USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
თბილისი
ლაშა გოგოხია- აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი
თარიღი:  912
მედიცინის მიმართ ენთუზიაზმი ღრმა ბავშვობიდან მქონდა, ისევე, როგორც ბევრ ჩემს კოლეგას. ჯვარში დავიბადე და გავიზარდე, წალენჯიხის რაიონში. ვიცოდი, რომ წარმატებისთვის ბევრი უნდა მებრძოლა. ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა, რომ არც ერთი მნიშნელოვანი თუ უმნიშვნელო შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა. არასდროს მქონია ინტერესი სხვა პროფესიის მიმართ. ყოველთვის ვიცოდი, რა მინდოდა და ვთვლი, ჩემი წარმატების ძირითადი საფუძველი ეს იყო. მიუხედავად სირთულეებისა, დღემდე ჩემს მიზნებს ვემსახურები და ახლა რომ ვიწყებდე კარიერას, საკუთარ თავს მხოლოდ ერთ რჩევას მივცემდი : „შეუძლებელი არაფერია, გააგრძელე ის, რასაც აკეთებ”.
 
სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლამ მომიტანა ურთიერთობები ისეთ ადამიანებთან, რომელთაც დაინახეს ჩემი ენთუზიაზმი და მაჩვენეს სწორი გზა, მეკეთებინა უფრო მეტი, ვიდრე რასაც ვაკეთებდი. თავდაპირველად ამერიკაში ჩამოვედი, როგორც გაცვლითი სტუდენტი. ვმუშაობდი ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ იუტას უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის ვეილ კორნელის სამედიცინო უნივერსიტეტში სამეცნიერო და კლინიკურ პოსტ-დოქტორანტად, ადიუნქტ პროფესორად და ასისტენტ პროფესორად პათოლოგიის, შინაგანი მედიცინის და გასტროენტეროლოგიის განყოფილებებში. სხვადასხვა დროს ვასწავლიდი მედიცინის სტუდენტებს მიკრობიოლოგიას, იმუნოლოგიას და ინფექციურ დაავადებებს.
 
ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მხოლოდ კლინიკური მედიცინით ვარ დაკავებული და ვმუშაობ კონექტიკუტში, სენტ მერის საავადმყოფოს შინაგანი მედიცინის განყოფილებაში, რომელიც იელის უნივერსიტეტის აფილირებული საავადმყოფოა. მომდევნო წლიდან მუშაობას ნიუ იორკ ვეილ კორნელის საავადმყოფოში, სლოუნ კეტერინგის კიბოს მემორიალურ ცენტრში და სპეციალური ქირურგიის საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის განყოფილებაში გავაგრძელებ, რომელიც მსოფლიოში უმაღლესი დონის კლინიკური ცენტრია.
 
ექიმის პროფესია იმიტომ არის საინტერესო, რომ მთელი ცხოვრება სწავლობ და ანვითარებ შენს უნარებს, რაც საბოლოოდ შენი პაციენტების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაში იხარჯება. ჩემი ინტერესი ძირითადად დამიზნებითი იმუნოთერაპია და მცირედ ინვაზიური ტექნოლოგიებია, რომელიც დღეს საყლაპავის, კუჭნაწლავის, პანკრეასის და ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიმართულებებია. კლინიკურ მუშაობასთან ერთად, ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი სამეცნიერო საქმიანობას დავუთმე. ჩემი ნაშრომები კუჭ-ნაწლავის აუტოიმუნურ (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) და სიმსივნური დაავადებებს (წვრილი და მსხვილი ნაწლავის კიბო), მათ ინფექციურ გართულებებს და მართვას ეხება. ჩემი პუბლიკაციები ისეთ გავლენიან გამოცემებში არის დაბეჭდილი, როგორიც არის „Cell“, “Gastroenterology” და ასე შემდეგ. ჩემი კარიერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სამეცნიერო თუ კლინიკური სფეროს ექსპერტებთან ურთიერთობას, ჩემი ნაშრომის ფართო ასპარეზზე გამოტანას, საუბრის და მოხსენების უნარის ათვისებას, რომელიც წარმატებული კარიერის აუცილებელი პირობაა. წლების განმავლობაში სამეცნიერო, საქველმოქმედო და სამსახურეობრივი მისიით ვიყავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში (აშშ, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, კოლუმბია, თურქეთი, ისრაელი, ეთიოპია). ვარ სხვადასხვა ჯილდოს და გრანტის მიმღები, მათ შორის აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტიდან (NIH), ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციიდან.
სამედიცინო განათლება ამერიკაში ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ექიმი სანამ კონკრეტულ სპეციალიზაციაში აიმაღლებს კვალიფიკაციას, წლების განმავლობაში სწავლობს შინაგანი დაავადების საფუძვლებს. შესაბამისად, სპეციალიზაციის მიუხედავად, ნებისმიერ ექიმს შეუძლია პაციენტის დახმარება და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ სპეციალისტთან მიმართვა. ამის საფუძველი არის კლინიკური უნარ-ჩვევების და პაციენტის მართვის განათლების ადრეულ ეტაპზე განვითარება.
 
სამწუხაროდ , საქართველოში ეს სისტემა არ არსებობს, სტუდენტების და რეზიდენტების უმრავლესობა მხოლოდ დამკვირვებლის როლშია, რის გამოც ისინი კარგავენ კლინიკური უნარების ადრეულად შეძენის შესაძლებლობას. ქართული ჯანდაცვის სისტემის რეფორმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამედიცინო განათლების სისტემის ფუნდამენტურად შეცვლაა, რაც იმედია , ერთ დროს საქართველოში მოხდება.
ექიმი რომ გახდე, აუცილებლად ბევრი უნდა ისწავლო. გქონდეს ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. პაციენტებს ცხოვრების ყველაზე პირადი ასპექტის, საკუთარი ჯანმრთელობის დეტალების ჩვენთვის გაზიარება უწევთ. შესაბამისად, ექიმის ვალი არის არა უბრალოდ მუცელზე ხელის დაჭერა და წამლის გამოწერა, არამედ პაციენტის მოსმენა, გაგება, და რაც მთავარია, დაავადების პროცესის და მოსალოდნელი შედეგების უბრალო ენით ახსნა. ახალგაზრდა ექიმებისთვის ჩემი რჩევა არის ძალიან მარტივი: გქონდეთ დასახული მიზანი და არ შეცვალოთ ეს მიზანი გარემოებების შესაბამისად. ყველას გარწმუნებთ, რომ ის რაც ძალიან გინდათ გააკეთოთ, აუციელებლად გამოგივათ. ისწავლეთ პაციენტებთან ურთიერთობა სტუდენტობის დროს, როდესაც უფრო მეტი დრო გაქვთ და ყველაზე წარმატებული ექიმი იქნებით.
ანალიტიკა
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.