აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ («The New York Times») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის ეკონომიკა, უკრაინასთან ომის გამო, სულ უფრო მეტად გადადის სამხედრო რელსებზე“ (ავტორი - პატრიცია კოენი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„რუსეთის მთავრობა უკრაინასთან ომს ჯერ კიდევ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, მაგრამ ახალი სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯების გრაფები და ციფრები აშკარად მოწმობენ იმას, რომ რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო და უფრო მეტად ხდება მილიტარისტული და ქვეყნის სამხედრო მანქანის მოთხოვნების უზრუნველყოფას ემსახურება.
გარკვეულწილად ამას მოწმობს ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის ნათქვამი საერთაშორისო ფინანსური ფორუმის პლენარულ სხდომაზე - „ბიუჯეტი ისეთია, რომ ფრონტს ყველაფერი აუცილებლად მიეწოდება გამარჯვებისათვის“ - რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ცნობილ „სტალინურ“ ლოზუნგს გვახსენებს: „ყველაფერი ფრონტისათვის, ყველაფერი გამარჯვებისათვის!“.
როგორც რუსეთის მთავრობამ განაცხადა გასული სექტემბრის ბოლოს, მომავალი 2024 წლისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი (თითქმის 109 მილიარდი დოლარი) „ეროვნულ თავდაცვის“ გრაფაში გადადის. რა თქმა უნდა, სხვა სიტუაციაში ეს ფული შეიძლება გადანაწილებულიყო ჯანდაცვის სფეროზე, განათლებაზე, გზების მშენებლობაზე ან ეკონომიკის სხვა ნებისმიერ სექტორზე, მაგრამ ფაქტი მოწმობს: რუსეტის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6% მიმართულია სამხედრო საჭიროებისათვის, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინასთან ომის დაწყების წინ იყო.
იმ დღიდან, როცა რუსმა ჯარიკაცებმა რუსეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის ეკონომიკა იძულებული გახდა ადაპტირებულიყო ომით გამოწვეული ძირეული და საფუძვლიანი ცვლილებებისადმი, თანაც ეს განხორციელდა საოცარი სისწრაფით. ევროკავშირმა, რომელიც იმ მომენტისათვის რუსეთის ფედერაციის უდიდეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდა, დაჩქარებულად გაწყვიტა მოსკოვთან ეკონომიკური ურთიერთობა, დაანგრია უკვე მტკიცედ ჩამოყალიბებეული მრავალწლიანი კავშირები, პროდუქციის მიწოდება-გასაღების პროცესი, რათა რუსეთისათვის უცხოეთიდან შემოსავლების მიღება შემცირებულიყო. იგივე გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც: ვაშინგტონმა მთელი თავისი ფინანსური გავლენა გამოიყენა, რომ რუსეთის საზღვარგარეთულ ანგარიშებზე ასობით ასობით მილიარდი დოლარი გაყინულიყო და მოსკოვი მსოფლიო ფინანსური სისტემისაგან იზოლაციაში მოქცეულიყო.
ომის დაწყებიდან 19 თვის შემდეგ რუსეთში ეკონომიკური სურათი ერთმნიშვნელოვანი აშკარად არ არის: რუსული ეკონომიკა გაცილებით უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი დასავლური მთავრობა ვარაუდობდა, როცა ისინი მრავალრიცხოვან ანტირუსულ სანქციებს აწესებდნენ და ემბარგოებს აცხადებდნენ.
მოსკოვმა ევროპისაგან უარყოფილი თავისი ნავთობისა და გაზის მყიდველები იოლად იპოვა. მთავრობამ მეტი ფული მიმართა სამხედრო და ძალოვანი უწყებების სრულყოფილი დაფინანსებისათვის, შესამჩნევად გააუმჯობესა თავდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანების სოციალური მდგომარეობა, მოუმატა ხელფასები და სხვა დანამატები. რუსეთის ეკონომიკის ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსათვის პოტენციურად 2,5%-ს მიაღწევს, სავარაუდოდ, უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროკავშირის მაჩვენებლები და შესაძლოა, აშშ-ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც მეტი.
თუმცა ეს რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი მთლიანი სიტუაციის მხოლოდ ერთი ინდიკატორია. შევხედოთ „მედლის მეორე მხარესაც“.
როგორც ლაურა სოლანკო, ფინეთის ბანკის მთავარი მრჩეველი, ამბობს, „როცა ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კეთილდღეობის გაუმჯობესების მაჩვენებელი არ არის“. საბრძოლო ტექნიკისა და მასალების წარმოების მატება ეკონომიკის ზრდას ემსახურება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანობაში ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრება უფრო საამური ხდება.
უცხოურ ვალუტაზე მუდმივი მოთხოვნილება - იმპორტული საქონლის შეძენისა და საიმედო ინვესტიციების უზრუნველყოფს მიზნით - რუსული რუბლის კურსს ამცირებს, რაც, თავის მხრივ ინფლაციას აძლიერებს. სახელმწიფო ხარჯების და ვალების მკვეთრმა ზრდამ ისედაც გადახურებულ რუსულ ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
გასულ თვეში რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, რათა მოსახლეობის უზრუნველყოფა გაეუმჯობესებინა, მაგრამ ასეთმა ნაბიჯმა ბიუჯეტში უცხოური ვალუტის შედინება შეამცირა.
როგორც ჩანს, მომავალი წლისათვის რუსეთის მთავრობისათვის ძირითადი საზრუნავი რუბლის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნება იქნება.
გავიხსენოთ, რომ აშშ, ევროკავშირი და ყველა ის ქვეყანა, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ, ომის დაწყებიდანვე ცდილობდნენ, რომ სანქციების მეშვეობით რაც შეძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ რუსეთისათვის. მოსკოვმა, რასაკვირველია, ძალზე უეცარი და მტკივნეული შოკი განიცადა, რომ რუბლის კურსი 2022 წლის გაზაფხულზე მკვეთრად დაეცა. სად უნდა წაეღო რუსეთს ამდენი ნავთობი და გაზი, რომელიც უცხოური ვალურის შეტანის (და რუბლის მდგრადი კურსის) წყაროს წარმოადგენდა? მაგრამ გავიდა დრო და მთავრობის ძალისხმევა „წარმატებული გამოდგა“: კურსიც დასტაბილურდა, ნავთობსაც და გაზსაც მყიდველი გამოუჩნდა - ცხადია ისეთი რაოდენობით არა, როგორც ევროკავშირს, თუმცა არცთუ მცირე მოცულობით - ჩინეთი და ინდოეთი. სხვათა შორის, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: დღესაც რუსული თხევადი გაზით ძირითადად ევროკავშირი სარგებლობს და ციმბირულ საწვავს სულ უფრო მეტი რაოდენობით ყიდულობს (სანქციები მხოლოდ მილსადენურ გაზზე ვრცელდება).
ჩინეთმა რუსეთს, ენერგომატარებლების სანაცვლოდ, ის პროდუქცია მიაწოდა, რომელსაც ადრე მოსკოვი ევროკავშირის ქვეყნებისაგან ყიდულობდა. პეკინთან ვაჭრობა, 2023 წლის 8 თვის მაჩვენებლებით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32%-ით გაიზარდა. ინდოეთთან - სამჯერ და უფრო მეტად, თურქეთთან - 89%-ით.
დავუბრუნდეთ ისევ რუსეთის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს: „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, პირდაპირი სამხედრო ხარჯების გარდა, ბიუჯეტის სხვა გრაფებიც არაპირდაპირ ემსახურება - „ეროვნული თავდაცვის“ გარდა, დაგეგმილია, რომ ხარჯების 9,2% განეკუთვნება „ეროვნული უსაფრთხოების“ უზრუნველყოფას, მართლწესრიგის დაცვას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მოვლა-პატრონობა, ფინანსური დახმარება დაღუპულთა ოჯახებისთვისათვის. ასევე გათვალისწინებულია ხარჯები „რუსეთის ახალი რეგიონებისათვის“, მათი ფედერაციაში ინტეგრირებისათვის.
წყარო: https://www.nytimes.com/2023/10/09/business/economy/russia-economy-ukraine-war.html