„ვაშინგტონში დაგეგმილ საიუბილეო სამიტზე ნატო უკრაინას შესთავაზებს მისიის - სამხედრო მიწოდებებისა და ჯარისკაცთა წრთვნების საკოორდინაციო ბიუროს ჩამოყალიბებას - უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების გაფორმების ჩარჩოებში, რომელიც გამოცხადდება როგორც ერთგვარი „ხიდი“ ალიანსში სავარაუდო გაწევრებისათვის. მაგრამ არ დათანხმდება მოლაპარაკების დაწყებაზე, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის თავის წევრად მიღებისათვის მზად არ არის“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნატო უკრაინას შესთავაზებს „ხიდს“ წევრობისთვის - იმ იმედით, რომ ეს საკმარისი იქნება“ (ავტორი - სტივენ ერლანგერი).
ვლადიმერ ზელენსკისა და ზოგიერთი ცენტრალურევროპული ქვეყნების იმედების მიუხედავად, ნატოს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც 9-11 ივლისს ჩატარდება, უკრაინისათვის შეთავაზებული არ იქნება მოლაპარაკების დაწყება ალიანსში გაწევრიანებისათვის. როგორც სანდო წყაროებიდან ირკვევა, გაწევრიანების ნაცვლად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოაცხადებს გერმანიაში მისიის შექმნას, რომელიც კოორდინირებას გაუწევს კიევისადმი გაწეულ ყველანაირ დახმარებას.
ეს ნაბიჯი მოწოდებულია ძლიერი სიგნალი გახდეს კიევისათვის, რომ მოკავშირეები მის დახმარებას გააგრძელებენ და მოსკოვისთვისაც, რომელსაც იმედი აქვს, რომ დადგება დრო და დასავლეთს ომის წარმოებისათვის სურვილი გაუქრება.
იმდენად, რამდენადაც მისი ნატოს ეგიდით იმუშავებს, ის გათვლილია იმისათვის, რომ თავისი ფუნქციები შეასრულოს მაშინაც კი, თუ დონალდ ტრამპი - უკრაინის დახმარების კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე - არჩევნებში გაიმარჯვებს და პრეზიდენტი გახდება.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ და ნატოს ოფიციალურმა პირებმა ეს იდეა წამოსწიეს იმისთვის, რომ კიევისათვის რაღაც მნიშვნელოვანი მიეცათ. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ უკრაინა ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში იმყოფება, რაც საბრძოლო მოქმედებებში ნატოს ჩათრევასაც გამოიწვევს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადეს, რომ უკრაინამ ნატოში სრული ინტეგრირებისათვის ჯერ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელოს - მაგალითად, შეამციროს კორუფციის დონე, გააუმჯობესოს დემოკრატიული მმართველობა და მტკიცედ დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი.
მისია, რომლის ოფიციალური სახელწოდება იქნება „ნატოს დახმარების ბიურო უკრაინის უსაფრთხოებისა და წრთვნების უზრუნველსაყოფად“ ( NSATU) იმუშავებს დუბლირების შესამცირებლად და იმ სირთულეების გასამარტივებლად, რაც უკრაინისათვის სხვადასხვა სახეობის იარაღის გაგზავნის დროს წარმოიქმნება ხოლმე. ასეთი შემთხვევის ერთ-ერთი მაგალითია საფრანგეთის გადაწყვეტილება კიევისათვის ავიაგამანადგურებლების „მირაჟების“ გაგზავნის თაობაზე, მაშინ როცა უკრაინას უკვე სიძნელეები ექმნება ამერიკული F-16-ების („ფალკონების“) პილოტების მომზადების საქმეში. ფრანგული „მირაჟი“ რთულ თვითმფრინავს წარმოადგენს, მის მფრინავებს სხვაგვარი მომზადება ჭირდება, სხვანაირი სათადარიგო ნაწილები და რემონტი, რაც ნეგატიურად შეიძლება აისახოს უკრაინის შესაძლებლობებზე.
მისია ბაზირებული იქნება აშშ-ის სამხედრო ობიექტზე ქალაქ ვისბადენში (გერმანია) და მისი ხელმძღვანელი სამვარსკვლავიანი გენერალი იქნება (დიდი ალბათობით, ამერიკელი), რომელიც უშუალოდ დაექვემდებარება ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალს და ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ოთხვარსკვლავიან გენერალს ქრიტოფერ კავოლის.
როგორც ივო დაალდერი - ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი - ამბობს (იგი საქმის კურსშია მისიის შექმნის ირგვლივ), მისიის დაქვემდებარება ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსადლისადმი მისი ერთგვარი „დამცავი ფაქტორი იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების ზემოქმედებისაგან.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ-ჯერობით საჯაროდ არ გაუკეთებია კომენტარი მისიის შექმნის გეგმაზე, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ სამიტი დაადასტურებს, რომ მოკავშირეები მუდმივად დგამენ „კონკრეტულ ნაბიჯებს“ უკრაინის ნატოსთან დასაახლოებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ კიევს სავარაუდო წევრობისათვის „გადასავლელი ხიდი მზად ჰქონდეს“.
წყარო: https://www.nytimes.com/2024/06/26/world/europe/nato-ukraine-washington-membership-summit.html
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.