USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო: ელექტროენერგიის იმპორტში ჩართული კომპანიის რუსული კავშირები და კორუფციის რისკები
Date:  246

საქართველოს სახელმწიფო კომპანიის სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ამბოკაძე რუსულ „ინტერ რაოსთან“ ერთად ფლობს კომპანიას, რომელიც რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში და ტრანზიტშია ჩართული.

ამასთან ერთად, იკვეთება სავარაუდო კორუფციაზე მიმანიშნებელი რამდენიმე გარემოება:

  • ვახტანგ ამბოკაძე ესკო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვებიდან ერთ დღეში „ინტერ რაო საქართველოს“ დირექტორი გახდა, რომლის ერთადერთი კლიენტი 2019-2020 წლებში ესკო იყო;
  • 2020 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში განხორციელებულმა ცვლილებამ ვახტანგ ამბოკაძის კომპანიის მომგებიანობის ზრდას შეუწყო ხელი;
  • გაურკვეველია მიზეზი, თუ რა საჭირო იყო შუამავალი კომპანიის არსებობა ელექტროენერგიის იმპორტში, რომელიც რუსეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიას ესკო-ს ფასნამატით აწვდის.

შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა

2019 წლის 2 მაისს ესკო-ს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ინტერ რაო საქართველოს“ რეგისტრაციის მოთხოვნაზე განაცხადი შეიტანა. შპს „ინტერ რაო საქართველო“ სამეწარმეო რეესტრში 21 მაისს  დარეგისტრირდა და მის დირექტორად ვახტანგ ამბოკაძე დაინიშნა. ესკო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობა ვახტანგ ამბოკაძემ ახალი კომპანიის რეგისტრაციამდე ერთი დღით ადრე, 20 მაისს დატოვა.

22 მაისს კი „ინტერ რაო საქართველო“ ესკო-მ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა, როგორც ექსპორტიორიიმპორტიორი და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

ვახტანგ ამბოკაძის „ინტერ რაო საქართველოს“ დირექტორად დანიშვნის შემთხვევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2019 წლის სტატიაში იყო მოყვანილი, როგორც ე.წ. „მბრუნავი კარის“ შემთხვევა. „მბრუნავი კარი“ საჯარო და კერძო სექტორებს შორის სამსახურებრივ გადაადგილებას ნიშნავს და ინტერესთა კონფლიქტს და კორუფციის რისკებს შეიძლება შეიცავდეს.

შპს „ინტერ რაო საქართველო“ - რუსეთის და საქართველოს მოქალაქეების საერთო ბიზნესი

რეგისტრაციის დღიდან უწყვეტად შპს „ინტერ რაო საქართველოს“ 50.01%-ს ანუ უმეტეს წილს ნიდერლანდებში რეგისტრირებული „სილქ როუდ ჰოლდინგს ბი. ვი.“ ფლობს, რომელიც რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა. კერძოდ, მისი ძირითადი წილის მფლობელი სს „როსნეფტგაზი“ (26.37%) და სს „ინტერ რაო კაპიტალი“ (28.89%) არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარი რუსეთის მთავრობაა.

რეგისტრაციის დღიდან 2020 წლის 8 ივლისამდე „ინტერ რაო საქართველოს“ 49.99%-ს ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „ეი ვი ჯი ჰოლდინგი“ ფლობდა, რომლის საბოლოო ბენეფიციარი რუსეთში დაბადებული, ბელგიის მოქალაქე ედვარდ სურლევიჩია. 2020 წლის ივლისიდან აღნიშნული 49.99% წილის მფლობელი  „ეი ვი ჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია შპს „ეი ვი ჯი ჯორჯია“ გახდა. შვილობილი კომპანიისთვის წილის გადაცემასთან ერთად „ეი ვი ჯი ჰოლდინგის“ მინდობილი პირი რატი ღვამბერია გახდა, რატი ღვამბერიას დამ - ხატია ღვამბერიამ კი შპს „ეი ვი ჯი ჯორჯიას“  დირექტორის თანამდებობა დაიკავა. თავის მხრივ, რატი ღვამბერია საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრთან და ამჟამად მეწარმე ივანე ჩხარტიშვილთან დაკავშირებული პირი და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული რამდენიმე კომპანიის დირექტორია.

2022 წლის 13 ივნისს შპს „ეი ვი ჯი ჯორჯიას“ 100% წილი ვახტანგ ამბოკაძის კომპანიამ, შპს „ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგმა“ იყიდა 100,000 დოლარად. მესაკუთრის ცვლილებასთან ერთად „ეი ვი ჯი ჯორჯიას“ სახელიც შეეცვალა და ახლა შპს „ლუქს ენერჯი ჰოლდინგი“ ჰქვია.

28 ივნისიდან შპს „ინტერ რაო საქართველოსაც“ გადაერქვა სახელი და შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგი“ გახდა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად შემდეგი საბოლოო სურათი გვაქვს: „ლუქს ენერჯი ტრეიდინგის“ (ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“) 49.99%-ს შპს „ლუქს ენერჯი ჰოლდინგი“ ფლობს, რომლის საბოლოო ბენეფიციარი ვახტანგ ამბოკაძეა, ხოლო  50.01%-ს ისევ რუსული მხარე ფლობს.

შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგის“ (ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“) მმართველობითი ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომელიც 5 წევრისგან შედგება, ესენია: ვახტანგ ამბოკაძე, ალექსანდრე აბაშიძე, ალექსანდრა პანინა (რუსეთის მოქალაქე), ანნა კაშუბა (რუსეთის მოქალაქე) და ანატოლი მარკოვი (რუსეთის მოქალაქე). რუსეთის მოქალაქეები „ინტერ რაოს“ წარმომადგენლები არიან.

რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ სეჩინი, საბჭოს წევრები დიმიტრი შუგაევიანატოლი გავრილენკო და მმართველი ბორის კოვალჩუკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქცირებულები არიან. ბორის კოვალჩუკი ოლიგარქ იური კოვალჩუკის შვილია, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრია.

შპს „ინტერ რაო საქართველოს“ შემოსავალი და მასზე ნორმატიული აქტის მორგების სავარაუდო შემთხვევა

შპს „ინტერ რაო საქართველოს“ 2019-2021 წლების ფინანსური ანგარიშგებებიდან ჩანს, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ მოგების მიღება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დადგენილებაში განხორციელებულმა ცვლილებამ განაპირობა.

შპს „ინტერ რაო საქართველოს“ 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს კომპანიამ რუსეთიდან 65.3 მლნ ლარის ელექტროენერგია შემოიტანა. ამ წელს მას მხოლოდ ერთი კლიენტი - სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“ (ესკო) ჰყავდა. „ინტერ რაო საქართველომ“ 2019 წელი 591 ათასი ლარის ზარალით დაასრულა. 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაორმაგდა, მაგრამ შპს „ინტერ რაო საქართველო“ იმპორტირებულ ელექტროენერგიას ფასნამატის გარეშე ყიდდა (მოქმედი კანონმდებლობის გამო).  2019 წლის ზარალით დასრულება სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა.

2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა 38.2 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ – 4.4 მლნ ლარი. 2020 წელსაც „ინტერ რაო საქართველოს“ ისევ მხოლოდ ერთი კლიენტი - ესკო ჰყავდა. 2020 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი (ოკუპირებულ აფხაზეთში გადადინებული ელექტროენერგიის გამოკლებით) 37%-ით შემცირდა, რაც პანდემიამ განაპირობა.

2020 წლის 28 იანვრიდან სემეკის „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ N33 დადგენილებიდან ამოღებულ იქნა მე-6 მუხლი, რომელიც იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის წესს განსაზღვრავდა. „ინტერ რაო საქართველოს“ 2020 წლის ფინანსურ ანგარიშში ახსნილია, რომ 2019 წელს ელექტროენერგიის გადამყიდველ კომპანიებს არ ჰქონდათ მარჟის უფლება, ამიტომ სარეალიზაციო ფასი ელექტროენერგიის თვითღირებულებას უტოლდებოდა. 2020 წლის იანვარში სემეკის დადგენილებაში  შესულმა ცვლილებამ კი „ინტერ რაო საქართველოს“ საშუალება მისცა, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი ფასნამატით დაეწესებინა. 2020 წელს „ინტერ რაო საქართველომ“ ესკო-ს ელექტროენერგია 17%-იანი ფასნამატით (სხვაობა ამონაგებსა და ელექტროენერგიის თვითღირებულებას შორის) მიაწოდა.

2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს კომპანიის შემოსავალმა 108 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 16 მლნ ლარი. 2020 წელთან შედარებით „ინტერ რაო საქართველოს“  შემოსავალი და მოგება 3-ჯერ გაიზარდა.

2021 წელს „ინტერ რაო საქართველომ“ რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის საქართველოში გაყიდვასთან ერთად, თურქეთში და სომხეთში ტრანზიტი დაიწყო. საქართველოში გაყიდული ელექტროენერგიიდან კომპანიამ 32.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 20.8 მლნ ესკომ გადაიხადა, ხოლო 11.3 მლნ სხვა იურიდიულმა პირებმა (პირდაპირმა მომხმარებლებმა). საქართველოში გაყიდულ ელექტროენერგიაში ფასნამატი 17% იყო. „ინტერ რაო საქართველომ“ თურქეთში 56.3 მლნ-ის, ხოლო სომხეთში 19.5 მლნ ლარის ელექტროენერგია გაყიდა, ფასნამატი 26% იყო.

2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი (ოკუპირებულ აფხაზეთში გადადინებული ელექტროენერგიის გამოკლებით) 46%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის თურქეთში და სომხეთში ტრანზიტი 42%-ით შემცირდა. ჯერ-ჯერობით გამოქვეყნებული არ არის შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგის“ (ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“) 2022 წლის ფინანსური ანგარიშგება და აქედან გამომდინარე, არ ვიცით, რა შემოსავალი მიიღო კომპანიამ ელექტროენერგიის იმპორტით და ტრანზიტით.

ელექტროენერგიის იმპორტში შუამავალი კომპანიის საჭიროების ბუნდოვანება

გაურკვეველია მიზეზი, თუ რა საჭირო იყო შუამავალი კომპანიის არსებობა ელექტროენერგიის იმპორტში, რომელიც ელექტროენერგიას რუსეთისგან ყიდულობს და ესკო-ს ფასნამატით აწვდის.

მიმდინარე წლის 20 იანვარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წერილით მიმართა სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“ (ესკო), რომ გაგვერკვია, რატომ გახდა აუცილებელი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავალი კომპანიის არსებობა, რა გზით მოხდა ამ კომპანიის შერჩევა და რამდენ წლიანი ხელშეკრულება არის გაფორმებული შუამავალ კომპანიასთან. ესკო-დან 30 იანვარს გამოგზავნილი წერილის თანახმად, ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში იმპორტიორად რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შექმნილ ყველა იურიდიულ პირს შეუძლია. შესაბამისად, იმპორტიორი, რომელი ქვეყნის შესაბამის სამართალსუბიექტთან დაამყარებს საქმიან ურთიერთობას და განახორციელებს ელექტროენერგიის იმპორტს, ესკო-ს თქმით, არ წარმოადგენს  მის კომპეტენციას.

ესკო-მ ასევე გვაცნობა, რომ მიმდინარე წლის 30 იანვრის მდგომარეობით ესკო-ს შპს „ლუქს ენერჯი ტრეიდინგთან“ (ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“) ხელშეკრულება აღარ ჰქონდა გაფორმებული.

საინტერესოა, რომ 2022 წლის 8 აპრილს ესკო-მ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ სრულად ვახტანგ ამბოკაძის მფლობელობაში არსებული შპს „ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგი“ დაარეგისტრირა, როგორც ექსპორტიორიიმპორტიორი და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი.

შესაძლოა, 2022 წლის გაზაფხულიდან რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს ყოფილი „ინტერ რაო საქართველო“ ნაცვლად შპს „ბლექ სი ენერჯი ტრეიდინგი“ ახორციელებს. აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, როდესაც კომპანიები წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს გამოაქვეყნებენ.

შუამავალი კომპანიით შემოაქვს საქართველოს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდანაც, სადაც ასევე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებია ჩართული და ასევე, პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რატომ გახდა საჭირო ელექტროენერგიის იმპორტში შუამავალი კომპანიის არსებობა. ამ თემაზე სიუჟეტი „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა 2022 წელს.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way