USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
“ქართველი შინდლერი”
Date:  3014

სტივენ სპილბერგის გახმაურებულმა შავ-თეთრმა ფსიქოლოგიურმა დრამამ «შინდლერის სია», რომელმაც შვიდი ოსკარი დაიმსახურა, მსოფლიო ეკრანები მოიარა და საქართველოშიც «ჩამოაღწია». ამდენად, საქართველოში ბევრი რამ იციან ამ ფილმის შესახებ, ისიც იციან, რომ საუკეთესო ფილმად აღიარებული კინოშედევრი ცნობილი ავსტრალიელი მწერლის, თომას კენელის არანაკლებ გახმაურებული წიგნის, «შინდლერის კიდობნის» ეკრანიზაციაა. სიუჟეტი კი ნაწარმოებისა და ფილმისა ერთდროულად მძიმეცაა და გასაოცარიც, თუ როგორ შეძლო ერთმა გერმანელმა მეწარმემ დაღუპვისგან ეხსნა 1200-მდე ებრაელი ჰოლოკოსტის დროს მეორე მსოფლიო ომის წლებში. მაგრამ ბევრმა როდი იცის, რომ თურმე ქართველებსაც გვყოლია «ჩვენი შინდლერი». ამჯერად სწორედ ქართველი შინდლერის შესახებ მოგითხრობთ.

ქართულ-ებრაული ურთიერთობის ისტორია სათავეს ათასწლეულთა სიღრმიდან იღებს. მასში გამორჩეული ადგილი უკავია II მსოფლიო ომის პერიოდს. მაშინ, როცა ემიგრაციაში გახიზნული ქართველობა თავადაც განსაცდელში იმყოფებოდა, მისმა არაერთმა წარმომადგენელმა თავდადებული მოქმედებით დაღუპვას გადაარჩინა არა მხოლოდ ქართველი ებრაელები, არამედ ისინიც, ვინც წარმოშობით საქართველოდან არ ყოფილა.

II მსოფლიო ომის დაწყებას ქართული ემიგრაცია არაერთგვაროვნად შეხვდა. მისმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომელთა შორისაც ძირითადად სოციალ-დემოკრატები იყვნენ, გერმანიას უნდობლობა გამოუცხადა. თავიანთ მოკავშირედ კი დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს მიიჩნევდნენ.

ქართველ ემიგრანტთა რადიკალურად განწყობილი ნაწილი, რომელიც მოქმედებდა პრინციპით «ჩემი მტრის მტერი - ჩემი მეგობარია», მიიჩნევდა, რომ II მსოფლიო ომში გამარჯვებული გერმანია ისევე დაეხმარებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში, როგორც ეს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

იმ ქართველთა საქმიანობის შესახებ, რომლებიც ომში გერმანელთა მხარდამხარ იბრძოდნენ, აზრთა სხვადასხვაობა დღემდე არსებობს. მათ საქციელს ზოგნი მართებულად, ხოლო ზოგნი - გაუმართლებლად მიიჩნევენ.

უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გერმანიის ტყვეთა ბანაკებში თავმოყრილ ათეულ ათასობით ქართველ სამხედრო ტყვეთა (საბჭოთა კავშირის ყოფილ მოსამსახურეთა) ფიზიკურად გადარჩენა, რაც გერმანიის სამსახურში მდგარმა ქართველმა ემიგრანტებმა ამ ქვეყნის მესვეურთა დახმარებით მოახერხეს. ქართველ ემიგრანტთა შორის იყვნენ ისინიც, ვინც გერმანიის მესვეურთა ნდობით სარგებლობდნენ. მათ შორის პოლიტიკური გავლენითა და მაღალი ავტორიტეტით გამოირჩეოდნენ:

  1. აღმოსავლეთის (ანუ «ვანზეეს») სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი მიხეილ ახმეტელი. გერმანიაში საქართველოს ელჩის, ვლადიმერ (ლადო) ახმეტელის ძმისწული. სოვეტოლოგიის გერმანული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მეგობრობდა III რაიხის იდეოლოგ ალფრედ როზენბერგთან;
  2. «ევროპის კონტინენტური კვლევის ინსტიტუტის» დირექტორი, ფიზიკოსი და გეოპოლიტიკოსი, დოქტორი ალექსანდრე ნიკურაძე. მეგობრობდა როზენბერგსა და არნო შიკედანცთან, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება საქართველოს მომავალ გენერალ-გუბერნატორად ამზადებდა;
  3. მდიდარი ქართველი ექიმი გიორგი მაღალაშვილი. მისი მეუღლე მონიკა უიტი იყო უმდიდრესი მრეწველის ქალიშვილი;
  4. შალვა მაღლაკელიძე, თბილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი. II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაინიშნა გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო მრჩევლად, ხოლო 1944 წლის მაისში მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება. ახლო ურთიერთობა ჰქონდა გერმანიის სამხედრო მესვეურებთან, მათ შორის «აბვერის» (სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა) ხელმძღვანელ ადმირალ ფრიდრიხ ვილჰელმ კანარისთან.

გერმანელთა ნდობით ასევე სარგებლობდნენ ემიგრანტები: «აბვერისა» და «გესტაპოს» (საიდუმლო პოლიცია) თანამშრომელი მიხეილ კედია; გერმანული შეიარაღებული ძალების ოფიცრები: ფრიდონ წულუკიძე, დიმიტრი შალიკაშვილი, გივი გაბლიანი, მიხეილ ალშიბაია, მიხეილ ქავთარაძე; «კავკასიის საგანგებო შტაბის» თანამშრომელი ალექსანდრე ცომაია; საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ვლადიმერ ახმეტელი; ქართული ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ წერეთელი, კიტა ჩხენკელი (საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის ძმა), შალვა ამირეჯიბი და სხვები.

მიხეილ კედია იყო ვაჟი მექი კედიასი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ რაზმს ხელმძღვანელობდა.

თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მიხეილ კედიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ «ქართველი შინდლერი». საინტერესოა, როგორ ჩადგა იგი გერმანელთა დაზვერვისა და საიდუმლო პოლიციის რიგებში.

1940 წლის შემოდგომაზე, ოკუპირებულ პარიზში ჩავიდა გერმანიის მთავრობის საგანგებო წარმომადგენელი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ქართული ემიგრაციის საკითხის შესწავლა. მან გააუქმა პარიზში მოქმედი ქართული წარმომადგენლობა, ხოლო ოფისის მდივანი დააპატიმრა.

აუცილებელი გახდა სასწრაფოდ გამოენახათ ისეთი ვინმე, ვინც გერმანიის ხელისუფლების წინაშე შეძლებდა ქართული ემიგრაციის ინტერესთა დაცვას. იგი საფუძვლიანად უნდა ყოფილიყო გარკვეული არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, სრულყოფილად სცოდნოდა გერმანული ენა.

ეს ფრიად საპასუხისმგებლო მისია ქართულმა ემიგრაციამ დააკისრა მიხეილ კედიას. იგი დიდხანს ცხოვრობდა გერმანიაში, დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი. დაკისრებული ამოცანა მან პირნათლად შეასრულა. მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ყველასთან, ვინც ამა თუ იმ კუთხით უკავშირდებოდა საქართველოს და ქართული ემიგრაციის საკითხს. მის უახლოეს მეგობართა შორის იყვნენ: გერმანიის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში, გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი; როზენბერგის ხელმძღვანელობით მოქმედი აღმოსავლეთის სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გერჰარდ ფონ მენდე; SS-ის («დამცავი რაზმი» - გასამხედროებული ორგანიზაცია ნაცისტური პარტიის შემადგენლობაში) კავკასიური დეპარტამენტის უფროსი ერიხ ენგელჰაუპტი. საგულისხმოა, რომ სამივე მათგანი დაკავშირებული იყო 1944 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებასთან. აქედან პირველი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მესამეს რუსეთის ფრონტზე უკრეს თავი.

 მიხეილ ალშიბაია, მიხეილ კედია და გივი გაბლიანი გერმანელ ოფიცრებთან ერთად

ომის დაწყების შემდეგ ქართული ემიგრაციის ყველაზე მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენდა როგორც ქართველ სამხედრო ტყვეთა, ასევე ნაცისტთა კლანჭებში ჩავარდნილ ქართველ ებრაელთა გადარჩენა.

საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ებრაელებიც დააპატიმრეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე იოსებ ელიგულაშვილი, რომელიც ქართველ ემიგრანტთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ქართული ეროვნული საგანძურის ევაკუაციისა საფრანგეთში. მისი მოხერხებულობის წყალობით, 1922 წელს საქართველოს დევნილმა მთავრობამ ხელსაყრელ ფასში შეიძინა პარიზთან ახლოს, ლევილში მდებარე მამული და ორსართულიანი სახლი. ამ უძრავმა ქონებამ ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართულ ემიგრაციას.

1940 წელს, როდესაც საფრანგეთში შეჭრილ გერმანელ ოკუპანტთა შიშით, პარიზელთა ნაწილი ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, იოსებ ელიგულაშვილმა სოლიდური თანხა გაიღო, რათა ეშოვა ავტომანქანა საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას გადასარჩენად.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 1940 წლის 14 თებერვალს, პარიზში, საქართველოს დამფუძნებელი კრების ემიგრაციაში მყოფი დეპუტატების წინაშე ნოე ჟორდანიამ ოფიციალურად დაგმო ნაცისტური გერმანიის პოლიტიკა და მხარი დაუჭირა გერმანიასთან მებრძოლ დასავლეთის სახელმწიფოებს.

ქართველ ემიგრანტთა ჩარევითა და მიხეილ კედიას მოხერხებულობის წყალობით, გერმანელებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს იოსებ ელიგულაშვილი. ამის შემდეგ, იოსები მიხეილთან ერთად იბრძოდა ქართველ ებრაელთა გამოსახსნელად.

ებრაელთა გამოხსნას, ტიტანურ ენერგიასთან ერთად, უდიდესი გაბედულებაც სჭირდებოდა. ებრაელთა მფარველობაში მხილებულნი სასტიკად ისჯებოდნენ. ამის მიუხედავად, ქართველმა ემიგრანტებმა მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი და საკმაოდ შედეგიანადაც.

1941 წლის 10 მარტს პარიზის სამხედრო კომენდანტ დოქტორ შტენგერს გაეგზავნა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა მემორანდუმი. მასში აღნიშნული იყო, რომ ქართველი ებრაელები სემიტები კი არ არიან, არამედ ქალდეველები, რომლებმაც იუდაიზმი იწამეს და კავკასიაში დამკვიდრდნენ.

ეს იყო გერმანელთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელ გრაფ დე ბრინიონისადმი გაგზავნილი იოსებ ელიგულაშვილის მემორანდუმი, რომელიც შემდეგ გერმანიის ხელისუფლებას გადაეცა. მასში გატარებულია ამგვარი აზრი: ქართველი ებრაელები იმდენად მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული საქართველოსთან, რომ არასდროს მიუტოვებიათ იგი; ქართველებსა და ებრაელებს საერთო აქვთ ენა, ცხოვრების წესი, ეროვნული წეს-ჩვეულებანი, რის გამოც ისინი არიან ქართველი პატრიოტები, ნაციონალისტები და ვერაფრით ვერ გაიზიარებენ ვერც კომუნისტთა ინტერნაციონალისა და ვერც სიონისტურ მისწრაფებებს; ქართველი ებრაელობა არ გამოირჩევა რამე განსაკუთრებული ებრაული ნიშნებით; ისტორიას არ ახსოვს თუნდაც უმცირესი ანტაგონიზმი ქართველებსა და ებრაელებს შორის.

ხსენებული მემორანდუმი იოსებ ელიგულაშვილმა მეცნიერული არგუმენტებითაც შეამაგრა და აღნიშნა: 1. ქართველები არიან დოლიქოკეფალები (გრძელთავიანები), ებრაელები - ბრაქიკეფალები (მოკლეთავიანები). ვინაიდან ქართველი ებრაელებიც დოლიქოკეფალები არიან, ისინი ეთნიკურად არიან ქართველები და არა სემიტი ებრაელები; 2. ქართველი ებრაელები წარმოიშვნენ კავკასიაში გადასახლებულ ქალდეველთა იუდაიზაციის შედეგად; 3. თავის ქალის ფორმის გარდა, ქართველ ებრაელებს ქართველებთან აკავშირებთ: ცხვირის ინდექსი, ნიკაპის პროპორციები, საერთო ფიზიკური კონსტიტუცია.

აღსანიშნავია, რომ ეს არგუმენტაცია დასაბუთებულად მიიჩნიეს ნაცისტმა მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც ამაში დაბეჯითებით არწმუნებდნენ მათი ქართველი კოლეგებიც (ძირითადად მიხეილ კედია, გიორგი მაღალაშვილი და გივი გაბლიანი).

იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველი ებრაელები მხოლოდ სარწმუნოებით იყვნენ ებრაელები და არა ანთროპოლოგიურად, მათ ქართველი ემიგრანტები ერთხმად მოიხსენიებდნენ - «მოსეს რჯულის ქართველებად».

მი­ხე­ილ კე­დია (ცენ­ტრში) მე­უღ­ლეს­თან ვა­ლია ფა­ჩუ­ლი­ას­თან და მე­გო­ბარ­თან, კოტე კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად

ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, ნაცისტებმა გააუქმეს ქართველ ებრაელთა დეპორტაციის განკარგულება. ამის წყალობით, 70-მდე ქართველი ებრაელი პირდაპირ სიკვდილს გამოჰგლიჯეს ხელიდან. ამასთანავე, მიხეილ კედიას მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტებით სიკვდილს გადაარჩინეს არაქართული წარმოშობის (პოლონელი, რუსი, ფრანგი) ებრაელებიც. ამ კამპანიის შედეგად, დაახლოებით ათასზე მეტი ქართველი და ევროპელი იხსნეს, რამაც არნახულად აამაღლა ქართველ ემიგრანტთა ავტორიტეტი და მრავალი ახალი მეგობარი შესძინა მათ.

იოსებ ელიგულაშვილის ღვაწლს ასე აფასებდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის ყოფილი მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი: «იგი თვით ძველი და გამოცდილი ქართველი დიდმოხელეებისა და საქმის კაცების ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებდა... განსაკუთრებული განსაცდელი გადაიარა საფრანგეთის ოკუპაციის დროს, როცა ებრაელებს ებრაელობისათვის ოკუპანტები ასი ათასობით სპობდნენ. მთელი ქართველი ებრაელობა ამ დროს იოსებთან იყრიდა თავს და მისგან მოელოდა შველას: მისი ცოდნის, ენერგიისა და თავდადების იმედი ჰქონდათ. იოსებმა მოახერხა მთელი ქართული ემიგრაციის ერთსულოვნად დაინტერესება ქართველი ებრაელების გადარჩენით და მათი საკითხი საქართველოს ისტორიას დაუკავშირა. ამ საქმეში მან როგორც ქართველების, ისე უცხოელთა დახმარებაც მოიპოვა და რამდენიმე ასეული ქართველი ებრაელი დიდი ენერგიული მუშაობით სიკვდილს გადაარჩინა. ამ საქმემ დიდად ასწია მისი პრესტიჟი უცხოელ ებრაელთა თვალში და საქართველოსაც ახალი სიმპათიები შესძინა... იოსების ამ ბრწყინვალე საქმეს ვერ დაივიწყებს ვერც ქართველი ემიგრანტი ებრაელობა და ვერც საქართველოს ისტორია, რადგან ამ საქმით აღდგა უცხოელების თვალში საქართველოს ისტორიული ტრადიცია - ყველა ერისა და სარწმუნოების პატივისცემისა და დაცვის. თვითონ ასე აფასებდა ამას და ამბობდა ხოლმე: «ბევრი, ბევრი ქართველი დაგვეხმარა ჩვენ ამ საქმეში, ამას ვერ დავივიწყებთ; მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის ქართველი დაგვეხმარა, რომელსაც საქართველოს ისტორია ეწოდებაო!..»

ყოველივე ზემოთქმულში იოსებ ელიგულაშვილს აქტიური მხარდაჭერა და მფარველობა სწორედ მიხეილ კედიამ გაუწია.

ემიგრანტ ალექსანდრე ცომაიას შეფასებით: «მიხეილ კედიამ... გამოიჩინა ტაქტი, ინტელექტი, საღი აზროვნებისა და ადამიანის გაცნობისა და დამეგობრების შესანიშნავი უნარი. ბერლინში მან მოახერხა მჭიდრო კავშირის დამყარება ყველა იმ პერსონასთან და განყოფილებასთან, რომელიც რაიმეთი უკავშირდებოდა საქართველოს საკითხს... კედიამ ბევრის მიღწევა მოახერხა... როგორ ეპყრობოდნენ ნაცისტები ებრაელებს - ყველასათვის ცნობილია. და მაინც, არც ერთ ქართველ ებრაელს ისინი არ შეხებიან. მიხეილ კედიამ შეუძლებელს მიაღწია, - მან მოახერხა სპეციალური სტატუსის მოპოვება ქართველ ებრაელთათვის და ასე გადაარჩინა არა მარტო ასობით მათგანის სიცოცხლე, არამედ სხვა ებრაელებისაც, რომლებიც თავს ქართველებად აცხადებდნენ».

მიხეილ კედიას დაეკისრა კონტროლი ქართველი ებრაელებისათვის პირადობის მოწმობის გაცემაზე. ამისთვის მან შექმნა ქართველ ებრაელთა კომიტეტი, რომელსაც სათავეში იოსებ ელიგულაშვილი ჩაუყენა. სწორედ აღნიშნული კომიტეტისა და «ქართველი ემიგრანტების საქმეთა სამმართველოს» თანხმობის შემთხვევაში, კომიტეტის თანამშრომელი, ემიგრანტი ა. ქორქია გასცემდა დაინტერესებულ პირებზე «ეროვნების დამადასტურებელ მოწმობას». «გესტაპოსა» და ქართველებს შორის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხშირი შეხლა-შემოხლის მიუხედავად, ეროვნების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა მაინც ისე ხერხდებოდა, როგორც ეს მიხეილ კედიასა და მის გუნდს სურდა. ამით მათ უამრავი ქართველი ებრაელი იხსნეს რეპრესიებისგან.

საგულისხმოა, რომ საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ, ქართველთა თანადგომა ებრაელებმა სათანადოდ დააფასეს. საფრანგეთის ებრაელობამ, მთავარი რაბინის მეთაურობით, სასამართლო პროცესზე ერთხმად დაუჭირა მხარი მიხეილ კედიას და მოითხოვეს დაპატიმრებულ ა. ქორქიას გათავისუფლება. ისინი ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარებოდნენ მათ ოჯახებს, რაც არ შეწყვეტილა მიხეილ კედიას ოჯახის გერმანიიდან წასვლის შემდეგაც.

გერმანიის დამარცხების შემდეგ, მიხეილ კედია ჟენევაში გადასახლდა. 1946 წლის 3 მაისს მან ფიცის ქვეშ მისცა წერილობითი ჩვენება, რომელშიც ვკითხულობთ: «გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის განმავლობაში, მე შევძელი უამრავი ქართველი და სხვა ეროვნების ებრაელი მეხსნა ზოგიერთი გერმანელი ფუნქციონერის დასჯისაგან. ამის გამო, მე ვიღებდი მადლიერების წერილებს პარიზის მთავარი რაბის - ვაისისაგან, Association Culturelle Sepharadite de Paris-დან და Groupement Georgien de Confession Mosaique-ს პრეზიდენტისაგან. ტექსტები აქ არის დართული. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ამის გაკეთება შევძელი მხოლოდ სამი ჯენტლმენის შემწეობით საქართველოს კომიტეტიდან. ესენი არიან: გიორგი მაღალაშვილი, მიხეილ ალშიბაია და გივი გაბლიანი, რომლებსაც ამ საკითხზე ჩემნაირი შეხედულება ჰქონდათ და დახმარებაც გამიწიეს».

მიხეილ კედიას ზემოხსენებულ ჩვენებას თან ახლდა სათანადო დოკუმენტები, რომლებიც მის სიმართლეს ადასტურებდა.

1944 წლის 16 ოქტომბერს, პარიზის მთავარი რაბი იულიუს ვაისი მიხეილ კედიას წერდა: «ბატონ ელიგულაშვილისაგან შევიტყვეთ იმ დიდი სამსახურის შესახებ, რაც გაგიწევიათ ებრაული აღმსარებლობის მქონე თქვენი თანამემამულეებისათვის, დიდსულოვანი დახმარებით რასისტული კანონისაგან მათი გადარჩენით და მე ვუერთდები იმ მადლიერების გრძნობას, რასაც ისინი განიცდიან. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მადლობა და დიდი პატივისცემა მათი კეთილდღეობის უანგაროდ დაცვისათვის».

პარიზში მოქმედი ებრაული კულტურის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტ ი. მოსერის მიერ 1944 წლის 18 ოქტომბერს მიხეილ კედიასადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: «ჩვენ პატივი გვქონდა ღრმა მადლიერება გამოგვეხატა მინისტრ ევგენი გეგეჭკორისა და მისი მეგობრებისათვის, რადგან ისინი შთამბეჭდავად გამოესარჩლნენ ჩვენს თანამორწმუნეებს გერმანელ მაღალჩინოსანთა წინაშე. გვინდა გადმოგცეთ, რაოდენ გავიხარეთ, როცა შევიტყვეთ თქვენი მამაცური და გულითადი ქმედების შესახებ.

გმადლობთ გულითადობისა და სამართლიანობის გრძნობისათვის, რომელიც ასე უხვად გააჩნია კეთილშობილი ქართველი ერის ტრადიციებს. თქვენ არა მარტო გაილაშქრეთ თქვენი ებრაელი მოქალაქეების დასაცავად, რისთვისაც ჩვენც ვიბრძოდით ოთხი წლის განმავლობაში, არამედ უფრო მეტიც - წარმატებით შეძელით გეხსნათ მრავალი მეგობარი საკონცენტრაციო ბანაკებიდან. თავს მოვალედ მივიჩნევთ, გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ, გამოვხატოთ თქვენდამი უდიდესი მადლიერება და მორალური კმაყოფილების ღრმა გრძნობა».

«მოსეს რჯულის ქართველთა კავშირის» პრეზიდენტ იოსებ ელიგულაშვილის მიერ 1944 წლის 15 აგვისტოს მიხეილ კედიასადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: «მოახლოებული განთავისუფლების ჟამს, ნება მომეცით ჩემი რელიგიის წარმომადგენლებისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატო მადლიერება და დაფასება იმისა, რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ. ჩვენ არ მოვტყუვდით რწმენაში, როცა თქვენში დავინახეთ ქართველი პატრიოტი, რომელიც ოკუპაციის დროს ჩვენს სიცოცხლესა და ინტერესებს დაიცავდა. გმადლობთ მამაცობისა და იმ შეუპოვრობისათვის, რაც გამოიჩინეთ ანტიებრაული კანონმდებლობისაგან ებრაელთა გამოსახსნელად. ამას გარდა, ებრაელების შეპყრობისას დაუყოვნებლივ აკეთებდით ყველაფერს მათ გასათავისუფლებლად. თქვენს ასეთ ქცევას არ გავუკვირვებივართ იმიტომ, რომ ვიცით თქვენი ერის ღირსეული ტრადიციების შესახებ. თავს უფლება მივეცი და შევატყობინე ყოველივე ეს პარიზის უფროს რაბინს და საფრანგეთის ებრაელთა რელიგიურ კავშირს, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ პატივისცემას და სურთ პირადად გადაგიხადონ მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მთელი გულით და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი საქმეები ყოველთვის წარუშლელად დარჩება ჩვენი და ჩვენს თანამოძმე ებრაელთა მეხსიერებაში».

ებრაელთა გადარჩენაში, მიხეილ კედიასა და ზემოხსენებული პირების გარდა, დიდი წვლილი შეიტანეს სხვა ქართველმა ემიგრანტებმაც. მათ შორის გამოირჩეოდნენ მოგვიანებით წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე და ზემოხსენებული შალვა მაღლაკელიძე, მაგრამ მათი მოღვაწეობის აღნიშნული კუთხით განხილვა უკვე ცალკე კვლევის საგანია.

ამრიგად, ემიგრაციაში მყოფ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდა II მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ორივე ერის წარმომადგენლები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ არა მხოლოდ შეინარჩუნეს, არამედ განამტკიცეს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთთანადგომის ის საუკეთესო ტრადიციები, რომლებიც თავიანთი წინაპრებისაგან მემკვიდრეობით ერგოთ. მიხეილ კედიას კი, ვინც გადამწყვეტი როლი შეასრულა მრავალი ქართველი ებრაელის სიცოცხლის გადარჩენაში, თამამად შეიძლება ეწოდოს - «ქართველი შინდლერი».

(ავტორი: ნიკო ჯავახიშვილი)

ჟურნალი ”ისტორიანი”, 2011 წლის მარტი, #3

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way