USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
Tbilisi
ნიკოლოზ მესხიძე-ამერიკაში მოღვაწე მეცნიერი
Date:  2451
1999 წელს ჩავირიცხე ჯორჯიის შტატის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ატმოსფეროს შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით. სადისერტაციო ნაშრომი ჯერ არ მქონდა არჩეული, როცა ერთ-ერთი პროფესორის, Bill Chameides-ის კლასი-ბიოგეოქიმიური ციკლები ავიღე. ამ კლასში ყველა სტუდენტი საკურსო ნაშრომად ერთ ელემენტს ირჩევდა და მის ციკლს- ატმოსფეროს, ბიოსფეროს, ჰიდროსფეროს და ლითოსფესროში შეისწავლიდა. მე რკინა ავირჩიე. ახლაც მახსოვს, კურსის ბოლოს, ჩემი შრომის წარდგენის შემდეგ, ბილი ჩემს ოფისში შემოვარდა და მკითხა, სად წაიკითხე ,რაც შენ პრეზენტაციაზე მოყევიო. მე ვუთხარი, რომ ეს ჩემით მოვიფიქრე. მაშინ ბილმა შემომთავაზა, მასთან დამეწყო მუშაობა და ეგ თემა ერთად შეგვესწავლა. ბილი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო და მეც დავთანხმდი.
 
წყალმცენარეები (მინიატურული ორგანიზმები ოკეანეში), ისევე როგორც ხეები, დედამიწაზე ახდენენ ნახშირორჟანგის(CO 2 ) შთანთქმას. ხეებისგან განსხვავებით, როცა წყალმცენარეები კვდებიან, ნაწილი ამ ნახშირბადის იძირება ოკეანეში, სადაც ის ათასობით წლის განმავლობაში შეიძლება შეინახოს. ამიტომ ითვლება, რომ წყალმცენარეებს ისტორიულად დიდი გავლენა ჰქონდათ დედამიწაზე ნახშირორჟანგის რეგულაციაში. იმისათვის, რომ მცენარეებმა, ცხოველებმა, და ადამიანებმა იარსებონ, საჭიროა მათ ორგანიზმში რაღაც რაოდენობით რკინის ქონა. რადგან რკინა ძნელად იხსნება ოკეანეში, ოკეანის 30 დან 50% მდე ფართობში წყალმცენარეების გავრცელება შეზღუდულია რკინის არქონით. 2000 წლამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ნაპირიდან მოშორებით ოკეანეში რკინის ფიქსირებული რაოდენობა მტვრის სახით ჩადიოდა, ატმოსფეროს გავლით. ჩემმა სადოქტორო ნაშრომმა აჩვენა, რომ რკინის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც რეაქციაში შევიდოდა ატმოსფეროს ზოგიერთ გაზებთან (SO 2 , HNO 3 ), იყო ბიოლოგიორად აქტიური. ამ იდეას თავის დროზე ბევრი მეცნიერი სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ დღეს ის ყველამ აღიარა და მსოფლიო მასშტაბით ასობით ლაბორატორია და ატმოსფეროს მოდელირების ჯგუფი მუშაობს ამ განხრით. ის ქიმიური მექანიზმი, რომელიც მე წამოვაყენე, დღეს-დღეობით გამოიყენება თითქმის ყველა ატმოსფეროს შემსწავლელ მოდელიში.
 
რა თქმა უნდა, ამ კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი. 2006 წლიდან რაც პროფესორის თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, ჩემი სამეცნიერო გუნდი სხვადასხვა ფედერალური ფონდების (DOE, NSF, NASA) დახმარებით აქტუალურად მონაწილეობს ამ პრობლემის გადაჭრაში. რამდენიმე წლის წინ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც ლაბორატორიულ ცდებზე დამყარებით ვაჩვენეთ, რომ თუ ატმოსფეროში მობილიზირებული რკინა რეაქციაში შევიდოდა ზოგიერთ ორგანულ ნივთიერებასთან, მისი ბიოუნარიანობა საგრძნობლად შეიცვლებოდა ოკეანეში. ამასთან დაკავშირებით ჩავატარე საერთაშორისო კონფრენცია კოლორადოში და ამ ზაფხულს (იმედია კოვიდი ხელს არ შეგვიშლის), კიდევ ერთს ვატარებ ჩრდილოეთ კაროლინაში. სადოქტოროს დაცვის შემდეგ ღრუბლების ურთიერთობით დავინტერესდი. ატმოსფერული ნაწილაკების რაოდენობას დიდი გავლენა აქვს ნალექებზე და ღრუბლების მიერ მზის სხივების არეკვლაზე. რადგან კაცობრიობა ძლიერად ვცვლით ატმოსფეროში აეროზოლების რაოდენობას, ამიტომ აეროზოლების და ღრუბლების ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა მომავალი კლიმატის ცვლილების უკეთ პროგნოზირებისთვის. მე განსაკუთრებით დამაინტერესა ოკენის წყალმცენარეების ეფექტმა ღრუბლებზე. ვისწავლე, როგორ გამეზარდა წყალმცენარეები ლაბორატორიაში და როგორ გამეზომა მათ მიერ გამოყოფილი სხვადასხვა გაზები და ორგანული ნივთიერებები, რომლებიც გავლანას ახდენდნენ ატმოსფეროში არსებულ ნაწილაკებზე. ჩემმა სამეცნიერო ჯგუფმა სხვადასხვა ფონდების (DOE, NSF, NASA) დახმარებით შექმნა პირველი მოდელები ოკეანის წყალმცენარეების მიერ ატმოსფეროში გაზებისა და ორგანული ნივთიერებების ამოფრქვევის დასათვლელად. ეს მოდელები ახლა კლიმატის ცვლილების უკეთ პროგნოზირებისთვის გამოიყენება.
 
როცა ოკეანიდან ამოსულ ორგანულ ნივთიერებებზე ვმუშაობდი, შევამჩნიე, რომ მარილების ატმოსფეროში ამოდინების ყველა მოდელი დამყარებული იყო ლაბორატორიულ ცდებზე. არ არსებობდა ინსტრუმენტი, რომელიც გაზომავდა ოკენიდეან მხოლოდ მარილების ნაკადს, განასხვავებდა ატმოსფეროში მყოფი ყველა დანარჩენი ნაწილაკისაგან. ეს რომ წარმოიდგინოთ, დაახლოებით ისეთი პრობლემაა, თივის ზვინში რომ ნემსს ეძებდე. მარილების რაოდენობის კარგი ცოდნა კი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ამავე დროს არიან მიკროსკოპული ნაწილაკები, რომლებიც გავლენას ახდენენ ოკეანის თავზე განლაგებულ ღრუბლების მახასიათებლებზე. ოთხი წელი დაგვჭირდა, რათა შეგვექმნა ინსტრუმენტი, რომელიც ამას შეძლებდა. ინსტრუმენტის კალიბრაცია მოხდა ქარის გვირაბში და მერე ის წყნარ ოკეანზე, ჰავაის ჩრდილოეთით, კრუიზზე წავიღეთ. აგრეთვე სამი სეზონის განმავლობაში გვქონდა ეს ინსტრუმენტი ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროზე. ჩვენმა გაზომვებმა აჩვენა, რომ მარილების ამოდენა ოკეანიდან იმაზე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ყველა გლობალური მოდელი ითვალისწინებდა.
 
ატმოსფერულ ნაწილაკებს ნეგატიური ეფექტი აქვთ ატმოსფეროს დათბობაზე. ჩვენი ანალიზით, გლლობალური დათბობა უფრო მძიმე შედეგებს იქონიებს ,ვიდრე ამას თანამედროვე მოდელები წინასწარმეტყველებენ. სხვა პრობლემები, რომელზეც ბოლო რამდენიმე წელია დავიწყე მუშაობა, მოიცავს ლადარების მეშვეობით ატმოსფერული ნაწილაკების ქიმიური შედგენილობის დადგენას, ატმოსფეროში ახალი ნაწილაკების შექმნას და მათი ნაკადების გაზომვას, ასევე ურბანულ ცენტრებში 10 ნანომეტრზე ნაკლები ნაწილაკების წყაროების დადგენას.
 
რამდენიმე კონფერენციაზე ვიყავი მიწვეული საქართველოში, ჩავატარე საერთაშორისო კონფერენციები, ვორკშოპები, და წავიკითხე ლექციები თბილისსა და ბათუმში, ვესაუბრე სტუდენტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს. საქმიანი ურთიერთობა მაინც ვერ შედგა. ვერც სახელმწიფო დონეზე მივაღწიე წინსვლას. მაგალითად იტალიაში ყოფნის დროს შევხვდი საერთაშორისო თეორიული ფიზიკის ცენტრის დირექტორს, Seifallah Randjbar-Daemithe-ს, რომელიც დამპირდა, რომ UNESCO-ს დახმარებით საქართველოში გახსნიდა ამიერკავკასიის კლიმატის შემსწავლელ ცენტრს და მოამზადებდა ქართველ მეცნიერებს, რომლებიც სომეხ და აზერბაიჯანელ მეცნიერებთან ერთად ამ ცენტრში შეძლებდნენ შემდეგ მუშაობას. საჭირო იყო, ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზე გაფორმებულიყო. ჩემდა სამწუხაროდ, იმ დროინდელმა განათლების მინისტრმა, გიორგი შერვაშიძემ, ჩვენი შეხვედრის დროს განმიცხადა, რომ მსგავსი ცენტრის გახსნა საქართველოს ინტერესებში არ შედის.საბოლოოდ იმედს მაინც ვიტოვებ, რომ საქართველოში სიტუაცია შეიცვლება, მეცნიერება დაფასდება და მეტი ინტერესი იქნება, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში.
analytics
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way