USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
«Corriere della Sera» (იტალია): „უკრაინაში სამშვიდობო ძალების სავარაუდო განლაგების გამო მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გაჩნდა: მელონიმ ჰკითხა მაკრონის - „რატომ წახვედი ვაშინგტონში?“
Date:  314

„იტალია უკრაინისათვის ნატოს სამშვიდობო გარანტიის მომხრეა, მაგრამ მისი გეგმები საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება“, - წერს გაზეთი „კორიერე დელა სერა“ (Corriere della Sera) სტატიაში სათაურით „უკრაინაში სამშვიდობო ძალების სავარაუდო განლაგების გამო მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გაჩნდა: მელონიმ ჰკითხა მაკრონის - „რატომ წახვედი ვაშინგტონში?“ (ავტორი - მარკო გალუცი). იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი უკმაყოფილოა, რომ საფრანგეთი აშშ-სთან მიმართებით ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე მოქმედებს. მისი აზრით, ომისშემდგომი სიტუაციის დარეგულირების უზრუნველსაყოფად გაეროს როლი უნდა გაიზარდოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რამდენიმე დღის წინათ რომ ჯორჯა მელონისათვის რომ გეკითხათ, თუ როგორ წარმოუდგენია მას იდეალური გადაწყვეტილება უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერებისა და სამშვიდობო შეთანხმების დადებისათვის, იგი ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვების გარეშე გიპასუხებდათ: „იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა ნატოს გარანტიების დადგენა კიევისათვის, ალიანსში მისი ფორმალური გაწევრიანების გარეშე“. ეს ტექნიკურად რთული გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ სწორედ ის ითვლება იტალიის მთავრობის მიერ გატარებული დიპლომატიის რეალური მიზანი: უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა ნატოს ევროპული ქვეყნების ძალების მიერ, აშშ-ის ნაკლები ჩარევით“.

გაურკვეველია, მოეწონებათ თუ არა ეს ამერიკელებს და საერთოდ, განხორციელდება თუ არა პრაქტიკაში, ამიტომ იტალიის მტავრობას მოუწევს საქმე ჰქონდეს მისთვის ყველაზე არასასურველ სცენართან, რომელსაც ანგლოსაქსები „მიწისზედა ოპერაციას“ უწოდებენ, ანუ სახმელეთო ჯარების განთავსებას უშუალოდ უკრაინაში. რატომ არ მოსწონს ეს იდეა რომს? იმიტომ, რომ იტალიელი ჯარისკაცების განთავება უკრაინის ტერიტორიაზე უკავშირდება საფრთხეს, რომელიც მათ სიცოცხლეს დაემუქრება. გარდა ამისა, გამოიწვევს კონფლიქტს ჯორჯა მელონის (პარტია „იტალიელი ძმების“ ლიდერის) და  მატეო სალვინს (მისი მოადგილე, პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერს) შორის. მატეო სალვინი კატეგორიული წინააღმდეგია იტალიის რეალური სამხედრო ჩარევა-მონაწილეობისა უკრაინის საქმეებში. შესაბამისად, ბოლო დროს დგაჩნდა იდეა იმისა, რომ თუ იტალია უკრაინის მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს, მაშინ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ გაეროს ეგიდით და გაეროს წესდების ჩარჩოებში.

გაერო (United Nations) - ეს ის მაგიური სიტყვაა, რომელიც იტალიის მთავრობის ყოველ წევრზე პოზიტიურად მოქმედებს. რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს კიდეც - იმიტომ, რომ ბოლო წლებში გაერომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა, მაგრამ ახლა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას კვლავ თავის ცენტრალურ როლს იძენს (გავიხსენოთ უშიშროების საბჭოს ბოლო დღეებში მიღებული ამერიკულ-რუსული რეზოლუცია უკრაინის შესახებ!). გარდა ამისა, გაეროს როლის გაფართოება უკრაინის პრობლემის მოგვარების დროს ვლადიმერ პუტინისთვისაც დამამშვიდებელი იქნება, რადგან მას ნატოს სახელის ხსენებაც კი არ სიამოვნებს. ანუ თუ სამშვიდობო-სამხედრო კონტინგენტი უკრაინის ტერიტორიაზე არა ნატოს ევროპული ძალების სახით, არამედ გაეროს მანდატით განთავსდება, ამ იდეას რუსეთიც დაეთანხმდება. „ძალიან კარგი იქნება, თუ ამ იდეის რეალიზებაში ჩინეთიც შემოგვიერთდება. პეკინის ნაბიჯი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია იქნებოდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ჯორჯა მელონიმ.

სწორედ ამიტომ გამოთქვა საყვედური იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გასაგონად, რომ ისინი „თვითნებურად“, ევროკავშირისა და ნატოს სხვა წევრებისაგან „ჩუმად“ ცდილობენ ესოდენ დელიკატური და რთული ინიციატივების რეალიზებას და ვაშინგტონში დადიან...

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა და ევედრებოდა უკრაინაში „ევროპული ძალების“ განლაგების იდეას დათანხმებულიყო, ჯორჯა მელონიმ ემანუელ მაკრონს პირდაპირი კითხვა დაუსვა: „მუსიე მაკრონი, მე მინდა ვიცოდე, რატომ წახვედით ვაშინგტონში?“, რაზედაც მან უპასუხა, რომ „მე მხოლოდ საფრანგეთის სახელით ვმოქმედებდიო“. იტალიის პრემიერ-მინისტრმა საჭიროდ ჩათვალა ეთქვა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა უკრაინის საკითხში ერთმანეთთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ. მოკლედ, პარიზსა და რომს შორის უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგების თაობაზე (რომელი ორგანიზაციის ეგიდით) აშკარა დაძაბულობა არსებობს.

ამ ყველაფრის გარდა, ერთი მხრივ, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს, ხოლო მეორე მხრივ, იტალიას შორის ამჟამად ღრმა პოლიტიკური ბზარი ჩნდება: ფაქტიურად, ორმა ბირთვულმა სახელმწიფომ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ, უკვე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინაში „ნატოს ევროპული სამშვიდობო ძალების“ განლაგებაზე (მათ ამერიკაც ეთანხმება, მაგრამ საკუთარი მონაწილეობის გარეშე), რაც იტალიას ძალიან არ მოსწონს. ჯორჯა მელონის ჰყავს მომხრეები ევროკავშირში, მაგალითად, გერმანია და პოლონეთი, მაგრამ ძალები უთანასწოროა...

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way