ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ვლადიმერ ზელენსკისათვის დონალდ ტრამპის გამარჯვება სასიხარულო უნდა იყოს: უკრაინა ჯო ბაიდენით იმედგაცრუებული დარჩა“, რომელშიც განხულილია უკრაინის ხელისუფლებაში, საზოგადოებაში და არმიაში შექმნილი სიტუაცია, რუსეთთან მიმდინარე ომის გამო. „ფრონტზე და ზურგში მდგომარეობა მძიმეა, ვოლოდიმირ ზელენსკი მკაცრი დილემის წინაშე დგას“, - ხაზგასმულია სტატიაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:
ერთი შეხედვით, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება უკრაინისათვის იმაზე უარეს კოშმარად მოჩანს, რაც ქვეყანამ და ხალხმა ომის დაწყებიდან გამოიარეს. ახლად არჩეული პრეზიდენტი თავს არიდებს ვლადიმერ პუტინის აგრესიის მკაცრ დაგმობას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგჯერ აღფრთოვანებას გამოხატავს რუსი დიქტატორის მანერების და მმართველობის სტილის მიმართ. იყო მომენტიც, როცა მისი მითითებით რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უკრაინა დააშანტაჟა, როცა დახმარების საკითხის განხილვა გადაიდო. ამიტომაც სიურპრიზია ის, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ბევრი მაღალჩინოსანი გულწრფელად ელოდა დონალდ ტრამპის გამარჯვებას, იმდენად გაურკვეველი სიტუაცია იყო უკრაინის ირგვლივ: მართლაცდა, ჯო ბაიდენმა ჯერ განაცხადა, რომ კიევს „იმდენს დაეხმარებოდა, რამდენიც საჭირო იყო“, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი დაპირება აკრძალვებით გაივსო - „ამ რაკეტას ვერ მოგცემ“, „ის რაკეტა რუსეთისაკენ არ გაისროლო“ და მისთანებით.
დონალდ ტრამპი რადიკალია, მას ყოყმანი არ უყვარს და ბოლოს მოუღებს ამ გაორებულ დამოკიდებულებას: ან აქტიურად ხელს შეუწყობს ომის შეწყვეტას, ან თუ დახმარებაა, ბოლომდე ყველაფრით დაეხმარება. მას გარისკვა შეუძლია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს გამარჯვება სწრაფად მიულოცა და თანაც ქება-დიდებით: „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით აშშ-ის ისტორიაში ძლიერი პრეზიდენტების ეპოქის დაწყებას, დონალდ ტრამპის გაბედული ხელმძღვანელობით“, - დაწერა მან „იქს-ქსელში“. ეს უბრალო „პიარი” (PR) არ არის - იმიტომ, რომ ზელენსკის ადმინისტრაციის წევრებიც ამჩნევდნენ ჯო ბაიდენის „მუხლების კანკალს“ და სულ უფრო იმედგაცრუებულნი რჩებოდნენ მისი „თავშეკავებით“, როცა თეთრ სახლს რაიმე გარანტიების მიცემა არ შეეძლო და მისი მოქმედება უფრო თვალთმაქცურს ჰგავდა, ვიდრე მტკიცეს და საფუძვლიანს.
თუმცა ზოგიერთებს აქვთ საფუძველი დონალდ ტრამპის მიმართ ეჭვები გაუჩნდეთ: წინასაარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელი კანდიდატი ფიცს დებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებდა. მაგრამ მისი გეგმა თვალითაც არავის არ უნახავს და, ალბათ, თვითონ დონალდ ტრამპსაც, ანუ მისი არსებობა შეიძლება ბლეფიც კი იყოს.
დღეისათვის უკრაინელი ოფიციალური პირები, დონალდ ტრამპის გეგმა-განზრახვებზე როცა ლაპარაკობენ, მისი გუნდის წევრების მიერ გაჟღერებული ორი საჯარო ფორმულირებებით ხელმძღვანელობენ: პირველი, ჯეიმს დევიდ ვენსის მიერ ნათქვამით, რომლის თანახმად, ომი „გაიყინება“ ამჟამად არსებულ პოზიციებზე, უკრაინა დაიცავს ნეიტრალიტეტს, თუმცა კიევს უსაფრთხოების რაიმე აშკარა გარანტიები არ ექნება; მეორე, რომელიც უკრაინისათვის უფრო უკეთესი იქნება, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა (დონალდ ტრამპის მომხრენ) მაიკ პომპეომ გააჟღერა გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ - სამხედრო და ფინანსური დახმარების გაძლიერება მოსკოვის შეკავების მიზნით, ასევე ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის შენარჩუნება. რასაკვირველია, ბევრი რამ არის დამოკიდებული დონალდ ტრამპზე, თუ რომელ მიმართულებას აირჩევს ახალი პრეზიდენტი.
რა თქმა უნდა, უკრაინაზე სრული უარის თქმა გამორიცხულია, ეს რეპუბლიკური პარტიის ელექტორატსაც არ სურს. დონალდ ტრამპი, უეჭველია, არ მოისურვებს იმას, რომ აშშ-ის ისტორიაში უკრაინის დამარცხების არქიტექტორის სახელით შევიდეს. მაგრამ გარიგებების დადების ოსტატი დონალდ ტრამპი, უკრაინის ინტერესების გარკვეული დაცვის სანაცვლოდ, კიევსს სამაგიეროს გადახდას რაღაც სახით მოსთხოვს. მაგალითად იმით, რომ უკრაინის ბუნებრივი სიმდიდრეებით (ვთქვათ, სასარგებლო წიაღისეულით, ტყეებით და ა.შ.) ამერიკულმა კომპანიებმა ისარგებლონ. აშშ-ის პრეზიდენტს ლიბერლური ფასეულობები ყველაზე ნაკლებად ადარდებს. როგორც უკრაინის ყოფილი საგარაო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო ამბობს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სანამ დონალდ ტრამპი მოიფიქრებს და აწონ-დაწონის, ყველაფერი უნდა გააკეთოს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას თავისი ლოგიკა უნდა შესთავაზოს.
აშშ-ში მომხდარი ცვლილებები უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე გამოცდას დაემთხვა. მიმდინარე წელს უკრაინის არმია, რუსებთან სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად, დასუსტდა და უკან დაიხია: კიევმა იმდენი ტერიტორია დაკარგა (დაახლოებით 620 კვ.კმ), რამდენიც ქვეყანას ომის ორი წლის განმავლობაში არ დაუკარგავს. მართალია, პროცენტული გამოხატულებით 2024 წელს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული მიწა-წყალი სულ რაღაც 1%-ს შეადგენს, მაგრამ პერსპექტივა უფრო ცუდი იქნება - ტერიტორიული დანაკარგები მოიმატებს, თუ რუსები კურახოვოსა და პოკროვსკის ახლოს მდებარე სტრატეგიულ სიმაღლეებს დაიკავებენ... რა მოხდება, შემდეგ, ეს ძნელი წარმოსადგენი არ არის - რუსეთის არმია დნეპროპეტროვსკის ოლქში შეიჭრება, სადაც უკრაინის არმიის თავდაცვითი ზღუდეები არ არსებობს.
