„თუ რუსეთის სახელმწიფო მასმედიის საშუალებებს დავუჯერებთ, მსოფლიოში რუსეთი ყველას უყვარს, ან, ყოველ შემთხვევაში, რუსეთის პოზიციას მეტ-ნაკლებად მაინც იზიარებენ. კრემლი ასეთ აზრს მოსახლეობას მიზანმიმართულად უნერგავს. ვლადიმერ პუტინი ცდილობს საკუთარი თავი ისე წარმოაჩინოს, რომ უცხოური კრიტიკის მიმართ იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული („ვისაც რა უნდა ის თქვას, ქარავანი მაინც მიდის“), იმავდროულად კი იგი სპეციალურად აზვიადებს და გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი მხარდაჭერისათვის დასავლეთში გამოხატულ პოზიციას. რატომ აკეთებს ასე პრეზიდენტი?“, - ასეთი შესავალით იწყება ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „რატომ ჭირდება ვლადიმერ პუტინს დასავლეთის მხარდაჭერა?“ (ავტორი - მარკ გალეოთი). მასში განხილულია, თუ როგორ სარგებლობს კრემლი და რუსეთის სამთავრობო მასმედია დასავლელი რუსოფილურად და პრორუსულად განწყობილი ადამიანების პოზიციით.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
გასულ კვირაში სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ოდესღაც ინვესტიციებისა და სავაჭრო გარიგებების რუსულ ვიტრინას წარმოადგენდა და რომელმაც „რუსულ დავოსის“ სახელი მიიღო, უცხოელი სტუმრების ნაკლებობა აშკარად შეიმჩნეოდა. ევროპული ოფიციოზიდან იქ იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო (რომელმაც თავისი იქ ყოფნა ინდივიდუალურ სიმამაცედ შეაფასა), დანარჩენი კი ძირითადად „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების (ანუ „მსოფლიოს უმრავლესობის“ - როგორც მას რუსები უწოდებენ) მაღალჩინოსნები იყვნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ავღანური „ტალიბანის“ წარმომადგენელიც კი.
დასავლეთის არყოფნის საკომპენსაციოდ, რუსულმა სახელმწიფო მასმედიამ ევროპელები აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის წარმომადგენლებით, ანუ „მსოფლიოს უმრავლესობით“ ჩაანაცვლა. სამთავრობო ტელევიზიებით, სააგენტოებით და პრესით გავრცელებულ კომენტარებში და ინტერვიუებში აშკარად ცალმხრივობა ჩანს - მხოლოდ დადებითი პოზიცია რუსეთის მიმართ. (...)
რუსული მასმედია ყველაფერს, რაც მას არ მოსწონს, მაგრამ აუცილებელი მისი დაფიქსირება, თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს და მკითხველს კრემლის სიმართლის დადასტურებად წარმოუდგენს. მაგალითად, ზოგიერთი დონორი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის ნებართვის მიცემაზე, რომ კიევს შეუძლია მათი წარმოების იარაღი რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ გამოიყენოს, რუსული მასმედია წერს, რომ „აი, შეხედეთ, ეს სწორედ ისეთი ქმედებაა, რაზედაც ვლადიმერ პუტინი მუდმივად ამბობს - „დასავლეთი, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ მილიტარისტულ ავანტიურაში, უკრაინას ინსტრუმენტად იყენებს“.
რუსული მასმედია კარგად იყენებს ყველა მასალას, რომელშიც, პრინციპში, სწორად შეიძლება იყოს აქცენტები დასმული, მაგრამ ყველაფერს ისეთი ფორმით ავრცელებს, რომ თითქოს რუსეთის სასარგებლოდ იყოს ნათქვამი. ცნობილმა პუტინოფილმა თაკერ კარლსონმა ინტერვიუ ჩამოართვა ერიკ პრინსს, რომელიც დაქირავებულ მეომართა საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელია და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის „ვაგნერის“ შექმნაში 2013-2014 წლებში. მან საუბრის დროს ჯო ბაიდენი გააკრიტიკა - ამერიკის პრეზიდენტს პირდაპირ უნდა ეთქვა, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ და ამით ომი თავიდან იქნებოდა აცილებულიო. რუსულმა პრესამ კი ერიკ პრინსის ნათქვამი მოსახლეობას ასე „გადაუთარგმნა“: „ომი შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუ ნატო უარს იტყვის კიევის დახმარებაზე“. (...)
ითვალისწინებენ რა იმას, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის ფაქტი მსოფლიოში პოპულარობით არ სარგებლობს, რუსების უმეტესობა თანახმაა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ არა [რუსული ტერიტორიების - ყირიმისა და დონბასის] დათმობებზე. ამ დროს, შეიძლება ითქვას, დასავლეთის „ნამდვილი“ (ჭკვიანი და ბრძენი) მცხოვრებლები რუსეთის მხარეზე იქნებიან და ვლადიმერ პუტინს დაეთანხმებიან. იმავდროულად ეს ხაზს უსვამს რუსული სულის მრავალსაუკუნოვან შიშსა და მტრობას ევროპის მიმართ. აზრის ჩანერგვა იმაზე, რომ ახლა მხოლოდ რუსეთიღა რჩება ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობების დამცველ-საყრდენად და რასაც თვითონ ევროპელებიც აღიარებენ, ალბათ, ზოგიერთისათვის უნდა იყოს ერთგვარი კომპენსაცია იმისათვის, რომ ისინი სანქციების გამო იზოლაციაში აღმოჩნდნენ და ევროპაში წასვლა აკრძალული აქვთ.
წყარო: https://www.spectator.co.uk/article/why-is-putin-still-so-keen-on-western-validation/
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.