USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „ნატო უკრაინას შესთავაზებს „ხიდს“ წევრობისთვის - იმ იმედით, რომ ეს საკმარისი იქნება“
თარიღი:  945

„ვაშინგტონში დაგეგმილ საიუბილეო სამიტზე ნატო უკრაინას შესთავაზებს მისიის - სამხედრო მიწოდებებისა და ჯარისკაცთა წრთვნების საკოორდინაციო ბიუროს ჩამოყალიბებას - უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების გაფორმების ჩარჩოებში, რომელიც გამოცხადდება როგორც ერთგვარი „ხიდი“ ალიანსში სავარაუდო გაწევრებისათვის. მაგრამ არ დათანხმდება  მოლაპარაკების დაწყებაზე, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის თავის წევრად მიღებისათვის მზად არ არის“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნატო უკრაინას შესთავაზებს „ხიდს“ წევრობისთვის - იმ იმედით, რომ ეს საკმარისი იქნება“ (ავტორი - სტივენ ერლანგერი).

ვლადიმერ ზელენსკისა და ზოგიერთი ცენტრალურევროპული ქვეყნების იმედების მიუხედავად, ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც 9-11 ივლისს ჩატარდება, უკრაინისათვის შეთავაზებული არ იქნება მოლაპარაკების დაწყება ალიანსში გაწევრიანებისათვის. როგორც სანდო წყაროებიდან ირკვევა, გაწევრიანების ნაცვლად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოაცხადებს გერმანიაში მისიის შექმნას, რომელიც კოორდინირებას გაუწევს კიევისადმი გაწეულ ყველანაირ დახმარებას.

ეს ნაბიჯი მოწოდებულია ძლიერი სიგნალი გახდეს კიევისათვის, რომ მოკავშირეები მის დახმარებას გააგრძელებენ და მოსკოვისთვისაც, რომელსაც იმედი აქვს, რომ დადგება დრო და დასავლეთს ომის წარმოებისათვის სურვილი გაუქრება.

იმდენად, რამდენადაც მისი ნატოს ეგიდით იმუშავებს, ის გათვლილია იმისათვის, რომ თავისი ფუნქციები შეასრულოს მაშინაც კი, თუ დონალდ ტრამპი - უკრაინის დახმარების კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე - არჩევნებში გაიმარჯვებს და პრეზიდენტი გახდება.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ და ნატოს ოფიციალურმა პირებმა ეს იდეა წამოსწიეს იმისთვის, რომ კიევისათვის რაღაც მნიშვნელოვანი მიეცათ. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ უკრაინა ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში იმყოფება, რაც საბრძოლო მოქმედებებში ნატოს ჩათრევასაც გამოიწვევს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადეს, რომ უკრაინამ ნატოში სრული ინტეგრირებისათვის ჯერ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელოს - მაგალითად, შეამციროს კორუფციის დონე, გააუმჯობესოს დემოკრატიული მმართველობა და მტკიცედ დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი.

მისია, რომლის ოფიციალური სახელწოდება იქნება „ნატოს დახმარების ბიურო უკრაინის უსაფრთხოებისა და წრთვნების უზრუნველსაყოფად“ ( NSATU) იმუშავებს დუბლირების შესამცირებლად და იმ სირთულეების გასამარტივებლად, რაც უკრაინისათვის სხვადასხვა სახეობის იარაღის გაგზავნის დროს წარმოიქმნება ხოლმე. ასეთი შემთხვევის ერთ-ერთი მაგალითია საფრანგეთის გადაწყვეტილება კიევისათვის ავიაგამანადგურებლების „მირაჟების“ გაგზავნის თაობაზე, მაშინ როცა უკრაინას უკვე სიძნელეები ექმნება ამერიკული F-16-ების („ფალკონების“) პილოტების მომზადების საქმეში. ფრანგული „მირაჟი“ რთულ თვითმფრინავს წარმოადგენს, მის მფრინავებს სხვაგვარი მომზადება ჭირდება, სხვანაირი სათადარიგო ნაწილები და რემონტი, რაც ნეგატიურად შეიძლება აისახოს უკრაინის შესაძლებლობებზე.

მისია ბაზირებული იქნება აშშ-ის სამხედრო ობიექტზე ქალაქ ვისბადენში (გერმანია) და მისი ხელმძღვანელი სამვარსკვლავიანი გენერალი იქნება (დიდი ალბათობით, ამერიკელი), რომელიც უშუალოდ დაექვემდებარება ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს და ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ოთხვარსკვლავიან გენერალს ქრიტოფერ კავოლის.

როგორც ივო დაალდერი - ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი - ამბობს (იგი საქმის კურსშია მისიის შექმნის ირგვლივ), მისიის დაქვემდებარება ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსადლისადმი მისი ერთგვარი „დამცავი ფაქტორი იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების ზემოქმედებისაგან.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ-ჯერობით საჯაროდ არ გაუკეთებია კომენტარი მისიის შექმნის გეგმაზე, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა  განაცხადა, რომ სამიტი დაადასტურებს, რომ მოკავშირეები მუდმივად დგამენ „კონკრეტულ ნაბიჯებს“ უკრაინის ნატოსთან დასაახლოებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ კიევს სავარაუდო წევრობისათვის „გადასავლელი ხიდი მზად ჰქონდეს“.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/06/26/world/europe/nato-ukraine-washington-membership-summit.html

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის