USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
«The Independent» : „თანამგზავრული ფოტოები მოწმობენ, რომ უკრაინის ჯარების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ ადგილობრივი ლანდშაფტი შეიცვალა. დარჩება თუ უკან დაიხევს უკრაინის ჯარი?“
дата:  789

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თანამგზავრული ფოტოები მოწმობენ, რომ უკრაინის ჯარების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ ადგილობრივი ლანდშაფტი შეიცვალა. დარჩება თუ უკან დაიხევს უკრაინის ჯარი?“ (ავტორი - სამია კულაბი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ჯარების შეჭრა მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთში კიევის  მიერ განხორციელებულ სარისკო ოპერაციას წარმოადგენს - სამხედრო სარდლობამ თავისი შეზღუდული რესურსები ისე გაგზავნა სახიფათო ოპერაციაზე, რომ წარმატებაში დარწმუნებული არ იყო. თავდაპირველად კიევი დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა პროგრესის პირველი ნიშნები გამოჩნდა, პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია და ომით დაღლილი ქვეყნის მოსახლეობას სასიხარულო ამბები აცნობა - ჩვენ  რუსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპირება განვახორციელეთ, ტყვედ ბევრი რუსი ჩავიგდეთ და მათ ჩვენს ჯარისკაცებზე გადავცვლითო.

უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა გაბედული ოპერაციის დაწყების შემდეგ, მაგრამ მისი მთავარი მიზანი ჯერ კიდევ გაურკვეველია: ერთი მხრივ, კიევი აცხადებს, რომ ჩვენს მიზანს სხვისი ტერიტორიის მიტაცება არ წარმოადგენსო, მეორე მხრივ კი, უკრაინის არმიის საინჟინრო ქვედანაყოფები გრძელვადიანი თავდაცვისათვის ემზადებიან და გამაგრებულ ზღუდეებს აშენებენ - კოსმოსიდან თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს, რომ ისინი თხრიან ტრანშეებს, აგებენ საცეცხლე წერტილებს, ნაღმავენ ადგილებს და ა.შ. იბადება კითხვა: შეინარჩუნებს თუ არა უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიას, თუ ოკუპანტი უფრო წინ წაიწევს, ან უკან დაიხევს, საკუთარ ტერიტორიაზე?

აშკარაა მხოლოდ ის, რომ უკრაინის არმიის შეჭრამ ბრძოლის ველზე სიტუაცია შეცვალა. ჭექა-ქუხილის მსგავსმა დარტყმამ ძლიერი მტრის ჯავშანზე დიდი ბზარი გააჩინა, თუმცა კურსკის ოლქში განხორციელებულმა რეიდმა (ანუ რეზერვების გამოყენებამ) შეიძლება თვითონ უკრაინის არმია დააზარალოს - დონბასში, აღმოსავლეთის ფრონტზე, სადაც რუსეთის არმია უტევს და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ქალაქ პოკროვსკს - უკრაინის მძიმე მრეწველობის ერთ-ერთ ცენტრს, კოქსური ქვანახშირის საბადოებს. პოკროვსკი უკრაინის არმიისათვის ერთ-ერთ უმნისვნელოვანეს ლოჯისტიკურ ცენტრსაც წარმოადგენს. იყო ვარაუდი, რომ რუსეთის სარდლობა დონბასის ფრონტზე სამხედრო ნაწილებს მასობრივად მოხსნიდა და კურსკის ოლქში გადაისროდა, მაგრამ ვარაუდები  არ გამართლდა. ამრიგად, დონბასის ფრონტზე უკრაინისთვის რაიმე მნიშვნელოვანი სასარგებლო ცვლილება არ მომხდარა.

პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინის შეჭრამ რუსეთის ტერიტორიაზე შეცვალა საომარი სიტუაცია და კონფლიქტის პირობები, რომელთ მიხედვით, თუ სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართებოდა, უკრაინა განწირული იყო, რომ  წამგებიან შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ახლა კი მდგომარეობა კარდინალურად არის განსხვავებული: უკრაინა წარმატებით სარგებლობს დასავლური სამხედრო ტექნიკით - ტანკებით, ჯავშანმანქანებით, სარაკეტო დანადგარებით -  რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ადრე აკრძალული ჰქონდა. მართალია, კიევი თვითნებურად მოიქცა, მაგრამ ტაბუ უკვე დარღვეულია.

„შეჭრამ აჩვენა, რომ დასავლეთის შიშები - ვაითუ „წითელი ხაზების“ გადაკვეთის გამო რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენებს და ომის რადიკალური ესკალაცია მოხდებაო, მხოლოდ მითები და ზღაპრები გამოდგა. ფაქტია, რომ ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის არმია მრისხანე ძალას წარმოადგენს“, - ამბობს ტარას კუზიო, უკრაინის „კიევ-მოგილას აკადემიის“ უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი.

პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა ამტკიცებს კიევის პოზიციებს მოსკოვთან სამომავლო მოლაპარაკების წინ, ანუ უკრაინას კრემლზე გავლენის მოხდენისათვის ხელთ გარკვეული ბერკეტები უკვე აქვს.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ტერიტორია, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაინცდამაინც დიდ სტრატეგიულ ფასეულობას არ წარმოადგენს: უკრაინის არმიის მიერ ოკუპირებულ რუსეთის ტერიტორიაზე ერთადერთი, რასაც მეტ-ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ეს არის მაგისტრალური გაზსადენის „ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ ინსფრასტრუქტურა, მაგრამ მისით სარგებლობა მეორეხარისხოვან კოზირს წარმოადგენს. უკრაინამ ასევე გადაჭრა სარკინიგზო ხაზი, რომელიც კურსკის ოლქის ქალაქ ლგოვს მეზობელ ბელგოროდთან აკავშირებს. ოკუპირებულ ფართობზე არ არის რუსეთის არმიის მსხვილი სამხედრო ბაზებიც.

მართალია, უკრაინა აცხადებს, რომ მას არ აქვს კურსკის ოლქის მიერთების განზრახვა, მაგრამ ის შეეცდება შექმნას ბუფერული ზონა მოსაზღვრე სუმის ოლქის მოსახლეობის დასაცავად, რადგანაც საზღვართან ახლოს განალაგებული რუსული ქვემეხებით და რაკეტებით სუმის ოლქის სოფლები იბომბებოდა.

ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცრის თქმით, კურსკის ოპერაციამ აჩვენა, რომ რუსებს საკუთარი ტერიტორიის დაცვის თავიც კი არ აქვთ. „ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ რუსებს საკუთარ ტერიტორიაზე უკან დავახევინეთ და უამრავი ტყვედ ჩავიგდეთ. ბევრ ჩვენგანს სურს, რომ აქედან პირდაპირ კურსკი დავლაშქროთ და ავიღოთ, შემდეგ კი მოსკოვში შევიდეთ, პირდაპირ კრემლში“, - ამბობს უკრაინელი სამხედროჩინოსანი.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის კონსტანტინე მაშოვეცის თქმით, კურსკის ოლქში განხორციელებული სამხედრო რეიდის მთავარ მიზანს წარმოადგენს დარტყმების მიყენება რუსეთის იმ დაჯგუფებისათვის, რომელიც ხარკოვის ფრონტს ამარაგებს, ვოლჩანსკის რაიონში.

„ამასთან, რუსეთი, როგორც ჩანს, დონბასის ფრონტზე შეტევას არ ანელებს და მაინც წინ მიიწევს. კრემლი დონბასში უხვად იყენებს ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას“, - ამბობს კონსტანტინე მაშოვეცი, რომლის სიტყვები ბოლოდროინდელი ფაქტებითაც დასტურდება: 15 აგვისტოს ქალაქ პოკროვსკის უკრაინული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი დობრიაკმა მოსახლეობას განუცხადა - რუსეთის არმია აქედან უკვე 13 კილომეტრშია და დროა ევაკუაციისათვის მოემზადოთ, მალე მდგომარეობა უფრო გაუარესდებაო.

წყარო: www.independent.co.uk

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати