USD 2.7075
EUR 3.1583
RUB 3.3787
Тбилиси
კიევის მერი შეშფოთებულია, რომ უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის დროს სულ უფრო ავტოკრატული ხდება
дата:  

კანადის გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“ (The Globe and Mail - ტორონტო) გამოქვეყნებულია ინტერვიუ სათაურით „კიევის მერი შეშფოთებულია, რომ უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის დროს სულ უფრო ავტოკრატული ხდება“, რომელშიც ჟურნალისტი მარკ მაკინონი ვიტალი კლიჩკოს ზოგიერთ საკითხზე ესაუბრება, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობის არადემოკრატიულ სტილზე, უკრაინის მასმედიის შეზღუდვის მცდელობებზე და ა.შ.

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:

„უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ კიევის მერმა იცის, რომ ყველა დარაზმული უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაურისა და სახელმწიფოს დროშის ირგვლივ. მაგრამ ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ იგი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ვალდებულია თავისი პოზიცია გამოხატოს დემოკრატიული პრინციპებიდან უკრაინის გადახრის გამო - იმ პრინციპებიდან, რომლის დასაცავად მან უნდა იბრძოლოს.

კიევის მერის აზრით, მისი ქვეყანა უკრაინა სულ უფრო ავტოკრატული ხდება. ბოლო 23 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ინფორმაციის გავრცელებაზე მონოპოლია გამოაცხადა - უპირატესობა ეძლევა მთავრობის მიერ კონტროლირებულ პროგრამას „გაერთიანებული ახალი ამბების ტელემარათონს“ (United News), რომელშიც ხელისუფლების კრიტიკოსებს გამოსვლის უფლება არ აქვთ, იმავდროულად კი ის ჟურნალისტები, რომლებიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გარემოცვას აკრიტიკებენ, ზეწოლასა და დევნას განიცდიან. ვიტალი კლიჩკო ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებად თვლის იმ ფაქტსაც, რომლის თანახმად, უკრაინის ქალაქების 200 მერი და ადგილობრივი საბჭოების არჩეული ხელმძღვანელები დანიშნულმა სამხედრო ადმინისტრატორებმა ჩაანაცვლეს.

ორივე გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამხედრო მდგომარეობის შესაბამისად, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გამოაცხადა. ამასტან კიევის მერი შიშობს, რომ იმ რეფორმების შედეგები და მოპოვებული თავისუფლებები, რომლებისთვისაც უკრაინელები ორი პროდასავლური რევოლუციის („მაიდნების“) დროს იბრძოდნენ, შეიძლება დაიკარგოს.

„იმას, რაც დღეს ხდება და რასაც ვხედავ, მე დემოკრატიას ვერ ვუწოდებ. ამ ყველაფერს ვერტიკალისა და ავტორიტარიზმის სუნი ასდის“, - განუცხადა ვიტალი კლიჩკომ Globe and Mail-ის კორესპონდენტს ინტერვიუში, კიევის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრისას, - „მომხდარი მოვლენების უკან ზოგიერთი ადამიანის სურვილი იმალება - გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მიხვდებით - რომ ყველაფერი ცენტრალიზებული წესით მოქმედებდეს. მე ასევე ვხედავ სამთავრობო მედიის მცდელობას, რომ ინფორმაცია მათაც ცენტრალიზებულად, ვერტიკალის პრინციპით გაავრცელონ“. ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ უკრაინა შეიძლება ამ მხრივ რუსეთს დაემსგავსოს, სადაც აღარ არსებობენ არც ოპოზიციური პარტიები და მასმედია, რომლებიც ადრე ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდნენ.

„კანონით ჩვენთან ქალაქების მერები და თემების ხელმძღვანელები ირჩევიან, მაგრამ დღეს არჩეული თანამდებობის მქონე პირები ზემოდან, ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ადამიანებმა შეცვალეს. აი, ამიტომ ვარ შეშფოთებული“, - ამბობს ვიტალი კლიჩკო, - თუ მე ვხედავ უკანონობას და მათზე არაფერს ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ მეც ვეთანხმები. არ მსურს, რომ [ვინმემ] ჩემზე ასე იფიქროს“.

ვიტალი კლიჩკომ, მსოფლიოს ექს- ჩემპიონმა კრივში, აღნიშნა, რომ თავის შეშფოთება კიევში მყოფ დასავლელ ელჩებსაც აცნობა. კითხვაზე, გაიზიარეს თუ არა უცხოელმა დიპლომატებმა მისი პოზიცია, კიევის მერმა უპასუხა, რომ „დიახ, გაიზიარეს“.

ვიტალი კლიჩკო უკრაინაში მზარდ ავტორიტარიზმის შესახებ პირველად გასულ თვეში განაცხადა შვეიცარიის ერთ-ერთი გამოცემისადმი საუბრის დროს. მისი ამჟამინდელი ინტერვიუ The Globe And Mail-ისადმი განაპირობა ინციდენტებმა, რომლებმაც ქვეყანაში ეჭვები გამოიწვიეს პრესის თავისუფლების მდგომარეობასთან დაკავშირებით

გასულ კვირას ჟურნალისტმა იური ნიკოლოვმა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკოსს წარმოადგენს, განაცხადა, რომ უცნობი პირები მივიდნენ მის ბინასთან და ყვირილი დაუწყეს, რომ ფრონტზე წასულიყო, თან კარზე მიაწერეს - „აქ ცხოვრობს უკრაინის მოღალატე“.

ამ ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფარული კამერით გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახულია თუ როგორ სარგებლობენ ნარკოტიკებით საინფორმაციო ვებ-გვერდის Bihus.Info-ს თანამშრომლები. კაცმა რომ თქვას, ეს ფაქტი შეიძლებოდა ჩვეულებრივ ამბავად აღქმულიყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ჟურნალისტები მთავრობის კრიტიკოსები იყვნენ, ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებდნენ. სააგენტო Bihus.Info-ს ხელმძღვანელმა დენის ბიგუსმა განაცხადა, რომ თანამშრომლებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა, მათზე ზეწოლის მოხდენისა და დისკრედიტაციისათვის მიზნით, რომ ჟურნალისტური გამოძიება შეეწყვიტათ. ჟურნალისტებს მხარი დაუჭირეს უკრაინის დამოუკიდებელმა მედიასოციაციამ, საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა და სხვებმა. სკანდალი იმდენად რეზონანსული გახდა, გახდა, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ტელემიმართვის დროს განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა დაუშვებელია და რომ ეს ფაქტი გამოძიებული იქნება.

ინტერვიუში ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ იგი მიესალმება პრეზიდენტის პოზიტიურ განცხადებას და რომ ქვეყნის მეთაურმა ყურადღება მიაქცია სპეცსამსახურების უკანონო მოქმედებას დამოუკიდებელი მასმედიის დათრგუნვის მიზნით.

კითხვაზე - „აგიკრძალეს თუ არა ოდესმე მთავრობის ტელემედიით გამოსვლა და თქვენი პოზიციის დაფიქსირება“ - ვიტალი კლიჩკომ მცირე ხნის პაუზის შემდეგ ასეთი ირიბი პასუხი გასცა: ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებიდან ზოგიერთები ცალმხრივი და კონტროლირებადი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნამდვილი, ობიექტური ინფორმაცია. დამეთანხმებით, რომ ინფორმაციაზე მონოპოლია დემოკრატიისათვის კარგი არ არის“.

კიევის მერის თქმით, მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი მასმედია აქებს და ადიდებს უკრაინის არმიის წარმატებებს, მაგრამ წარუმატებლობისა და მარცხის მნიშვნელობას ან ამცირებს, ან მატზე საერთოდ არაფერს ამბობს. „საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რა ცუდი ამბები ხდება სინამდვილეში ფრონტის წინა ხაზზე და ამიტომ ხალხი კრიტიკულად შეხვდა სამხედროების თხოვნას არმიაში 500 ათასი მოქალაქის გაწვევის შესახებ. არმიის დანაკარგების შევსება აუცილებელია, რომ რუსეთის შეტევა შევაჩეროთ. ამიტომ მთავრობამ, როგორი არასასიამოვნოც არ უნდა იყოს, ხალხს სრული სიმართლე უნდა უთხრას: ფრონტზე უმძიმესი მდგომარეობაა და ამიტომ არმიას დამატებითი ცოცხალი ძალა ჭირდება“.

„გლოუბ ენდ მეილმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვიტალი კლიჩკოს ნათქვამზე კომენტარისთვის მიმართა, მაგრამ ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიუღია.

როგორც კიევის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის დირექტორი პეტრე ბურაკოვსკი ამბობს, ვიტალი კლიჩკოს მიერ გამოთქმული კრიტიკა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ იმის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკრაინაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ კონკურენტული პოლიტიკა დაბრუნდა. როგორც ცნობილია, ომის დაწყების დროიდან ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ ერთმანეთთან მეტოქეობა გადაავადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ერთად გამოსულიყვნენ, ახლა კი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთმანეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება განახლდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა და რეიტინგი დაეცა, მაგრამ სხვებთან შედარებით მაინც ბევრად მაღალია (გამოკითხულთა 71% პრეზიდენტს ენდობა). მისი ასე თუ ისე სერიოზულ მეტოქედ შეიძლება ცაითვალონ ბიკოლევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი (მან თავის ისახელა ნიკოლაევის ოლქში მიმდინარე ბრძოლების დროს), აგრეთვე ფილანტროპი სერგეი პრიტულა, რომლის მიერ შექმნილი ფონდი არმიას ფულისა და სხვა სახსრების შეგროვებაში ეხმარება, იარაღის შესყიდვის მიზნით.

ვიტალი კლიჩკო, ისევე როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი, როცა 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის არმიის ქვედანაყოფები კიევს მიუახლოვდნენ, თავის სამუშაოზე დარჩა და არსად არ წასულა. გამოკითხვის მიხედვით, მას მხარს უჭერს მოსახლეობის 40%.

მიუხედავად იმისა, რომ კიევის მერმა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება დემოკრატიიდან გადახრაში დაადანაშაულა, იგი ინტერვიუში დაეთანხმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ ამჟამად უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითხოვს, შეუძლებელია - საომარი მდგომარეობის გამო: ასეულ ათასობით მოქალაქე ფრონტზე იბრძვის, მილიონობით უკრაინელი კი საზღვარგარეთ, იძულებით მიგრაციაში ლტოლვილის სტატუსით იმყოფება.

ვიტალი კლიჩკოს აზრით, მისი გამონათქვამები ხელისუფლებამ „თავდასხმად კი არ უნდა აღიქვას, არამედ როგორც კონსტრუქციულ კრიტიკად“. „ჩემი კრიტიკა აღქმული უნდა იყოს როგორც დახმარება, როგორც იმ პრობლემის ჩვენება, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს. კრიტიკა აგრესიულ ქმედებად არ უნდა იქნეს შეფასებული. კრიტიკა გვეხმარება იმაში, რომ შეცდომა არ დავუშვათ და თუ დაშვებულია, დროულად უნდა გამოსწორდეს“, - ასეთი პასუხის გასცა კიევის მერმა „გლოუბ ენდ მეილის“ ჟურნალისტის კითხვას - ხომ არ ნიშნავს მისი პოზიცია იმას, რომ ქვეყნის მმართველ ელიტაში განხეთქილება შეიმჩნევა..

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არ უნდა დავივიწყოთ, თუ რისთვის ვიბრძვით. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული დემოკრატიული ოჯახის, დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი“, - ამბობს კიევის მერი ინტერვიუს დასასრულს.

წყარო: https://www.theglobeandmail.com/world/article-kyiv-mayor-zelensky-autocracy/

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати