USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
ლელა გრისბახი-გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბიზნეს კონსულტანტი
Date:  867
თორმეტი წელია რაც ბერლინში ვცხოვრობ. ბიზნეს კონსულტაციას ვუწევ ძირითადად ქალებს, მათ, ვისაც ბიზნესის დაწყება ან ფრილანსერად მუშაობა სურს. მიწევს ბევრ ინტერნაციონალურ, იმიგრირებულ ქალთან და უცხოელ სტუდენტთან თანამშრომლობა. ასევე, ვმუშაობ სადოქტორო თემაზე, რომელიც ეხება ქალ-ანტერპრენერებს პოსტ-საბჭოურ სივრცეში, საქართველოს მაგალითზე.
 
ბერლინი არის მრავალფეროვანი და ფერადი ქალაქი, ასე რომ პროექტებიც ძალიან მრავალფეროვანია. ჩემს კლიენტებს უმაღლესი განათლება და პროფესიული გამოცდილება თავის ქვეყანაში აქვთ მიღებული, მაგრამ გერმანიაში სჭირდებათ აქაურ ბიუროკრატიაში გარკვევა, ასევე ენის ბარიერის გამო პრობლემების მოგვარება. ბევრი მუშაობა გვჭირდება ბიზნეს-გეგმების ჩამოყალიბებაში, მარკეტინგული და გაყიდვების გზების გარკვევაში, პროდუქტის განვითარებასა და მომხმარებლების დაინტერესების მიმართულებით. გერმანულ ბაზარზე ძალიან ბევრი ბიზნეს-საკონსულტაციო ფირმა და ბიზნეს კონსულტანტი მუშაობს, საკმაოდ დიდი კონკურენციაა.
 
ეს პროფესია და სფერო დიდი ნდობით სარგებლობს, თუმცა თუ გაქვს კარგი ნიშა ამორჩეული, სამუშაო გამოცდილება და კლიენტების რეკომენდაციები, ჯანსაღი კონკურენცია სასარგებლოდაც კი აისახება. გერმანიაში ძალიან მაღალია გადასახადები და ყველაფერი სახელმწიფოსგან იბეგრება. შესაბამისად, მაღალია ჩვენი სერვისის საფასურიც, რაც დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე და ხანგრძლივობაზე. ზოგიერთ კლიენტს უჭირს იმის გააზრება, რომ "დახმარების" სერვისი და ბიზნეს-კონსულტაციაც "რაღაც ღირს" და მასში ფული უნდა გადაიხადოს. გერმანული ბაზარი ლიბერალურია, შეთავაზებისა და ფასის რეგულირება ხდება მოთხოვნილების საფუძველზე, მომხმარებელთან კარგი ურთიერთობა პირველ ადგილზე დგას. მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტს ფასებიც დასაბუთებული ჰქონდეს. აქტუალურია იმ პროდუქტების და სერვისების ყიდვა და კომპანიების დახმარება, რომლებშიც ძირითადად ქალები არიან დასაქმებული.
 
აქ ბიზნესის დაწყება არც თუ ისე მარტივია, მთელი რიგი რეგულაციები და ვალდებულებებია, საჭიროა დოკუმენტების, სერტიფიკატების და დასტურების შეგროვება. თუმცა ვინც მოწადინებულია, მას ეს აუცილებლად გამოუვა. ქართველ მეწარმეებს თუ სტარტ-აპებს საკმაოდ კარგი შანსები აქვთ გერმანელ ბიზნეს-პარტნიორებთან თანამშრომლობის. განსაკუთრებით ტექსტილის და წარმოების ინდუსტრიაში, IT და კომუნიკაციის სფეროებში. ვისურვებდი, რომ არსებობდეს ბევრი ბილატერალური მუშაობა ქართველ და გერმანელ სტუდენტებს შორის, ან შეიქმნას ინიციატივები, რომელთა მეშვეობითაც უცხოეთში მოღვაწე სტუდენტები ქართველ სტუდენტებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ვისაც გერმანიაში ბიზნესის დაწყება უნდა, ყველას ვურჩევდი, წინასწარ შეისწავლონ მომხმარებელი და ბაზრის ის სეგმენტი, რისი ან ვისი მომსახურებაც სურთ. სამწუხაროდ, ბევრი არ ითვალისწინებს მომხმარებლის მსყიდველუნარიანობას, მის გემოვნებასა თუ წესჩვეულებებს. ასევე იგნორირებას უწევენ საკმაოდ დიდი გადასახადების არსებობას და ახდენენ მცდარი ფასების კალკულაციას.
 
რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია იმ სფეროზე, რომელშიც ბიზნესი ოპერირებს: კომპანიის ლეგალურ ფორმაზე, სიდიდეზე, ასევე კომპანიის მფლობელის ან ფრილანსერის პირად მდგომარეობაზე, გამოცდილებაზე და ა.შ., მაგრამ სასურველია გამოცდილ ადამიანებთან კონსულტირება და პროფესიული რჩევის მიღება. სტუდენტებს ვურჩევდი, რომ იაქტიურონ სტუდენტობის პერიოდშივე. გერმანიაში თითქმის ყველა უნივერსიტეტში არის სტარტ-აპ ცენტრები, ჰაბები თუ სტარტ-აპ ინკუბატორები, გამოიყენეთ ეს შანსები და ახლავე მოსინჯეთ ძალები.
 
ყველას მინდა გისურვოთ, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა. თუ ერთხელ არ გაგიმართლათ, იმუშავეთ უფრო მეტი და დაისახეთ რეალური მიზნები. შეიმუშავეთ თქვენს შესაძლებლობებზე მორგებული სტრატეგიები, გაანალიზეთ საკუთარი შეცდომები და დაფიქრდით, რა შეიძლება ისწავლოთ ამ შეცდომებიდან. დაიმახსოვრეთ: შეცდომები და მარცხი სირცხვილი არაა, პირიქით, დაინახეთ ეს როგორც განვითარებისთვის აუცილებელი პირობა. შემოიკრიბეთ ის ადამიანები გარშემო, ვინც გამხნევებენ, გაძლევენ იმედს, თქვენს გადაწყვეტილებებს პატივს სცემენ და გაღიარებენ ისეთს, როგორიც ხართ.
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way