USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ირმა მგელაძე- ქართველი ფიზიკოსი და ფიზიკის სახელმძღვანელოების ავტორი შვეიცარიაში
дата:  1171
თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მონაწილეობას ვიღებდი თეორიული ფიზიკის კვლევებში თბილისში, დუბნაში (JINR) და ბერნის უნივერსტეტში. კვლევებში ჩართულობის ყველა ეტაპმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ ზრდაში, ფიზიკის სიღრმისეულ გააზრებაში და საბოლოოდ ფიზიკოსად ჩამოყალიბებაში, რომელიც რა თქმა უნდა ისევ გრძელდება. ბერნის უნივერსტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში, ჰიგსის ნაწილაკის პრობლემატიკაზე,1999 წლიდან ვმუშაობდი. 2002 წელს კი გადავწყვიტე, პროფესია შემეცვალა და არჩევანი სწავლებაზე გავაკეთე.
 
ვინიდან ქართულ დიპლომში პედაგოგის სპეციალობაც ეწერა, სწავლების ნება დამრთეს. სანამ ჩემი განათლების შვეიცარიულ დიპლომთან შესაბამისობას შეამოწმებდნენ დავრწმუნდი, რომ ეს სპეციალობა ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო.
 
პედაგოგიკა და სწავლების დიდაქტიკა ცალკე მიმართულებაა შვეიცარიის უნივერსტეტებში. სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს უფლება ეძლევათ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ასწავლონ.
 
ასე რომ, ორი შვილის დედა დიდი სამოვნებით გავხდი სტუდენტი და დავიწყე ბერნის უნივესტეტში გიმნაზიის პედაგოგიკისა და საგნის სწავლების დიდაქტიკის შესწავლა. სამი წლის შემდეგ მუშაობა უკვე როგორც დიპლომირებულმა ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელმა ისე გავაგრძელე.
 
სკოლა ყველაზე მეტად არის ქვეყნის კულტურის, მენტალობის და ისტორიის ანარეკლი. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიულ სკოლას მშობლის თვალსაწიერიდან უკვე ვიცნობდი, მთლიანად შვეიცარიული განათლების სისტემა დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის. ამ ქვეყანამ საკმაოდ ადრე გააცნობიერა, რომ ხარისხიანი განათლება ქვეყნის წარმატების საწინდარია. ჯერ კიდევ 1855 წელს, გეოგრაფიულ მეზობლებთან შედარებით ბევრად ღარიბმა მაღალმთიანმა ქვეყანამ გადაწყვიტა, იმ დროისთვის ცნობილ არაქიტექტორს გეორგ სემპერს აეშენებინა ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი, რომელშიც შემდეგ სახელოვანმა გერმანელმა ფიზიკოსებმა რენტგენმა და აინშტაინმა ისწავლეს. ამ უნივერსტეტმა კი ქვეყანას, საბუნებისმეტრველო დარგებში, 21 ნობელის პრემია მოუტანა. ძლიერმა ინდუსტრიულმა ქალაქმა ბაზელმა რეფერენდუმზე სიძვირის გამო უარი თქვა, რომ გამოჩენილ ესპანელ არქიტექტორს კალატრავას ხიდი აეშენებინა, მაგრამ ქალაქის პატარა შემოგარენში ულამაზესი გიმნაზია ააშენეს, რისთვისაც ფულს არ ზოგავენ. ასეთია შვეიცარიელების დამოკიდებულება განათლებისადმი. ეს მიდგომა იგრძნობა ყველა საგამანათლებლო საფეხურზე თუ ინსტიტუციაში. ეს მიდგომა იგრძნობა საზოგადოების ნდობაში ამ სისტემის მიმართ და პედაგოგების შრომის დაფასებაში.
 
