გაზეთ „მიტელდოიჩე ცაიტუნგში“, რომელიც გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში გამოდის, გამოქვეყნებული სტატია სათაურით „დიქტატურის ტურიზმის სიმბოლო: სტალინის მუზეუმი გორში“ (ავტორი - ულფ მაუდერი).
ვრცელ სტატიაში გადმოცემულია შთაბეჭდილებები გორში მდებარე იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის მონახულების შემდეგ. პუბლიკაციის დასაწყისში ავტორი აღნიშნავს, რომ ფართო საზოგადოებისათვის დღემდე უცხნობია, თუ სად არის შენახული კომუნისტური ბელადისა და საბჭოთა დიქტატორის ექვსმეტრიანი ძეგლი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 2010 წლამდე იდგა.
„გორი ბელადის ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ძეგლის გარეშეც საყოველთაოდ არის ცნობილი - ამ ქალაქში მდებარე მუზეუმი ათწლეულების განმავლობაში ითვლება მთავარ ღირსშესანიშნაობად, რომელიც ყოველწლიურად საზღვარგარეთიდან ათობით ათას უცხოელ ტურისტს მასპინძლობს. გორი საქართველოს დედაქალაქიდან - თბილისიდან - დაახლოებით ერთი საათის სავალზეა, მისი სტუმრები არიან ძირითადად გერმანელები, ფრანგები და სხვა დასავლეთევროპული ქვეყნებიდან ჩამოსულები, აგრეთვე ირანელები და ჩინელები. მაგრამ პირველ ადგილს გორში არსებული მუზეუმის მნახველთა შორის... რუსები იკავებენ.
„ჩვენ მუდმივად გვეკითხებიან: „გიყვართ თუ არა სტალინი თქვენ, მუზეუმის თანამშრომლებსო“. მაგრამ ასეთი კითხვა ნონსენსია. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება ისტორიის შენახვა-შენარჩუნებას. ჩემმა ოჯახმა (და არამარტო ჩემმა) იოსებ სტალინის მმართველობის დროს, მისი პოლიტიკური კურსის შედეგად უამრავი ტანჯვა-წამება გამოიარა. ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ“, - აღნიშნავს მუზეუმის ფონდის დირექტორი ქეთევან ახობაძე.
(...)
დღეს საქართველოს ჩრდილოელ მეზობელ რუსეთში სტალინის კულტი აღორძინებას განიცდის. გამოკითხვებით დასტურდება, რომ იქ პოპულარობის მიხედვით, იგი მესამე ადგილს იკავებს - პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის შემდეგ.
რუსეთში არ სურთ იოსებ სტალინის როგორც საბჭოთა დიქტატორის მიერ ჩადენილი დანაშაულობები გაიხსენონ - მისი მმართველობის დროს გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგად მილიონობით საბჭოთა მოქალაქე დაიღუპა. რუსეთში განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იოსებ სტალინის დამსახურებებს, რომ მან პირველ კომუნისტურ იმპერიაში - დედამიწის უდიდეს სახელმწიფოში - ინდუსტრიალიზაცია განახორციელა და მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა წითელი არმია ნაცისტური გერმანიის დედაქალაქში ტრიუმფით მიიყვანა. სხვათა შორის, გორის მუზეუმის არსებობის საფუძველიც ამაში გამოიხატება.
(...)
სტალინის გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა, მაგრამ ამ ისტორიული პიროვნების გამო საქართველოსა და ქართველებისადმი საერთაშორისო ინტერესი ძალიან დიდია. არსად მსოფლიოში არ არსებობს ასეთი მასშტაბის მუზეუმი, რომელიც დიქტატორის ხსოვნისადმია მიძღვნილი. „ჩვენი ფონდი 43 ათას ექსპონატს ითვლის, რომელთაგან მხოლოდ მესამედს ვაჩვენებთ, თუმცა ექსპონატებს ხშირად ვცვლით ხოლმე“, - ამბობს მუზეუმის გიდი ოლღა.
1930-იანი წლების დიდი ტერორის პერიოდში, იოსებ სტალინის ხელმძღვანელობითა და მითითებებით, საპყრობილეებში უამრავი ადამიანი იქნა დახვრეტილი და გადასახლებული საბჭოთა ქვეყნის სხვადასხვა მკაცრ ადგილებში (იმიერპოლარეთში, ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, მაგადანში...). პატიმართა შრომითი სასიკვდილო ექსპლოატაცია ე.წ. გამასწორებით ბანაკებში ხდებოდა, რომლებიც „გულაგის“ („გლავნოე უპრავლენიე ლაგერეი“) სისტემაში არსებობდნენ. სხვათა შორის, მუზეუმში არის სტალინური ციხის საკნის ამსახველი ექსპონატიც.
მაგრამ ისინი, ვინც კომუნისტური ქვეყნის ბელადის მიერ ჩადენილი დანაშაულების გახსნას ელოდებიან, იმედგაცრუებულნი დარჩებიან: „მე მომწონს, რომ მუზეუმში ამ ადამიანისა და პოლიტიკოსის ცხოვრების ბევრ ასპექტს ვეცნობი“, - ამბობს მოსკოველი ტურისტი, რომელიც ოჯახთან ერთად ისვენებს საქართველოში.
რუსეთთან გადატანილი ომის მიუხედავად, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა და რომლის შედეგად საქართველომ თავის რეგიონებზე - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“ კონტროლი დაკარგა, ჩრდილოელი ქვეყნიდან ჩასულ ტურისტებს სამხრეთკავკასიური სახელმწიფო მაინც მიესალმება.
იყო დრო, როცა მუზეუმი რუსეთის აგრესიის ამსახველ ექსპოზიციად უნდა გადაექციათ, მაგრამ ასეთი გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა - ალბათ, იმიტომ, რომ საქართველოში ტურისტების დიდი რაოდენობა უცხოეთიდან სწორედ სტალინის მუზეუმის სანახავად ჩამოდის: მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველო 1,9 მილიონმა ტურისტმა მოინახულა.
ზოგიერთი მნახველის აზრით, სახელმწიფო მუზეუმს, ალბათ, მოდერნიზაცია მართლაც ჭირდება, მაგრამ ამ მხრივ მისი 50 თანამშრომელი თავშეკავებულია: „ბოლოსდაბოლოს, აქ ხალხი იმიტომ მოდის, რომ საბჭოური ეპოქის ავ-კარგი დაათვალიეროს და განიცადოს. ამიტომ მისი გადაკეთება თანამედროვე სტანდარტებით არასასურველი იქნებოდა“, - ამბობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ახობაძე.
წყარო: https://www.mz.de/leben/reisen/denkwurdiger-diktator-tourismus-das-stalin-museum-in-gori-3706672
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/