USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „ამერიკა - მსოფლიოს ბოროტი გენია? კრემლი - რუსებს: „ნუ ვიჩქარებთ შეფასებებში“
Date:  473

„როგორც კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისაკენ გადახრა დაიწყო, კრემლის პროპაგანდისტულმა მანქანამაც ტონალობა შეცვალა“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „ამერიკა - მსოფლიოს ბოროტი გენია? კრემლი - რუსებს: „ნუ ვიჩქარებთ შეფასებებში“. ავტორი ანტონ ტროიანოვსკი, რომელიც მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელია, აანალიზებს აშშ-ის მიმართ რუსეთის ხელისუფლებაში და რუსულ საზოგადოებაში ბოლო დროს მომხდარ ცვლილებებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„იანვრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შაბლონური სიტყვით გამოვიდა და „კოლექტიური დასავლეთი“ გააკრიტიკა, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით „ჰეგემონისტურ და ეგოისტურ პოლიტიკას ატარებს“. თუმცა არ გასულა 5 კვირა და მსოფლიო დიპლომატიის 74 წლის ვეტერანის რიტორიკა თავბრუდამხვევად შეიცვალა.

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხისადმი მიცემულ ინტერვიუში კვირას, ორ მარტს სერგეი ლავროვმა ჩამოთვალა ის უბედურებები და საშინელებები, რომლებიც მსოფლიოს თურმე ამერიკამ კი არა, არამედ... ევროპამ მოუტანა. მინისტრისთვის რომ მოგესმინათ, ალბათ, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ ამერიკა ბოროტი გენიიდან უწყინარ დამკვირვებლად გადაიქცა: „კოლონიზაციები, ომები, ჯვაროსნები, ყირიმის ომი, ნაპოლეონი, პირვეი მსოფლიო ომი, ადოლფ ჰიტლერი... თუ ისტორიას რეტროსპექტულად გადავხედავთ, ამ უბედურებებში ამერიკელებს არავითარი წამქეზებლური და მით უმეტეს, არანაირი ცეცხლგამჩენი როლი არ შეუსრულებიათ“, - განაცხადა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.

დონალდ ტრამპი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში „რევოლუციურ გადატრიალებას“ აწყობს - ყველაფერს 180 გრადუსით ცვლის, მაგრამ არანაკლები გადატრიალება ხდება რუსულ დიპლომატიაშიც -  თანაც არამარტო უშუალოდ კრემლში, არამედ სახელმწიფო ტელევიზიაშიც. ახალი გზავნილი ასეთია: „აშშ, როგორც ჩანს, არც ისე ცუდი ქვეყანაა“.

პრაქტიკულად, როლები ელვისებურად შეიცვალა და ახლა ანტირუსული პოლიტიკის მთავარ გამტარებელ-წამქეზებლად, რუსული რიტორიკის თანახმად, ევროპა გახდა, ამერიკამ კი უკანა პლანზე გადაინაცვლა. თავის ყოველკვირეულ გადაცემაში, რომელიც ტელეარხ „როსია-1“-ის ეთერში გადის, წამყვანმა დიმიტრი კისელევმა განაცხადა, რომ ევროპის „ომის პარტია“ თავის ძირგამომთხრელ პოლიტიკას ვეღარ გაატარებს: ჰორიზონტზე მოჩანს „დიდი სამეული“ - აშშ, რუსეთი და ჩინეთი. სწორედ მათ შეუძლიათ მსოფლიოს ახალი კონსტრუქციის შექმნა“.

ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთისათვის მთავარ საფრთხობელად წარმოსახავდა - მას ხან „ჰეგემონად“ ნათლავდნენ, ხან „ოკეანისგაღმელ უფროსად“... კრემლი შთააგონებდა მოსახლეობას: ამერიკას რუსეთი სძულს და მოსკოვის წინააღმდეგ ამხედრებს ხან ევროპელებს, ხან უკრაინელებს, ხანაც ყველა ჯურის ტერორისტებს.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ მაინცდამაინც დიდი არაფერი შეიცვლება: „განსხვავება ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციებს შორის მხოლოდ ტერმინოლოგიურად იქნება გამოხატული“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 30 იანვარს.

მაგრამ შემდეგ, როცა 12 თებერვალს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რასაც ერ-რიადში მოლაპარაკება მოჰყვა და ბოლოს - ეპოქალური ხმის მიცემა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციისადმი, როცა აშშ რუსეთის მხარეზე დადგა, მკაფიოდ გამოიკვეთა მოვლენათა „პრორუსული თანმიმდევრობა“... ამას დაემატა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალი, როცა დონალდ ტრამპმა და ჯეიმს ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკის „ყური აუწიეს“.

მოკლედ, თითზე ჩამოსათვლელ დღეებში ნათელი გახდა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს ამერიკა, პირველთან შედარებით, უფრო პრორუსულ პოლიტიკას გაატარებს.

ცვლილებებს ტონი მისცა თვითონ ვლადიმერ პუტინმაც. ლიდერმა, რომელიც ცოტა ხნის წინათ დასავლეთს, აშშ-ის მეთაურობით, „რუსეთის დაშლისა და გაძარცვის“ მცდელობაში ადანაშაულებდა, გასულ კვირას თეთრ სახლს შესთავაზა ერთობლივად ისარგებლონ რუსეთის წიაღში არსებული იშვიათმიწა ლითონების საბადოებით, ერთად გააფართოვონ ალუმინის გამოდნობა ციმბირის ქარხნებში...

გასულ პარაკევს, სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის დატუქსვამდე, ვლადიმერ პუტინმა თავისი ახალი პროამერიკული გზავნილი სრულიად მოულოდნელ ადგილზე გააჟღერა - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოველწლიურ კრებაზე, ანუ იმ სპეცსამსახურისა, რომელიც დასავლეთთან მოსკოვის ფარული ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ტრამპის ადმინისტრაციასთან  „საკმაოდ კეთილი იმედების შთამაგონებელია“, შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი პრაგმატიზმის გამოვლენისათვის და მოუწოდა კრების მონაწილეებს წინ აღუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებიც „ხელს შეუშლიან ან კომპრომეტაციას გაუწევენ დაწყებულ დიალოგს“.

ვაშინგტონთან დამოკიდებულებაში ასეთი რადიკალური შეტრიალება იმდენად მოულოდნელი და სწრაფი აღმოჩნდა, რომ როცა კვირას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტიორმა კრემლის წარმომადგენელს დიმიტრი პესკოვს ჰკითხა, „როგორ შეიძლება ასე მოხდეს? თქვენ ხომ ახლახან აცხადებდით, რომ რუსეთი და ამერიკა პრაქტიკულად ერთმანეთის მტრები ვართო“, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა: „ამის განჭვრეტა მართლაც შეუძლებელი იყო. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწრაფად ცვლის ყველა საგარეოპოლიტიკურ კონფიგურაციას... მისი მოქმედება ბევრად ემთხვევა ჩვენს ხედვებს“.

კრემლის იდეოლოგები და პროპაგანდისტები მთელი ძალებით ცდილობენ რუსების დახმარებას ამ ყველაფრის გააზრებაში. ზოგიერთი კომენტატორი ისტორიულ წიაღ-სვლებს აკეთებს მსგავსი ფაქტებისა და პრეცედენტების ძიებაში - დაწყებული ეკატერინე მეორის უარით დახმარებოდა დიდ ბრიტანეთს ამერიკული რევოლუციის - დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ჩახშობაში (1775-1783 წ.წ.). არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეიცვალა ამერიკელი ამომრჩეველი: „ამერიკელი ხალხი გლობალური იმპერიისაგან დაიღალა“, - განმარტა გასულ კვირას რეჟისორმა კარენ შახნაზაროვმა, რომელიც მუდმივად მონაწილეობს სახელმწიფო ტელევიზიის თოქ-შოუებში.

ევგენი პოპოვმა, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პოპულარული ყოველდღიური პოლიტიკური გადაცემის „60 წუთის“ წამყვანმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბარში ხაზი გაუსვა, რომ ლაპარაკი აშშ-სთან თანამშრომლობაზე რაიმე საკვირველებას არ წარმოადგენს - ყველასათვის ცნობილია, რომ ბევრი ამერიკული კომპანია მუშაობდა საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ კიდევ კომუნისტური ხელისუფლების პერიოდში. „ჩვენ სრულიად ნორმალური პროცესების მომსწრენი ვხდებით“, -  ამბობს ევგენი პოპოვი, - ჩვენ გვსურს მშვიდობიანი, კონსტრუქციუი და პრაგმატული  - და, რაც მთავარია - თანასწორი ურთიერთობები ამერიკასთან“.

(...)

აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის ანაზდეულად გაჩენილმა პერსპექტივამ გაახარა რუსული საზოგადოება, რომელიც, სოციოლოგების თქმით, სულ უფრო იხრება უკრაინის ომის შეწყვეტისაკენ და თვლის, რომ ამ საკითხში აშშ-სთან მოლაპარაკება აუცილებელია.

სოციოლოგიური კვლევების „ლევადა-ცენტრმა“, არასამთავრობო ორგანიზაციამ შტაბ-ბინით მოსკოვში, გასულ თვეში გამოარკვია, რომ რუსების 75% მხარს უჭერს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეჩერებას (რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2023 წლიდან), ხოლო 85% იწონებს აშშ-სთან მოლაპარაკების დაწყებას. სხვათა შორის, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრების შემდეგ რუსეთის საფონდო ბაზრის რეიტინგი 10%-ით გაიზარდა, ამერიკული სანქციების შერბილებისა და ინვესტიციების დაბანდების იმედით.

მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც უკრაინასთან ომის გაგრძელების მომხრენი არიან და აშშ-სთან მოლაპარაკება მათთვის ქვეყნის ღალატს ნიშნავს: არ უნდა დავივიწყოთ, რომ იყო დრო, როცა ხელისუფლებაშიც ბევრი მსგავსად ლაპარაკობდა - რუსეთი უკრაინაში ირიბად ამერიკას ებრძვისო. „ტელეგრამ-არხის“ რუსმა ბლოგერებმა გაკვირვება გამოხატეს პუტინის წინადადებაზე ამერიკული კომპანიების მიმართ რუსეთის სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივი დამუშავების თაობაზე.

რუსული ნაციონალისტური ბლოგის „ორი მაიორის“ ავტორებმა გესლიანად აღნიშნეს: „გულახდილად ვიტყვით, რომ ჩვენ გამოგვეპარა მომენტი, როცა ამერიკელ „პინდოსებთან“ თანამშრომლობის სურვილი გაჩნდა. მათ რუსეთის რესურსების გაძარცვა სურთ, ჩვენ კი ამ საკითხში ნებაყოფლობით თანამშრომლობას ვთავაზობთ“.

და მაინც ვლადიმერ პუტინის შებრუნებაში ვაშინგტონისაკენ ჩანს თანმიმდევრულობის  გაზაფხულის გაელვება. საერთოდ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას:  იგი, როგორც წესი, თავს არიდებდა ამერიკის რუსეთის მტრად გამოცხადებას.

როცა ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ „დასავლური ნეოლიბერალური ელიტა რუსეთის განადგურებას ესწრაფვის და ცდილობს რუსეთის რუსეთის მოქალაქეებს თავისი უცნაური ფასეულობები ჩაუნერგოს“, იგი იმავდროულად ამერიკელ კონსერვატორებს რუსეთის მეგობრებად წარმოსახავდა. ეს საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული მეთოდების ერთგვარ სარკისებურ არეკვლას წარმოადგენს, როცა მოსკოვის მოკავშირეებად ამერიკელი პროგრესისტები ითვლებოდნენ.

„სხვათა შორის, შეერთებულ შტატებში საკმაოდ ბევრია ისეთი ადამიანები, რომლებიც ტრადიციული ფასეულობების ერთგულნი არიან და ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ. ჩვენ ეს ვიცით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 2022 წელს.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way