USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
Тбилиси
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „ევროპა დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის უნდა მოემზადოს: 2016 წლისაგან განსხვავებით“
дата:  256

დიდი ბრიტანეთის გავლენიან გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 5 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპა დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის უნდა მოემზადოს: 2016 წლისაგან განსხვავებით, ამჯერად ექს-პრეზიდენტს მმართველობის მკაფიო გეგმა აქვს“ (ავტორი - ედვარდ ლუსი, საგარეოპოლიტიკური მიმომხილველი).

პუბლიკაციაში განხილულია ევროპულ-ამერიკული ურთიერთობის პერსპექტივა და მოცემულია გარკვეული პროგნოზი, თუ როგორი შეიძლება იყოს ვაშინგტონის დამოკიდებულება ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში. „დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა იქნება საუკეთესო ამბავი ვლადიმერ პუტინის რუსეთისათვის და საშინელი - უკრაინისათვის“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ისინი დონალდ ტრამპმა არ გააფრთხილა. ჟურნალ „თაიმისადმი“ მიცემულ უჩვეულოდ ვრცელ ინტერვიუში, გასულ კვირას, როცა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა თავის გეგმებზე ისაუბრა - რას გააკეთებს, როცა ისევ პრეზიდენტი გახდება, მისმა განცხადებებმა ლიბერალებში კვლავ ძლიერი შიშის კანკალი გამოიწვია.

როგორც დონალდ ტრამპის ნათქვამიდან ჩანს, იგი მილიონობით არალეგალურ მიგრანტს დააკავებს და ქვეყნიდან გააძევებს; თუ საჭირო გახდება, აშშ-ის ქალაქების ქუჩებში საპროტესტო აქციების ჩასახშობად არმიასაც გამოიყენებს; შემოიღებს ტესტებს ფედერალურ სახელმწიფო მოსამსახურეთა ლოიალობის დასადგენად; ნებას დართავს შტატების ხელისუფლებას ქალთა ორსულობის გაკონტროლების თაობაზე (აბორტებთან დაკავშირებით)... ინტერვიუში ექს-პრეზიდენტმა არ გამორიცხა მხარდაჭერთა სავარაუდო ძალადობა იმ შემთხვევისათვის, თუ იგი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება.

გასაგებია, რომ ამერიკულ მასმედიას უპირატესად ყურადღება აქვს მიპყრობილი დონალდ ტრამპის რადიკალიზმის საშინაპოლიტიკურ ასპექტებისადმი, თუმცა მისი ზოგიერთი მკვეთრი გამონათქვამი ევროპასაც ეხებოდა. ის, რომ ექს-პრეზიდენტის გეგმებში შედის ნატოს გადაქცევა ისეთი ქვეყნების კლუბად, რომლებსაც [მომსახურების] ფასის გადახდა შეუძლიათ, ამაში ახალი არაფერია - დონალდ ტრამპს პირველად არ უთქვამს, რომ იმ წევრ-სახელმწიფოებს, რომლებიც თავდაცვისათვის თავიანთი ბიუჯეტის 2%-ს არ ხარჯავენ, აშშ-ის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. არც ის იყო მოულოდნელი მისი ინტერვიუდან, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი ევროპასთან [ევროკავშირთან] სავაჭრო ურთიერთობებს გადახედავს - გავიხსენოთ, რომ თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს მან ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომი გააძლიერა და გაამწვავა.

მაგრამ ყველაზე საოცარი იყო ის, რომ ინტერვიუში დონალდ ტრამპი მუდმივად ხაზს უსვამდა ერთსაც და მეორესაც - როგორც ნატოსთან, ისე ევროკავშირთან დამოკიდებულებას: „[ევროკავშირი] ჩვენთან მიმართებით ვაჭრობაში რატომღაც სიხისტეს იჩენს. ევროპას არც ჩვენი ავტომობილები არ უნდა და არც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, არაფერი არ სურს. ეს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩას ჰგავს. იგივე სიტუაციაა ნატოსთან მიმართებითაც: ამერიკის თხოვნებს და წინადადებებს ევროპელები ამრეზით უყურებენ, თავიანთი თავდაცვისათვის ფულის დახარჯვა არ სურთ“.

ევროპელთა ერთ-ერთი „პასუხი“ დონალდ ტრამპის საყვედურებზე, დიდი ალბათობით, ასეთი შეიძლება იყოს: „იმედი გვაქვს, რომ ნოემბრის არჩევნებში დამარცხდები“. მაგრამ ამგვარი იმედები ნაჩქარევი იქნებოდა. გავიხსენოთ, რომ 2020 წელს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგთა მიხედვით მხოლოდ ხმების 4%-ით აჯობა.  მოსახლეობის  საზოგადოებრივი გამოკითხვების განზოგადებული საშუალო მონაცემების თანახმად, ბოლო თვეებში დონალდ ტრამპი 1,5%-ით ლიდერობს და რაც უფრო საყურადღებოა, ლიდერობს იმ შვიდ შტატშიც კი, რომლებიც, ტრადიციულად, „მოყოყმანე“ შტატებად ითვლებიან. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ნაადრევია გამოკითხვების შედეგები სერიოზულად მივიღოთ, მაგრამ აშკარად ჩანს: აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებდა.

მეორე პასუხი, რომლის გამოხატვა, ალბათ, უფრო მეტად აშშ-ის ბიზნეს-ლიდერებისაგან არის მოსალოდნელი, ასეთი შეიძლება იყოს: „დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტობის დროს ცუდი არ ყოფილა“. როგორც ჯეიმი დაიმონმა - მილიარდერმა, JPMorgan-ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა - თქვა ერთი თვის წინათ, დონალდ ტრამპს (ისევე როგორც ჯო ბაიდენტს) აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები: „ჩემი კომპანია ერთის დროსაც ჰყვაოდა და მეორის დროსაც“. ანუ პრინციპში, გამარჯვებულები და დამარცხებულები ყოველთვის იქნებიან,  ცხოვრება კი თავისი გზით გაგრძელდება. ევროპაში, ალბათ, ბევრი დაეთანხმებოდა ჯეიმი დეიმონის პოზიციას, მაგრამ ესეც მეორე უკიდურესობა იქნებოდა.

განსხვავება 2024 და 2016 წლებს შორის ისაა, რომ დონალდ ტრამპს 2016 წელს [აშშ-ის გარდაქმნის] გეგმა არ ჰქონდა, ახლა კი, 2024 წელს, აქვს. ევროპელები თვლიან, რომ ექს-პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, „ამერიკა ციხე-სიმაგრე“ უნდა იყოს და ახლა მას შეუძლია თავის მხარეზე ის ამერიკელები გადაიყვანოს, რომლებსაც ჭეშმარიტად სჯერათ დონალდ ტრამპის იდეების განხორციელება. გავიხსენოთ, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ყოფილმა პრეზიდენტმა თავდაპირველად წამყვან თანამდებობებზე ისტებლიშმენტის წარმომადგენლები დანიშნა: რექს ტილერსონი - სახელმწიფო მდივნად და ჯიმი მეტისი - თავდაცვის მინისტრად. ამჯერად კი დონალდ ტრამპი მომავალ მინისტრებს ევროსკეპტიკოსების წრიდან არჩევს - მაგალითად, ელბრიჯ კოლბის, რომელიც ანალიტიკური ცენტრის - Marathon Initiative-ს ხელმძღვანელია და რიჩარდ გრენელს, აშშ-ის ყოფილ ელჩს გერმანიაში, რომელიც ღიად გამოხატავს თავის ევროფობურ პოზიციას. „ჩემი უპირატესობა ამჟამად იმით გამოიხატება, რომ ახლა მე ყველას კარგად ვიცნობ“, - ამბობს დონალდ ტრამპი ინტერვიუში, - დიახ, ყველას ვიცნობ - კარგებს, ცუდებს, ჭკვიანებს და სულელებს... ვაშინგტონში [თეთრ სახლში] პირველად რომ მივედი, ძალიან ცოტა ხალხს ვიცნობდი“.

გაურკვეველია, თუ რას გააკეთებს ევროპა „თავის დაზღვევის მიზნით“ დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის შემთხვევაში. სავარაუდოდ, მის თეთრ სახლში დაბრუნებას, ალბათ, ევროპელი ლიდერების უმნიშვნელო რაოდენობა (მაგალითად, უნგრეთის ან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები) მიესალმებიან. ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. თუ ევროპელი ულტრამემარჯვენეები წარმატებას მიაღწევენ ევროპარლამენტის ივნისის არჩევნებში, მაშინ დონალდ ტრამპს ბრიუსელში, ადრინდელისაგან განსხვავებით, უფრო მეტი მომხრე ეყოლება. სავარაუდოდ, მის მხარეზე გადავა იტალიის უკიდურესად მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, რომელიც, ბევრის გასაკვირად, ჯო ბაიდენთან თანამშრომლობდა (უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში).

ევროპის ძირითად პარტიებში არსებული კიდევ ერთი სტრატეგია იმით გამოიხატება, რომ საჭიროა „ვეფხვის მოთვინიერება“. დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია, რომელიც, დიდი ალბათობით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, აქედანვე ცდილობს სიტუაციის მოსინჯვას და დონალდ ტრამპის სავარაუდო გარემოცვასთან დაახლოებას.  ლეიბორისტთა ჩრდილოვანი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი მომავალ კვირას უკვე მეექვსედ ეწვევა ვაშინგტონს მას შემდეგ, რაც იგი ამ პოსტზე დაინიშნა. მან უკვე გააბა კავშირები ელბრიჯ კოლბისთან, ჯეი დი-ვენსთან (სენატორ-რესპუბლიკელთან, რომელიც უკრაინის დახმარების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი), რობერტ ო’ბრაიენთან - დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და მაიკ პომპეოსთან, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო მდივანი იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი ევროკავშირის მიმართ „არამეგობრულად“ არის განწყობილი, დიდი ბრიტანეთი, როგორი მთავრობაც მას არ უნდა ჰყავდეს, ზოგადად, შეიძლება მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდეს („ნისლიანი ალბიონი“ ევროკავშირის წევრი 2020 წლიდან აღარ არის). 887-გვერდიან დოკუმენტში სახელწოდებით „პროექტი-2025“, რომელიც დონალდ ტრამპის მემკვიდრეობის ფონდმა მოამზადა და რომელიც, ფაქტიურად, მისი პრეზიდენტობის გეგმას წარმოადგენს, დიდი ბრიტანეთი იმ ერთადერთ ქვეყნად არის დასახელებული, რომელთანაც აშშ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ვაჭრობის გაფართოებას გეგმავს.

არცერთი ამ ტაქტიკებიდან - ქვიშაში თავის ჩამალვა, დონალდ ტრამპთან შეგუება („ვეფხვის მოთვინიერება“) და მასთან მისალმება-დამეგობრება - საიმედო არ არის. რეალობა ისეთია, რომ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა, ალბათ, იქნება დასავლეთის, როგორც მსოფლიო არენაზე იდეების ორგანიზატორის, დასასრული.

და, ბუნებრივია, ეს იქნებოდა საუკეთესო ამბავი ვლადიმერ პუტინის რუსეთისათვის და საშინელი - უკრაინისათვის. ასეთ სიტუაციაში არ არის გამორიცხული აგრეთვე „პანდორას ბირთვული ყუთის“ გაღებაც: თუ ნატოს ევროპელ წევრებს აშშ-ის მხარდაჭერის იმედი აღარ ექნებათ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და პოლონეთიც კი, ბირთვული იარაღის დაუფლებას მოისურვებენ. ირონია იმაშია, რომ დონალდ ტრამპისთვის მოვლენების ასეთი განვითარება პრობლემურს არ წარმოადგენს, მას ეს ყველაფერი საერთოდ არ ადარდებს.

წყარო: https://www.ft.com/content/60df8c35-667a-4672-a356-220dfb60ddde

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати