USD 2.7283
EUR 3.1553
RUB 3.4711
Тбилиси
«Die Deutsche Wirtschaft» (გერმანია): „კაპიტალისტის მოგზაურობა: საქართველო, თბილისი“
дата:  

გერმანულმა გამოცემამ „გერმანული ეკონომიკა“ (Die Deutsche Wirtschaft) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „კაპიტალისტის მოგზაურობა: საქართველო, თბილისი“ (ავტორი - რაინერ ზიტელმანი - ისტორიკოსი, სოციოლოგი, ბიზნესმენი), რომელშიც გადმოცემულია საქართველოში ყოფნისას მიღებული შთაბეჭდილებები, შეფასებები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ქვეყნის პერსპექტივის შესახებ.

როგორც ავტორი წერს, იგი არასოდეს არ ყოფილა საქართველოში და როცა აპრილში პროფესორმა გია ჯანდიერმა - ლიბერტარიანული ანალიტიკური ცენტრის „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამაარსებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა - თბილისში მიიწვია, სიამოვნებით დათანხმდა.

„საქართველო მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, დასავლეთ აზიაში,  თუმცა ქართველები თავიანთ ქვეყანას ამაყად უწოდებენ „ევროპის აივანს“. საქართველოს მეზობლები არიან თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, აგრეთვე რუსეთი, რომელიც 2008 წელს თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება განახორციელა. რაც თვალში ეცემა თბილისში უცხოელს, ისაა, რომ ქალაქში ბევრია როგორც მე-19 საუკუნის ლამაზი ძველი შენობები, ასევე საბჭოთა პერიოდის არქიტექტურული სიმახინჯეებიც. გია მიხსნის, რომ ეს შენობები საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის ეპოქაში აშენდა.

საქართველოს თავის ტერიტორიაზე არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომი არ განუცდია, ქალაქები და შენობები არ დანგრეულა, მაგრამ, როგორც გია ჯანდიერი ამბობს, ქართველმა ხალხმა თავისი დიდი სისხლი დაღვარა - მეორე მსოფლიო ომში 300 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი საქართველოში იყო დაბადებული, იგი თავის თანამემამულეებს მკაცრად ექცეოდა და მათ ომის ცეცხლში გზავნიდა.

2001 წელს გია ჯანდიერმა, სხვა მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად, სკოლა დააარსა და პრეზიდენტობის იმდროინდელი კანდიდატისათვის მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს ეკონომიკური აღორძინების 25-პუნქტიანი პროგრამა შეიმუშავა. 2004 წელს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. იგი საბაზრო ეკონომიკის განვითარების მომხრე იყო და ძველი ელიტის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურდა.

როგორი სიტუაციაა დღეს? გია ძალზე სკეპტიკურად არის განწყობილი: ქვეყანას მართავს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხოლოდ 2012-2013 წლებში იყო. მან თავისი მილიარდები რუსეთში დააგროვა, 2003 წელს თბილისში დაბრუნდა, მოგვიანებით მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და ახლა მდიდრულ რეზიდენციაში ცხოვრობს.

გია ჯანდიერის აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემები გამოიხატება რუსეთის საფრთხით, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და ეკონომიკური განვითარების არათანმიმდევრულობით.

დიდი საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველო ცუდ დღეში ჩავარდა. მას ერთხელ უკვე ჰქონდა დამოუკიდებლობის გამოცდილება - 1918 წელს, მაგრამ მცირე ხნით - 1921 წელს საქართველოს ოკუპირება საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ განახორციელა და ქვეყანა სსრ კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა. 70 წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მეორედ მოიპოვა. ქვეყნის წინაშე ორი მთავარი ამოცანა დადგა: საბჭოთა ეკონომიკის შეცვლა საბაზრო ეკონომიკით და რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების შესუსტება. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 13 წლის განმავლობაში ამ მხრივ ბევრი არაფერი არ გაუკეთებია. 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შედეგად მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების გატარება დაიწყო: შემცირდა გადასახადების რაოდენობა, ასევე შემცირდა საშემოსავლო გადასახადის მოცულობა, დაიწყო მასშტაბური პრივატიზება, გაჩაღდა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრი ქვეყნისთვის პრობლემად ითვლება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ძალზე რადიკალური ზომები მიიღო, მაგალითად, სამართალდამცველ სისტემაში - პოლიციაში განხორციელებული რეფორმის შედეგად შემცირდა დანაშაულის რაოდენობა, მკვეთრად გაუმჯობესდა კრიმინოგენური სიტუაცია („ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპით). რეფორმა გატარდა სამთავრობო ადმინისტრირების სფეროშიც. შედეგი ის იყო, რომ თუ საქართველო 2004 წელს კორუფციის მხრივ 133-ე ადგილს იკავებდა, 2022 წელს - 41-ე ადგილს, 180 ქვეყანას შორის (შედარებისთვის: რუსეთი 137-ე ადგილზეა).

საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ გადასახადების შემცირება და გამარტივება შემოსავლების მოცულობას ზრდის. დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ თავისუფლებას, მთავრობისაგან ბიზნესის კონტროლის შესუსტებას. 2003 წლიდან საქართველოს რეიტინგი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით განუხრელად იზრდებოდა და 2020 წელს მე-12 ადგილი დაიკავა, მაგრამ შემდეგ კლება დაიწყო - 2024 წელს მხოლოდ 32-ე ადგილი.

გია ჯანდიერი აკრიტიკებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რამაც გამოიწვია ბევრი არასაჭირო სამთავრობო რეგულაციების ხელახალი შემოღება.

საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, აჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის, მათ შორის ეკონომიკური თავისუფლებისთვის, მუდმივად უნდა იბრძოლო“.

წყარო: https://die-deutsche-wirtschaft.de/weltreise-eines-kapitalisten-georgien/

 

аналитика
«The Independent» : ჯეკ სტრო: „ჩვენ ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც მსოფლიოში კარიბის კრიზისის დროიდან არ ყოფილა“

„ირანს რამდენიმე ძლიერი მოკავშირე ჰყავს - პაკისტანი, რუსეთი და ჩინეთი, რომლებსაც ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით პოზიცია მკვეთრად არ გამოუხატავთ. ამიტომ დრეისათვის ბევრი რამ გაურკვეველი რჩება“, - წერს ჯეკ სტრო, ირანის ექსპერტი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (2001-2006 წლებში) გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჩვენ ისეთი საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც მსოფლიოში კარიბის კრიზისის დროიდან არ ყოფილა“. პუბლიკაციაში გამოხატულია თვალსაზრისი, თუ რამდენად სერიოზული გამოცდა შეიძლება გახდეს ახლოაღმოსავლური კონფლიქტი მსოფლიოსთვის.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბოლო დღეებში მე ხშირად მეკითხებიან, იყო თუ არა ახლო წარსულში რაიმე ისეთი სახიფათო პერიოდი, რომელიც დღევანდელს ჰგავს. დიახ, იყო - 1962 წლის კარიბის კრიზისი, მსოფლიოსათვის საშინელი დღეები, როცა ორი უმძლავრესი ზესახელმწიფო - აშშ და საბჭოთა კავშირი, ერთმანეთის პირისპირ დადგნენ და მზად იყვნენ ატომური ომის დაწყებისათვის. მე მაშინ ძალიან შემეშინდა. 13 დღის განმავლობაში მსოფლიო თითქოსდა სუნთქვაშეკრული იყო, სანამ კრიზისი დიპლომატიური მეთოდებით არ მოგვარდა.

ამრიგად, დღევანდელ საკითხთან დაკავშირებით, რომლიც შიშში გვაგდებს: არის თუ არა ბირთვული არმაგედონის საფრთხე ეგზისტენციალური? ძალადობა ყოველთვის ქაოსის გამოწვევია. ომები ძალიან იშვიათად თუ მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. ისტორია ხშირად გვაჩვენებს, რომ ერთი მეთაურის რომელიღაც უბრალო პროზაულ ადგილობრივ შეცდომას მსოფლიო ხანძრის პროვოცირება შეუძლია. შესაბამისად, ამჟამად ვერაფერს ვერ ვიტყვით განსაზღვრულს და კონკრეტულს იმაზე, თუ როგორ განვითარდება ირან-ისრაელის კონფლიქტი.

შესაძლებელია თუ არა, რომ მოსაზღვრე პაკისტანმა და რეგიონის სხვა ქვეყნებმა აქტიურად დაუჭირონ მხარი ირანს ისრაელთან ბრძოლაში?

გულახდილად თუ ვიტყვი, მე პირადად ვერ ვხედავ ამ კონფლიქტში პაკისტანის და სხვა რიგი ისლამური ქვეყნების, ან რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო ჩარევის პერსპექტივას. ვარაუდები, რომ თუ ისრაელი ირანის მიმართ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ასეთ შემთხვევაში პაკისტანი ირანს თავისი ბირთვული არსენალით დაეხმარებაო, გაჟღერდა არა პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ, არამედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერლისაგან თეირანში. მისი ნათქვამი არცერთი პაკისტანური წყაროთი არ დასტურდება. ასე რომ, მსგავს სიტუაციებში დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღება მივაქციოთ განმცხადებლის ვინაობას და მის ადგილმდებარეობას.

ალბათობა იმისა, რომ ისრაელი ბირთვული იარაღით ისარგებლებს ირანის წინააღმდეგ, ძალიან მცირეა. დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპი ისრაელის ამ ნაბიჯს ვეტოს დაადებს. მით უმეტეს, რომ ისრაელს ისეთი დიდი უპირატესობა აქვს ამ კონფლიქტში, რომ მას არც უნდა დაჭირდეს ბირთვული იარაღის გამოყენება. თვითონ ირანი ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ აქვს.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მას იმედი აქვს რეგიონის ისლამური ქვეყნები სიონისტებისა და მისი მოკავშირეების აგრესიის წინააღმდეგ გამოვლენ [და მტკიცედ დადგებიან ირანის მხარეს]. ეს გასაგებია, ირანი ისეთ სიტუაციაშია, რომ მსგავსი განცხადება გასაკვირი არ უნდა იყოს. მაგრამ დავსვათ კითხვა: ისრაელმა რომ „გონი დაკარგოს“ და ირანს მართლაც ბირთვული იარაღით შეუტიოს, პაკისტანი მის წინააღმდეგ გამოვა? ვფიქრობ, რომ არა. დიახ, პაკისტანი ირანის მეზობელია, მაგრამ ბოლო დროს მათ შორის ურთიერთობა ისეთი უღრუბლო არ არის, რომ პაკისტანელმა გენერლებმა ჭკუა დაკარგონ და ისრაელს ბირთვული ბომბები დააყარონ, ირანის საამებლად. ვაშინგტონი, რომელიც პაკისტანის მსხვილი ფინანსური სპონსორია, ისლამაბადის ნაბიჯის კატეგორიულად წინააღმდეგი იქნებოდა - ისევე როგორც ჩინეთი, პაკისტანის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ხნის მოკავშირე.

გასაგებია ირანის პრეზიდენტის მდგომარეობა: იგი გაჭირვებაშია ჩავარდნილი და მისთვის ის ყველაფერი, რასაც ბოლო დრომდე მოკავშირეები, კერძოდ, რუსეთი და ჩინეთი აკეთებდნენ, მხოლოდ ისრაელის დამგმობი შაბლონური განცხადებებია და მეტი არაფერი, ანუ ბევრს ლაპარაკობენ, საქმეს კი არ აკეთებენ. დიახ, რეგიონის ქვეყნებიც გამოხატავენ მზარდ შეშფოთებას, მაგრამ იმის იქით არ მიდიან. ლიბანში „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელმა ნაიმ კასემმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ირანს, მის პოზიციებს და გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ... განა საკვირველი არ არის, რომ „ჰეზბოლა“, რომელიც ირანის ფულით და მხარდაჭერით არსებობს, ახლა თავის სპონსორისაგან განზე დგება და პრაქტიკულ დახმარებას არ უწევს? რაც შეეხება „ჰამასს“, მისი ძველი „დიდებისაგან“ დღეს აჩრდილიღაა დარჩენილი. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი რომ არ დამხობილიყო, იგი ნამდვილად ირანის მხარეზე დადგებოდა, მაგრამ მისი რეჟიმი წარსულს ჩაბარდა. მხოლოდ იემენელი ჰუსიტები თუ შეძლებენ ირანისათვის პრაქტიკულად რაღაც სასარგებლოს გაკეთებას - ვთქვათ წითელ ზღვაში ნაოსნობის შეფერხებას, რაც ნავთობის ფასის ზრდას გამოიწვევს.

სად შეიძლება კიდევ ჩვენ ისრაელის თავდასხმის შედეგები ვიგრძნოთ? დიდ ბრიტანეთს აქვს ორი მნიშვნელოვანი ბაზა კვიპროსზე. ბაჰრეინში ასევე გვაქვს სამხედრო-საზღვაო პუნქტი. მსგავსი სახის ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურები დისლოცირებულია საუდის არაბეთში, ომანში და არაბთა საემიროებში. ირანს შეუძლია მათ მიმართ შეტევა განახორციელოს, დიდი ბრიტანეთის ომში ჩათრევის მიზნით.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობა ზომებს იღებს აღნიშნული ბაზებისა და პუნქტების უსაფრთხოებისათვის. ანდა განა რა სარგებელს მოუტანს ირანს მათ მიმართ შეტევა?

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ირანის პრესაში „სიონიზმის დაგმობასთან“ ერთად,  გრძელდება სხვადასხვა თვალსაზრისის მქონე ბლოგერების დისკუსია დასავლეთთან კომპრომისის თაობაზე, თანაც საომარ დროს, როცა ადრე, მშვიდობიან პერიოდში, მსგავსი აზრებისათვის ბლოგერებს იჭერდნენ და თეირანის საპყრობილეში გზავნიდნენ. თვით კონსერვატიული გაზეთი „ჯომჰური-ი-ისლამიც“ კი მოუწოდებს ხელისუფლებას აშშ-სთან ბირთვული მოლაპარაკების გაგრძელებისაკენ.

თუმცა ჯერ-ჯერობით ნაადრევი იქნებოდა იმის ვარაუდი, შედგება თუ არა გარიგება აშშ-სთან. არაოფიციალურად ირანისათვის ყველა ის სახელმწიფო, რომელიც დასავლურ იდეებს იზიარებს, მის მტერს წარმოადგენს და განადგურებას ექვემდებარება. სწორედ ამით განსხვავდება ამჟამინდელი კრიზისი 1962 წლის კრიზისისაგან - იმ დროს არც ამერიკა და არც საბჭოთა კავშირი ნამდვილად არ ესწრაფვოდნენ სხვა ქვეყნების განადგურებას.

ირანის ხელისუფლებას ისრაელის მიმართ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა. 1948 წელს ირანმა მხარი დაუჭირა ისრაელის მიღებას გაეროს წევრად, თუმცა ბევრი იყო მისი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგი. ირანი და ისრაელი თითქმის 1990 წლამდე თანამშრომლობდნენ, მაგრამ შემდეგ მათი ურთიერთობა გაუარესდა. დღეს ირანელი ხალხის ტრაგედიაა, რომ ისინი მაღალ ფასს იხდიან თავიანთი უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის გადაჭარბებული, უგუნური პატივმოყვარეობის გამო, რომელიც არ ცნობს გაეროს წევრი სახელმწიფოს - ისრაელის არსებობის უფლებას.

რასაკვირველია, ისრაელს ირანის ბირთვული ობიექტების დაზიანება-განადგურებით შეუძლია თეირანის ბირთვული პროგრამის შეფერხება, მაგრამ მას არ შეუძლია ბირთვულ სფეროში ირანის მიერ დაგროვილი ცოდნა-გამოცდილების განადგურება. ისრაელის დაბომბვით დაღუპული ფიზიკოსების ადგილს ახალი მეცნიერები დაიკავებენ, რომლებიც იარაღის შექმნის პროცესს გააგრძელებენ.. ერთადერთი, რაც გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევს ირანის ბირთვულ კვლევებს, ეს არის ახალი გარიგების მიღწევა, რომლის შესრულება გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს („მაგატე“) მიერ იქნება გაკონტროლებული.

დონალდ ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ მთავარი სწორედ ამგვარი შეთანხმების დადებაა, რომელიც ერთგვარი პირობა/გარანტია იქნება ცეცხლის შესაწყვეტად. ირანელები გამოვიდოდნენ იმ ჩიხიდან, რომელშიც ისინი საკუთარმა ახლომხედველმა ლიდერებმა შეიყვანეს.

თუმცა ირონია იმაშია, რომ ადრე, 2015 წელს, სერიოზული შეთანხმება არსებობდა ბირთვულ სფეროში ირანისა და აშშ-ის მონაწილეობით, ანუ ისეთი, რომლისკენაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტი მიისწრაფვის, მაგრამ სწორედ ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაარწმუნა დონალდ ტრამპი 2018 წელს, რომ ვაშინგტონი ამ შეთანხმებიდან გასულიყო. ჰოდა, საპასუხოდ ირანის ხელისუფლებაში ხისტი კურსის მომხრეებმა  ურანის გამდიდრება დაიწყეს იმ დონეზე, რომელიც ბირთვული ბომბის შექმნას ჭირდებოდა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати