ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთმა და უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს, მაგრამ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ“ (ავტორები - იაროსლავ ლუკივი და ვიტალი შევჩენკო - კორესპონდენტები). პუბლიკაციაში გადმოცემულია სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდის შედეგები, რომლებიც გარღვევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მთლად ნეგატიურადაც ვერ შეფასდება.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეორე რაუნდი სტამბოლის ჩირაგანის სასახლეში ჩატარდა, რომელიც მე-19 საუკუნეშია აშენებული. შენობა ადრე თურქეთის (ოსმალეთის) სულთნების რეზიდენციას წარმოადგენდა, ახლა კი ფეშენებელურ სასტუმროდაა გადაქცეული.
როგორც ცნობილია, პირველი რაუნდი სტამბოლის დოლმაბახჩეს სასახლეში გაიმართა, ადგილის შეცვლის მიზეზი არავის განუმარტავს, მაგრამ, როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ჩირაგანის სასახლე მასმედიის წარმომადგენლებისათვის უფრო მოხერხებულ ადგილს წარმოადგენს - იქ არ არის ისეთი ხალხმრავლობა, როგორც დოლმაბახჩეში, რომლის ქუჩა ბოსფორის სრუტის ნაპირზე მდებარეობს და ამიტომ იქ უამრავი ტურისტი დადის.
დელეგაციების შეხვედრა, წინა რაუნდისაგან განსხვავებით ორჯერ ნაკლების დროის განმავლობაში გრძელდებოდა და ერთ საათში დასრულდა.
უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა, წინა რაუნდის მსგავსად, ისევ უარყო „ცეცხლის უსიტყვოდ შეწყვეტის“ იდეა, რომელიც კიევისა და მისი ევროპელი მოკავშირეების საკვანძო მოთხოვნას წარმოადგენს, თუმცა მხარეებმა ივალდებულეს, რომ ერთმანეთს დაუბრუნებენ საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ-გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრებს (სულ 12 ათასს). მათში ასევე შედის ყველა ავადმყოფი და მძიმედ დაჭრილი 25 წლამდე ასაკის ჯარისკაცი.
რუსეთის დელეგაციის განცხადებით, უკრაინას შესთავაზეს ორი ან სამდღიანი ზავის დადება „ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე“, თუმცა რუსებს რაიმე დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.
ბუნებრივია, მოლაპარაკების დროს რაიმე სავარაუდო „გარღვევაზე“ მოლოდინი საერთოდ არ იყო, რადგანაც ორივე მხარის პოზიცია 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებული ომის დასრულების საკითხზე „ერთმანეთისაგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა“.
ამჟამად მოსკოვი აკონტროლებს უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიის 20%-ს, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით, რომლის ანექსია კრემლმა ჯერ კიდევ 2014 წელს განახორციელა.
შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე გამოსვლისას უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმაროვმა განაცხადა, რომ კიევი დაბეჯითებით ითხოვს „ცეცხლის სრულ და უსიტყვოდ შეწყვეტას“, მინიმუმ 30 დღით მაინც (ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში), „რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ადამიანთა ხოცვა-ჟლეტვა“. მისი თქმით, მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღის წინ უკრაინამ რუსეთს გადასცა სამშვიდობო მემორანდუმის ტექსტი, რუსეთმა კი მსგავსი დოკუმენტი მხოლოდ უშუალოდ მოლაპარაკების დროს წარადგინა. შესაბამისად, უკრაინულ მხარეს მის გასაცნობად დრო დაჭირდება.
მართალია, სამშვიდობო მემორანდუმის რუსული ტექსტი ღიად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც რუსული მასმედია იუწყება, მოსკოვის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტის ტექსტში რამდენიმე საკვანძო საკითხია წარმოჩენილი, მათ შორის - უკრაინის ჯარების გაყვანას იმ ოთხი ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ ნაწილობრივ არის ოკუპირებული (ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები); უკრაინამ უნდა მოახდინოს თავისი არმიის დემობილიზაცია; ოფიციალურად უნდა განაცხადოს უარი სამხედრო ალიანსებში (მათ შორის ნატოში) გაწევრიანებაზე და რუსული ენა, უკრაინულთან ერთად, ქვეყნის ოფიციალურ ენად უნდა დადგინდეს. კრემლი ასევე ითხოვს საერთაშორისო სანქციების მოხსნას.
შეხვედრის დროს უკრაინამ რუსეთს გადასცა იმ ასობით ბავშვის სია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში იქნენ გაყვანილნი და ახლა ისინი თავიანთ უკრაინულ ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. კიევი ასევე ითხოვს ქვეყნის მეთაურების - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის ერთმანეთთან სამიტს, თუმცა ამ წინადადების რეალიზების ალბათობა ძალიან მცირეა.
რუსეთი უარყოფს ცეცხლის უსიტყვო შეწყვეტას და მის ნაცვლად უპირატესობას ანიჭებს ლაპარაკს „მტკიცე მშვიდობაზე“. კრემლი იმეორებს ადრინდელ ხისტ მოთხოვნებს, რომლებიც, კიევისა და მისი დასავლელი მოკავშირეების შეფასებით, უკრაინის ფაქტიური კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავს.
ვოლოდიმირ ზელენსკი იმ დროს, როცა სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თვითონ ვილნიუსში (ლიეტუვა) იმყოფებოდა. მისი განცხადებით, რადგან რუსეთის მხრიდან არანაირი სიგნალები არ არის ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, ამიტომ უკრაინას საკუთარი თავდაცვის განმტკიცებაზე ზრუნვა მოუწევს. სხვათა შორის, ჯერჯერობით უცნობია, ისაუბრეს თუ არა მოლაპარაკების დროს უკრაინის მიერ 30 მაისს განხორციელებული შეტევის თაობაზე, რომელიც უკრაინული დრონების მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომების დაბომბვაში გამოიხატა.