USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Tbilisi
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
Date:  353

2023 წლის 17 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

- ყირიმის ქერჩის სამანქანო ხიდი ორივე მიმართულებით დაზიანებულია. ერთ-ერთ მონაკვეთზე სავარაუდოდ დაზიანდა ბურჯიც. შესაბამისად, ხიდი გამოეთიშა ფუნქციონირებას. როგორც ჩანს, ხიდის წინააღმდეგ ჯერ სატყუარად მიტანილ იქნა იერიში ჰაერიდან დრონების მეშვეობით, შემდეგ კი წყლიდან უპილოტოების მეშვეობით. რუსებს სპეციალურად გაწვრთნილი დელფინებიც კი ჰყავდათ ყირიმში ცალკეული მონაკვეთების დასაცავად, მაგრამ წყლის აპარატების წინააღმდეგ ისინიც უმწეონი გამოდგნენ.

ყირიმიდან გასასვლელად რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას. რუსები საბორნე მიმოსვლას იყენებენ. რუსების მეორე ნაწილი ხერსონისა და ზაპორიჟიას ოლქიდან ცდილობს გასვლას.

- ყირიმის ხიდის აფეთქების ფონზე რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა. ეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ გახდა დაგმობის მიზეზი. გამოდის, რომ უკრაინიდან ზღვით გასული ხორბალი, ქერი და სხვა მარცვლეული რუსული ხომალდების მხრიდან საფრთხის ქვეშ იქნებიან. ეს კი პირველ რიგში განვითარებად ქვეყნებზე აისახება. ამასთან, თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო მთავარი ლობისტი აღნიშნული შეთანხმების. შესაბამისად, მიუხედავად იმისა თუ რას იტყვიან საჯაროდ, თურქეთსა და რუსეთს შორის ნორმალიზებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო მყიფე საფუძველი იქნება.

- რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოვარდა კრასნოდარის ოლქში. აპარატი აზოვის ზღვაში ჩავარდა. განადგურებულ თვითმფრინავთან ერთად დაიღუპა პილოტიც.

- კვლავ ბევრი უკრაინული და რუსული წყარო საუბრობს კრემინა-სვატოვე-კუპიანსკის მონაკვეთზე დიდი რაოდენობით რუსული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზაციის შესახებ. ზოგადად, ამ თემაზე რამდენჯერმე უკვე დავწერეთ, მათ შორის ამ თვეში ორჯერ მაინც. რეალურად, რუსებს კრემინა-სვატოვეს მონაკვეთზე ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში მოუყარეს დიდი რაოდენობით ტექნიკას თავი, თუმცა ტყისპირა შეტაკებებში მათი ნაწილი დაკარგეს და უკუიქცნენ. მოგვიანებით, ივნისის ბოლოდან რუსებმა განაახლეს იერიში ლიმანის მიმართულებით და ზარიჩნესა და ტორსკეს მიმართულებით ახორციელებენ საარტილერიო დარტყმებს, ხოლო მინდვრებზე გარკვეული მონაკვეთის დაკავებაც შეძლეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - ზამთრიდან მოყოლებული ეს მონაკვეთი პერიოდულად აქტიურია, ხოლო კრემინას ტყეში სიტუაცია არც კი შეცვლილა. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის თავმოყრაზე საუბრისას, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მობილიზებულებისაგან შედგება. ეს არ ნიშნავს, რომ რუსები რაიმეს არ ცდიან, მაგრამ ბოლო ორი კვირის იერიშებზე დაკვირვებით ხელშესახები წინსვლა და რომელიმე მიმართულებით სიტუაციის დამძიმება არ არის წარმოდგენილი.

- ოკუპირებული დნესტრისპირეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და სეპარატისტული პარლამენტის წევრი ოლეგ ხორშანი საკუთარ კაბინეტში დანის განმეორებითი დარტყმით მოკლეს. საინტერესოა, რომ მას ბოლო დროის განმავლობაში საოკუპაციო-სეპარატისტულ მთავრობასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ რუსეთისადმი ლოიალობა არასდროს დაუკარგავს. შიდა გარჩევებს შეეწირა იგი თუ სხვა რაიმეს არაა ცნობილი, მაგრამ დნესტრისპირეთშიც სიტუაცია ირევა.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

 

world
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way