დიდი ბრიტანეთის გავლენიან გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 5 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპა დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის უნდა მოემზადოს: 2016 წლისაგან განსხვავებით, ამჯერად ექს-პრეზიდენტს მმართველობის მკაფიო გეგმა აქვს“ (ავტორი - ედვარდ ლუსი, საგარეოპოლიტიკური მიმომხილველი).
პუბლიკაციაში განხილულია ევროპულ-ამერიკული ურთიერთობის პერსპექტივა და მოცემულია გარკვეული პროგნოზი, თუ როგორი შეიძლება იყოს ვაშინგტონის დამოკიდებულება ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში. „დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა იქნება საუკეთესო ამბავი ვლადიმერ პუტინის რუსეთისათვის და საშინელი - უკრაინისათვის“, - ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ისინი დონალდ ტრამპმა არ გააფრთხილა. ჟურნალ „თაიმისადმი“ მიცემულ უჩვეულოდ ვრცელ ინტერვიუში, გასულ კვირას, როცა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა თავის გეგმებზე ისაუბრა - რას გააკეთებს, როცა ისევ პრეზიდენტი გახდება, მისმა განცხადებებმა ლიბერალებში კვლავ ძლიერი შიშის კანკალი გამოიწვია.
როგორც დონალდ ტრამპის ნათქვამიდან ჩანს, იგი მილიონობით არალეგალურ მიგრანტს დააკავებს და ქვეყნიდან გააძევებს; თუ საჭირო გახდება, აშშ-ის ქალაქების ქუჩებში საპროტესტო აქციების ჩასახშობად არმიასაც გამოიყენებს; შემოიღებს ტესტებს ფედერალურ სახელმწიფო მოსამსახურეთა ლოიალობის დასადგენად; ნებას დართავს შტატების ხელისუფლებას ქალთა ორსულობის გაკონტროლების თაობაზე (აბორტებთან დაკავშირებით)... ინტერვიუში ექს-პრეზიდენტმა არ გამორიცხა მხარდაჭერთა სავარაუდო ძალადობა იმ შემთხვევისათვის, თუ იგი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება.
გასაგებია, რომ ამერიკულ მასმედიას უპირატესად ყურადღება აქვს მიპყრობილი დონალდ ტრამპის რადიკალიზმის საშინაპოლიტიკურ ასპექტებისადმი, თუმცა მისი ზოგიერთი მკვეთრი გამონათქვამი ევროპასაც ეხებოდა. ის, რომ ექს-პრეზიდენტის გეგმებში შედის ნატოს გადაქცევა ისეთი ქვეყნების კლუბად, რომლებსაც [მომსახურების] ფასის გადახდა შეუძლიათ, ამაში ახალი არაფერია - დონალდ ტრამპს პირველად არ უთქვამს, რომ იმ წევრ-სახელმწიფოებს, რომლებიც თავდაცვისათვის თავიანთი ბიუჯეტის 2%-ს არ ხარჯავენ, აშშ-ის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. არც ის იყო მოულოდნელი მისი ინტერვიუდან, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი ევროპასთან [ევროკავშირთან] სავაჭრო ურთიერთობებს გადახედავს - გავიხსენოთ, რომ თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს მან ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომი გააძლიერა და გაამწვავა.
მაგრამ ყველაზე საოცარი იყო ის, რომ ინტერვიუში დონალდ ტრამპი მუდმივად ხაზს უსვამდა ერთსაც და მეორესაც - როგორც ნატოსთან, ისე ევროკავშირთან დამოკიდებულებას: „[ევროკავშირი] ჩვენთან მიმართებით ვაჭრობაში რატომღაც სიხისტეს იჩენს. ევროპას არც ჩვენი ავტომობილები არ უნდა და არც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, არაფერი არ სურს. ეს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩას ჰგავს. იგივე სიტუაციაა ნატოსთან მიმართებითაც: ამერიკის თხოვნებს და წინადადებებს ევროპელები ამრეზით უყურებენ, თავიანთი თავდაცვისათვის ფულის დახარჯვა არ სურთ“.
ევროპელთა ერთ-ერთი „პასუხი“ დონალდ ტრამპის საყვედურებზე, დიდი ალბათობით, ასეთი შეიძლება იყოს: „იმედი გვაქვს, რომ ნოემბრის არჩევნებში დამარცხდები“. მაგრამ ამგვარი იმედები ნაჩქარევი იქნებოდა. გავიხსენოთ, რომ 2020 წელს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგთა მიხედვით მხოლოდ ხმების 4%-ით აჯობა. მოსახლეობის საზოგადოებრივი გამოკითხვების განზოგადებული საშუალო მონაცემების თანახმად, ბოლო თვეებში დონალდ ტრამპი 1,5%-ით ლიდერობს და რაც უფრო საყურადღებოა, ლიდერობს იმ შვიდ შტატშიც კი, რომლებიც, ტრადიციულად, „მოყოყმანე“ შტატებად ითვლებიან. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ნაადრევია გამოკითხვების შედეგები სერიოზულად მივიღოთ, მაგრამ აშკარად ჩანს: აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებდა.
მეორე პასუხი, რომლის გამოხატვა, ალბათ, უფრო მეტად აშშ-ის ბიზნეს-ლიდერებისაგან არის მოსალოდნელი, ასეთი შეიძლება იყოს: „დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტობის დროს ცუდი არ ყოფილა“. როგორც ჯეიმი დაიმონმა - მილიარდერმა, JPMorgan-ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა - თქვა ერთი თვის წინათ, დონალდ ტრამპს (ისევე როგორც ჯო ბაიდენტს) აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები: „ჩემი კომპანია ერთის დროსაც ჰყვაოდა და მეორის დროსაც“. ანუ პრინციპში, გამარჯვებულები და დამარცხებულები ყოველთვის იქნებიან, ცხოვრება კი თავისი გზით გაგრძელდება. ევროპაში, ალბათ, ბევრი დაეთანხმებოდა ჯეიმი დეიმონის პოზიციას, მაგრამ ესეც მეორე უკიდურესობა იქნებოდა.
განსხვავება 2024 და 2016 წლებს შორის ისაა, რომ დონალდ ტრამპს 2016 წელს [აშშ-ის გარდაქმნის] გეგმა არ ჰქონდა, ახლა კი, 2024 წელს, აქვს. ევროპელები თვლიან, რომ ექს-პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, „ამერიკა ციხე-სიმაგრე“ უნდა იყოს და ახლა მას შეუძლია თავის მხარეზე ის ამერიკელები გადაიყვანოს, რომლებსაც ჭეშმარიტად სჯერათ დონალდ ტრამპის იდეების განხორციელება. გავიხსენოთ, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ყოფილმა პრეზიდენტმა თავდაპირველად წამყვან თანამდებობებზე ისტებლიშმენტის წარმომადგენლები დანიშნა: რექს ტილერსონი - სახელმწიფო მდივნად და ჯიმი მეტისი - თავდაცვის მინისტრად. ამჯერად კი დონალდ ტრამპი მომავალ მინისტრებს ევროსკეპტიკოსების წრიდან არჩევს - მაგალითად, ელბრიჯ კოლბის, რომელიც ანალიტიკური ცენტრის - Marathon Initiative-ს ხელმძღვანელია და რიჩარდ გრენელს, აშშ-ის ყოფილ ელჩს გერმანიაში, რომელიც ღიად გამოხატავს თავის ევროფობურ პოზიციას. „ჩემი უპირატესობა ამჟამად იმით გამოიხატება, რომ ახლა მე ყველას კარგად ვიცნობ“, - ამბობს დონალდ ტრამპი ინტერვიუში, - დიახ, ყველას ვიცნობ - კარგებს, ცუდებს, ჭკვიანებს და სულელებს... ვაშინგტონში [თეთრ სახლში] პირველად რომ მივედი, ძალიან ცოტა ხალხს ვიცნობდი“.
გაურკვეველია, თუ რას გააკეთებს ევროპა „თავის დაზღვევის მიზნით“ დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის შემთხვევაში. სავარაუდოდ, მის თეთრ სახლში დაბრუნებას, ალბათ, ევროპელი ლიდერების უმნიშვნელო რაოდენობა (მაგალითად, უნგრეთის ან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები) მიესალმებიან. ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. თუ ევროპელი ულტრამემარჯვენეები წარმატებას მიაღწევენ ევროპარლამენტის ივნისის არჩევნებში, მაშინ დონალდ ტრამპს ბრიუსელში, ადრინდელისაგან განსხვავებით, უფრო მეტი მომხრე ეყოლება. სავარაუდოდ, მის მხარეზე გადავა იტალიის უკიდურესად მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, რომელიც, ბევრის გასაკვირად, ჯო ბაიდენთან თანამშრომლობდა (უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში).
ევროპის ძირითად პარტიებში არსებული კიდევ ერთი სტრატეგია იმით გამოიხატება, რომ საჭიროა „ვეფხვის მოთვინიერება“. დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია, რომელიც, დიდი ალბათობით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, აქედანვე ცდილობს სიტუაციის მოსინჯვას და დონალდ ტრამპის სავარაუდო გარემოცვასთან დაახლოებას. ლეიბორისტთა ჩრდილოვანი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი მომავალ კვირას უკვე მეექვსედ ეწვევა ვაშინგტონს მას შემდეგ, რაც იგი ამ პოსტზე დაინიშნა. მან უკვე გააბა კავშირები ელბრიჯ კოლბისთან, ჯეი დი-ვენსთან (სენატორ-რესპუბლიკელთან, რომელიც უკრაინის დახმარების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი), რობერტ ო’ბრაიენთან - დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და მაიკ პომპეოსთან, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო მდივანი იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი ევროკავშირის მიმართ „არამეგობრულად“ არის განწყობილი, დიდი ბრიტანეთი, როგორი მთავრობაც მას არ უნდა ჰყავდეს, ზოგადად, შეიძლება მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდეს („ნისლიანი ალბიონი“ ევროკავშირის წევრი 2020 წლიდან აღარ არის). 887-გვერდიან დოკუმენტში სახელწოდებით „პროექტი-2025“, რომელიც დონალდ ტრამპის მემკვიდრეობის ფონდმა მოამზადა და რომელიც, ფაქტიურად, მისი პრეზიდენტობის გეგმას წარმოადგენს, დიდი ბრიტანეთი იმ ერთადერთ ქვეყნად არის დასახელებული, რომელთანაც აშშ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ვაჭრობის გაფართოებას გეგმავს.
არცერთი ამ ტაქტიკებიდან - ქვიშაში თავის ჩამალვა, დონალდ ტრამპთან შეგუება („ვეფხვის მოთვინიერება“) და მასთან მისალმება-დამეგობრება - საიმედო არ არის. რეალობა ისეთია, რომ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა, ალბათ, იქნება დასავლეთის, როგორც მსოფლიო არენაზე იდეების ორგანიზატორის, დასასრული.
და, ბუნებრივია, ეს იქნებოდა საუკეთესო ამბავი ვლადიმერ პუტინის რუსეთისათვის და საშინელი - უკრაინისათვის. ასეთ სიტუაციაში არ არის გამორიცხული აგრეთვე „პანდორას ბირთვული ყუთის“ გაღებაც: თუ ნატოს ევროპელ წევრებს აშშ-ის მხარდაჭერის იმედი აღარ ექნებათ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და პოლონეთიც კი, ბირთვული იარაღის დაუფლებას მოისურვებენ. ირონია იმაშია, რომ დონალდ ტრამპისთვის მოვლენების ასეთი განვითარება პრობლემურს არ წარმოადგენს, მას ეს ყველაფერი საერთოდ არ ადარდებს.
წყარო: https://www.ft.com/content/60df8c35-667a-4672-a356-220dfb60ddde