USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპის კეთილგანწყობა ვიქტორ ორბანის მიმართ იმაზე მიგვანიშნებს, თუ როგორი იქნება მისი პრეზიდენტობა კიდევ ერთი ვადით“
Date:  532

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპის კეთილგანწყობა ვიქტორ ორბანის მიმართ იმაზე მიგვანიშნებს, თუ როგორი იქნება მისი პრეზიდენტობა კიდევ ერთი ვადით“ (ავტორი - იან-ვერნერ მიულერი, პოლიტოლოგიის პროფესორი აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი არამარტო მონაწილეობს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მოქმედი პრეზიდენტივით, არამედ საკუთარ სახლშიც პრეზიდენტის როლი შეასრულა. გასულ პარასკევს მან უნგრეთის დელეგაცია მიიღო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეთაურობით თავის ადგილ-მამულში, მარა-ლაგოში, რომელსაც კრიტიკოსები აღწერენ როგორც „სასახლე გლობალური მნიშვნელობის მქონე კომპანიის მფლობელის, გენდირექტორის, პრეზიდენტის თუ მეფის შესაფერისი, მაგრამ გაფორმებული მესამე სამყაროს რომელიღაც კლეპტოკრატული დიქტატორის გემოვნებით“...

ვიქტორ ორბანმა ბოლო 14 წელი იმის ძალისხმევას მოახმარა, რომ საკუთარი ქვეყანა ევროკავშირის შუაგულში კლეპტოკრატიულ ავტოკრატიად გადაექცია. აშკარაა, რომ დონალდ ტრამპს ვიქტორ ორბანის რჩევები აღარ ჭირდება, მან უკვე კარგად გამოიმუშავა ავტორიტარული ინსტინქტები, თუმცა მიუხედავად პატარა უნგრეთსა და დიდ ამერიკას შორის არსებული განსხვავებისა, ვიქტორ ორბანის მმართველობა გარკვეულ კონკრეტულ გაკვეთილებსაც შეიცავს, რომელთა ათვისებისათვის ამერიკელი მემარჯვენეები მზად არიან.

იმ ენთუზიაზმის გათვალისწინებით, რომლითაც დონალდ ტრამპის მომხრეები ვიქტორ ორბანსაც მხარს უჭერენ, მათი ხშირი ვიზიტები ბუდაპეშტში - „ნაციონალური კონსერვატიზმის“ ევროპულ ცენტრში, იმას ნიშნავს, რომ უნგრეთი მტკიცედ არის დარწმუნებული დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევაში.

გაკვეთილი პირველი: თუ თქვენ ქვეყნის გაკონტროლება გსურთ, ჯერ საკუთარი პარტია სრულად უნდა გააკონტროლოთ. როცა 2000-იანი წლების დასაწყისში ვიქტორ ორბანი ზედიზედ ორჯერ დამარცხდა არჩევნებში, ყველას ეგონა, რომ მის კარიერას ჯვარი დაესვა. მაგრამ ამის ნაცვლად მან სეძლო თავისი პარტიის „ფიდესის“ რკინის ხელებში მოქცევა. შემთხვევითი არაა, რომ ულტრამემარჯვენე პოპულისტი ლიდერები საკუთარ პარტიებს ისე იყენებენ, როგორც პირად საკუთრებას და კრძალავენ შიდაპარტიული დებატების მოწყობას - რომ არაფერი ვთქვათ განსხვავებული აზროვნების დაფიქსირებაზე.

რასაკვირველია, ეს მთლიანობაში გავლენას ახდენს პოლიტიკურ სისტემაზეც: ლიდერს არავითარი წინააღმდეგობა აღარ აქვს სხვა თანაპარტიელი პოლიტიკოსებისგან, როცა უკვე ეროვნულ პოლიტიკურ არენაზე გამოდის. ასეა როგორც ვიქტორ ორბანთან, ასევე დონალდ ტრამპთან მიმართებითაც: 2020 წლისათვის დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტია ერთგვარ „პიროვნების კულტად“ გადააქცია. ეს ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, თუ რატომ არავინ არ შეაჩერა იგი 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრის გზაზე. გასული პარასკევი კიდევ ერთი ნაბიჯით აღინიშნა პარტიის სრულ გაკონტროლების საქმეში: ჰიუსტონში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე პარტიის თანათავმჯდომარედ... დონალდ ტრამპმა თავისი რძალი ლარა ტრამპი აარჩევინა (ანუ ოჯახური პოლიტიკური ბიზნესი შექმნა).

დონალდ ტრამპი დიქტატურისაკენ ისწრაფვის. იგი ქება-დიდებას უძღვნის ვიქტორ ორბანს და მის რეპუტაციას, უწოდებს „ძლიერ ადამიანს“ და „ნამდვილ ლიდერს“. მართალია, ექს-პრეზიდენტის გარემოცვა შედარებით ფრთხილად მოქმედებს, მაგრამ ერთ მომენტში თავს ისინიც ვერ იკავებენ და უნგრული განათლების სისტემას „საუკეთესოს“ უწოდებენ, როგორც ვიქტორ ორბანისეულ მოდელს. ჯეი დი-ვენსმა - დონალდ ტრამპის მომხრე სენატორმა-რესპუბლიკელმა ოჰაიოს შტატიდან - გამოაცხადა, რომ უნივერსიტეტები ყოველთვის მემარცხენეთა ბუდე იყო. მისი თქმით, „თუ სადმე კონსერვატორებმა წარმატებას მიაღწიეს უნივერსიტეტებში მემარცხენეთა ბატონობის წინააღმდეგ, ეს მხოლოდ უნგრეთში მოხდა ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს“. ცხადია, იგი ზოგადად უნივერსიტეტების ლიკვიდაციის მომხრე არ არის, მაგრამ განათლების სისტემის ამ დაწესებულებაში ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორიც სახელმწიფოს სურს. უნივერსიტეტებმა არჩევანი უნდა გააკეთონ - ან არსებობა, ან სწავლებისადმი მიდგომის შეცვლა.

საქმე იმაშია, რომ უნგრეთი ერთადერთი სახელმწიფოა ევროკავშირში, სადაც სისტემატურად და სტრუქტურულად ირღვევა აკადემიური თავისუფლება. უნგრეთის მტავრობა წყვეტს, თუ რა უნდა ჩაითვალოს აკადემიურ საგნად და რა არა (მაგალითად, გენდერული კვლევები). მთავრობამ აიძულა ერთ-ერთი უნივერსიტეტი დახურულიყო აშკარად პოლიტიკური მიზეზებით.

ვიქტორ ობანის მოდელის თანახმად, იდეალი არა მარტო განათლებისა და კულტურის გაკონტროლებაა, არამედ სახელმწიფოს გადაქცევა პარტიულ ინსტრუმენტად. ისევე როგორც სხვა ულტრამემარჯვენე პოპულისტებმა, ვიქტორ ორბანმა კარიერული სახელმწიფო მოსამსახურეები თავის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჩინოვნიკებით შეცვალა.

ვიქტორ ორბანი ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა ევროკავშირის შიგნით, ცდილობს ანტირუსული სანქციების ბლოკირებას და თავს იკავებს უკრაინისადმი დახმარებისაგან. ერთი სეხედვით ამ ორ პიროვნებას შორის თითქოსდა იდეოლოგიური მსგავსებაა: ორივე ქადაგებს „ოჯახის სიმტკიცეს“ (თუმცა, ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება პუტინს თავისი ოჯახისადმი თუ ოჯახებისადმი) და ორივე აცხადებს ეროვნულ სუვერენიტეტს საზღვრების დაცვის საკითხში (თუმცა, ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, გულისხმობს თუ არა ასეთი მიდგომა სხვა ქვეყნების საზღვრების დარღვევას).

რთული საკითხია, არის თუ არა გაკვეთილი დონალდ ტრამპისათვის პრეზიდენტობის დროს დაშვებული შეცდომები და გააკეთა თუ არა მან რაიმე დასკვნა. უფრო ადვილია იმის გაგება, სურს თუ არა მას შურისძიება. ვიქტორ ორბანი თვლიდა, რომ 2002 წელს, როცა მან უნგრეთში არჩევნები წააგო, ეს დიდი უსამართლობა იყო და როცა ხელისუფლებაში დაბრუნდა 2010 წელს, მოწინააღმდეგეები შეავიწროვა და ახლა მოქმედებს სტრატეგიით, რომ მუდამ ხელისუფლებაში იყოს. რა თქმა უნდა, სწორი არ იქნებოდა ბევრი რამის ექსტრაპოლირება ისეთი პატარა ქვეყნიდან, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით პენსილვანიის შტატს არ აღემატება, მაგრამ პარალელი ორ პოლიტიკოსს შორის (თვითონ დონალდ ტრამპმა თქვა, „ტყუპები ვართო“), სრულიად აშკარად ჩანს.

წყარო: https://www.theguardian.com/commentisfree/2024/mar/12/trump-viktor-orban-reelection

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way