USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „ნატო უკრაინის გამო სულ უფრო უგუნურად იქცევა, რასაც გერმანულ რაკეტებზე ინფორმაციის გაჟონვა ადასტურებს“
Date:  507

ბრიტანული „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნატო უკრაინის გამო სულ უფრო უგუნურად იქცევა, რასაც გერმანულ რაკეტებზე ინფორმაციის გაჟონვა ადასტურებს“ (ავტორი - საიმონ ჯენკინსი), რომელშიც გერმანელი ოფიცრების ბოლოდროინდელი სკანდალური საუბრის ნეგატიური შედეგებია განხილული როგორც ევროპისათვის ასევე საერთოდ, დასავლეთისათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გერმანიის შეიარაღებული ძალები „ჭკუიდან შეიშალნენ“ – მოსკოვმა გაამჟღავნა „ლიუფტვაფეს“ ხელმძღვანელსა და მაღალჩინოსან სამხედროებს შორის 38-წუთიანი სატელეფონო დისკუსია „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების უკრაინისადმი სავარაუდო გადაცემის თაობაზე, რაც იმას მოწმობს, რომ ნატო, თავისი განცხადებების მიუხედავად, მაინც ცდილობს ომი გაამწვავოს. გერმანელ ოფიცრებს შორის საუბარი, როგორც ამბობენ, თითქოსდა გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ იმ დონეზე, რომ კოდს ბავშვიც კი გამოიცნობდა. ამ ყველაფერმა განამტკიცა ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ დასავლეთი ომს რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს და უკრაინა მხოლოდ ინტრუმენტის როლს ასრულებს.

დასავლეთის გამართლებული მიზანი უკრაინაში იყო ხელი შეეშალა კრემლისათვის, რომ რუსეთს კიევის არჩეული ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა არ ჰქონოდა. ეს მიზანი მიღწეული იყო უკვე ომის რამდენიმე თვის განმავლობაში, დასავლეთის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, როცა რუსეთის არმიამ კიევიდან უკან დაიხია. იმ დროისთვის ნატო არავითარ შემთხვევაში არ მიდიოდა უგუნური ესკალაციის რისკზე, რათა ლოკალური ომი, სხვა ევროპული ომების მსგავსად, საერთოკონტინენტურ ომად არ გადაქცეულიყო.

მაგრამ რამდენადაც უკრაინის კონფლიქტი მოსალოდნელ ჩიხში შევიდა, ნატოს ადრინდელმა სტრატეგიამ თანმიმდევრულობა დაკარგა. ეს სწორედ ის მომენტია, როცა მსგავსი ომები კონტროლიდან გამოდიან. უკვე ორი წელია დასავლელი ლიდერები, რომლებიც საკუთარ  ხალხს თავს ვაჟკაცებად აჩვენებენ და კიევში დადიან, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან და სრული გამარჯვების მოსაპოვებლად აქეზებენ - ჩვენ დაგეხმარებითო. ასეთი იყო პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის დაპირებაც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ამომრჩეველი მხოლოდ ფულს იხდიდა და უკრაინისთვის არ კვდებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უფრო შორს წავიდა და უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის სურვილი გააჟღერა.

საერთოდ, თავიდანვე შეიმჩნეოდა, რომ ნატოს გეგმებში რუსეთზე სრული გამარჯვება გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ პოზიცია არ შეიცვლებოდა. დღეს ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ „ჩვენ კურსი უნდა გავაგრძელოთო“, მაგრამ არ აზუსტებს, თუ როგორი კურსი უნდა გაგრძელდეს. გერმანელ გენერლებს, შესაძლოა, სურთ ესკალაცია, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მათი კანცლერი სიფრთხილეს იჩენს. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ის საზოგადოებრივ აზრზეც, რომლის მიხედვით, ამერიკელებს ესკალაცია არ სურთ, თუმცა იმავდროულად სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს, რათა რუსეთისათვის ომი კრემლის „მიზნების სტრატეგიულ ჩაშლად გადაიქცეს“.  

ფაქტია, რომ მოსკოვს ომის მდგომარეობაში ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს უკრაინისათვის იმ შეთანხმების პროექტი, რომელიც 2022 წლის მარტში განიხილებოდა, ალბათ, ღირს, რომ კიევი მას დაუბრუნდეს - მოლაპარაკების დროს უკვე ნაწილობრივ შეთანხმებული იყო საზღვრების საკითხი. ამის ნაცვლად უკრაინა უფრო ემსგავსება ნატოს გენერლების სურვილების შემსრულებელ ქვეყანას, რომლებსაც უკრაინის ომით თავიანთი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის გადიდება და „ცივი ომის“ დროინდელი დაფინანსების განახლება უნდათ. სამწუხარო ისაა, რომ მათი სურვილების ფასს გადასახადის გადამხდელები და უკრაინელი ახალგაზრდები იხდიან.

დასავლეთი ევროპა არ არის დაინტერესებული ომის ესკალაციით აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინისათვის შორი რადიუსით მოქმედი რაკეტების მიწოდებით. დასავლეთმა კიევს დახმარება უნდა გაუგრძელოს, მაგრამ მას არ აქვს სურვილი რუსეთი უკრაინის რუსულენოვანი რეგიონებიდან - ყირიმიდან და დონბასიდან გააძევოს. დასავლეთისათვის დღეს მთავარ სურვილს და მიზანს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება (შეწყვეტა) და დანგრეული ქვეყნის აღდგენა წარმოადგენს.

რაც შეეხება ანტირუსულ სანქციებს, ისინი ჩაიშალა, თუმცა უკვე მოასწრეს გლობალური ვაჭრობის სისტემის დარღვევა. სანქციები, შესაძლოა, მოსწონთ დასავლელ დიპლომატებს და ანალიტიკურ ცენტრებს - არ არის გამორიცხული, ვინმე მართლაც დაზარალდეს - მაგრამ რუსეთის ეკონომიკა ამით არ დანგრეულა და ვლადიმერ პუტინის აზრი არ შეცვლილა. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები დიდი  ბრიტანეთისას გადააჭარბებს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში დასავლეთის მიერ უხეში ფორმებით განხორციელებული სამხედრო ინტერვენციები ჩვენთვის გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგო აღმოჩნდა და ვერაფერი ვისწავლეთ.

წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/2024/mar/05/nato-ukraine-russia-germany-military-leak

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way