USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Тбилиси
მიხელ სარჯველაძე-გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი
дата:  439
გერმანიას თავდაპირველად 19 წლის ასაკში ვეწვიე — გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიის ფარგლებში და ბევრ კულტურულ შოკთან ერთად, გადაწყვეტილებაც მივიღე, რომ აუცილებლად დავბრუნებულიყავი სასწავლებლად. ფინანსური მდგომარეობის და გერმანული ენის კარგად არცოდნის გამო, გერმანიაში Au-pair-ის პროგრამის მეშვეობით დავბრუნდი. აღნიშნული პროგრამა სასურველ ქვეყანაში მასპინძელ ოჯახში ცხოვრებას, ოჯახში მცხოვრები ბავშვების აღზრდაში და მსუბუქ საოჯახო საქმეებში დახმარების გაწევას გულისხმობს. ჩემი მასპინძელი ოჯახის და ენის ინტენსიური კურსის წყალობით, მალე შევძელი უცხოელი აბიტურიენტებისთვის საჭირო გამოცდის ჩაბარება გერმანულ ენაში. 2008 წელს გისენის უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩავირიცხე, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, სიტყვა „სწავლა“ ხმამაღალი ნათქვამია. ოჯახში მუშაობის გამო, დროის დეფიციტი, გერმანული ენის ბარიერთან ერთად, ხელს მიშლიდა საგნების სათანადოდ მომზადებაში. რადგან გამოცდების ჩაბარება მიჭირდა, კონცენტრაცია ენის შესწავლაზე მოვახდინე და უნივერსიტეტიდან გარიცხვის შესახებ განცხადებაც თავად დავწერე, სანამ უნივერსიტეტი გამრიცხავდა. უნივერსიტეტში გატარებული ორი წარუმატებელი სემესტრი მაინც მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. 2009 წელს საუნივერსიტეტო სტიპენდიის ფარგლებში სწავლა დავიწყე იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე „მეოცე საუკუნის პოლიტიკა და ისტორია“. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გერმანულ ენას და ლიტერატურას ვსწავლობდი, პოლიტიკა ყოველთვის უფრო მაინტერესებდა. ალბათ ამ ინტერესის გამო გავხდი გერმანიის ბუნდესტაგის სტიპენდიატი 2011 წელს და 5 დაუვიწყარი თვე გავატარე გერმანიის პარლამენტში და დედაქალაქ ბერლინში. იენაში სწავლის პერიოდში ჩემი კვლევის ძირითად საგანს აღმოსავლეთ ევროპის ისტორია წარმოადგენდა და სამაგისტრო ნაშრომიც საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე დავწერე. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდგომ საქართველოში დავბრუნდი, სადაც კონრად ადენაუერის ფონდში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობდი გარკვეული დროის მანძილზე. დაბრუნების პროცესი გამიადვილა საერთაშორისო მიგრაციის ცენტრმა (CIM), რომელიც გერმანიაში სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციაში ეხმარება.
გერმანიის განათლების სისტემა იყო ძირითადი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე, რომ 2013 წელს კვლავ გერმანიაში დავბრუნებულიყავი. რადგან აკადემიურ სფეროში მსურდა კარიერის გაგრძელება, მივხვდი, რომ საქართველოში სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად, ჩემთვის კვლევაზე ფოკუსირება შეუძლებელი იყო. კიოლნის უნივერსიტეტში კონრად ადენაუერის ფონდის სადოქტორო სტიპენდიის ფარგლებში 2018 წელს, ხუთწლიანი შრომის შემდეგ დავიცავი დისერტაცია „გერმანია და სამხრეთ კავკასია. საქართველო გერმანიის საგარეო პოლიტიკის ფოკუსში“ და მივიღე დოქტორის ხარისხი. დისერტაცია წიგნად 2019 წელს გამოსცა გამომცემლობა Springer-მა. გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ყოველთვის მაინტერესებდა გამომეკვლია ორმხრივი ურთიერთობები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის და გერმანიის გაერთიანების შემდგომ პერიოდში. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ხელმძღვანელ პროფესორთან ერთად ვხელმძღვანელობდი კვლევით პროექტს „ომები პოსტსაბჭოთა სივრცეში“ და ამავდროულად ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი კიოლნის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა გაერთიანების თანადამაარსებელი და აქტიური წევრი. დისერტაციაზე მუშაობის დასრულების შემდგომ დავუბრუნდი ბერლინს, სადაც საქართველოს საელჩოში ვმუშაობდი 2020 წლის შემოდგომამდე. შედარებით მოკლე, თუმცა ინტენსიური პერიოდის დამსახურებით, მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება შევიძინე, რადგან საელჩოში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება საგარეო პოლიტიკის შესახებ თეორიული ცოდნის შევსებაში დამეხმარა. 2021 წლიდან იენის უნივერსიტეტის პოსტდოკი ვარ და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს ვიკვლევ. მესამე წელია, რაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ვარ, გერმანიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრია. ცენტრის საქმიანობა გერმანიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ის სრულიად დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციაა, რომლის უმთავრეს მოვალეობას, კვლევასთან ერთად, გერმანიის მთავრობის და პარლამენტის კონსულტაცია წარმოადგენს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ჩემთვის მიუღებელია, მიკერძოებული და პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ანალიტიკური საქმიანობა, რადგან ის არ არის თავისუფალი და პროგრესზე ორიენტირებული. პოლიტიკური პროცესების ანალიზის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია რეკომენდაციები, რომლებიც გერმანულ რეალობაში ხშირად პოლიტიკური და აკადემიური ელიტების პროდუქტიულ თანამშრომლობას გულისხმობს. რეკომენდაციები და ზოგადად კონსულტაცია ვერ იქნება შედეგიანი და რეალობას მორგებული, თუ ის პოლიტიკურ კონიუნქტურას ემსახურება. დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როგორიც გერმანია, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას პოლიტიკის ექსპერტებისგან, უპირველეს ყოვლისა, განსხვავებული ხედვის, არსებული მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლის შესახებ რჩევები აინტერესებს და არა საკუთარი პოლიტიკის ლეგიტიმაციის გაძლიერება.
დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების როლი საერთაშორისო პოლიტიკაში სულ უფრო იზრდება და შესაბამისად, იზრდება სახელმწიფოების ინტერესიც, ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირებაზე ზეგავლენა მოახდინონ. ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პროცესი, ბუნებრივია, დიპლომატიაზეც აისახება. ჩემი აზრით, ის ჯერჯერობით სახელმწიფოზე ფოკუსირებულ, ტრადიციულ დიპლომატიას განავრცობს და დიპლომატიის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ციფრული ტექნოლოგიები სახელმწიფო აქტორებს აძლევს ამ დრომდე არარსებულ შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით, წვდომა ჰქონდეთ და ზეგავლენა მოახდინონ მაგ. გლობალურ სივრცეზე. შესაბამისად, ციფრული დიპლომატია საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რბილი ძალის ირგვლივ არსებული კონკურენციის კონტექსტში ძირითადად სტრატეგიული კომუნიკაციის მეშვეობით. ამავდროულად, ის ზრდის საფრთხეს, რომ აგრესიული სტრატეგიული კომუნიკაცია შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ორმხრივ თუ გლობალურ ურთიერთობებზე. შესაბამისად , ციფრული დიპლომატია საერთაშორისო პოლიტიკაში ქმნის ახალ, განუსაზღვრელ შესაძლებლობებს, თუმცა, ამავდროულად, რისკებს. მაგ. დეზინფორმაციის გავრცელება გლობალურ დონეზე, რაც ცალკეული სახელმწიფოებისთვის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, გაცილებით გამარტივდა.
რაც შეეხება გლობალურ პოლიტიკას, კონფლიქტები უშუალოდაა დაკავშირებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის თუ კოლექტიურ დასავლეთს და რუსეთს შორის. ცივი ომის დასრულების შემდეგ არსებული ეიფორია, რომ ორპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის დასრულების შემდეგ , უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციები განსაზღვრავდნენ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დამყარებულ საერთაშორისო პოლიტიკას, არ გამართლდა. სახელმწიფოები, როგორიცაა ჩინეთი ან რუსეთი, არ არიან დაინტერესებული საერთაშორისო პოლიტიკაში ე.წ. მულტილატერალური მიდგომით, რომელიც გლობალიზაციის ეპოქაში სახელმწიფოებს შორის გლობალური პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს გარკვეული ღირებულებების საფუძველზე. მაგალითისთვის რუსეთის ფედერაციისთვის მხოლოდ ისეთი მულტიპოლარული წესრიგია მისაღები, რომლის ფარგლებშიც სუპერსახელმწიფოები ზეგავლენის სფეროებს ინაწილებენ, მცირე სახელმწიფოების სუვერენიტეტი კი, როგორიც საქართველოა, შეზღუდულია ან საერთოდ უგულებელყოფილი. აღნიშნულ ფონზე საქართველოს მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მაშინ, როცა რეგიონში გეოპოლიტიკური ფონი უაღრესად დაძაბულია და საქართველო არ არის ალიანსის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. მაშინ, როცა მულტილატერალიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების დიდი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა გააერთიანა, საქართველო აგრძელებს თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენის პოლიტიკას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მომავალზე აუცილებლად აისახება ნეგატიურად. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოს არც მწვადის და არც შამფურის დაწვის პოლიტიკა კრემლში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას მოახდენს, სრული გულუბრყვილობაა. ამავდროულად, აღნიშნული პოლიტიკა ნეგატიურად აისახება ნატოში და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების ფაქტიურად ნახევარი საქართველოს ფარგლებს გარეთ გავატარე, ბუნებრივია, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს საქართველოზე გული განსაკუთრებით შემტკივა. არსებული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, საქართველო სახიფათო მდგომარეობაშია და თუ ჩავთვლით, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სავარაუდოდ გრძელვადიანი პროცესია, სახელმწიფომ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად უნდა დააჩქაროს. თუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს გადავხედავთ, მარტივად დავადგენთ, რომ ქვეყანამ უკრაინის მიერ შექმნილი ისტორიული შანსი უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით ვერ და არ გამოიყენა. უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველო ამჟამად სრულიად დაუცველი ქვეყანაა, რომელიც საფრთხეების მატების ფონზე თავდაცვის ხარჯებს არ ზრდის, არამედ ამცირებს, სტრატეგიულ პარტნიორებთან ხშირ შემთხვევაში ხისტ რიტორიკას ამჯობინებს და რუსული ნეოიმპერიალიზმის მსახურების ქებას იმსახურებს. ეს ყველაფერი შეუძლებელია ქვეყნის მომავალზე სასიკეთოდ აისახოს. სხვა საკითხია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კულტურა და პარტიული ლანდშაფტი, რომელიც ძირითადად არის არა საზოგადოების, არამედ ვიწრო - საკუთარი დღის წესრიგის მქონე ჯგუფების ინტერესებზე ორიენტირებული, რაც ზრდის ამომრჩეველში ინდიფერენტულ დამოკიდებულებს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ალბათ ახალი პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბებაა, რომლებიც ორგანიზებული იქნება იდეოლოგიების და არა კონკრეტული ადამიანების და ჯგუფების ირგვლივ.
ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ გეგმავენ, ვურჩევდი, რომ მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ ენების და იმ ქვეყნების შესწავლაზე, სადაც სწავლას გეგმავენ. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია შესაბამისი სტიპენდიის მიღება, რადგან მუშაობის პარალელურად კარგად სწავლა რთული გამოწვევაა. რაც მთავარია, უნდა შეინარჩუნონ კრიტიკული დამოკიდებულება ზოგადად გარესამყაროს მიმართ, ისევე როგორც მაქსიმალური ობიექტურობა. მე, როგორც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანი, კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას გერმანულ უნივერსიტეტებში ჩავწვდი. ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული კონტაქტების დამყარება, რომელთა შენარჩუნება მნიშვნელოვანია და აუცილებელია ახალი იდეების თუ პროექტების განხორციელებისას. დღეს რომ კარიერას ვიწყებდე, ვიქნებოდი უფრო შრომისმოყვარე და მიზანდასახული, ვიდრე ვიყავი. უფრო კონკრეტულ გეგმებს დავუსახავდი საკუთარ თავს, თუ სად ვხედავ საკუთარ თავს მომავალში და რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო დასახული მიზნების მისაღწევად. თემატური თვალსაზრისით ვეცდებოდი კვლევის არეალის გაფართოებას და ამ გზით ჩემი, როგორც ექსპერტის მნიშვნელობის გაზრდას.
გჯეროდეთ საკუთარი თავის და ნუ შეგაშინებთ დროებითი მარცხი თუ წარუმატებლობა. როგორც გერმანიაში ამბობენ: თუ დაეცემით, წამოდექით, კვლავ დაიხურეთ თავზე გვირგვინი და გზა გააგრძელეთ.
მიყევით ბმულს - Speech • სფიჩი
аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати