა (რუსეთის მოქალაქე) და ანატოლი მარკოვი (რუსეთის მოქალაქე). რუსეთის მოქალაქეები „ინტერ რაოს“ წარმომადგენლები არიან.
რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ სეჩინი, საბჭოს წევრები დიმიტრი შუგაევი, ანატოლი გავრილენკო და მმართველი ბორის კოვალჩუკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებულები არიან. ბორის კოვალჩუკი ოლიგარქ იური კოვალჩუკის შვილია, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრია.
შპს „ინტერ რაო საქართველოს“ შემოსავალი და მასზე ნორმატიული აქტის მორგების სავარაუდო შემთხვევა
შპს „ინტერ რაო საქართველოს“ 2019-2021 წლების ფინანსური ანგარიშგებებიდან ჩანს, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ მოგების მიღება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დადგენილებაში განხორციელებულმა ცვლილებამ განაპირობა.
შპს „ინტერ რაო საქართველოს“ 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს კომპანიამ რუსეთიდან 65.3 მლნ ლარის ელექტროენერგია შემოიტანა. ამ წელს მას მხოლოდ ერთი კლიენტი - სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“ (ესკო) ჰყავდა. „ინტერ რაო საქართველომ“ 2019 წელი 591 ათასი ლარის ზარალით დაასრულა. 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაორმაგდა, მაგრამ შპს „ინტერ რაო საქართველო“ იმპორტირებულ ელექტროენერგიას ფასნამატის გარეშე ყიდდა (მოქმედი კანონმდებლობის გამო). 2019 წლის ზარალით დასრულება სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა.
2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 38.2 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ – 4.4 მლნ ლარი. 2020 წელსაც „ინტერ რაო საქართველოს“ ისევ მხოლოდ ერთი კლიენტი - ესკო ჰყავდა. 2020 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი (ოკუპირებულ აფხაზეთში გადადინებული ელექტროენერგიის გამოკლებით) 37%-ით შემცირდა, რაც პანდემიამ განაპირობა.
2020 წლის 28 იანვრიდან სემეკის „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ N33 დადგენილებიდან ამოღებულ იქნა მე-6 მუხლი, რომელიც იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის წესს განსაზღვრავდა. „ინტერ რაო საქართველოს“ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშში ახსნილია, რომ 2019 წელს ელექტროენერგიის გადამყიდველ კომპანიებს არ ჰქონდათ მარჟის უფლება, ამიტომ სარეალიზაციო ფასი ელექტროენერგიის თვითღირებულებას უტოლდებოდა. 2020 წლის იანვარში სემეკის დადგენილებაში შესულმა ცვლილებამ კი „ინტერ რაო საქართველოს“ საშუალება მისცა, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი ფასნამატით დაეწესებინა. 2020 წელს „ინტერ რაო საქართველომ“ ესკო-ს ელექტროენერგია 17%-იანი ფასნამატით (სხვაობა ამონაგებსა და ელექტროენერგიის თვითღირებულებას შორის) მიაწოდა.
2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს კომპანიის შემოსავალმა 108 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 16 მლნ ლარი. 2020 წელთან შედარებით „ინტერ რაო საქართველოს“ შემოსავალი და მოგება 3-ჯერ გაიზარდა.
2021 წელს „ინტერ რაო საქართველომ“ რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის საქართველოში გაყიდვასთან ერთად, თურქეთში და სომხეთში ტრანზიტი დაიწყო. საქართველოში გაყიდული ელექტროენერგიიდან კომპანიამ 32.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 20.8 მლნ ესკომ გადაიხადა, ხოლო 11.3 მლნ სხვა იურიდიულმა პირებმა (პირდაპირმა მომხმარებლებმა). საქართველოში გაყიდულ ელექტროენერგიაში ფასნამატი 17% იყო. „ინტერ რაო საქართველომ“ თურქეთში 56.3 მლნ-ის, ხოლო სომხეთში 19.5 მლნ ლარის ელექტროენერგია გაყიდა, ფასნამატი 26% იყო.
2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი (ოკუპირებულ აფხაზეთში გადადინებული ელექტროენერგიის გამოკლებით) 46%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის თურქეთში და სომხეთში ტრანზიტი 42%-ით შემცირდა. ჯერ-ჯერობით გამოქვეყნებული არ არის შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგის“ (ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“) 2022 წლის ფინანსური ანგარიშგება და აქედან გამომდინარე, არ ვიცით, რა შემოსავალი მიიღო კომპანიამ ელექტროენერგიის იმპორტით და ტრანზიტით.
ელექტროენერგიის იმპორტში შუამავალი კომპანიის საჭიროების ბუნდოვანება
გაურკვეველია მიზეზი, თუ რა საჭირო იყო შუამავალი კომპანიის არსებობა ელექტროენერგიის იმპორტში, რომელიც ელექტროენერგიას რუსეთისგან ყიდულობს და ესკო-ს ფასნამატით აწვდის.
მიმდინარე წლის 20 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წერილით მიმართა სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“ (ესკო), რომ გაგვერკვია, რატომ გახდა აუცილებელი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავალი კომპანიის არსებობა, რა გზით მოხდა ამ კომპანიის შერჩევა და რამდენ წლიანი ხელშეკრულება არის გაფორმებული შუამავალ კომპანიასთან. ესკო-დან 30 იანვარს გამოგზავნილი წერილის თანახმად, ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში იმპორტიორად რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შექმნილ ყველა იურიდიულ პირს შეუძლია. შესაბამისად, იმპორტიორი, რომელი ქვეყნის შესაბამის სამართალსუბიექტთან დაამყარებს საქმიან ურთიერთობას და განახორციელებს ელექტროენერგიის იმპორტს, ესკო-ს თქმით, არ წარმოადგენს მის კომპეტენციას.
ესკო-მ ასევე გვაცნობა, რომ მიმდინარე წლის 30 იანვრის მდგომარეობით ესკო-ს შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგთან“ (ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“) ხელშეკრულება აღარ ჰქონდა გაფორმებული.
საინტერესოა, რომ 2022 წლის 8 აპრილს ესკო-მ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ სრულად ვახტანგ ამბოკაძის მფლობელობაში არსებული შპს „ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგი“ დაარეგისტრირა, როგორც ექსპორტიორი, იმპორტიორი და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.
შესაძლოა, 2022 წლის გაზაფხულიდან რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“ ნაცვლად შპს „ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგი“ ახორციელებს. აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, როდესაც კომპანიები წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს გამოაქვეყნებენ.
შუამავალი კომპანიით შემოაქვს საქართველოს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდანაც, სადაც ასევე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებია ჩართული და ასევე, პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რატომ გახდა საჭირო ელექტროენერგიის იმპორტში შუამავალი კომპანიის არსებობა. ამ თემაზე სიუჟეტი „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა 2022 წელს.