USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ირმა შიოლაშვილი- გერმანიაში მოღვაწე ქართველი პოეტი და ჟურნალისტი
дата:  1062
22 წლის წინ, ბონის უნივერსიტეტიდან სასწავლო ვიზა რომ მივიღე, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ასპირანტი ვიყავი. მყავდა ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ხელმძღვანელი, ბატონი დავით თევზაძე, რომელსაც თავიდანვე სურდა, რომ სამეცნიერო თემა შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში დამეწერა.
 
გერმანიაში სწავლის შანსი რომ არ გამომჩენოდა, ალბათ დისერტაციას საქართველოში დავწერდი, მაგრამ ბონის უნივერსიტეტმა სამეცნიერო ცხოვრებაშიც ახალი პერსპექტივა შემომთავაზა. უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურატმცოდნეობის კათედრის გამგემ, ბატონმა დოლფ ოელერმა დოქტორანტად ამიყვანა და სამეცნიერო კვლევა ბონში გავაგრძელე. დისერტაცია დავწერე თემაზე „მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“. ერთმანეთს შევადარე დამარცხებული, მაგრამ თავისუფლად მოაზროვნე დასავლეთ გერმანიის და გამარჯვებული, მაგრამ იდეოლოგიით გაჟღენთილი საბჭოთა პოეტების ლირიკა. უფრო სწორედ, ლექსებში გამჟღავნებული ორი ქვეყნის ერთი ეპოქა.
 
გერმანული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში კვლევის გარეშე დისერტაციის ბოლომდე მიყვანა მართლაც შეუძლებელი იყო. ეს წლები ჩემთვის, როგორც პოეტისთვისაც საინტერსო და ლიტერატურული აღმოჩენებით სავსე იყო. თუმცა თავიდანვე ძალიან მენატრებოდა მიკროფონი და სტუდია. პროფესიით ტელეჟურნალისტი ვიყავი და თბილისში საზოგადოებრივ არხისთვის სტუდენტობიდან ვმუშაობდი. რაინის მხარეში (სადაც მე ვცხოვრობ) ათეული წლებია არსებობს „სამოქალაქო რადიოს“ კულტურა და მე, ბონის სამოქალაქო რადიო LoCom -ში 22 წლის წინ მივიტანე ქართული გადაცემების პროექტი.
ჩემმა ქართულმა ბიოგრაფიამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მწვანე გზა უპრობლემოდ მომცეს და 1999 წლის სექტემბერში ეთერში ქართულ_გერმანულად გავედი. თავიდან ორენოვან ყოველთვიურ ნახევარსაათიან კულტურულ ჟურნალს „ფიჩერის“ ფორმატში ვაკეთებდი .გადაცემას ქუდად ჰამლეტ გონაშვილის ურმული ედო. ასე ისმოდა დიდი ხნის მანძილზე ბონის რეგიონალურ რადიოს ეთერში ქართული პოლიფონია და ქართული ენა. ჩემი გადაცემის სტუმრები გერმანიაში და ავსტრიაში მოღვაწე ქართველები იყვნენ, ან საქართველოსთან საქმიანად და კულტურულად დაკავშირებული გერმანელები. 1999 წლიდან დღემდე ბევრი ცნობილი სახე მყავდა სტუმრად ეთერში: რეზო ჩხიკვიშვილი, მერაბ ნინიძე, მანანა მენაბდე, პაატა ბურჭულაძე, ნინო ხარატიშვილი, ზურაბ ქარუმიძე , კრისტიანე ლიხტენფელდი და კიდევ ბევრი სხვა მწერალი, მთარგმნელი, კულტურის და განათლების სფეროს, ეკლესიის და დიპლომატიის წარმომადგენელი. ქართველი პოლიტიკოსი ბატონი ზურაბ ჟვანიაც კი, რომელიც ექსპო 2000 ზე ჰანოვერში ჩავწერე.
 
2005 წლამდე ორ ენაზე გავდიოდი ეთერში. 2005 წლიდან რაინის მხარეში რეგიონალური სამთავრობო პოლიტიკა შეიცვალა და სამოქალაქო რადიოში უცხოენოვანი გადაცემები აკრძალეს. მას შემდეგ გადაცემების კეთება გერმანულ ენაზე გავაგრძელე. თუმცა ქართული მუსიკით და ქართული მისალმებით ვაგრძელებ გერმანულ ეთერში გასვლას. რთულ დროს მომიხდა ევროპაში ცხოვრება და საყვარელი საქმის კეთება. ქართველობა ბოლო 20 წლის მანძილზე გერმანიაში ძნელი იყო. არცერთ გერმანულ საზოგადოებრივ არხზე ქართულენოვანი რედაქცია არ არსებობდა. წლების მანძილზე ამაოდ ვიბრძოდი, Deutsche Welle ში ან WDR ზე „ქართული სარკმელი“ გამეხსნა, სახელმწიფო სტრუქტურებიც ჩავრიე, მაგრამ ამაოდ.
 
ქართულ კულტურაზე, სამოქალაქო რადიოში მომზადებული ჩემი გადაცემები უდაბნოში შექმნილ ოაზისს ჰგავდა, მაგრამ მე წუთითაც არ მინანია, რომ საყავრელი საქმის ერთგული დავრჩი. არ ვიცი , როგორი იქნება საქართველოს მომავალი ევროპაში, იმედი მაქვს, ქართული სახელმწიფო ოდესმე მეტად იზრუნებს იმაზე, რომ რომელიმე გერმანულ არხზე ქართული რედაქცია დაუშვან.
ახალგაზრდა ჟურნალისტებს ვუსურვებდი, უკეთეს ევროპაში და საქართველოში ცხოვრებას. ადვილი ყოფილიყოს მათთვის ქართველობა. ვურჩევდი, იბრძოლონ თავიანთი მიზნებისთვის და საკუთარი თავის რეალიზებისთვის. საქმის სიყვარული ყოველთვის აძლევს ადამიანს ბრძოლის ძალას.
 
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати