USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
«Die Deutsche Wirtschaft» (გერმანია): „კაპიტალისტის მოგზაურობა: საქართველო, თბილისი“
Date:  

გერმანულმა გამოცემამ „გერმანული ეკონომიკა“ (Die Deutsche Wirtschaft) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „კაპიტალისტის მოგზაურობა: საქართველო, თბილისი“ (ავტორი - რაინერ ზიტელმანი - ისტორიკოსი, სოციოლოგი, ბიზნესმენი), რომელშიც გადმოცემულია საქართველოში ყოფნისას მიღებული შთაბეჭდილებები, შეფასებები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ქვეყნის პერსპექტივის შესახებ.

როგორც ავტორი წერს, იგი არასოდეს არ ყოფილა საქართველოში და როცა აპრილში პროფესორმა გია ჯანდიერმა - ლიბერტარიანული ანალიტიკური ცენტრის „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამაარსებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა - თბილისში მიიწვია, სიამოვნებით დათანხმდა.

„საქართველო მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, დასავლეთ აზიაში,  თუმცა ქართველები თავიანთ ქვეყანას ამაყად უწოდებენ „ევროპის აივანს“. საქართველოს მეზობლები არიან თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, აგრეთვე რუსეთი, რომელიც 2008 წელს თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება განახორციელა. რაც თვალში ეცემა თბილისში უცხოელს, ისაა, რომ ქალაქში ბევრია როგორც მე-19 საუკუნის ლამაზი ძველი შენობები, ასევე საბჭოთა პერიოდის არქიტექტურული სიმახინჯეებიც. გია მიხსნის, რომ ეს შენობები საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის ეპოქაში აშენდა.

საქართველოს თავის ტერიტორიაზე არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომი არ განუცდია, ქალაქები და შენობები არ დანგრეულა, მაგრამ, როგორც გია ჯანდიერი ამბობს, ქართველმა ხალხმა თავისი დიდი სისხლი დაღვარა - მეორე მსოფლიო ომში 300 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი საქართველოში იყო დაბადებული, იგი თავის თანამემამულეებს მკაცრად ექცეოდა და მათ ომის ცეცხლში გზავნიდა.

2001 წელს გია ჯანდიერმა, სხვა მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად, სკოლა დააარსა და პრეზიდენტობის იმდროინდელი კანდიდატისათვის მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს ეკონომიკური აღორძინების 25-პუნქტიანი პროგრამა შეიმუშავა. 2004 წელს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. იგი საბაზრო ეკონომიკის განვითარების მომხრე იყო და ძველი ელიტის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურდა.

როგორი სიტუაციაა დღეს? გია ძალზე სკეპტიკურად არის განწყობილი: ქვეყანას მართავს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხოლოდ 2012-2013 წლებში იყო. მან თავისი მილიარდები რუსეთში დააგროვა, 2003 წელს თბილისში დაბრუნდა, მოგვიანებით მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და ახლა მდიდრულ რეზიდენციაში ცხოვრობს.

გია ჯანდიერის აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემები გამოიხატება რუსეთის საფრთხით, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და ეკონომიკური განვითარების არათანმიმდევრულობით.

დიდი საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველო ცუდ დღეში ჩავარდა. მას ერთხელ უკვე ჰქონდა დამოუკიდებლობის გამოცდილება - 1918 წელს, მაგრამ მცირე ხნით - 1921 წელს საქართველოს ოკუპირება საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ განახორციელა და ქვეყანა სსრ კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა. 70 წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მეორედ მოიპოვა. ქვეყნის წინაშე ორი მთავარი ამოცანა დადგა: საბჭოთა ეკონომიკის შეცვლა საბაზრო ეკონომიკით და რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების შესუსტება. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 13 წლის განმავლობაში ამ მხრივ ბევრი არაფერი არ გაუკეთებია. 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შედეგად მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების გატარება დაიწყო: შემცირდა გადასახადების რაოდენობა, ასევე შემცირდა საშემოსავლო გადასახადის მოცულობა, დაიწყო მასშტაბური პრივატიზება, გაჩაღდა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრი ქვეყნისთვის პრობლემად ითვლება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ძალზე რადიკალური ზომები მიიღო, მაგალითად, სამართალდამცველ სისტემაში - პოლიციაში განხორციელებული რეფორმის შედეგად შემცირდა დანაშაულის რაოდენობა, მკვეთრად გაუმჯობესდა კრიმინოგენური სიტუაცია („ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპით). რეფორმა გატარდა სამთავრობო ადმინისტრირების სფეროშიც. შედეგი ის იყო, რომ თუ საქართველო 2004 წელს კორუფციის მხრივ 133-ე ადგილს იკავებდა, 2022 წელს - 41-ე ადგილს, 180 ქვეყანას შორის (შედარებისთვის: რუსეთი 137-ე ადგილზეა).

საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ გადასახადების შემცირება და გამარტივება შემოსავლების მოცულობას ზრდის. დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ თავისუფლებას, მთავრობისაგან ბიზნესის კონტროლის შესუსტებას. 2003 წლიდან საქართველოს რეიტინგი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით განუხრელად იზრდებოდა და 2020 წელს მე-12 ადგილი დაიკავა, მაგრამ შემდეგ კლება დაიწყო - 2024 წელს მხოლოდ 32-ე ადგილი.

გია ჯანდიერი აკრიტიკებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რამაც გამოიწვია ბევრი არასაჭირო სამთავრობო რეგულაციების ხელახალი შემოღება.

საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, აჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის, მათ შორის ეკონომიკური თავისუფლებისთვის, მუდმივად უნდა იბრძოლო“.

წყარო: https://die-deutsche-wirtschaft.de/weltreise-eines-kapitalisten-georgien/

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way