თუ ამერიკულ სისტემას შევადარებთ, გიმნაზიის პროგრამა, სილაბუსების მიხედვით, კოლეჯის მოსამზადებელი და კოლეჯის პირველი ორი წლის პროგრამას მოიცავს. მოზარდები თავიანთი სასკოლო კარიერის მანძილზე რამდენიმე სელექციას გადიან, რის შედეგადაც გიმნაზიაში მოზარდების მხოლოდ 20% ხვდება. ასეთი მკაცრი სელექციის შედეგად გიმნაზიის გამოსაშვები ატესტატი გასაღებია ყველა უმაღლესი სასწავლებლისთვის. ჩვენ, პედაგოგებს, უზარმაზარი აკადემიური თავისუფლება გვაქვს: ვირჩევთ სახელმძღვანელოს, ვწერთ გამოსაშვებ გამოცდებს, რითაც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენსავე დაწერილ ნიშანზე თუ მიცემული ცოდნის ხარისხზე. ერთის მხრივ ამ გარემოში მუშაობა ჩემთვის უაღრესად საინტერესოა, მაგრამ, ამავე დროს, დიდი გამოწვევაც არის. ასევე, ჩემი საგანი არ მაძლევს მოდუნების შესაძლებლობას. თუ სამეცნიერო მკვლევარი რომელიმე ერთ საკითხს სიღრმისეულად სწავლობს, ჩვენ მუდმივად უნდა ვეუფლებოდეთ ამ დარგის ახალ-ახალ მიღწევებს. მეორე მხრივ, საოცარი ტემპით ვითარდება ექსპერიმენტული ბაზა. მაგალითად, თუ პლანკის მუდმივი გაზომვა ადრე მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში იყო შესაძლებელი, დღეს ეს, სენსორების საშუალებით მიიღწევა მაღალი სიზუსტით საკლასო ოთახში.
 
სწავლების პარალელურად ვხელმძღვანელობ პრაქტიკას დამწყები კოლეგებისთვის. დამატებით ვკითხულობ მათთვის კურსს “ფიზიკის სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.”
 
ჩემს კოლეგასთან, ჰანს კამერთან ერთად 2010 წელს დავწერე ფიზიკის სახელმძღვანელო, რომელსაც შემდეგ ამოცანების კრებული დაერთო. მიუხედავად გერმანულენოვანი სახელმძღვანელოების სიმრავლისა, შვეიცარიაში გიმნაზიებმა წიგნი საკმაოდ შეიყვარეს. შარშან მესამე გადამუშავებული გამოცემა გამოვიდა. თუმცა ჩემი აქ მუშაობის ყველაზე დიდი აღიარება არის შვეიცარიის გიმნაზების რეფორმირების სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა. ეს პროექტი 2023 წელს უნდა დასრულდეს და რეფორმები მთელ შვეიცარიულ გიმნაზიებში გატარდეს.
გამოცდილებას ხშირად ვუზიარებ ჩემს კოლეგებს საქართველოდან. აგრეთვე, შესაძლებლობა მაქვს, შევხვდე ცერნში ვიზიტად მყოფ კოლეგებს. ის ფაქტი, რომ სკოლის მასწავლებლებს საშუალება აქვთ, კვალიფიკაციის ასამაღლებლად საუკეთესო სამეცნიერო ცენტრებს ეწვიონ, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა საკმარისი არ არის. თუ გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, ბევრი შრომისა და ინვესტიციის ჩადება გვჭირდება ფიზიკის სწავლების მეთოდიკის დასახვეწად, ასევე ახალგაზრდა ფიზიკოსების დასაინტერესებლად, რომ მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება მოზარდებს გაუზიარონ. ეს შესაძლებელი გახდება, თუ სკოლა მათთვისაც განვითარების ადგილად იქცევა საინტერესო ექსპერიმენტული ბაზით თუ ღირსეული ანაზღაურებით.
 
ამ მომენტში უზარმაზარ პრობლემას ზუსტად ახალგაზრდა კადრების მოძიებაში ვხედავ. მაშინ, როდესაც ქართველი ფიზიკოსები მსოფლიოს ყველა კუთხეში წარმატებას აღწევენ, ჩვენ ვერ ვაინტერესებსთ ახალგაზრდებს, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ ამ საგნის სწავლას -- საგნის, რომელიც ანვითარებს ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიც არის მოდელირება და ლოგიკური კავშირი სხვადასხვა მოვლენას შორის. ეს უნარ-ჩვევები არა მხოლოდ ყველა საბუნებისმეტყველო დისციპლინის საფუძველია, არამედ ძალიან მოთხოვნადია საბანკო, სამედიცინო და საინჟინრო მიმართულებებისთვისაც.
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати