თბილისის მერმა კახა კალაძემ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარი ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ ძალადობა ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის დროშის დაწვა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხეს ვერ შეუქმნის.
“ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ყველა წინააღმდეგი იქნება ძალადობის, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის, რაც კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის. რაც შეეხება ევროკავშირის დროშის დაწვას, ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. ის, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ევროპელები, ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები პირველი რესპუბლიკის დროსაც იზიარებდნენ იმ ფასეულობებს, რასაც ევროპა და ევროპელობა ჰქვია",-განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პოლიცია მუშაობს, რომ მოხდეს დამნაშავეების იდენტიფიცირება.
„100-ზე მეტი ადამიანია დღეის მდგომარეობით დაკავებული სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ვიცი და ეს გაგრძელდება. ყველა მოძალადე არის დაფიქსირებული და ყველაფერს შესაბამისი რეაგირება მოყვება შსს-ს მხრიდან. შსს იყო ეფექტური, თითოეული პოლიციელი იცავს ჩვენს უსაფრთხოებას თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასადაც და მინდა ყველა პოლიციელს მადლობა გადავუხადო",-განაცხადა კალაძემ.