შეშფოთებას უფრო მეტად იწვევს არა ფრონტის ხაზზე შექმნილი ნეგატიური სიტუაცია, არამედ უფრო ის, თუ რა ხდება ზურგში - კიევში, ხელისუფლებაში, საზოგადოებაში. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თანდათან კარგავს ავტორიტეტს საზოგადოებასა და არმიას შორის, ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მყიფე მდგომარეობა, მაგრამ ამაოდ. არმიაში გაწვევის გეგმა მხოლოდ ორი მესამედით არის შესრულებულია, სამხედროვალდებულები იმალებიან და ჯარში გაწვევისაგან ყველა ხერხით და ყველა გზით თავს ერთ-ერთმა უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვით, აღიარა, რომ ფრონტის ყველაზე მძიმე უბნებზე უკრაინელი ჯარისკაცის საბრძოლო სული უკვე დაცემულია. ერთ-ერთი სანდო წყარო გენერალური შტაბიდან ადასტურებს, რომ არმიაში დისციპლინა თანდათან სუსტდება, შეიარაღებული ძალების თითქმის ერთი მეხუთედმა საბრძოლო პოზიციები ნებაყოფლობით დატოვა და დეზერტირად გადაიქცა. არიდებენ. ამ დროს კი რუსეთს ბრძოლაში ახალი რეზერვები შეჰყავს - მომგებიანი კონტრაქტების საშუალებით.
ჯერ-ჯერობით, რა თქმა უნდა, არავინ არ ამტკიცებს, რომ უკრაინის არმია ბრძოლაზე უარს აცხადებს, ამ ეტაპზე მათ საკმარისი იარაღი აქვს წინააღმდეგობის გასაწევად და კიდევ აქვთ ის ტერიტორიები, რომელთა დათმობა შეიძლება (თუ საქმე უარესად მძიმე იქნება). უკრაინელი სამხედროები ასევე უზრუნველყოფილნი არიან საკმაო რაოდენობის ამერიკული იარაღით.
რაც შეეხება რუსეთს, რაც დრო გადის, კრემლსაც ბევრი პრობლემები უგროვდება - ინფლაციური პროცესები ღრმავდება, ეკონომიკა ძალზე გადატვირთულია („გადახურებულია“) და სამომავლოდ, უკვე 2025 წლისათვის, შეიძლება უმართავი პროცესები განვითარდეს. მაგრამ რუსეთზე უფრო ადრე ცუდ მდგომარეობაში უკრაინა ჩავარდება - ალბათ, უკვე ამ ზამთრის პერიოდში.
დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, მანამდე მოამზადებს ნიადაგს სამომავლო გარიგების დასადებად, სანამ თეთრი სახლში დაჯდება, ანუ 20 იანვრის ინაუგურაციამდე. „უცნობ სიდიდედ“ რჩება ვლადიერ პუტინი - უფრო სწორად კი ის, თუ რაზე დათანხმდება რუსეთის პრეზიდენტი. წყაროები მისი გარემოცვიდან წინააღმდეგობრივ სიგნალებს იძლევიან კრემლის მზადყოფნაზე მოალაპარაკების დასაწყებად: პრეზიდენტი ზოგჯერ თითქოსდა მზად არის „გაყინოს“ ფრონტის ამჟამინდელი ხაზი, ზოგჯერ კი უკრაინისაგან მხოლოდ კაპიტულაციას ითხოვს. ერთ-ერთმა წყარომ ისიც კი განაცხადა, რომ უამრავი რთული საკითხის არსებობის გამო სწრაფი სამშვიდობო დარეგულირება „არარეალურია“. უფრო მეტიც - როცა ვლადიმერ პუტინი ხედავს, რომ უკრაინის არმია უკან იხევს, რატომ დათანხმდება იგი ცეცხლის შეწყვეტას? გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების გამართვის თავისი მანერა აქვს: ახლა ტემპერატურა თანდათან ნოლზე დაეცემა, რუსეთი კი უკრაინის ენერგეტიკის გეგმაზომიერ განადგურებას გაანახლებს...
მოკლედ, როგორც უკრაინის ყოფილი საგარაო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო ამბობს, რუსები შეეცდებიან მთლიანად მოშალონ უკრაინის ელექტროენერგიით მომარაგება და ხელისუფლებასაც არ დაზოგავენ... მომავალი სამი თვე კოშმარი იქნება.
წყარო: https://www.economist.com/europe/2024/11/07/why-volodymyr-zelensky-may-welcome-donald-trumps-victory
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.