USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ვლადიმერ ზელენსკისათვის დონალდ ტრამპის გამარჯვება სასიხარულო უნდა იყოს: უკრაინა ჯო ბაიდენით იმედგაცრუებული დარჩა“
თარიღი:  330

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ვლადიმერ ზელენსკისათვის დონალდ ტრამპის გამარჯვება სასიხარულო უნდა იყოს: უკრაინა ჯო ბაიდენით იმედგაცრუებული დარჩა“, რომელშიც განხულილია უკრაინის ხელისუფლებაში, საზოგადოებაში და არმიაში შექმნილი სიტუაცია, რუსეთთან მიმდინარე ომის გამო. „ფრონტზე და ზურგში მდგომარეობა მძიმეა, ვოლოდიმირ ზელენსკი მკაცრი დილემის წინაშე დგას“, - ხაზგასმულია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ერთი შეხედვით, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება უკრაინისათვის იმაზე უარეს კოშმარად მოჩანს, რაც ქვეყანამ და ხალხმა ომის დაწყებიდან გამოიარეს. ახლად არჩეული პრეზიდენტი თავს არიდებს ვლადიმერ პუტინის აგრესიის მკაცრ დაგმობას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგჯერ აღფრთოვანებას გამოხატავს რუსი დიქტატორის მანერების და მმართველობის სტილის მიმართ. იყო მომენტიც, როცა მისი მითითებით რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უკრაინა დააშანტაჟა, როცა დახმარების საკითხის განხილვა გადაიდო. ამიტომაც სიურპრიზია ის, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ბევრი მაღალჩინოსანი გულწრფელად ელოდა დონალდ ტრამპის გამარჯვებას, იმდენად გაურკვეველი სიტუაცია იყო უკრაინის ირგვლივ: მართლაცდა, ჯო ბაიდენმა ჯერ განაცხადა, რომ კიევს „იმდენს დაეხმარებოდა, რამდენიც საჭირო იყო“, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი დაპირება აკრძალვებით გაივსო - „ამ რაკეტას ვერ მოგცემ“, „ის რაკეტა რუსეთისაკენ არ გაისროლო“ და მისთანებით.

დონალდ ტრამპი რადიკალია, მას ყოყმანი არ უყვარს და ბოლოს მოუღებს ამ გაორებულ დამოკიდებულებას: ან აქტიურად ხელს შეუწყობს ომის შეწყვეტას, ან თუ დახმარებაა, ბოლომდე ყველაფრით დაეხმარება. მას გარისკვა შეუძლია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს გამარჯვება სწრაფად მიულოცა და თანაც ქება-დიდებით: „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით აშშ-ის ისტორიაში ძლიერი პრეზიდენტების ეპოქის დაწყებას, დონალდ ტრამპის გაბედული ხელმძღვანელობით“, - დაწერა მან „იქს-ქსელში“. ეს უბრალო „პიარი” (PR) არ არის - იმიტომ, რომ ზელენსკის ადმინისტრაციის წევრებიც ამჩნევდნენ ჯო ბაიდენის „მუხლების კანკალს“ და სულ უფრო იმედგაცრუებულნი რჩებოდნენ მისი „თავშეკავებით“, როცა თეთრ სახლს რაიმე გარანტიების მიცემა არ შეეძლო და მისი მოქმედება უფრო თვალთმაქცურს ჰგავდა, ვიდრე მტკიცეს და საფუძვლიანს.

თუმცა ზოგიერთებს აქვთ საფუძველი დონალდ ტრამპის მიმართ ეჭვები გაუჩნდეთ:  წინასაარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელი კანდიდატი ფიცს დებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა. მაგრამ მისი გეგმა თვალითაც არავის არ უნახავს და, ალბათ, თვითონ დონალდ ტრამპსაც, ანუ მისი არსებობა შეიძლება ბლეფიც კი იყოს.

დღეისათვის უკრაინელი ოფიციალური პირები, დონალდ ტრამპის გეგმა-განზრახვებზე როცა ლაპარაკობენ, მისი გუნდის წევრების მიერ გაჟღერებული ორი საჯარო ფორმულირებებით ხელმძღვანელობენ: პირველი, ჯეიმს დევიდ ვენსის მიერ ნათქვამით, რომლის თანახმად, ომი „გაიყინება“ ამჟამად არსებულ პოზიციებზე, უკრაინა დაიცავს ნეიტრალიტეტს, თუმცა კიევს უსაფრთხოების რაიმე აშკარა გარანტიები არ ექნება; მეორე, რომელიც უკრაინისათვის უფრო უკეთესი იქნება, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა (დონალდ ტრამპის მომხრენ) მაიკ პომპეომ გააჟღერა გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ - სამხედრო და ფინანსური დახმარების გაძლიერება მოსკოვის შეკავების მიზნით, ასევე ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის შენარჩუნება. რასაკვირველია, ბევრი რამ არის დამოკიდებული დონალდ ტრამპზე, თუ რომელ მიმართულებას აირჩევს ახალი პრეზიდენტი.

რა თქმა უნდა, უკრაინაზე სრული უარის თქმა გამორიცხულია, ეს რეპუბლიკური პარტიის ელექტორატსაც არ სურს. დონალდ ტრამპი, უეჭველია, არ მოისურვებს იმას, რომ აშშ-ის ისტორიაში უკრაინის დამარცხების არქიტექტორის სახელით შევიდეს. მაგრამ გარიგებების დადების ოსტატი დონალდ ტრამპი, უკრაინის ინტერესების გარკვეული დაცვის სანაცვლოდ, კიევსს სამაგიეროს გადახდას რაღაც სახით მოსთხოვს. მაგალითად იმით, რომ უკრაინის ბუნებრივი სიმდიდრეებით (ვთქვათ, სასარგებლო წიაღისეულით, ტყეებით და ა.შ.) ამერიკულმა კომპანიებმა ისარგებლონ. აშშ-ის პრეზიდენტს ლიბერლური ფასეულობები ყველაზე ნაკლებად ადარდებს. როგორც უკრაინის ყოფილი საგარაო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო ამბობს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სანამ დონალდ ტრამპი მოიფიქრებს და აწონ-დაწონის, ყველაფერი უნდა გააკეთოს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას თავისი ლოგიკა უნდა შესთავაზოს.

აშშ-ში მომხდარი ცვლილებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე გამოცდას დაემთხვა. მიმდინარე წელს უკრაინის არმია, რუსებთან სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად, დასუსტდა და უკან დაიხია: კიევმა იმდენი ტერიტორია დაკარგა (დაახლოებით 620 კვ.კმ), რამდენიც ქვეყანას ომის ორი წლის განმავლობაში არ დაუკარგავს. მართალია, პროცენტული გამოხატულებით 2024 წელს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული მიწა-წყალი სულ რაღაც 1%-ს შეადგენს, მაგრამ პერსპექტივა უფრო ცუდი იქნება - ტერიტორიული დანაკარგები მოიმატებს, თუ რუსები კურახოვოსა და პოკროვსკის ახლოს მდებარე სტრატეგიულ სიმაღლეებს დაიკავებენ... რა მოხდება, შემდეგ, ეს ძნელი წარმოსადგენი არ არის - რუსეთის არმია დნეპროპეტროვსკის ოლქში შეიჭრება, სადაც უკრაინის არმიის თავდაცვითი ზღუდეები არ არსებობს.

შეშფოთებას უფრო მეტად იწვევს არა ფრონტის ხაზზე შექმნილი ნეგატიური სიტუაცია, არამედ უფრო ის, თუ რა ხდება ზურგში - კიევში, ხელისუფლებაში, საზოგადოებაში. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თანდათან კარგავს ავტორიტეტს საზოგადოებასა და არმიას შორის, ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მყიფე მდგომარეობა, მაგრამ ამაოდ. არმიაში გაწვევის  გეგმა მხოლოდ ორი მესამედით არის შესრულებულია, სამხედროვალდებულები იმალებიან და ჯარში გაწვევისაგან ყველა ხერხით და ყველა გზით თავს ერთ-ერთმა უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვით, აღიარა, რომ  ფრონტის ყველაზე მძიმე უბნებზე უკრაინელი ჯარისკაცის საბრძოლო სული უკვე დაცემულია. ერთ-ერთი სანდო წყარო  გენერალური შტაბიდან ადასტურებს, რომ არმიაში დისციპლინა თანდათან სუსტდება, შეიარაღებული ძალების თითქმის ერთი მეხუთედმა საბრძოლო პოზიციები ნებაყოფლობით  დატოვა და დეზერტირად გადაიქცა. არიდებენ. ამ დროს კი რუსეთს ბრძოლაში ახალი რეზერვები შეჰყავს - მომგებიანი კონტრაქტების საშუალებით.

ჯერ-ჯერობით, რა თქმა უნდა, არავინ არ ამტკიცებს, რომ უკრაინის არმია ბრძოლაზე უარს აცხადებს, ამ ეტაპზე მათ საკმარისი იარაღი აქვს წინააღმდეგობის გასაწევად და კიდევ აქვთ ის ტერიტორიები, რომელთა დათმობა შეიძლება (თუ საქმე უარესად მძიმე იქნება). უკრაინელი სამხედროები ასევე უზრუნველყოფილნი არიან საკმაო რაოდენობის ამერიკული იარაღით.

რაც შეეხება რუსეთს, რაც დრო გადის, კრემლსაც ბევრი პრობლემები უგროვდება - ინფლაციური პროცესები ღრმავდება, ეკონომიკა ძალზე გადატვირთულია („გადახურებულია“) და სამომავლოდ, უკვე 2025 წლისათვის, შეიძლება უმართავი პროცესები განვითარდეს. მაგრამ რუსეთზე უფრო ადრე ცუდ მდგომარეობაში უკრაინა ჩავარდება - ალბათ, უკვე ამ ზამთრის პერიოდში.

დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, მანამდე მოამზადებს ნიადაგს სამომავლო გარიგების დასადებად, სანამ თეთრი სახლში დაჯდება, ანუ 20 იანვრის ინაუგურაციამდე. „უცნობ სიდიდედ“ რჩება ვლადიერ პუტინი - უფრო სწორად კი ის, თუ რაზე დათანხმდება რუსეთის პრეზიდენტი. წყაროები მისი გარემოცვიდან  წინააღმდეგობრივ სიგნალებს იძლევიან კრემლის მზადყოფნაზე მოალაპარაკების დასაწყებად: პრეზიდენტი ზოგჯერ თითქოსდა მზად არის „გაყინოს“ ფრონტის ამჟამინდელი ხაზი, ზოგჯერ კი უკრაინისაგან მხოლოდ კაპიტულაციას ითხოვს. ერთ-ერთმა წყარომ ისიც კი განაცხადა, რომ უამრავი რთული საკითხის არსებობის გამო სწრაფი სამშვიდობო დარეგულირება „არარეალურია“. უფრო მეტიც - როცა ვლადიმერ პუტინი ხედავს, რომ უკრაინის არმია უკან იხევს, რატომ დათანხმდება იგი ცეცხლის შეწყვეტას? გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების გამართვის თავისი მანერა აქვს: ახლა ტემპერატურა თანდათან ნოლზე დაეცემა, რუსეთი კი უკრაინის ენერგეტიკის გეგმაზომიერ განადგურებას გაანახლებს...

მოკლედ, როგორც უკრაინის ყოფილი საგარაო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო ამბობს, რუსები შეეცდებიან მთლიანად მოშალონ უკრაინის ელექტროენერგიით მომარაგება და ხელისუფლებასაც არ დაზოგავენ... მომავალი სამი თვე კოშმარი იქნება.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/11/07/why-volodymyr-zelensky-may-welcome-donald-trumps-victory

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.