USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
Tbilisi
ია მჭედლიშვილი-ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვარი
Date:  1105
უცნაური იყო ამერიკაში ჩემი წამოსვლა. 1999 წელს მეუღლესთან ჩამოვედი, რომელიც ვირჯინიის უნივერსიტეტის ეპილეფსიის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლების ლაბორატორიაში მუშაობდა. სამ პატარასთან ერთად ვიყავი. ვისაც ახსოვს 90-იანების საქართველო, ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი პერიოდი იყო - ნაომარი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, კორუფცია, კრიმინალი, უშუქობა. სერიოზული პრობლემების წინაშე ვიდექით თითოეული ადამიანი და სწორედ ამ პერიოდში მომიწია წამოსვლა. სულაც არ ვფიქრობდი, რომ ქვეყანას ვტოვებდი, რაღაცნაირი ინერცია იყო. არეული და ქაოსური სიტუაციიდან უცბად მოვხვდი დალაგებულ, მშვიდ და გაბრდღვიალებულ პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში, ჩარლოტსვილში. თითქოს ყოველდღიური პრობლემები უკან დარჩა, მაგრამ ასეც არ იყო.
 
კულტურული განსხვავება ახალი გამოწვევების წინაშე გაყენებს ადამიანს. ქვეყანაში რაც უფრო მაღალია ცხოვრების დონე, უფრო მეტის სწავლა გიწევს სამოქალაქო კუთხით, რაც ავტომატურად მოიცავს ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობებს და თითქოს ახლიდან ყალიბდება კომუნიკაციის ჩვევები. ეს არ არის უმტკივნეულო, მაგრამ, თამამად ვიტყოდი, ძალიან სასარგებლო პროცესია, რაც ბევრ რამესთან ერთად გასწავლის საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნას და ჩვეულებრივ ადამიანს მოქალაქედ გადაგაქცევს. ეს უწყვეტი პროცესია. ჩამოსვლიდან მალევე გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანი, მხატვარი-კოლექციონერი რიჩარდ ფრიმანი. დავიწყე მის სახელოსნოში მუშაობა, სადაც რესტავრაცია უკეთდებოდა ანტიკურ ნახატებს და არა მარტო ნახატებს, სხვადასხვა მასალით შესრულებულ დაზიანებულ ნამუშევრებს.. შეუფასებლად ბევრი მასწავლა მისტერ ფრიმანმა და ასევე ძალიან გამომადგა საქართველოში მიღებული ჩემი ადრეული გამოცდილება, როცა ხელოვნების მუზეუმში ვმუშაობდი ქსოვილების რესტავრატორ შესანიშნავ კატო კაცაძესთან. სერიოზული ნამუშევრები შემოდიოდა, თვალებს არ ვუჯერებდი, პოულ ქლის (Poul klee) ნამუშევარი რომ დამიდეს წინ. თავიდან ხელი მიკანკალებდა. პიკასოს მოზრდილ გრაფიკას უკვე გამოცდილი შევხვდი.
 
პარალელურად საკვირაო სკოლაში ვმუშაობდი ხატვის მასწავლებლად და შემდეგ ბავშვებისთვის გავაკეთე კერძო კლასები. ვასწავლიდი არა ხატვას, არამედ ხედვას. რადგან ვფიქრობ, სანამ ხელში აიღებ ფუნჯს, მანამდე უნდა დაინახო, რა დახატო. დანახვა კი პროცესია აღმოჩენის, შესწავლის, შეყვარების, გაბრაზების, იმედგაცრუების, საკუთარ თავთან კამათის და კრიზისისაც კი, რაც შანსს გვაძლევს, თუ სწორად გამოვიყენებთ, წავალთ წინ. მოკლედ, ხედვის უნარი ანალიზთან ერთად ყველანაირ ემოციას მოიცავს და ძალიან საინტერესოს ხდის ჩვენს ცხოვრებას . საოცარი გრძნობაა, როცა სხვას აძლევ შენს გამოცდილებას და კიდევ უფრო საოცარია, როცა ეს გაცემა ამართლებს. 2006 წელს გადავედი პიცბურგში. ქალაქში, სადაც დაიბადა ენდი უორჰოლი, მდიდარი ისტორიით და მუზეუმებით - ყოფილი ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც ნელ-ნელა გადაქცეულიყო არტქალაქად. შეჩერებულ, მიტოვებულ ქარხნებში გამოფენები ეწყობოდა. ძალიან გამიჭირდა რესტავრაციის მიტოვება, მაგრამ სწორედ ამ პერიოდმა მაინც საკუთარ სურვილებთან მიმიყვანა. აქტიურად დავიწყე ხატვა, მივიღე მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენებში ატლანტაში - Gertcev Gallery და პიცბურგში - Iron City Brewery. მერე იყო ფოტოგრაფიით გატაცება და ეს გატაცება ისეთ ადიქციაში გადაიზარდა, წყლის თემაზე საერთაშორისო ფოტოკონკურსში მივიღე მონაწილეობა. სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილი მრავალი ათასი ფოტოდან მხოლოდ ასი ფოტო დატოვეს და ამ ასიდან მე-11 ადგილი მერგო. ეს ფოტოები გამოეფინა ქალაქ კამპინასში(ბრაზილია) და შემდეგ ნიუ-იორკის ექსპო-ცენტრში. პროექტის სახელწოდება იყო World Water Imege Exhibit (WWIC).
 
ამავე წელს პორტუგალიურმა ფოტო ჟურნალმა - “HSOT! Magazine”-მა 2013 წლის პირველ ნომერში შეიტანა ჩემი ფოტო, რომელზეც საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის (ქუთაისში) ინტერიერია გამოსახული. მაგრამ ყველა ჩემი გაფრთხიალება მაინც თითებთან ჩერდება. ფუნჯი, გრაფიტი, ბურღი, მაკრატელი, სანთელი, სულ ერთია რით, მთავარია ზედაპირზე - ტილო, ფურცელი, ქვიშა, მინა..- კვალი დავტოვო. ჩემი თემაა- ემოცია. თავს ვთვლი პორტრეტისტად. მე მგონი, სხვები ექსპრესიონისტად მთვლიან, ალბათ ასეც არის. ყველა პორტრეტი მე ვარ, მაშინაც როცა სხვას ვხატავ. სამ ნაწილად ვყოფ ჩემს პორტრეტებს - როგორი მინდა ვიყო, როგორი ვარ და როგორი არ მინდა ვიყო. მიუხედავად სხვადასხვა მიმართულებისა და სხვადასხვა მასალით მუშაობისა, ჩემთვის სახის ემოციის ხატვა ყველაზე საინტერესოა. ემოციას შევადარებდი ნოტების, ბგერების უსასრულო კომბინაციას , რომელიც მუსიკის გარდა ვიღაცისთვის აბსტრაქტული, გადღაბნილი ხმაურიცაა, მაგრამ ეს ხმაური ზოგჯერ უფრო საინტერესო და ინფორმაციულია, ვიდრე დალაგებული და სისტემური .
 
არასოდეს ვმალავდი ჩემს დამოკიდებულებას ზღვარს გადასული ტრადიციების მიმართ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ქართული კონტექსტიდან ამოვვარდი, უბრალოდ მიმაჩნია , სპეციფიკური კულტურა და ტრადიციები არ უნდა ათამაშებდნენ ადამიანებს. პირიქით, ადამიანები უნდა მართავდნენ მათ. ასეც ვიტყოდი, ტრადიციები კი არ უნდა გვაკონტროლებდეს, ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ ტრადიციებს. დღეს განვითარებული ქვეყნების წარმატება, ადამიანური რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, სწორედ ამ ფუნდამენტზეა დაშენებული - ერთი, როგორც ცალკე, რიგითი ადამიანის უნიკალურობაზე. ასეთ ქვეყნებში სწორედ ამიტომ ეძლევა პრიორიტეტი განათლებას. ვგულისხმობ არა მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემას, არამედ ეს არის მთელი პროცესი მშობლის ბავშვთან ურთიერთობებიდან დაწყებული, სახლის გარეთ სოციუმში დამოკიდებულების, როგორც ფენომენის, ტოლერანტობის, კრიტიკული აზროვნების, უფრო შეფასების ვიდრე განსჯის და ბოლო-ბოლო ზრდილობის ჩვევები. ამიტომ ასეთ ქვეყნებში რთულია ადამიანებით თამაში, მათით მანიპულირება. სწორედ ამიტომ არ სრულდება ჩემში ის აქტი, დავტოვე ქვეყანა და რაღაც ასეთი. მინდა საქართველოშიც ასე იყოს. მართალია ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ამისკენ მივდივართ . ვფიქრობ, ბოლო თაობის ემიგრაციას ძალიან გაუმართლა. ციფრულმა ხანამ , ახალმა ტექნოლოგიებმა უამრავ ადამიანს მისცა საშუალება, შეიძლება გეოგრაფიულად მოწყვეტილი იყო , მაგრამ არა სოციალურად ან პოლიტიკურად ან და თუნდაც კულტურულ ასპექტში. ეს ძალიან დიდი პრივილეგიაა . მეც არ ვარ გამონაკლისი და ვიყენებ ამ შესაძლებლობას. რაც აქ ვარ, საქართველოში დაახლოებით ათამდე გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ვცდილობ ყველა პროექტი კონკრეტულ, ვიტყოდი, პრობლემურ კონცეფციაზე ავაგო. ხოლო გამოფენა , რომელიც ხელოვნების მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. დაარქივებული დაკითხვის ოქმი ხელში შემთხვევით ჩამივარდა და ეს ამბავი, კონკრეტულად კი ჩემი პაპის ტრაგიკული ცხოვრება, გახდა ამ თემაზე მუშაობის ინსპირაცია. 22 წლის უნიჭიერესი ბიჭი, რომელიც ბერიას ბრძანებით დახვრიტეს. ექსპოზიცია სამ ნაწილად იყო წარმოდგენილი - ინსტალაცია, ფერწერა და ვიდეო. ამ სამ ვექტორში ავსახე საკუთარი ხედვა, პერსონალური წარმოსახვა და ჩემეული ფორმა მივეცი ისტორიულ ტრაგედიას . პირველადი რეფლექსიით ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ზედაპირზე მონოტონური ცხოვრება გვთავაზობს, მაგრამ სინამდვილე არასოდესაა ზედაპირზე. პროექტს დავარქვი “მიგდებული მეხსიერება” ( Neglected Memory)
 
ზოგადად, ამ კითხვებზე პასუხებით დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, ამიტომ მინდა ერთი წინადადებით დავასრულო - ფიქრი, ანალიზი და უწყვეტი კამათი საკუთარ თავთან.
analytics
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way