USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
რა ეშველება გაჭედილ ქუჩებს?!
თარიღი:  241

ღეს, თბილისში, A პუნქტიდან B პუნქტამდე მანქანით მისასვლელად, საშუალოდ 1 საათი გვჭირდება. ესეც, იმ შემთხვევაში, თუ ა და ბე პუნქტები ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული არაა და შეიძლება, ერთ უბანშიც კი იყოს. თუ ამას მანქანის გასაჩერებელი ადგილის ძებნაში დაკარგულ დროსაც დავუმატებთ, საათ-ნახევარზეც კი ავალთ.

საცობის გამომწვევ მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია - ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, მძღოლები, რომლებიც მოძრაობის წესებს არღვევენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა და ა.შ. თუმცა, ექსპერტების აზრით, პირველი და მთავარი მიზეზი თბილისის ქაოსური განაშენიანებაა.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ქალაქში მშენებლობის ნებართვების გააზრების გარეშე გაცემა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო და პრობლემის სათავეც სწორედ ესაა. ქალაქი, რომელიც მთებს შორისაა მოქცეული და, უმეტესად, ვიწრო ქუჩებია, დღეს ვერც ამდენ კორპუსს იტევს და, მით უმეტეს, ვერც ავტომობილებს.

„პირდაპირი კავშირია ურბანულ განაშენიანებასა და საცობებს შორის. ამის ნათელი მაგალითია ნინო ჟვანიას ქუჩა, სადაც ორმხრივად არის მრავალსართულიანი კორპუსები, გზის სიგანე 4-5 მეტრია, ორივე მხარეს პარკირებულია ავტომობილები; კორპუსებს არ აქვს საპარკინგე ადგილები. ამ კორპუსების მშენებლობის ნებართვები რის მიხედვითაა გაცემული, არავინ იცის. ამ ქუჩას რა უნდა ეშველოს? აქ კორპუსები საერთოდ არ უნდა აშენებულიყო,“ - განმარტავს დავით მესხიშვილი.

მისივე თქმით, საცობების განტვირთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა, ქაოსური განაშენიანების გამო, მივიღეთ ქუჩები, რომლებსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვეღარ უდგება. ამიტომაც დგას თითოეული კორპუსის წინ დაახლოებით იმდენი ავტომობილი, რამდენი ბინაცაა.

„რაც უკვე აშენდა და დატვირთულია, აღარაფერი ეშველება. ადრე, მშენებლობის ნებართვის გაცემისას სატრანსპორტო დასკვნა არ გაიცემოდა. ახლა გაიცემა, თუმცა ფაქტია, ეს საკმარისი არაა. ამიტომ, ეს პოლიტიკა კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს. არის შემთხვევები, როცა სამშენებლო კომპანიები აცხადებენ, რომ გათვალისწინებული აქვთ საპარკინგე ადგილი. შემდეგ კი ეს სივრცეები გადაკეთდება კომერციულ ფართებად, ზოგისთვის თონეა, ზოგისთვის მარანი ან მაღაზია, ავტომობილები კი ისევ ქუჩაში რჩება. ზოგადად, ავტომობილების კონცენტრირება კონკრეტულ უბანში შემთხვევით არ ხდება. იქ არის ხოლმე მიზიდულობის კერები - მრავალსართულიანი კორპუსები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, საკონცერტო დარბაზები, ან სავაჭრო ცენტრები. ამიტომ, ასეთი ობიექტების მშენებლობისას სატრანსპორტო დასკვნებს ძალიან ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. უკვე არსებული უბნებისთვის რთულია, რაიმე გამოსავალი მოვძებნოთ. ახლა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ აღარ გაჩნდეს ახალი ტერიტორია, რომელიც იქნება სპორტის სასახლის უკანა სივრცის, ან ნინო ჟვანიას ქუჩის მსგავსი,“ - ამბობს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე.

ექსპერტს ქალაქში არსებული სიტუაცია სრულად უიმედოდაც არ ესახება. მისი თქმით, საგრძნობლად უმჯობესდება ვითარება გზაჯვარედინების მოწესრიგებით და მაგალითად თამარაშვილის მიმდებარედ ბოლოს ჩატარებული სამუშაოები მოჰყავს.

„გზაჯვარედინები უნდა მოწესრიგდეს, მათ შორის, მცირე ესტაკადებითაც. ქალაქში ეს პრობლემა ბევრგანაა და უკვე ვნახეთ რამდენიმე სამუშაო, რომელმაც შედეგი გამოიღო და ჩაჭედილი საცობი აგვარიდა. მაგალითად, თამარაშვილზე ხდებოდა საშინელება. არც ახლაა დროსთან შეფარდებით ეს ადგილი გამტარუნარიანი, თუმცა ჩაჭედილი ნამდვილად აღარაა. მძღოლებმა უკვე იციან, როგორ შეიძლება გავიდნენ მარჯვნივ, მარცხნივ, წითელზე ჩერდებიან და ა.შ. კვანძების გახსნა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ცოტა სწრაფი ტემპი სასურველი იქნებოდა,“ - განმარტავს დავით მესხიშვილი.

ქალაქის პრობლემებზე საუბრისას, დავით მესხიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ გზების გამტარუნარიანობის, საცობებისა და საგზაო უსაფრთხოების პრობლემა მხოლოდ თბილისში არ დგას. ანალოგიური გამოწვევები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც, განსაკუთრებით მწვავედ კი ბათუმში შეინიშნება. ზღვისპირა ქალაქზე საუბრისას, დავით მესხიშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო:

„ბათუმი არის არათუ ანალოგიური პრობლემის, არამედ უარესი გამოწვევების წინაშე. ამ ქალაქის განაშენიანების პრობლემაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, ფაქტობრივად, ბათუმი აღარც ნიავდება. თუმცა, გარდა ამისა, სრულად მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა. ნიშნების უმეტესობაც კი არასწორად დგას. ბათუმში არის არაერთი შავი წერტილი, ანუ ადგილი, სადაც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება,“ - აცხადებს დავით მესხიშვილი ურბან მედიასთან საუბრისას.

ნათელია, რომ თბილისის პრობლემები სხვა დიდი ქალაქებისთვისაც გადამდებია, თუმცა, მოსახლეობის სიმრავლის გამო, მეტს საუბრობენ დედაქალაქების საცობებზე და საინფორმაციო სივრცეში იკარგება ბათუმის, ან, თუნდაც, ქუთაისის პრობლემები. არადა, ის, რაც თბილისში უკვე გამოუსწორებელ საკითხად იქცა, შესაძლოა, სხვა ქალაქებში თავიდან ავიცილოთ.

წყარო: Urban Media • ურბან მედია 

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.